reportiori.ge - 4 დეკემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:39
კულტურა
4 დეკემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა
04 დეკემბერი, 2014. 10:20


პოეტი ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი 1817 წლის 4 დეკემბერს დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. მისი მამა - მელიტონ ბარათაშვილი ერთ დროს ქართული თავადაზნაურობის მარშალი იყო. დედა - ეფემია - ერეკლე მეორეს შვილთაშვილი, გრიგოლ ორბელიანის და იყო. პირველი აღზრდა-განათლება ნიკოლოზმა დედისაგან მიიღო, რომელმაც ბავშვობიდანვე შეაყვარა ფსალმუნნი და სახარება. ამის წყალობით, მომავალმა პოეტმა შესანიშნავად შეითვისა ძველი ქართული ენა, რაც შემდგომში მის ლექსებშიც აისახა.



1827 წელს ნიკოლოზი, იგივე ტატო, როგორც მას მეტსახელად ეძახდნენ, თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში შევიდა. აქ მას ცნობილი ქართველი მოღვაწე, შემდგომში 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრი, დიდი პატრიოტი, ფილოსოფოსი სოლომონ დოდაშვილი ასწავლიდა. მასწავლებელმა დიდი გავლენა იქონია მოსწავლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. გიმნაზიაში ნიკოლოზ ბარათაშვილი გამოირჩეოდა ნიჭიერებით, ენამახვილობითა და მხიარულებით, შესანიშნავად ცეკვავდა. ტანად საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი იყო, შავი თვალები და ყავისფერი თმა ჰქონდა. ლიტერატურამ ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას გაიტაცა, აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ გაზეთ ტფილისის გიმნაზიის ყვავილის" გამოცემაში.



ნიკოლოზ ბარათაშვილზე ძალიან იმოქმედა 1832 წლის შეთქმულებამ. მასში ქართული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეთქმულება რუსეთის კლანჭებისაგან საქართველოს გათავისუფლებას ისახავდა მიზნად, ამდენად მისმა წარუმატებლობამ ბევრი უიმედობით აღავსო.



გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1835 წ) ტატო ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთში გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მისი ერთ დროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა ასევე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. იმედგაცრუებული პოეტი იძულებული გახდა, რიგითი მოხელის სამსახურს დასჯერებოდა. 1835 წლიდან იგი უბრალო ჩინოვნიკად გამწესდა სამართლისა და განჩინების ექსპედიციაში.



ლექსებს პოეტი სამსახურიდან მოცალების ჟამს წერდა, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან ახლებლებმა იცოდნენ. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. ისინი მხოლოდ ხელნაწერთა სახით ვრცელედებოდა. პოეტი ქართველმა სამოციანელებმა „აღმოაჩინეს" და თავიანთ წინამორბედადაც დასახეს. დიდ პოეტად ბარათაშვილი პირველად ილია ჭავჭავაძემ აღიარა, თუმცა 1852-1853 წლებში გიორგი ერისთავსაც ჰქონდა გამოქვეყნებული მისი რამდენიმე ლექსი ჟურნალ ცისკარში". ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების სრული კრებული კი 1876 წელს გამოიცა.



ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ილია ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლეთი (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში.



განსაცდელებით აღსავსე ცხოვრებით გამოწვეული პირადი გრძნობა-განცდების გარდა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების საგანს სამშობლოს ბედი წარმოადგენს. ბედკრული ქვეყნის სახე სხვადასხვა ლექსებში ალეგორიულადაა მოცემული. მაგალითად, ლექსი ბულბული ვარდზედ" 1832 წლის შეთქმულებას ეძღვნება. საქართველოს სახეა წარმოდგენილი ლექსში სუმბული და მწირიც". მაგრამ ყველაზე უკეთ პოეტის დამოკიდებულება ჩანს პოემაში ბედი ქართლისა", რომელიც 1839 წელს დაწერა 22 წლისამ.



ნიკოლოზ ბარათაშვილი რომანტიკოსი მწერალი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი არასოდეს კარგავდა იმედის ნაპერწკალს და ყოველთვის უკეთეს მომავალს ელოდა. ეს თვისება მას გამოარჩევდა სხვა რომანტიკოსებისაგან, რომელთაც მომავლის რწმენა სრულიად დაკარგული ჰქონდათ.



1842 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილმა დაწერა უსათაურო ლექსი - მირბის, მიმაფრენს", რომელსაც შემდეგ მერანი" ეწოდა. მასში თვალსაჩინოდაა დახატული, თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა მწარე რეალობასთან, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს. კრიტიკოსებმა „მერანი" შეაფასეს, როგორც ქართული პოეტური გენიის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამოვლინება.



1844 წელს უკეთესი სამუშაოს საძიებლად ნიკოლოზ ბარათაშვილი ნახიჩევანში გაემგზავრა, 1845 წელს კი - განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ 27 წლის ასაკში, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. იგი თბილისში 1893 წელს გადმოასვენეს და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, სადაც 35 წელი განისვენებდა. 1938 წლის 19 ოქტომბერს კი პოეტის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016