2 დეკემბერს ღირსი მამისა ჩვენისა ილარიონ ქართველისა, საკვირველმოქმედისა ხსენების დღეა. ღირსი მამა ილარიონი კახელი აზნაურის შვილი იყო, დონაურთა გვარიდან. ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე ბერს მიაბარეს. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში, ააშენა მონასტერი.
თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, იპოვა პატარა გამოქვაბული და იქ დაეყუდა. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის განვითარებაში. ილარიონ ქართველის ქტიტორული მოღვაწეობა დაკავშირებულია კახეთის 3 ძეგლთან, ესენია ფერისცვალების ეკლესია დავითგარეჯის ლავრაში, ე.წ. ილარიონ ქართველის ფილიალი იმავე ლავრაში და აკურის მამადავითის დედათა მონასტერი.
ილარიონი საოცარ მოღვაწეობას შეუდგა. „მარხვითა და მღჳძარებითა ჰასაკსა მას სიჭაბუკისასა და დააჭკნობდა, ლოცვითა და მარადის ღმრთისა ხედვითა უჴორცოთა მიემსგავსებოდა, ვიდრეღა წარემატებოდა მოღუაწებითა ყოველთავე მყოფთა მის ადგილისათა უდაბნოსა მას შინა, რამეთუ ყოველთავე უკჳრდა ეგეოდენი შრომაჲ მისი და მოთმინებაჲ".
ახალგაზრდა მონაზონმა მეუდაბნოეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. „აღეშენებოდეს ყოველნი იგი ძმანი სწავლითა მისითა და შეუვრდებოდეს მას, რათა იყოფებოდიან მის თანა". ასე დაემკვიდრნენ ღირს ილარიონთან „ათერთმეტნი ძმანი მოღუაწენი მშჳდნი და მდაბალნი".
ანგელოზებრ მმარხველი და დაუცხრომლად მლოცველი ბერის ამბავი მთელმა ქართლმა და კახეთმა გაიგო. მის სანახავად, ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგების მისაღებად უამრავი ხალხი მიდიოდა. როდესაც მასთან მისულმა რუსთველმა ეპისკოპოსმა ფერმკრთალი, თავმდაბალი, შეურაცხ სამოსელში ჩაცმული ბერი იხილა, მოწიწებით სთხოვა, მისი ხელიდან მიეღო მღვდლობის პატივი. მიწიერი დიდების უარმყოფელი ილარიონი ევედრებოდა მღვდელმთავარს, არ დაემძიმებინა იგი მღვდლობის პატივით, მაგრამ ბოლოს მაინც დაემორჩილა.
კურთხევის შემდეგ ახალი დიდებით შეიმოსა ღირსი მამის სახელი. მან გადაწყვიტა, განრიდებოდა სამშობლოს, მონასტრის წინამძღვრად ერთი ძმათაგანი დატოვა.
ილარიონ ქართველმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. მოიარა პალესტინა (იერუსალიმი, თაბორი, გოლგოთა, ბეთლემი, იორდანიის უდაბნო, საბაწმინდის ლავრა), ბითინია (ოლიმპი), რომი, ბიზანტია (კონსტანტინოპოლი, თესალონიკე), სადაც ეცნობოდა ქრისტიანული სამყაროს კულტურის უდიდეს კერებს, ლიტერატურულ მიღწევებს, სამონასტრო ცხოვრების წესსა და რიგს. ილარიონ ქართველის სახელზე თხზულებების მთელი ციკლია შექმნილი - ცხოვრებები და საგალობლები, სადაც ილარიონ ქართველი წარმოგვიდგება როგორც მონასტერთა მაშენებელი, წინამძღვარი, კახეთში დედათა და მამათა მონასტრების წესის და კანონის დამდები.
წმინდა ილარიონს თავისი აღსასრული წინასწარ ეუწყა უფლისაგან, ქალაქის მთავარი დაიბარა, მადლობა უთხრა ყველაფრისათვის და ანდერძად გლახაკთა და მონაზონთა სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება დაუტოვა.
დამწუხრებულმა მთავარმა მარმარილოს ლუსკუმა გაამზადებინა წმინდანის ნეშტისათვის. წმინდა ილარიონის სამარხთან სარწმუნოებით მისულნი ყოველგვარი სენისგან იკურნებოდნენ.
დაკრძალულია კონსტანტინოპოლის მახლობლად ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერში.