გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მართლმადიდებელ მღვდელმსახურს, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და სტუდენტთა ნაწილს დაუპირისპირდა. სტუდენტების თხოვნითა და თვითმმართველობის ინიციატივით უკვე დაწყებული იყო შეხვედრების ციკლი - „მე ვარ ჭეშმარიტება" და ლექციათა ციკლი რელიგიურ თემატიკაზე ერთი წლის განმავლობაში დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს უნდა ჩაეტარებინა. ასეთი გახლდათ თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას შეთანხმება და შეხვედრების გამართვა თვეში ერთხელ იყო დაგეგმილი. სტუდენტების თქმით, პირველმა შეხვედრამ, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გაიმართა, დიდი ინტერესით ჩაიარა. თუმცა, მოულოდნელად, მორიგი შეხვედრა უკვე რექტორატის გადაწყვეტილებით გაუქმებულია: "როდესაც მოვიდა მეორე შეხვედრის დრო, უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ დაიბარა თვითმმართველობის წევრები და მოსთხოვა, რომ შეხვედრების ციკლი შეწყვეტილიყო, მიზეზად კი სხვა სტუდენტების უფლებების შელახვა დაასახელა", - აცხადებენ უნივერსიტეტის სტუდენტები.
რა მოხდა სინამდვილეში? ვინ ჩაერია საქმეში? რა მიზეზებსა და მოტივებზე საუბრობენ უნივერსიტეტში? რა განუცხადა „ალიას" ჩაშლილი ლექციების ციკლის შესახებ მამაომ?
„ალიას" ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გაგნიძე ესაუბრა:
- მოვიკითხე ეს ამბავი და, თვითმართველობიდან როგორც მითხრეს, ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო ამ ლექციას, 500 სტუდენტზე მეტი და რექტორმა განაცხადა, რომ ამას მასობრივი სახე არ უნდა ჰქონდესო, რადგანაც უნივერსიტეტი ის სივრცეა, რაზეც არანაირი რელიგიური და პარტიული გავლენა არ უნდა ხდებოდეს და ამისთვის არასაუნივერსიტეტო სივრცე აირჩიეთო. მე ის გამიკვირდა, იმ ერთ ლექციასაც რომ დასთანხმდნენ. ზედანიას ეტყობა, შენიშვნა მისცეს, ეგ ხომ მთლიანად იზიარებს თევზაძის აზრებს, სხვანაირად ვერ ეღირსებოდა მაგ ადგილს. მაგათ რელიგია საერთოდ არ სწამთ და იმ ლექციამ, რომელიც ილიაუნში ჩატარდა, ბევრი სტუდენტი აიყოლია, გადავსებული ყოფილა დარბაზი და ამის გამო მაგრად დაფეთდნენ დირექციაში. ილიას უნივერსიტეტი ანტირელიგიურია მთლიანად და რა სხვა კონფესიები? სადაა სხვა კონფესიები? ტრადიციულ რელიგიებს ვერ იტანენ, ეგენი არიან მწარე ათეისტები. მაგათი აზრით, არ უნდა იკითხებოდეს მამა თეოდორეს ლექციები და უნდა იკითხებოდეს ბურჭულაძისა და დეისაძის ლექციები და მაგათ უნდა აჯილდოებდნენ პრემიებით. ეგენი მსოფლმხედველობრივად რომ ვერ იტანენ რელიგიას, იქიდანაც ჩანს, რომ თუ გახსოვთ, გიგი თევზაძემ ისიც თქვა, სტუდენტებს სალოცავ კუთხეს ტუალეტთან გავუკეთებ და ხატებს იქ ჩამოვკიდებო. ასეთი დამოკიდებულების ხალხია, რომლებიც ებრძოდნენ კათალიკოსს წლების მანძილზე და ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ზედანიას მიერ ლექციების აკრძალვა, ეგენი თავის გეზს არ შეცვლიან.
- იმ სტუდენტებს რა ელის, ვინც მოითხოვდა მამა თეოდორეს ლექციების ციკლის გაგრძელებას?
- მაგათ ყველას უთვალთვალებენ, დარწმუნებული ვარ, რომ დასჯიან. ამათ გესტაპოს მაგვარი ჯგუფები ჰყავთ და ყველა იციან, ვინ სად არის და სად მოძრაობს, შარს მოსდებენ და დააჯარიმებენ. მერე ფული უნდა გადაიხადონ, რომ ჯარიმა მოეხსნათ, ანუ თანხებს გაუზრდიან, განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონეთ არ გაუშვებენ. ილიას უნივერსიტეტი კი ჰქვია მაგ უმაღლეს სასწავლებელს, მაგრამ სამივე ცნობილ პოსტულატში ეწინააღმდეგება ილიას ეს უნივერსიტეტი. არც მამული უნდათ, არც ენა და არც სარწმუნოება. ილიას სახელს კი იმიტომ იყენებენ, რომ სტუდენტები მიიზიდონ.
- რაც შეეხება სხვა ინფორმაციებს, რა ხდება ზოგადად ილიაუნში?
- სააკაშვილმა და მისი გუნდის წევრებმა რომ გზა გაიხსნეს უკრაინაში, ჯერ კახა ბენდუქიძეზე იყო ლაპარაკი, მერე ეკა ზღულაძეზე და სანდრო კვიტაშვილი სად არის, იცით? ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური დეპარტამენტის მთავარი მრჩეველია.
- კი, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობის დროს საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად უუქმდებათ.
- მერე პრეზიდენტი მარგველაშვილი როგორ გგონიათ, არ დაეხმარება? თემას გავაგრძელებ და გეტყვით, რომ გიგი თევზაძეს სურს, უკრაინაში განათლების საკითხები მას ჩააბარონ. ერთი აქ გააკეთა ჰარვარდი და ერთი იმ უკრაინელებს შეუქმნის. ამას ემატება ისიც, რომ რასაც ვითხოვდით ამდენი წელი, ამ უზარმაზარი გაერთიანების დაშლას, რასაც დღეს ილიაუნი ჰქვია, ეს დაშლა დაიწყო და ეტყობა, კალაძის დახმარებით სპორტის აკადემიამ მიაღწია იმას, რომ, ფაქტობრივად, ცალკე გამოიყო, ოღონდ შენობის გარეშე. ეს შენობა კი, როგორც ამბობენ, არის გიგისა და მისი მეგობრების ხელში, ანუ, კერძო საკუთრებაა, ისევე, როგორც ობსერვატორია. დღევანდელი კანონმდებლობით, მისი ხელისხლება არ შეიძლება, მაგრამ აკადემია მზად არის, შენობა იქირაოს და ისე გავა ჯერჯერობით. ყოველ შემთხვევაში, ფიზკულტურა ზედანიას გაექცა. უცხო ენების უნივერსიტეტსაც უნდა გასვლა, მაგრამ ჯერ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ვანო კიღურაძის იმედი გვაქვს და ვნახოთ. ძალიან გვაინტერესებს პროფესორებს, თუ უცხო ენებიც გამოიყოფა, გამოჩნდება, თევზაძეს ეგ შენობა ნაყიდი აქვს თუ არა და თუ გიგი თევზაძეს უკრაინის ამბავი გამოუვიდა, თავის ხალხს წაიყვანს იქ და ეგება, ჩვენც გვეშველოს, ათეისტები მოგვშორდებიან.
ინტერვიუს შემდეგ კომენტარისთვის დავუკავშირდით დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს:
- სანამ იმას გეტყოდეთ, რა მოხდა ილიას უნივერსიტეტში, მოკლე ექსკურსს გაგაცნობთ: თითქმის ექვსი წელია, ჟურნალ „კარიბჭეს" ორგანიზებით საგანმანათლებლო მიზნით იმართება რელიგიური საუბრები სხვადასხვა რელიგიაზე და ქრისტიანობაზე, ცხადია, და ილიაუნში სწორედ „კარიბჭეს" მოწვევით მივედი. ჩატარდა ერთი ლექცია და ბევრი იყო მსმენელი, თან სულ ახალგაზრდები. ეს საგანმანათლებლო ხასიათის საუბრებია და დიდხანს გრძელდება.
- და აქ რა მოხდა?
- არაფერი, აი, ასე! ეტყობა, ამ ადამიანებს არ სურთ, რომ ჩვენი ახალგაზრდები რელიგიის თვალსაზრისით იყვნენ განათლებულები. ამ დროს, ამ საკითხებში გაურკვევლობა დამანგრეველია ადამიანისთვის. თან, ვიმეორებ, ეს არ იყო კონფესიური სახის შეხვედრა.
- მაშ, რამდენად შეილახა სხვა კონფესიის სტუდენტთა უფლებები?
- ეს იმდენად სასაცილო მიზეზია, მეღიმება. იქ იყო თავისუფალი დასწრება, ანუ ვისაც უნდოდა, ის დაესწრებოდა. ამ რექტორს არ ვიცნობ და არ ვიცი, რამდენად ამოჩემებული აქვს მას მართლმადიდებლობა, მაგრამ ის არ დაინტერესდა ამ ლექციით, მას რომ წინასწარ ჩანაწერი მოეთხოვა და მოესმინა, დარწმუნებული ვარ, საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა და, თუ ის სხვის აზრს დაუსწრებლად იზიარებს, ეს სერიოზული მინუსია. თევზაძე ცოტა უცნაური რექტორი იყო და მეგონა, ახალი რომ მოვიდოდა, ის სხვა განწყობით იქნებოდა. სიმართლე გითხრათ, დასაწყისში მე მათი თანხმობაც გამიკვირდა. მაგრამ ფაქტია, რომ ისინი დაგვეთანხმნენ: იყო გამოყოფილი დარბაზი, აფიშები, სკამები, მაგრამ რომ ნახეს, რომ უამრავი ხალხი მოგვაწყდა, პერსპექტივისა და მართალი სიტყვის შეეშინდათ.
თორნიკე ჩიქოვანი, თვითმმართველობის პრეზიდენტი:
- ეს არ იყო ციკლი, ჩვენ შევთანხმდით ერთ შეხვედრაზე და როცა ვნახეთ, რომ ბევრი ხალხი დაესწრო, შეთავაზება იყო, კიდევ გავაკეთოთო, მაგრამ ეს ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, ამიტომ დავწერეთ წარდგინება, მაგრამ რექტორმა გვითხრა, უნივერსიტეტში რელიგიური და პარტიული ქადაგება არ უნდა იყოსო. ამას წყვეტს აკადემიური საბჭო, რომელიც მართავს უნივერსიტეტს და მათ გადაწყვიტეს, რომ რელიგია არ უნდა იყოს უნივერსიტეტში.
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „ალია"