„რუსთავი-2""-ის პროექტ „ნიჭიერში" გასულ კვირას ერთმა მონაწილემ პუჩინის ოპერა „ტურანდოტიდან" არია შეასრულა.
საქართველომ იმ დღეს გაიცნო ჩვენი უნიჭიერესი თანამემამულე, შესანიშნავი ტენორი, ტაქსის მძღოლი გევორქ პეტროსიანი. თუმცა მთავარი სიურპრიზი „რუსთავი 2"-ის მაყურებელს და მართლმადიდებელ ქრისტიანებს წინ ელოდათ. გევორქ პეტროსიანი იეჰოვას მოწმეთა სექტის ყოფილი წევრი აღმოჩნდა.
„მეუღლეს დავცილდი მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტ სარწმუნოებას ვეზიარე, მან არ ისურვა ჩემთან ცხოვრება. ქრისტიანული სწავლებით ხარ მოწამლულიო, მითხრა", - თქვა ჩემთან საუბარში გევორქმა.
დღეს ტაქსის მძღოლს, სანამ იეჰოვას სექტის უხუცესები სასიმღერო კარიერას აუკრძალავდნენ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში უსწავლია გარკვეულ ხანს და რამდენიმე საოპერო სპექტაკლშიც მიუღია მონაწილეობა.
წინა კვირას გევორქ პეტროსიანი რედაქციაში გვესტუმრა.
ინტერვიუ საოპერო არიების ფონზე მხიარულად ჩავიწერე და საუბარიც თვითონ გევორქის გულღია ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან გულწრფელი გამოვიდა, თუმცა მის ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა.
„სხვადასხვა კუთხიდან მირეკავენ, ქალები, მამაკაცები, ახალგაზრდა ქალბატონები. მილოცავენ გაქრისტიანებას, გვერდით დგომას და მეგობრობას მთავაზობენ. ზოგი რესტორანში მეპატიჟება", - ამბობს ის და გახარებულია, რომ მთელმა საქრისტიანო საქართველომ გულით მიიღო.
მოსწონს, როცა გიორგის ეძახიან.
გუშინ გახარებულმა დამირეკა: საპატრიარქოს ტელევიზიაში სასაუბრო დრო დამითმესო.
ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობს. „ასკეტივით ვარ, ვლოცულობ, ვმუშაობ", - ამბობს ის. ტაქსზე მუშაობით ბინის გადასახადსაც იხდის და შვილსაც ალიმენტის თანხას ურიცხავს, თან „ნიჭიერის" ფინალისთვის ემზადება.
საქართველოს მოსახლეობამ გიორგი პეტროსიანისთვის სმს-ები არ უნდა დაიშუროს, მან გამარჯვებით მოპოვებული ჯილდოთი თავის შვიდი წლის გოგონასთან ერთად რომ იცხოვროს, საცხოვრებელი ბინა სჭირდება.
„მე ამ ქვეყნის შვილი ვარ. ან მღვდელი გავხდები, ან სარწმუნოებისთვის წამებული. ამით ყველა გაიგებს, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი და ჩვენი სულის უფალია", - მითხრა მან.
„ნიჭიერის" ფინალი 8 იანვარს უნდა შედგეს. გიორგი პეტროსიანთან საუბარს მას შემდეგაც შემოგთავაზებთ. ახლა კი იხილეთ ეს ინტერვიუ თბილისელ ლუჩანო პავაროტისთან - გევორქ პეტროსიანთან.
- გიორგი, რა რეაქციაა ხალხში, მას შემდეგ, რაც „რუსთავი-2"-ზე შენი ტელეფონის ნომერი გამოაცხადე?
- უამრავი ხალხი მირეკავს. მეფერებიან, მილოცავენ. რეკავენ მღვდლები, ბერები მონასტრებიდან და თანადგომას მპირდებიან.
ჩემს ტელეფონზე არის ნეგატიური შეტყობინებებიც. არ სჯერათ, ჩემი ნებით თუ წამოვედი ორგანიზაციიდან.
დადის ჭორები, თითქოსდა მე ვუღალატე ჩემს მეუღლეს, ამიტომაც გამრიცხეს ორგანიზაციიდან და ახლა შურისძიების მიზნით ვლაპარაკობ არასწორ რაღაცებს იეჰოვას სექტაზე.
ამ სექტის წესების მიხედვით, ცოლ-ქმარი შორდება მხოლოდ ღალატის საფუძველზე. ღალატი არც ჩემი მხრიდან ყოფილა, არც ჩემი მეუღლის მხრიდან, ამიტომ ეს გამორიცხულია.
როცა ჩემში ეჭვი შეეპარათ, დამირეკეს სექტის უხუცესებმა და მითხრეს: მივსულიყავი კრებაზე, რომ გადაეწყვიტათ, ვიყავი თუ არა საბოლოოდ დაღუპული, ანუ ბოლომდე „მოვიშხამე" თუ არა მართლმადიდებლური სწავლებით.
- იყავი კრებაზე?
- ტელეფონშივე ვუთხარი: თქვენი ნახვა არ მსურს, რადგან ჩემთვის საფრთხეს წარმოადგენთ. თქვენს მოღიმარ სახეს რომ ვუყურებ, მლიქვნელური ღიმილი ჩანს-მეთქი.
- რა ხალხია ეს უხუცესები. ასაკით თუ რითი ისაზღვრება უხუცესობა სექტაში?
- უხუცესთა საბჭო სექტის ინსტრუმენტია. უხუცესები, ძირითადად, მამაკაცები არიან, რომლებსაც აქვთ დოქტრინალური გამოცდილება და ვისაც კითხვები აქვთ, ისინი ისეთ პასუხს სცემენ, რომ შემდეგი კითხვის დასმის სურვილი აღარ ჰქონდეს შემკითხველს.
- პირველად როდის მოხვდი იეჰოვას მოწმეთა გარემოცვაში?
- 19 წლის ვიყავი, ბიცოლაჩემთან შევხვდი მათ. ბიცოლაჩემი იეჰოვას სექტის წევრია დღესაც.
- მეუღლე სექტაში გაიცანი, არა?
- დიახ, სწორად მიხვდით. ჩემი მეუღლე გავიცანი მას შემდეგ, რაც მშობლებმა იეჰოვას სექტაში გაწევრიანების გამო სახლიდან გამაგდეს.
საქმე ისაა, რომ სექტაში სწავლება მანიპულირების მიხედვით ხდება. იეჰოვას მოწმეები იშვიათად იშველიებენ „ახალ აღთქმას", სადაც იესოს სახელი არის ნახსენები და პედალირებენ ახალ თარგმანზე. იქ 237-ჯერ არის იეჰოვას სახელი ნახსენები მაშინ, როცა ბერძნულ სეპტუაგინტაში ასეთ რამეს ვერ შეხვდები.
არის თარგმანი, სადაც იეჰოვა მოხსენიებულია, როგორც კირიოს.
ამასთან ერთად იეჰოვას სახელი სინაგოგაშიც აჟღერდა. დაქსაქსულ ებრაულ ტომებში იეჰოვას სახელი რომ გაჟღერებულიყო, რაბინები თორას კითხვისას თვითონ ადგენდნენ, როდის უნდა ეთქვათ ადონაი, რომელიც ელოაჰიმიდან ხმოვანი ასოების ამოღებით იყო მიღებული. იეჰოვა სხვადასხვა ენაზე სხვადასხვაგვარად ჟღერს. ამიტომაც დღეს არავინ იცის, რა არის ჩვენი უფლის ნამდვილი სახელი.
როცა მოსეს ქორების მთაზე კანონთა კრებული გადაეცა, მოსემ ჰკითხა: რა სახელი გავუხსნა შენს ერს? უფალი კონკრეტულ სახელს არ ამბობს და ძველი სლავური თარგმანის მიხედვით, პასუხობს: მე ვარ, ვინც ვარ. რადგან, როცა სახელს ანიჭებ, ბოჭავ, ერთ სუბსტანციაში აქცევ. უფალი უფრო მეტია, ვიდრე ერთი სახელი. ის არის ადონაი, არის ელოაჰიმი, საბაოთი და სხვა.
ცალკე იეჰოვა არაფერს არ ნიშნავს.
ამას იმიტომ აკეთებენ, რომ გააუფასურონ ჩვენი უფლის სახელი.
იაჰვე არის მამა, ძე და სულიწმინდა, განუყოფელი, ერთიანი, ჰარმონიული, ისე, როგორც ჩვენს უფალ იესო ქრისტეში გაერთიანდა ჰარმონიულად ორი ბუნება - ადამიანური და ღვთიური.
- იმ სექტის წევრობა, ასე ვთქვათ, დაგეხმარა კიდევაც, ქრისტიანული სწავლება ღრმად შეგეთვისებინა. ასე არ არის?
- ასეა. მაგრამ სულიწმინდის ძალა და მადლი რომ არა, მე ვერაფრის გაგებას ვერ შევძლებდი.
მიუხედავად იმისა, რომ სწავლება მაქვს და ვიცი, რა არის ჰერმენევტიკა, ეგზეგეზა, სეპტუაგინტა, თანახი.
- იეჰოვას მოწმეთა სწავლების მთავარი მიზანი რა არის?
- მიზანი ერთი აქვთ - ადამიანები დააშორონ ქრისტეს.
სექტა პირდაპირ ებრძვის ხატებს. თითქოსდა ეს იყოს კერპთაყვანისმცემლობის გადმონაშთი. როგორც ბაალი, ბელფეგორი და ა.შ.
სინამდვილეში კი ხატი ნიშნავს გამოსახულებას. უფლის პირველი ხატი იყო ადამი. რომელიც შექმნილი იყო უფლის სახების მსგავსად.
კი. ბატონო, იაჰვე არავის უნახავს, მაგრამ მეორე იპოსტასი ხომ იყო დედამიწაზე. იესო ხომ იყო განკაცებული?!
შეიძლება ჩვენც არ გვინახავს ჩვენი წინაპრები, მათ მხოლოდ ფოტოებით ვიცნობთ. ამიტომ ის ფოტოები უნდა გადავყაროთ და მათ პატივი არ უნდა ვცეთ? თუ მათ უნდა ვცეთ პატივი, უფალი ჩვენი პატრონი იყო, მას თავი აქვს დადებული ჩვენს გადასარჩენად და მისი ხატი რომ გვქონდეს, ეს დანაშაულია?!
იეჰოვას მოძღვრება ადამიანის მოდგმის წინააღმდეგ არის მიმართული და მთლიანად არის სატანისტური.
სინამდვილეში ისინი თვით ღმერთს ებრძვიან, როცა იესოს სახელს უგულებელყოფენ.
გავიხსენოთ იოანეს 18,6. როდესაც იუდეველები იესოს ატყვევებენ, ეკითხებიან: ვინ ხარ? უფალი მიუგებს: მე ვარ.
ბრუკლინის იეჰოვას სწავლება ამას იგნორირებას უკეთებს და ეს არის დიდი ცოდვა და დანაშაული.
- როგორ და როდის მოიქეცი მართლმადიდებლად, გახსოვს?
- მე არასდროს ვჯერდებოდი მხოლოს ბრუკლინის სწავლებებს.
მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, ტაქსისტობამაც მიშველა. ერთი ზურაა, ტაქსისტი, ჩემი მეგობარი, ხშირად მეუბნებოდა: გიორგი, რაღაც წესრიგში არაა შენს გულში, ვატყობ, იეღოველი ხარო. მელაპარაკებოდა ამაზე. მე ვმუშაობდი ღამე და ძალიან გვიან ვბრუნდებოდი სახლში. მეუღლეს და შვილს ეძინათ. მე ჩუმად, ამბავი რომ არ მიეტანა ორგანიზაციაში ჩემს მეუღლეს, ღამის ოთხი საათიდან 7 საათამდე, წმინდა წიგნებს ვკითხულობდი სამი წლის განმავლობაში. ვკითხულობდი მამა სერაფიმე საროველს, ანდრია ბრინჩანინოვს, ნეტარ ავგუსტინეს, ისააკ ლიონელს, იოანე კრონშტადტელს და სხვებს. მაშინ ყველა ეჭვით მიყურებდა, რადგან, მას შემდეგ, რაც შევიმეცნე - მართლმადიდებლობა, მამა გაბრიელივით დავდიოდი და ყველგან ვქადაგებდი. რატომ, იცით? სავსე ვიყავი უფლის წყალობით, რადგან მე მივაღწიე ჭეშმარიტებას.
- გიორგი, შენს სიცოცხლეს შეიძლება, საფრთხე დაემუქროს. გიფიქრია ამაზე?
- წამებულები ცოტანი არიან საქართველოში და მართლმადიდებლებში? მამა გაბრიელი ამბობდა, ბოლო ჟამს ქრისტესთვის წამებულები იქნებიანო.
მაგრამ მე ახლა უფრო იმას ვფიქრობ, იეღოველების ხაფანგში არ გავება და სამართალდამცავებმა არ დამაკავონ, ამიტომ დღე და ღამე ვშრომობ, ალიმენტი რომ გადავიხადო.
მინდა იცოდეთ, თუნდაც ქრისტესთვის წამებული ვიყო, ეს არ მაღელვებს, პირიქით, მე ეს მახარებს.
როგორ უნდა მეშინოდეს, როცა უფალი ჩემთანაა?!
გაიხსენეთ, რას წერს მათე: ნუ გეშინიათ მათი, რომლებსაც თქვენი სხეულის მოკვდინება შეუძლიათ, გეშინოდეთ მათი, ვისაც თქვენი სულის მოსპობა აქვს განზრახულიო.
ესაა მართლმადიდებლური სწავლება.
იეჰოვას მოწმეები კი სულს ღუპავენ ადამიანში.
- შვილი გყავს. გოგონა.
- ჩემი პაულინა 7 წლის ხდება და ახლა, როცა მე და ჩემი მეუღლე ერთად აღარ ვცხოვრობთ, ხშირად ვერ ვნახულობ შვილს. ჩემმა მეუღლემ ჩემი გაქრისტიანების შესახებ რომ გაიგო, ბავშვს არ მანახებდა - შენში ეშმაკი ჩასახლდაო. ბავშვს მალავდნენ. ვიცოდი, ვისთანაც ტოვებდა და ერთ დღეს მივედი წამოსაყვანად. ეკლესიაში მინდოდა მიმეყვანა და ხატის წინაშე დამეჩოქებინა. ჯიბეში 150 ლარიც მედო. ვფიქრობდი, მათხოვრებს მივცემ-მეთქი, მაგრამ მათხოვარი არსად შემხვდა, მაშინ ავიღე და ეს ფული ნაგვის ბუნკერში ჩავაგდე.
ბავშვი მხარზე მყავდა შესმული, მიმყავდა, მაგრამ არ მემორჩილებოდა. სად მიგყავარო, ტიროდა, თუმცა, როგორც კი გამოჩნდა ტაძარი, დამშვიდდა, თვინიერი გახდა და თვისი ნებით დაიჩოქა ხატის წინაშე.
დიდი ბრძოლები რომ ჰქონდა, ჯვარი დავანახე და 10 წამით გაშეშდა ბავშვი, თითქოსდა გონება დაკარგა.
- როდის მოინათლე?
- უკვე მეოთხე თვეა. ჩემი ნათლია ზურაა, ზემოთ რომ გითხარით - ჩემი მეგობარი. მოძღვარი მამა გურამ გურამიშვილი გახლავთ. თვითონ მამა თომა ცეცხლაძის სულიერი შვილი ვარ.
- ნათესავებმა როგორ მიიღეს შენი გაქრისტიანების ამბავი?
- ძალიან გაუხარდათ. სუფრები იშლებოდა ჩვენს ოჯახში კარგა ხანს.
- გრიგორიანელები რომ არიან?
- მთავარი იყო, რომ სექტიდან წამოვედი. რომელ ტაძარში ვილოცებდი, ეს აღარ იყო მნიშვნელოვანი.
- ზიარება მიიღე?
- ოოო, ეს საოცრება იყო. რადგან იესო ქრისტე თვითონ ამბობს: ვინც არ ეზიარება ჩემს სისხლსა და ხორცს, მას არა აქვს წილი ჩემთანო.
- ახლა რას აპირებ?
- „ნიჭიერში" უნდა გავიმარჯვო.
მერე რა მოხდება, უფლის ნებაა.
- გიორგი, ხომ არ გსურს შენი ტელეფონის ნომერი ჩვენს მკითხველსაც გავუმხილოთ?
- კი ბატონო, ჩემი ნომერია: 558 35 40 25.
ირანდა კალანდაძე
გაზეთი „საერთო გაზეთი"