reportiori.ge - რას მოიმოქმედებს უკრაინის პრეზიდენტი ღარიბაშვილის ჩატანილ კომპრომატებზე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:26
ინტერვიუ
რას მოიმოქმედებს უკრაინის პრეზიდენტი ღარიბაშვილის ჩატანილ კომპრომატებზე?
ავტორი:
03 დეკემბერი, 2014. 20:40



უკრაინის ახალი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილსა და მისი გუნდის წევრებს მაღალ-მაღალ პოსტებს სთავაზობს.  სააკაშვილი ვიცე-პრემიერად განიხილებოდა, მაგრამ მან თავად თქვა უარი ამ თანამდებობაზე. თუ სააკაშვილს კიდევ რაიმე დაეჯერება, მისი თქმით, ამ თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ უკრაინის ხელისუფლებაში თუ დაიწყებდა მუშაობას, ამ ქვეყნის მოქალაქეობა უნდა მიეღო და ავტომატურად მოუწევდა საქართველოს მოქალაქეობის დატოვება, საქართველოს მოქალაქეობას ვერ შეველიეო, ირწმუნება მიშა. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ცვლის, ფაქტია, რომ საქართველოს პროკურატურამ ამ კაცს ხუთი ბრალი წაუყენა, იძებნება და ჩვენს მეგობრად წოდებული უკრაინა ამხელა პოსტს სთავაზობს ამ ძებნილ და დამნაშავე ექს-პრეზიდენტს.


თუმცა, მარტო ეს არ არის. ასევე ბრალდებული, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის უფროსად განიხილება. როგორ ებრძოლა კორუფციას და როგორ ჩამოაყალიბა საქართველოში ელიტური კორუფცია, სხვა თანაგუნდელებთან ერთად, ესეც ყველამ ვიცით. ასევე, უკვე ცნობილია, რომ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს სანდრო კვიტაშვილი,  მან უკრაინის მოქალაქეობა უკვე მიიღო.  უკრაინის მოქალაქეობაზე განაცხადი უკვე შეიტანა საქართველოს შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ეკა ზღულაძემ. ის უკრაინის ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილედ განიხილება.


მოკლედ, „ნაციონალები", რომელთაც ამ ქვეყანაში ავისა და უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ, უკრაინის ხელისუფლებაში საკვანძო პოსტებზე შეიძლება დანიშნონ. უკრაინული მედია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს არ არის სრული სია იმ ქართველებისა, რომელთაც, სავარაუდოდ, უკრაინის ხელისუფლებაში დაასაქმებენ.


რასთან გვაქვს საქმე? რატომ ეტანება ასე ქართველ ყოფილ ჩინოვნიკებს უკრაინის ხელისუფლება? „ნაციონალთათვის" ამხელა პოსტების შეთავაზება მარტო პოროშენკო-სააკაშვილის მეგობრობის შედეგია თუ სხვა რაიმესთან გვაქვს საქმე?


„ალიას" ამ და სხვა კითხვებს, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე უპასუხებს:


- ბატონო რამაზ, მიხეილ სააკაშვილმა უარი კი განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, მაგრამ ეს პოსტი ძებნილ პრეზიდენტს რომ შესთავაზეს, უკვე ბევრს ნიშნავს. აქვე შეგახსენებთ, რომ სანდრო კვიტაშვილს მინისტრთა კაბინეტის წევრობას სთავაზობენ. „ნაციონალთა" სიყვარული აუტყდა პოროშენკოს? რეალურად რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე?

 

- ეს იმის ნიშანია, რომ უკრაინას აქვს ძალიან ძლიერი საკადრო დეფიციტი.  საკადრო დეფიციტი სხვისი რა უნდა გაგვიკვირდეს, ძალიან ხშირად გვქონია, მაგრამ ამ გასაჭირის მიუხედავად, სხვა ქვეყნის მოქალაქის აყვანა სახელმწიფო სამსახურში და თანაც საკვანძო პოზიციებზე, არ წამოწეულა და არ დასმულა არასოდეს. ერთადერთი შემთხვევა სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა იყო, მაგრამ ზურაბიშვილი ქართველ ემიგრანტთა შთამომავალია, ქართველია და ეს სხვა შემთხვევაა.


- მარტო საკადრო დეფიციტის ბრალია? ეს ხომ არ არის დასავლეთის მცდელობა, რომ უკვე გაკოტრებული „ნაცმოძრაობის" რეანიმაცია მოახდინოს უკრაინაში მათი პოლიტიკური ბირთვის ნაწილის ხელისუფლებაში დასაქმებით და მათ პროდასავლური, რეფორმატორი პარტიის იმიჯი შეუნარჩუნოს?

 

- დასაშვები ვერსიაა, მაგრამ ჯერ მაგის დაბრალების საფუძველი დასავლეთისთვის არ გაგვაჩნია, იმის მიუხედავად, რომ მისი დამოკიდებულება „ნაცმოძრაობის" მიმართ ძალიან კარგად ვიცით. ხშირად იცავს დასავლეთი „ნაცმოძრაობას", მაშინაც კი, როცა დასაცავი არ არის. თუ ეს ხალხი მართლა დასაქმდა უკრაინაში წამყვან სახელმწიფო თანამდებობებზე, ვფიქრობ, ეს უფრო „ნაცმოძრაობის" პიარის დამსახურება იქნება.


- აქვე სააკაშვილ-პოროშენკოს მეგობრობაც უნდა გავიხსენოთ, მარტო პიართან რომ გვქონდეს საქმე, მეეჭვება. დავიჯერო, იმხელა გავლენა აქვს სააკაშვილს პოროშენკოზე, რომ ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გასაფუჭებლად მზად არის? სააკაშვილს თავი დავანებოთ და ინტერპოლის ძებნილი ზურაბ ადეიშვილი თუ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წევრი გახდა, ეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე ნამდვილად ცუდად აისახება.

 

- უკრაინის ხელისუფლება, ძალიან უცნაურ ნაბიჯებს დგამს და თავისთავად ცხადია,რომ ეს ჩვენს შორის დადებითად არ აისახება. ამ დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიემგზავრება და იქ შეხვდება უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩემი ვარაუდით, ჩვენი პრემიერი უკრაინის ხელისუფლებას დასანიშნ „ნაციონალებზე" მიაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციებს, ისეთს, რაც ჩვენ არ ვიცით და რაც არ უნდა ვიცოდეთ. ამგვარი ინფორმაციები მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკის დონეზე შეიძლება მიეწოდოს კონკრეტულ მხარეს.


პრემიერი უკრაინის ხელისუფალთ კარგს რომ არაფერს ეტყვის „ნაციონალებზე", ეს თქვენც კარგად იცით. საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილისა და ადეიშვილის წინააღმდეგ გამოცხადებული აქვს სამართლებრივი დევნა, მათ შორის, ადეიშვილს ინტერპოლი ეძებს. ეს ხალხი უკრაინაში რომ აღმოჩნდეს მაღალ თანამდებობაზე, ვფიქრობ, საჭიროა იმ დონეზე საუბარი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ასეთ რამეებს ეუბნებიან. ჩვენი პრემიერი შეხვდება უკრაინის ხელისუფლების გავლენიან წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტ პოროშენკოს და მათ მიაწვდის საჭირო ინფორმაციას. შესაძლოა, არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების მიერ ამ პერსონებზე აღძრული სისხლის სამართლის დეტალები გააცნოს, უფრო მოსალოდნელია, რომ თავად სააკაშვილის ხელისუფლების მიერ, იმავე ხელისუფლების წარმომადგენლებზე აღძრული საქმეები გააცნოს, რის შესახებაც უკრაინაში წარმოდგენა ნამდვილად არ აქვთ. ამგვარი საქმეები, სხვადასხვა უწყებაში, არაერთი „ნაციონალი" ლიდერის მიმართ იყო აღძრული და სხვადასხვა მიზეზით შეჩერებული. გარდა ამისა, სავარაუდოდ, ჩვენი პრემიერი უკრაინის პრეზიდენტს ბევრ ისეთ ინფორმაციას მიაწვდის იმ ხალხზე, ვინც უკრაინის ხელისუფლების მაღალ პოსტებზე განიხილება, რომ ჩვენ ამ ინფორმაციების შესახებ, შესაძლოა, ვერც ვერასდროს შევიტყოთ, მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია.


- ბატონო რამაზ, „ნაციონალები" გააქტიურდნენ პარლამენტში და ხელისუფლებისგან მოითხოვენ ქართველი ემიგრანტებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას, ვისაც უცხოეთის მოქალაქეობა აქვს, მათ არ ჩამოერთვათ ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობა და ვისაც უკვე ჩამოართვეს, იმ ხალხს აღუდგინონ. „ნაციონალები" მზად არიან, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობას ხმებიც მიაშველონ. როგორ ფიქრობთ, ეს თემა „ნაციონალებმა" იმიტომ ხომ არ გაააქტიურეს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში დასაქმებულ მათ ლიდერებს საქართველოს მოქალაქეობაც შეუნარჩუნდეთ, რაც მათ ქართულ პოლიტიკაში ჩარევის უფლებას არ წაართმევს და გარკვეულ გავლენას შეუნარჩუნებს? ასეთ შემთხვევაში, ალბათ, მიხეილ სააკაშვილიც დათანხმდება უკრაინის ვიცე-პრემიერობას.


- კი, თქვენ მართალი ხართ. თუ გავიხსენებთ, როგორ ჯიუტად არ აძლევდნენ მოქალაქეობას ბიძინა ივანიშვილს, ამ ფაქტს კი პოლიტიკური ზეწოლის, მანიპულირების ბერკეტად იყენებდნენ წინასაარჩევნოდ, მაშინ გასაგები ხდება, რატომაც გაააქტიურეს ორმაგი მოქალაქეობის თემა. ხომ გახსოვთ, საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო, ივანიშვილი კინაღამ პოლიტიკის მიღმა დატოვეს. „ნაციონალებს" ეს კარგად ახსოვთ და ორმაგი სტანდარტებით მოქმედება მათთვის ჩვეული ამბავია. კი, მათი მიზანი სწორედ ეს არის, რომ შეინარჩუნონ უკრაინაში პოსტები და საქართველოს მოქალაქეობაც, რაც ქართულ პოლიტიკაში გარკვეული დოზით ჩარევის უფლებას მისცემს სააკაშვილსაც და სხვებსაც.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016