reportiori.ge - ბესიკ დუღაშვილი: „სერგო ზაქარიაძე რომ არა, ვერავინ გაიგებდა, „ვიტიგრაფზე“ ხუთი ოქრო რომ ავიღე!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:28
ინტერვიუ
ბესიკ დუღაშვილი: „სერგო ზაქარიაძე რომ არა, ვერავინ გაიგებდა, „ვიტიგრაფზე“ ხუთი ოქრო რომ ავიღე!“
ავტორი:
02 დეკემბერი, 2014. 20:44


ქართველმა კარიკატურისტმა, ბესიკ დუღაშვილმა, „ვიტიგრაფის" კონკურსში გამარჯვება მერვედ მოიპოვა. ახლა იგი კარიკატურისტთა მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციას იკავებს. როგორც ქართველი მხატვარი აცხადებს, აქვს შინაგანი რწმენა, რომ პრეტენზია განაცხადოს მსოფლიოში პიველ კარიკატურისტობაზე, მაგრამ ტექნიკური საშუალებები ხელს არ უწყობს.


კონკურსში მიღწეულ წარმატებაზე და კარიკატურისტების მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდეულებაზე ბესიკ დუღაშვილი „ქრონიკა+"- ესაუბრა:

 

- პირველ რიგში, გილოცავთ წარმატებას! დაწვრილებით მოგვიყევით კონკურსის შესახებ...

 

- მადლობას მოგახსენებთ! არის სპეციალური ამერიკული საიტი „ვიტიგრაფი", სადაც ორ-ორი კვირის ინტერვალით იდება ნახატები, ანუ საიტის ადმინისტრაცია საშუალებას გაძლევს, ორ კვირაში დახატო წინასწარ შერჩეული პერსონაჟის კარიკატურა. კონკურსში მონაწილეობენ მხოლოდ კარიკატურისტები და ერთმანეთს ქულებს თვითონ უწერენ. ამ კონკურსში ხშირად ვმონაწილეობ, მაგრამ გავიმარჯვე რვაჯერ, აქედან ხუთჯერ ოქრო ავიღე, ორჯერ - ვერცხლი და ერთხელ - ბრინჯაო. კარიკატურისტების რეიტინში ახლა მე-11 ადგილზე ვარ და როგორც ლიდერი, მაქვს უფლება, დავასახელო დასახატი პერსონის კანდიდატურა. სამ კანდიდატურას ასახელებ, საიტის ადმინისტრაცია ამ სამიდან ირჩევს ერთ-ერთს განსაკუთრებულობის გამო. შემდეგ ამ პერსონის ფოტოებს თავისი ისტორიით საიტზე დებენ და აცხადებენ კონკურსს. შევთავაზე სამი ქართველი მსახიობი- რამაზ ჩხიკვაძე, იქიდან გამომდინარე, რომ ის იყო მსოფლიო თეატრის ერთ-ერთი კორიფე, უძლიერესი, აღიარებული მსახიობი თეატრალურ საზოგადოებაში; მურმან ჯინორია, იმიტომ,რომ კარგი დასახატი ტიპაჟია და სერგო ზაქარიაძე - ქართველების უსაყვარლესი მსახიობი. მომწერეს წერილი, - არც ერთ მათგანს მსოფლიო საზოგადოება არ იცნობს და ხომ არ დაასახელებ ვინმე ცნობილსო? კატეგორიულად ვუთხარი, - თუ მსოფლიო არ იცნობს, არ ნიშნავს, რომ არ არის ძლიერი-მეთქი და მაგალითად მოვიყვანე „ქრისტეს ვნებანი", სადაც მარიამს თამაშობს უცნობი რუმინელი მსახიობი და ჰოლივუდის არც ერთ მსახიობზე ნაკლებად არ ასრულებს თავის როლს. ბოლოს აირჩიეს სერგო ზაქარიაძე იქიდან გამომდინარე,რომ მას ნათამაშები აქვს მსოფლიო ეპოპეაში, კინოფილმში „ვატერლოო", რომლის რეჟისორია სერგეი ბონდარჩუკი. სსრ კავშირიდან მხოლოდ სერგო ზაქარიაძე მონაწილეობდა ამ ფილმში და ასრულებდა ბლიუხერის როლს. ეპიზოდური როლია, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი. ჭოჭმანის ელემენტები რომ დამეფარა, გავუგზავნე პატარა მონაკვეთი ფილმიდან „ჯარისკაცის მამა", სადაც შვილთან შეხვედრის სცენაა. ადმინისტრატორმა მომწერა, - არ ვიცი, იქ რას ლაპარაკობენ, მაგრამ სცენა იმდენად შთამბეჭდავია, მივხვდი, ძალიან ძლიერი მსახიობი იყო და ახლა არ ვნანობ, რომ ეს პრეცედენტი დავუშვიო. ჩატარდა კონკურსი და გავიმარჯვე. მეორე ადგილი აიღო კემომ, ცნობილმა ქართველმა კარიკატურისტმა, მესამე ადგილზე გავიდა ინგლისელი. სამი თვის შემდეგ კიდევ მექნება საშუალება, დავასახელო კანდიდატურები.


- მოფიქრებული გაქვთ, უკვე ვის დაასახელებთ?

 

- სამი კანდიდატურა უნდა შევთავაზო და სამივეს აუცილებლად ქართველს დავასახელებ. ჯერჯერობით ერთი კანდიდატურა მოვიფიქრე და აუცილებლად შევთავაზებ ქეთი მელუას. მას, ასე თუ ისე, მსოფლიო იცნობს. შეიძლება პოლიტიკოსიც დაასახელო, მაგრამ მსოფლიო დონის უნდა იყოს და ასეთი ჩვენ გვყავდა მხოლოდ შევარდნაძე. შეიძლება სპორტსმენიც იყოს, მაგრამ მსოფლიო დონის. მსოფლიოში ქართველ მსახიობებს ნაკლებად იცნობენ და ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იქიდან გამომდინარე ხდება, ჩვენთან კულტურის სამინისტრო არასათანადოდ აფასებს ამ სფეროს. არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს კულტურის სამინისტრომ ან მინისტრმა, საკანონმდებლო ბაზას არ ვიცნობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კულტურის სამინისტრომ უნდა დააფინანსოს რამდენიმე ფილმის თარგმნა ინგლისურ ენაზე, თანაც აკადემიური თარგმანით, იგივე ჟღერადობით, რაც ფილმშია. არ მგონია, არსებობდეს ადამიანი,რომელიც იტყვის, რომ, თუნდაც, „ჯარისკაცის მამა" რომ ითარგმნოს, ფული გადაყარესო.


- თქვენს ამ წარმატებას როგორ შეხვდნენ? ქვეყანაში გყავდეს მხატვარი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ლიდერობს, არ არის ცოტა...

 

- საერთოდ, კულტურის სფეროსადმი არა მარტო მთავრობისა და კანონმდებლობის, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ინდიფერენტულია. არ შეიძლება, კულტურაში ასეთი ისტორიის მქონე ქვეყნის მინისტრს არ აწუხებდეს დღევანდელობა. დღესაც კი კარიკატურას არ მიიჩნევენ ხელოვნების ერთ-ერთ დარგად, როცა მსოფლიოში დღესდღეობით კარიკატურა პოპარტზე მეტია. ძალიან ბევრი გაზეთი, ჟურნალი წინა გვერდზე ბეჭდავს დიდ კარიკატურას, რომელიც მიანიშნებს იმ ნომერში, რა არის მთავარი მასალა. მართალია, „ქრონიკა+"-ში კარიკატურა წინა გვერდზე არ გამოგვაქვს, მაგრამ ბოლო გვერდზე არის კვირის დასაცინი მოვლენა. „ქრონიკა+"-მა ეს გაარღვია, მაგრამ ვერ გაარღვიეს დანარჩენებმა. „ვიტიგრაფზე" ოქროს რომ იღებ, ჩათვალე, გაქვს საშუალება, გახვიდე საზღვარგარეთ და დაკვეთებიც აიღო. იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისური ენა არ ვიცი, საქმეში ძალიან მიშლის ხელს, თორემ შემოთავაზებები ბევრი მაქვს. ქართველ კარიკატურისტებს მსოფლიოში გვაფასებენ. ყოფილა შემთხვევა, თხოვნით მოუწერიათ, რომ ამ კონკურსში ნუ მიიღებ მონაწილეობას, გამარჯვების დიდი შანსი მაქვს, ეს გამარჯვება ჩემს სამშობლოს ძალიან სჭირდება და დამეხმარეო. საქართველოში კი ასე არ არის. რომ არა სერგო ზაქარიაძე, ეს გამარჯვებაც ისე ჩაივლიდა, როგორც წინა გამარჯვებები და არავის ეცოდინებოდა.


- ქართველ კარიკატურისტებს თუ გაქვთ რაიმე სახის გაერთიანება? პროექტებზე თუ მუშაობთ, რომელსაც გარკვეულ წრეში წარადგენთ?

 

- სურვილი გვაქვს, რაღაც სახის კავშირი ჩამოვაყალიბოთ, მაგრამ ისევ და ისევ მთავრობისა და კულტურის სამინისტროს, ბიზნესმენების მხარდაჭერა გვინდა. საქართველოში კარიკატურისტები სულ 5-6 კაცი ვართ, ვისაუბრეთ ამ საკითხზე, მაგრამ ისევ ფინანსებისკენ მივდივართ. აზერბაიჯანელი კარიკატურისტია, სეირან საფერლი, მსოფლიოში რაც ტარდება კარიკატურისტების ფესტივალები თუ სხვა ღონისძიებები, ხშირად ჟიურის წევრია, ამ სფეროში ძალიან ცნობილი პიროვნებაა და მომწერა ამ ადამიანმა, კავკასიის კარიკატურისტთა კავშირი გავაკეთოთო. ვკითხე, - იდეა შენია და ინიციატივას რატომ არ იღებ-მეთქი საკუთარ თავზე? მიპასუხა, - ჩვენ სომხები არ გამოგვყვებიანო. - კი ბატონო, გავაკეთოთ-მეთქი კავკასიური კავშირი, ქართველები ავიღებთ ინიციატივას. აფხაზეთში არის კარიკატურისტი ასტამურ კვიკვინია, არაჩვეულებრივი ნახატები აქვს, ხომ შეიძლება, ისიც მოვიწვიოთ და გახდეს ჩვენი კავშირის წევრი, თუნდაც თავმჯდომარე?.. ვილაპარაკეთ, მაგრამ ისევ მივედით ფინანსამდე. აზერბაიჯანელებს ფინანსური პრობლემა არ აქვთ, ჩვენ გვაქვს! აქედან გამომდინარე, ვერ ჩამოვაყალიბეთ კავკასიელ კარიკატურისტთა კავშირი.


- უახლოეს მომავალში ხომ არ გეგმავთ გამოფენას?

 

- ჯერჯერობით ვერ ვგეგმავ, ისევ და ისევ, ფინანსების გამო. დღესდღეობით მხატვრის შემოსავალი არ არის ისეთი, რომ თავს უფლება მისცე, ყოველ წელიწადს გამოფენა გააკეთო. გული მწყდება, რომ იმხელა სახატავი საშუალებებიც კი არ მაქვს, პრეტენზია განვაცხადო, თუნდაც მსოფლიოში პირველ კარიკატურისტობაზე! არადა, ამის შინაგანი რწმენა მაქვს! სხვა მხატვარი თუ კარგ პლანშეტზე ხატავს, ჩემი 65-ლარიანია და ძალიან ხშირად „ჭედავს". სხვა თუ შარჟის დახატვას უნდება ნახევარი საათი, მე 2-3 დღე მჭირდება. ისე გამომდის, ფულზე მიწევს ტირილი, მაგრამ ფულზე კი არა, საშუალებებზე ვჩივი. საშუალება თუ არ გაქვს ადამიანს, პოტენციალი გინდ გქონია და გინდ - არა. ისევ კულტურის სფეროს მივადგები და ვთხოვ სამინისტროს, რომ დაფიქრდეს! აკაკი ვასაძის არ იყოს, ქუჩაში გავშლი ხალიჩას და იქ ვითამაშებო. პოეტი, ბოლო-ბოლო, ლექსს ზეპირად სადაც უნდა, იქ წაიკითხავს. ჯანდაბას,მხატვარი სადმე ფურცელსა და კალამს იშოვის და დახატავს, მოქანდაკემ რა ქნას? როცა ქანდაკების ამხელა სკოლა გვაქვს, ბერძენიშვილზე არ მაქვს საუბარი, უფრო შორს მივდივართ, წინა საუკუნეებში... ყველა სფეროს ასე თუ ისე მიეხედა, ჩვენს სფეროს კი არაფერი ეშველა...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თამარ ბატიაშვილი

გაზეთი „ქრონიკა+"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016