reportiori.ge - ვალერი გელბახიანი: „დაძაბული სიტუაცია მხოლოდ ორი ვარიანტით შეიძლება გაგრძელდეს!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:33
ინტერვიუ
ვალერი გელბახიანი: „დაძაბული სიტუაცია მხოლოდ ორი ვარიანტით შეიძლება გაგრძელდეს!“
ავტორი:
03 დეკემბერი, 2014. 20:36



„გასაღები" ნაპოვნია, ვეტო - დაძლეული... ახლა, როგორც ქართველები იტყვინ, მთავარია, ერთი ადგილის გასაღები არ დავკარგოთ! არადა ტენდენცია აქეთკენ მიდის...


პარლამენტმა ფარული მოსმენების „გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა,  წინააღმდეგ კი ხმა 13-მა მისცა. ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი  დეპუტატი „ქართული ოცნებიდან" ელისო ჩაფიძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს და აცხადებდა შსს-ს კანონპროექტს მხარს არ ვუჭერ, მე ლომი ვარ და თავისუფლება ლომთა ხვედრია, ბრძოლაში ვგრძნობ უდიდეს ბედნიერებასო... ელისომ თავისი გადაფურთხებული ისე გალოკა, ცნობილი გამონათქვამი გამახსენდა, უნამუსოს აფურთხებდნენ, ის კი ამბობდა, რა ჟუჟუნა წვიმა მოდისო... ჰოდა, გალიაში გამოკეტილო, „თავისუფლებისთვის მებრძოლო", ეგ თვალები ჯერ მზეს გაუსწორე და მერე იოცნებე, რომ იყო ლომი! ეჰ... ამ ქვეყანაში კატების ყეფას ხომ არ უჩანს დასასრული, ქართველობა მართლა მძიმე ხვედრია, რამეს რომ მიაღწიო, მართლაც ან ხელიდან უნდა იყო წასული ან ქვეყნიდან!


მოკლედ, ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის დადებული ვეტოს დაძლევას იმ დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი, ვინც სესიაშვილი-ბესელია-ფოფხაძის შემუშავებულ კანონპროექტს წინა კენჭისყრაზე ხმა არ მისცა. მათ შორის არიან ელისო ჩაფიძე, ანი მიროტაძე, კობა დავითაშვილი, დავით ბეჟუაშვილი და სამველ პეტროსიანი.


28 ნოემბერს, მაშინ, როცა მიღებულ კანონს პარლამენტმა კენჭი უყარა, „ქრონიკამ" ინტერვიუ ჩაწერა იურისტთან და პოლიტიკურ ექსპერტთან ვალერი გელბახიანთან, მისი პროგნოზი კიდევ ერთხელ გამართლდა:


- როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს?


- ეს არის გარდაუვალი! თუ პრეზიდენტი ვეტოს არ დაადებს მოსმენების კანონს, მაშინ ის საკუთარ თავთან მოვა წინააღმდეგობაში, რადგანაც ამ კანონის პირველ ვარიანტს დაადო ვეტო.


პრეზიდენტმა ვეტოს უფლება კვლავ გამოიყენა, თუმცა ამ საკითხზე ვალერი გელბახანის პოზიცია ასეთია:


- პრეზიდენტმა ძალიან იჩქარა, ძალიან! მას ჰქონდა 10 დღის ვადა, შესაბამისად, ეს თემა უნდა მოემწიფებინა, საზოგადოებაში უნდა დაწყებულიყო მსჯელობა, მას ვიღაც აჩქარებს. რაც უფრო იჩქარებს, მარგველაშვილი, მით სწრაფად დაკარგავს ძალაუფლების გასაღებს! პრეზიდენტს რომ ვეტოს უფლება არ გამოეყენებინა, მაშინ ის გამოდიოდა უპრინციპო, ულოგიკო, არათანმიმდევრული, რადგან ის იყო პირველი ვეტოს ავტორი. რეალურად რომ ვილაპარაკოთ, მოსმენების პრობლემა, რომელიც კანონპროექტის ერთი ან მეორე ვარიანტით უნდა მოხსნილიყო, მაინც არ იხსნება. მე მესმის, ორგასაღებიანი სისტემა გაცილებით მეტ კონტროლს უწესებს იმ უწყებას, ვინც მოსახლეობას უსმენს, მაგრამ გეუბნებით, რომ მოსმენით ის მაინც მოუსმენს, ჩართავს მოსასმენ აპარატურას ისე, არავის არ შეეკითხება. აქ მთავარი საკვანძო პრობლემა არის არა მოსმენა, არამედ ამ მოსმენის შედეგად მიღებული მასალების მტკიცებულებად გამოყენება. ამიტომ საკითხი ასე უნდა დასმულიყო, დასაშვებია თუ არა მიყურადება, თვალთვალი და მოსმენა სასამართლოს ნებართვის გარეშე. როცა საკითხი ასე არ დაისვა, უკუღმა დადგა ყველაფერი და პრობლემა მაინც ღიად დარჩა. ამ კომბინაციით გამოდის, რომ ადამიანს ჯერ დაიჭერენ და მერე იწყებენ მტკიცებულებების შეგროვებას. ეს იყო მავნე პრაქტიკა, რომელიც სააკაშვილმა დანერგა, ეს პრაქტიკა კვლავ ხელუხლებლად რჩება, და თურმე ჩვენთვის მხოლოდ გასაღები გახდა მთავარი. კი, ეს არის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი, მაგრამ არანაირი გარანტია მასში არ არის, რომ კვლავ არ მოხდება ფაბრიკაცია, უკანონო მოსმენები და ამ უკანონო მოსმენებით მიღებული მტკიცებულებების დაკანონება სასამართლოს მეშვეობით. ამიტომ, მარტივად რომ ვთქვა, კანონპროექტს აკლია წინადადება, რომელიც მთავარია პროკურორისთვის, მოსამართლისთვის, ადვოკატისთვის, პროცესში მონაწილე ყველა მხარისთვის, მოსმენა, მიყურადება, თვალთვალი დასაშვებია მას შემდეგ, როდესაც იქნება სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვა! ეს იქნებოდა სრული ევროპული სტანდარტი ადამიანის უფლებების დაცვისა. აი, ეს არ განხორციელდა. ახლა ის იწილო-ბიწილო, რომელსაც პოლიტიკური ნიშანი აქვს და არავითარი სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია, არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გათვალისწინებული, რომ შიდა კოალიციურ ურთიერთობაში ე.წ. წითელი ხაზები ჩამოყალიბდეს.


- წითელი ხაზები უკვე გავლებულია, ჩვენ ვნახეთ, რომ „რესპუბლიკელებმა" დაგმეს კანონი, ამ კანოპროექტს ეწინააღმდეგებოდა თავის დროზე „ეროვნული ფორუმიც"..

 

- „რესპუბლიკელებმა" უკვე გააკეთეს განაცხადი. მართალია, ისინი კვლავ უმრავლესობის რიგებში რჩებიან, მაგრამ, მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, პოლიტიკური კრიზისის ნიშნები სრულად გვაქვს სახეზე. რაში და როგორ გადაიზრდება პროცესები, ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ ის, რომ მმართველ კოალიციაში არავითარი მყარი გარანტიები არ არსებობს, რომ პრაქტიკულად აღარ არსებობს საპარლამენტო უმრავლესობა, ეს სახეზეა.


- როგორ განვითარდება მოვლენები?

 

- მოვლენების განვითარების რამდენიმე ვერსია არსებობს, უღირს თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას ეს კონფლიქტი „რესპუბლიკელებთან" და როგორც ჩანს, კონფლიქტი მარტო „რესპუბლიკელებთან" არ აქვთ, „ფორუმიც" მონაწილეობს ამაში. თუ ეს კონფლიქტი ხელისუფლებას კოალიციაში შემავალ ორ პოლიტიკურ სუბიექტთან არ უღირს, მაშინ შესაძლოა, მივიღოთ შემდეგი ვარიანტი, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდეს ინიციატივით, პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე. მაგრამ, თუ უღირს, რომ შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა, მაშინ უნდა ჰქონდეს იმის რესურსი, რომ შექმნილი ვითარება დააბალანსოს. კერძოდ, გადაუნაწილოს ხელისუფლება  იმ სუბიექტებს, რომელთაც უთანხმოება აქვთ კოალიციაში შემავალ დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებთან. ამ რესურსის გამოყენება კი ითვალისწინებს თანამდებობების გადანაწილებას, ძალაუფლების გაყოფას „რესპუბლიკელებზე", ალბათ, „ფორუმელებზეც", მაგრამ ამ შემთხვევაში განაწყენებული დარჩებიან სხვა პოლიტიკური სუბიექტები კოალიციაში, რომლის ინტერესების დაკმაყოფილებაც მოუწევს ღარიბაშვილს. ირაკლი ღარიბაშვილი დგას რთული ამოცანების წინაშე, ამიტომ, ასეთ არასანდო ურთიერთობებში, ცხადია, მას ურჩევნია, გარისკოს, წავიდეს ვადამდელ არჩევნებზე, იბრძოლოს იმისთვის, რომ მოიპოვოს იმაზე მეტი მანდატი, ვიდრე დღეს აქვს. მაგრამ ესეც დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. არა მგონია, პარტია „ქართული ოცნება" ისეთ რეიტინგს ფლობდეს მოსახლეობაში, რომ გამარჯვება მოიპოვოს. ასეთ შემთხვევაში, თუკი რიგგარეშე არჩევნების გზით წავლენ, მოსალოდნელია ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს საარჩევნო სუბიექტად და კვლავ მისი რესურსის ხარჯზე წარიმართოს საარჩევნო კამპანია. რამდენად დაიჯერებს ამ რჩევებს და გაჰყვება მას ხალხი, ეს საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, მაგრამ ამ კომბინაციით ჩნდება შანსი, რომ პარტია „ქართული ოცნება" იყოს დომინანტი, რომელსაც ექნება უფლება, შექმნას ახალი კოალიცია. ივანიშვილის გამოსვლის შემთხვევაშიც გამოვრიცხავ, რომ „ოცნებამ" მიიღოს 50-ს პლუს ერთი ხმა. ამიტომ ყველა შემთხვევაში ეს გზაც ძალიან რისკიანია, თუმცა ეს უფრო მეტად რისკიანია თავად ივანიშვილისთვის, თუკი ის საარჩევნო სუბიექტად გამოჩნდება, შეიძლება საბოლოოდ შეილახოს ივანიშვილის ავტორიტეტი. არ მგონია, ივანიშვილი იყოს ღმერთი და უშველოს იმ სიტუაციას, რაც დღეს საქართველოშია. ახლა მეორე ვარიანტს გეტყვით, თუ ღარიბაშვილი შეძლებს მაჟორიტარების ხარჯზე შექმნას ახალი უმრავლესობა ისე, რომ არ მოუწიოს ხელისუფლების გაყოფა, მაშინ ჩვენ მივიღებთ ძალიან საინტერესო პროცესს პარლამენტში, დაიწყება პროცედურული ომები, რაც იმას ნიშნავს, რომ, ვისაც მაღალი გამოცდილება და პოლიტიკური ოსტატობა აქვს, ისინი ყოველთვის შეძლებენ პარლამენტი აკონტროლონ, ან არაქმედითი გახადონ. ყველა სხდომის ჩაშლა შესაძლებელია, რომ არ დადგეს შედეგი. აქ პრობლემა იქნება მაჟორიტარებში, რადგან, როგორც წესი, მაჟორიტარების დიდი ნაწილი სხოდმებზე არ დადიან, არც უცხოეთში დადიან მივლინებებში, მათი გვარები კი რეგისტრირდება, თითქოს სხდომებს ესწრებიან. ასეთ შეთხვევაში, ყველა გადაწყვეტილების დროს ე.წ. საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს სიის პერსონალურ გადამოწმებას. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე დეპუტატი დარბაზში არ იმყოფება, არადა მისი ხმა დაფიქსირებულია შედეგში, ასეთ შემთხვევაში გაუქმდება ამ გზით მიღებული ყველა გადაწყვეტილება. აი, ამ ბერკეტებს დაიკავებს მთლიანად ოპოზიცია და არ მისცემს საშუალებას, რომ პარლამენტმა ნაყოფიერად და ეფექტურად იმუშაოს და მაინც შექმნიან საპარლამენტო კრიზისს. თუ ღარიბაშვილი მაჟორიტარების ხარჯზე თვლის, რომ უმრავლესობა აქვს, მე მას ვუწინასწარმეტყველებ, რომ ეს პროცესი მაინც მიიყვანს ვადამდელ არჩევნებამდე, რადგან საპროცედურო ტექნოლოგიების გამოყენებით, გაცილებით მძლავრი ბერკეტები აღმოჩნდება ოპონენტების ხელში, ვიდრე მმართველი კოალიციის ხელში. თუ მეორე ვერსიით განვითარდება პოლიტიკური ვითარება, პრეზიდენტის ხელში გადავა მთელი ძალაუფლების კვანძი. თუ ღარიბაშვილი ხელიდან გაუშვებს შანსს, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და შეეცდება, შეინარჩუნოს საპარლამენტო უმრავლესობა, ვიმეორებ, მაშინ პრეზიდენტის ხელში გადავა ძალაუფლება და ღარიბაშვილი განეიტრალდება. პრეზიდენტს უკვე ექნება ასარჩევად საქმე, ვინ დაითხოვოს - პარლამენტი თუ მთავრობა. ვაითუ, მთავრობა დაითხოვა... არადა, ყველანაირი ვარაუდით მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ ყველა შემთხვევაში მოსალოდნელია, პრეზიდენტმა დაითხოვოს მთავრობა და არა პარლამენტი.


- რა შემთხვევაში დაითხოვს მთავრობას?

 

- მთავრობას დაითხოვს იმ შემთხვევაში, თუ შეძლებს, პარლამენტიდან მიიღოს დამაჯერებელი ინფორმაცია, რომ პარლამენტს შეუძლია შექმნას ახალი უმრავლესობა, რომელსაც შეუძლია წამოაყენოს ახალი კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. მოკლედ, ძალიან სერიოზული პროცესებია მოსალოდნელი. გამომდინარე იქიდან, რა სურათიც დღეს პარლამენტშია შექმნილი, ცხადია, ამ პოლიტიკური კრიზისის შედეგებს ვერც ერთი პოლიტიკური მექანიზმით თავიდან ვერ აიცილებენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ მთავრობამ უნდა გარისკოს და პარლამენტი დაითხოვოს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი.


- ძალიან საინტერესო იყო პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პოზიცია, რომელმაც გააკრიტიკა პროკურატურა და განაცხადა, რომ ამ მოსმენების კანონპროექტს მიემხრობა იმ შემთხვევაში, თუკი პროკურატურის რეფორმა გატარდება...

 

- ვინმეს მოსწონს თუ არა უსუფაშვილი, ამ შემთხვევაში, ის დგას მართალპო ზიციაში. ის ითხოვს, ჩვენ ხალხს რასაც დავპირდით, ის გავაკეთოთ, ნუ ვატყუებთ ადამიანებსო. ნახეთ, რას ამბობს, მე, ანუ „რესპუბლიკელები" კი არ ვატყუებთ მოსახლეობას, არამედ ატყუებს მთავრობა. ქვეტექსტი ასეთია, დაგპირდით შსს-ს რეფორმას, არ გააკეთეთ, დაგვპირდით პროკურატურის რეფორმას - არ განახორციელეთ, დაგვპირდით უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას - არ განახორციელეთ, დაგვპირდით უკანონო განაჩენების გაუქმებას და ხალხის რეაბილიტაციას - არც ეს გააკეთეთ. როცა ამდენი რამე არ გააკეთეთ, მე და შენ ერთად ვეღარ ვიქნებით. ახლა გასაგებია უსუფაშვილის პოზიცია?


- უსუფაშვილმა ულტიმატუმი წაუყენა პრემიერ-მინისტრს?

 

- პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ულტიმატუმია.


- ერთ კვირაზე მეტია ირაკლი ალასანია შეხვედრებს მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად თეთრი სახლის ადმინისტრაციაში, ის უკვე ღიად უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს და მას სულმოკლეს უწოდებს. აცხადებს, რომ შავი პიარის უკან სწორედ ხელისუფლება დგას, ე.წ. კაბელების საქმე კვლავ ჰაერშია. ამ კუთხით მოვლენების განვითარებას როგორ პროგნოზირებთ?

 

- ალასანიამ თავი აარიდა იმ საფრთხეს, რომელიც ამ შემთხვევაში მას მართლა ელოდა, ის აუცილებლად მიიღებდა ბრალდებას პროკურატურისგან, უსუფაშვილის თითის გაშვერა პროკურატრისკენ შეთხვევითი არ გეგონოთ, სწორედ ამ კვანძშია ჩასმული. ალასანიამ გააანალიზა შექმნილი სურათი, იფიქრა, რომ ამათ თემების გადასაფარად დასჭირდებოდათ ალასანიას დაჭერა, ამიტომ მან თავი აარიდა და გავიდა ქვეყნიდან, მან კარგად იცის, რომ უფრო და უფრო დაიძაბება ვითარება, კრიზისში შევა პროცესი და დაჩქარდება ხელისუფლების საკითხი. გამოცდილმა პოლიტიკურმა ძალებმა იციან, რომ დღეს ხელისუფლება ქუჩაშია, მიდი მოკიდე ხელი და აიღე - დაახლოებით ასეთი სურათია. პროცესები წავა აქეთკენ. ამ შემთხვევაში ალასანიას სვლა იყო გამართლებული, მან მიიღო უსაფრთხოების ზომები, ის აშშ-ში იმიტომ ხვდება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს, უმტკიცებს, რომ ის სიტუაციას კი არ გაექცა, არამედ პოლიტიკურად მუშაობს უცხოეთში. ერთი მხრივ მუშაობს, მაგრამ მეორე მხრივ, საფრთხეს თავს არიდებს. თუმცა მან ძალიან კარგად იცის, რომ მოვლენები ძალიან ჩქარდება საქართველოში და როცა ის ქვეყანაში დაბრუნდება, მისთვის აღარავის ეცლება, რომ ბრალი წაუყენოს, დაიჭიროს და ა.შ. მიმდინარეობს ორმაგი თამაშები და ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი. ვატყობ, ამას თვლიან გამოცდილი პოლიტიკოსები, რასაც არ თვლის ღარიბაშვილი. მე ვხედავ, რომ ალასანიასა და მის გუნდს სწორი გათვლები აქვთ გაკეთებული, ამით მათ მიმართ სიმპათიას კი არ გამოვხატავ, არამედ ობიექტურად ვაფასებ, ვის რა აქვს გათვლილი და ვინ რას ელის პროცესებიდან... მოკლედ, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ გამოცხადდება, ორი თვის მერე ეს ყველაფერი უკვე ძალიან გვიან იქნება.


- რამდენად ლოგიკურია, როცა სააკაშვილის ხელისუფლების დამნაშავე წევრებსა და ძებნილებს უკრაინის ხელისუფლება პოსტებს სთავაზობს? მაგალითად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურა უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე განიხილება. უკრაინის სახელმწიფოს მხრიდან ეს არ არის ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების უპატივცემულობა?

 

- უარესს გეტყვით, გაიხსენეთ, პუტინმა რა განაცხადა. პუტინმა თქვა, რომ ის მზად არის, შეიფაროს სააკაშვილი და დანიშნოს თავის მრჩევლად კავკასიის საკითხებში.


- იღადავა პუტინმა თუ თავისი აგენტი გაშიფრა?

 

- როცა სააკაშვილის შიდა ძებნა გამოცხადდა და პუტინს ჰკითხეს, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზეო, მან უპასუხა, მზად ვარ, სააკაშვილი მივიღო რუსეთში, მივცე თავშესაფარი, მეტიც, ჩავაბარო პოსტი და დავნიშნო კავკასიის საკითხებში მრჩევლადო.  რა გიკვირთ, უკრაინაში თანამდებობებს რომ იღებენ. ახლა დავსხდეთ და ვიმკითხაოთ, რას ნიშნავს პუტინის სიტყვები, პროვოცირება მოახდინა, თუ პირიქით, რაღაც ნაწილში გაშიფრა, - სააკაშვილი ჩემი იყო და ბოლომდე ჩემი იქნებაო.

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016