reportiori.ge - სკანდალური აღიარება ჟვანიას საქმეზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:04
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სკანდალური აღიარება ჟვანიას საქმეზე
ავტორი:
02 დეკემბერი, 2014. 21:42


ამას წინათ ერთ-ერთ ინტერვიუში გოგლა ჟვანიამ „პრაიმტაიმს" განუცხადა, რომ პრემიერის გარდაცვალებაზე საქმე ახალ წლამდე აუცილებლად გაიხსნებოდა. ანუ ერთ თვეში საზოგადოება გაიგებს სიმართლეს, რა ხდებოდა რეალურად 2005 წლის 3 თებერვლის ღამეს საბურთალოს ქუჩაზე მდებარე კონსპირაციულ ბინაში, სადაც გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი აღმოაჩინეს.


დეტალები, რომლებზეც ამჯერად „პრაიმტაიმის" ყურადღება შეჩერდა, მართლაც სკანდალური შეიძლება გახდეს, ვინაიდან ყველა ლოგიკით საქმე ისევ იმ სქემით უნდა მივიდეს მიხეილ სააკაშვილამდე, როგორც ეს გირგვლიანის საქმის შემთხვევაში მოხდა. აქაც ყოფილ პრეზიდენტს, სულ მცირე, დანაშაულის გამოძიების ფალსიფიკაციისთვის, სავარაუდოდ, თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით წაუყენებენ ბრალს, თუ, რა თქმა უნდა, ეს აღმოჩნდება ერთადერთი დანაშაული, რაც ამ საქმეში სააკაშვილის მოქმედებებით გამოიკვეთება...


რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ იმაზე, ჩაარტყა თუ არა ჟვანიას სააკაშვილმა თავში საფერფლე, ან კიდევ სხვა ამგვარ ვერსიებზე... ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რაც ისედაც ზედაპირზეა და რატომღაც აქამდე შესაფერისი ყურადღება არავის გაუმახვილებია...


დაახლოებით ერთი კვირის წინ „პრაიმტაიმმა" მიიღო ინფორმაცია,რომ სანამ ჟვანია და უსუპოვი საბურთალოს ქუჩის ბინაში მოხვდებოდნენ, ორი დღით ადრე გაზის ინკასატორებმა შეამოწმეს ეს ბინა და ნახეს, რომ იქ დამონტაჟებული გამათბობელი „კარმის" ფირმის იყო და არა „ნიკალასი". მაშინ ასეთი აღრიცხვა მთელი თბილისის მასშტაბით ხდებოდა, ვინაიდან შესაბამის ორგანიზაციას სჭირდებოდა ინფორმაცია, ძირითადად რა სახის გამათბობლებით თბებოდა თბილისის მოსახლეობა.


ეს ინფორმაცია გასულ კვირას „იმედის" კვირაში ჩვენმა ჟურნალისტმა გააჟღერა. ზუსტად ხუთ დღეში კი პროკურატურაში ის ხელოსანი დაიკითხა, რომელმაც „ნიკალა" დაამონტაჟა ხსენებულ ბინაში. მეტიც, ხელოსანი დავით ხუბუა, პროკურატურაში მოტყუებით აღმოჩნდა. მას დაურეკეს და შეატყობინეს, რომ სოცდაზღვევაში მასზე 400 ლარი იყო დარიცხული და მის მისაღებად მისი ხელისმოწერა იყო საჭირო. ამ საქმისთვის წასულ ხუბუას ფულის ნაცვლად პროკურატურის თანამშრომლები დახვდნენ და... ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ ის სახლში გაუშვეს.


არის თუ არა მისი დაკითხვა კავშირში იმ ინფორმაციასთან, რომელზეც „პრაიმტაიმი" მუშაობდა, ამის მტკიცება ამ ეტაპზე რთულია, თუმცა გამოძიების გათვლა გასაგებია: მათ ხუბუას ამ გზით მიტყუება ერთადერთი მიზეზით მოუხდებოდათ - რომ არ დამალვოდა გამოძიებას, ან ჩვენება წინასწარ, სხვებთან შეთანხმებით, არ დაემუშავებინა.


ასეა თუ ისე, მთელი ამ ისტორიიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვიღაცამ ან ვიღაცებმა წინასწარ დაგეგმეს, რომ პრემიერის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია „CO"-თი მოწამვლა უნდა ყოფილიყო.


ახლა გადავიდეთ შემდეგ, არანაკლებ სკანდალურ დეტალზე...


ამას წინათ პეტრე მამრაძემ საკმაოდ ლოგიკური კითხვა დასვა: „იმ დღეს, როდესაც პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ გვაცნობეს, სატელევიზიო ეთერებში ყველამ ვნახეთ კადრი - როგორ იჯდა სავარძელში გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრი. კარგად მახსოვს და ყველას ემახსოვრება, რომ მას ეცვა ნაცრისფერი პიჯაკი. გარდაცვლილი ჟვანიას ეს კადრი მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებში... მოგვიანებით კი ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ცნობილი ფოტო, სადაც ზურაბ ჟვანია პიჯაკის გარეშე, პერანგით წევს იატაკზე და ახლა ამაზე გვარწმუნებენ, რომ ეს არის მისი გარდაცვალების შემდეგ გადაღებული პირველი ფოტო... ბოლოს და ბოლოს, ხომ არსებობენ ცოცხალი თვითმხილველები? იქნებ გაგვაგებინონ, რა მდგომარეობაში იპოვეს ზურაბ ჟვანია იმ ბინაში - დაწოლილი და უპიჯაკოდ, თუ სავარძელში პიჯაკით მჯდომი?


ზოგიერთ მკითხველს, ალბათ, გაუჩნდება ლეგიტიმური კითხვა, აქვს თუ არა არსებითი მნიშვნელობა გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას პირველად მდგომარეობას გამოძიებისთვის. ამის პასუხა ასევე ლეგიტიმურ კითხვას დავსვამთ - ვის და რისთვის დასჭირდა მისი მდგომარეობის შეცვლა? და ხომ არ გვაქვს საქმე, სულ მცირე, გამოძიების ფალსიფიკაციასთან, რომლის საშუალებითაც სხვა უფრო მძიმე დანაშაული და შესაბამისად, „მძიმეწონიანი" დამნაშავეები იმალებიან?


სხვათა შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით, თავის დროზე ეჭვი ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილსაც გაუჩნდა, რომელმაც ეს ეჭვი „პრაიმტაიმთან" საუბრისას ასე გამოხატა: „ექსპერტიზაშიც აღწერილია გვამური გაშეშება, რომელიც კარგად არის გამოხატული. თუ ექსპერტიზის ამ ნაწილს დავუჯერებთ და ჩავთვლით, რომ გაშეშება იყო, ეს ნიშნავს, რომ ის დიდხანს იყო სავარჩელში, 4-6 საათი მაინც, სანამ სხვა ზედაპირზე გადაიყვანდნენ. თუ გაშეშება იყო, მაშინ გვამური ლაქები სხვანაირად ჩამოყალიბდებოდა. ანუ, როდესაც გარდაცვლილი დიდი ხნის განმავლობაში არ არის იმ მდგომარეობაში, როგორც გარდაიცვალა და მას უცვლი მდებარეობასა და ფორმას, გვამური ლაქები, რომელიც იმ მდგომარეობაში ყალიბდება, გადაინაცვლებს ქვედა ზედაპირზე, ვთქვათ, თუ მას დააწვენ ზურგზე, ის ჩამოყალიბდა ზურგზე და უკანა გვერდით ზედაპირებზე. მაგრამ, თუ გარდაცვალების მდგომარეობაში ის იყო დიდხანს, ეს გვამური ლაქები ადგილზე რჩება და წარმოიქმნება ახალი ლაქები მისი მდგომარეობის შეცვლის მიხედვით. ანუ, ისიც რჩება და ისიც. ამ შემთხვევაში პრემიერს გვამური ლაქები ჰქონდა მხოლოდ ზურგზე და უკანა გვერდით ზედაპირებზე. არადა ექსპერტიზის მასალებში ეწერა, რომ სავარძელში მჯდომ ცხედარს ჰქონდა გაშეშება. გვამური ლაქების აღწერილობით შემიძლია ვთქვა, რომ სინამდვილეში ის სავარძელში არ იქნებოდა დიდი ხნის განმავლობაში, არადა გამოძიება რა ვერსიასაც გვთავაზობდა, იმის მიხედვით, ის იმ სავარძელში დიდხანს უნდა ყოფილიყო. ანუ იქაც გაიჭედა ექსპერტიზა".


გულწრფელად გეტყვით, რომ ამ სტატიის გაფორმების დროს, მკითხველისთვის გვინდოდა შეგვეთავაზებინა ორივე ფოტო - ის, რასაც 2005 წლის 3 თებერვალს გვაჩვენებდნენ და ისიც, რაც ერთი წლის წინათ აღმოვაჩინეთ სოციალურ ქსელში. გაირკვა, რომ სავარძელში მჯდომი გარდაცვლილი პრემიერის ფოტო გამქრალია და ბუნებაში აღარ არსებობს...


სამაგიეროდ, ვნახეთ კადრი, როდესაც ვანო მერაბიშვილმა ამცნო საზოგადოებას მომხდარი ტრაგედიის შესახებ, აღწერა დეტალებში და შემთხვევას წინასწარ მისცა კვალიფიკაცია. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ტექსტიდან: „ეს არის გაზით მოწამვლის ფაქტი. იმ ოთახში დამონტაჟებული იყო ირანული გაზქურა. ალბათ, ეს უცაბედად მოხდა, რადგან ბატონი ზურაბ ჟვანია იმ დროს სავარძელში იჯდა..."


მაშ ასე, ვიმეორებთ კითხვას - სად და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ზურაბ ჟვანია გარდაცვალების მომენტში? თუ დადასტურდება, რომ ის არ იყო სავარძელში, რასაც ასე დაჟინებით გვახვევდნენ თავს ვანო მერაბიშვილიც და ექსპერტი ლევან ჩაჩუაც. ცხადია, ყირაზე დგება მთელი ვერსია იმის შესახებ, რასაც ნაციონალური ხელისუფლება გვთავაზობდა და კიდევ ერთხელ დასტურდება ეჭვი იმის შესახებ, რომ „ვიღაცას", ან „ვიღაცებს" დიდი სურვილი ჰქონდათ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ადგილად საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში არსებული სავარძელი წარმოედგინა, მიზეზად კი - „CO"-თი მოწამვლა...


რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდით, ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებს დავკავშირებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კავშირი ვერ შედგა...


თუმცა, მკითხველისთვის მაინც შევარჩიეთ რესპონდენტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური უნდა იყოს იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რაც მკითხველს „პრაიმტაიმთან" ერთად გაუჩნდებოდა...


გია ბარამიძე დღემდე მოითხოვს,რომ პროკურატურამ დაკითხოს, ვინაიდან ის ერთ-ერთი პირველი თვითმხილველი იყო შემთხვევის ადგილზე. გამოძიებას, ალბათ, აქვს არგუმენტი, რატომაც იტოვებს ბოლოსთვის მის დაკითხვას, თუმცა სანამ ბარამიძე პროკურორს უპასუხებს, „პრაიმტაიმმა" დაუსვა მას რამდენიმე კითხვა, რომელიც აუცილებლად დაესმება საგამოძიებო უწყებაში.


მაშ ასე, გია ბარამიძე:

 

- ალბათ, შეიტყობდით, რომ გამოძიებამ ის ხელოსანი დაკითხა უკვე, რომელმაც საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ცნობილ ბინაშინიკალა" დაამონტაჟა... თქვენი აზრით, რას უნდა უკავშირდებოდეს ეს პროცესი?


- ბუნებრივია, რომ გამოძიებას უნდა დაეკითხა ეს ადამიანი, ვინაიდან ყველა დეტალი, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება, მაქსიმალურად უნდა იქნას შესწავლილი.


- თქვენ გსმენიათ იმის შესახებ, რომ იმ ბინაში მანამდე „კარმა" იყო დამონტაჟებული და შემთხვევამდე ორი დღით ადრე ის „ნიკალათი" შეიცვალა?

 

- კი, მსმენია, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენად რეალური ინფორაციაა, თუმცა მეც გამიგია ამის შესახებ...


- მერე, გაგიჩნდათ თქვენი პოზიცია, რატომ უნდა მომხდარიყო ეს?

 

- როგორ გითხრათ, შეიძლება იყოს შემთხვევითობა, თუმცა ისიც შეიძლება, რომ ვიღაცამ გამათბობელი სპეციალურად შეცვალა. არაფერია გამორიცხული. ამიტომაც არის, რომ ყველა დეტალია შესწავლილი. გამოძიება ადამიანების რწმენასა და ვარაუდებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული...


- კიდევ ერთი კითხვა: ბოლო დროს საკამათო თემად იქცა, რა მდგომარეობაში იყო ზურაბ ჟვანია გარდაცვალების მომენტში - იჯდა სავარძელში პიჯაკში ჩაცმული, როგორც ამას 2005 წლის 3 თებერვალს შესაბამისი სატელევიზიო კადრებით გვარწმუნებდნენ, თუ იწვა იატაკზე, როგოც ეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოთი შევიტყვეთ? ვინაიდან თქვენ პირველი იყავით, ვინც შემთხვევის ადგილზე მივიდა, იქნებ თქვენ გვითხრათ, რა მდგომარეობაში დაგხვდათ იქ გარდაცვლილი პრემიერი?

 

- მე ზურაბ ჟვანია ვნახე იატაკზე... პირადად მე არასდროს მინახავს არც ერთი კადრი, როელიც ასახავდა, რომ ის სავარძელში იჯდა.


- ანუ ადასტურებთ, რომ სურათები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უფრო ახლო არის რეალობასთან?

 

- მე ვნახე, რომ ის იწვა იატაკზე და ეცვა მხოლოდ შარვალი და პერანგი. პიჯაკი მას არ ცმია...


- 2005 წლის 3 თებერვალს ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ჟვანია იჯდა სავარძელში და ამით ადგენს, რომ მოწამვლა მოხდა მომენტალურად...

 

- სხვების განცხადებებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თქვენს კითხვას ვუპასუხე უკვე და ინტერპრეტაციებს ვერ გავყვები.


- თქვენ უფრო ადრე ნახეთ გარდაცვლილი პრემიერი, თუ ვანო მერაბიშვილმა?

 

- მე და ვანო მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე, პრაქტიკულად, ერთად მივედით. გზაში დავურეკეთ ერთმანეთს და ერთად მივედით...


თუ ბარამიძეს დავუჯერებთ, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილსაც იგივე სურათი უნდა დახვედროდა, რაც მან ნახა. თუმცა გია ბარამიძეს, როგორც ჩანს, კითხვა არ გასჩენია, რატომ იცრუა შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა სატელევიზიო განცხადების დროს...


მაშ ასე, წარმოდგენილი ინფორმაციით, მივდივართ დასკვნამდე, რომ სულ მალე ჟვანიას საქმეში ბრალდებულთა გვერდით უკვე მერაბიშვილის გვარიც შეიძლება გაჩნდეს. თუმცა, სანამ ეს მოხდება, ყველა ლოგიკით იგივე კითხვაზე პასუხი ბარამიძემ პროკურატურას უნდა გასცეს. ამ შემთხვევაში კი ბარამიძე ერთ-ერთი მთავარი მოწმე გახდება ვანო მერაბიშვილის ახალ ბრალში...


რაც შეეხებ იგივე საქმეში სააკაშვილის ბრალეულობას, ეს უკვე სულ სხვა სტატიის თემაა. თუმცა აქვე ერთ მინიშნებას გავაკეთებთ: გასული წლის ნოემბერში პროკურატურამ 10 საქმე დაასახელა, რომელზეც სააკაშვილს მოწმის სტატუსით უნდა გაეცა პასუხი... ვიცით, რომ მან ამაზე საჯაროდ თქვა უარი. მოგვიანებით, სხვადასხვა დროს მას დასახელებული საქმეებიდან სამში წაუყენეს ბრალი. სხვათა შორის, ჟვანიას საქმეც იმ ათს შორის იყო, რომელთა გარშემო კითხვებზე პასუხი ყოფილმა პრეზიდენტმა აიცილა...


მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016