რას პასუხობს არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს გივი თარგამაძე და რა კავშირი აქვს ,,კრიმინალურ ავტორიტეტ'' ქუხილავას ციხეების ბუნტთან
უფლებათდამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ,,ვერსიას'' წინა ხელისუფლების პერიოდში, საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდების თავისუფალი მიმოსვლის შესახებ ინფორმაციას ექსკლუზიურად აწვდის. მისი თქმით, ,,კრიმინალურ ავტორიტეტებთან'' კავშირი "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ლიდერს, მათ შორის, გივი თარგამაძეს ჰქონდა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა და ახლაც მონაწიელობს. ე.წ. კანონიერი ქურდების ამ ჩამონათვალში რამდენიმე პოპულარული პირიც ფიგურირებს, მაგალითად აფხაზი ,,ქურდი'' ანთიმოზ ქუხილავა და ამირან ებრალიძე. მჟავანაძის ინფორმაციით, ამ ადამიანებს ნაციონალების მაღალჩინოსნებთან დღემდე აქვთ კავშირი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად კი საქართველოს ციხეებში არეულობასა და ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების შექმნას გეგმავენ. ნიკოლოზ მჟავანაძემ ,,ვერსიას'' შესაბამისი ფოტომასალაც ექსკლუზიურად წარუდგინა.
_ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ქურდულ სამყაროსთან კავშირშია და ,,კანონიერი ქურდები'' საქართველოში თავისუფლად შემოდიან. ნამდვილად ვიცი, წინა ხელისუფლებასთან ,,კრიმინალური ავტორიტეტები'' საკმაოდ დაახლოებულნი იყვნენ.
_ ამას რით ამტკიცებთ?
_ ამას ნაციონალების ხელისუფლებაში რამდენიმე ,,კანონიერი ქურდის'' საქართველოში შემოსვლა მოწმობს. ნაციონალებმა თავად მიიღეს კანონი, რომ, თუ ადამიანი ,,ქურდი'' იყო, მაშინვე და უპირობოდ უნდა დაეკავებინათ. ამ კანონშიც ბევრი კითხვისნიშანია. ჯერ მარტო ისაა გაუგებარი, ადამიანს ,,კანონიერი ქურდობა'' როგორ უნდა დაუმტკიცო, მაგრამ კანონი იცნობს ამ ტერმინს. თუმცა რამდენიმე ,,კანონიერი ქურდი'' სწორედ ნაციონალების დროს ისე შემოვიდა საქართველოში და ისე გავიდა ქვეყნიდან, ამას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ამ პირების ჩამონათვალი და საზღვარზე შემოსვლ- გასვლის კონკრეტული დოკუმენტაცია მოვიპოვე. ეს ადამიანები არიან: ანთიმოზ ქუხილავა, რომელიც წარმოშობით გულრიფშიდანაა. იგი თვითმფრინავით უკრაინიდან შემოვიდა, 2009 წლის 28 მაისს და ქვეყანა 29 მაისს, მეორე ღამეს, სარფის საზღვრიდან დატოვა; კახა ჯანგველაძე, რომელიც 2009 წლის თებერვალში შემოვიდა საქართველოში და უკან, სადახლოს გამშვები პუნქტიდან იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდეგ გავიდა; კოსტა ბობოხიძე საქართველოში უკრაინიდან 2009 წლის 9 თებერვალს შემოვიდა, თბილისის აეროპორტით და სარფის გამშვები პუნქტიდან მეორე დღეს, 10 თებერვალს, 12 საათზე გავიდა; უკრაინიდან შემოვიდა ამირან ებრალიძეც, ასევე 2009 წლის 29 ოქტომბერს და მეორე დღეს სადახლოს გავლით დატოვა ქვეყანა. ამ ინფორმაციის ნამდვილობაშიც დარწმუნებული ვარ და მოვუწოდებ ხელისუფლებას, მონაცემები ოფიციალურად დაადასტუროს. პროკურატურამ კი, ამ ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება უნდა დაიწყოს და იმ კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, ვინც ე.წ. კანონიერ ქურდებს ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევდა. გამოდის, წინა ხელისუფლებას თავად ჰქონდა კავშირი ,,კრიმინალურ ავტორიტეტებთან''. სააკაშვილი ერთი ხელით ქურდულ სამყაროს ებრძოდა, მაგრამ ამ სამყაროს ზოგიერთ წარმომადგენელთან საკმაოდ ახლო ურთიერთობაც ჰქონდა. სააკაშვილი ბრძოლას მხოლოდ იმას უცხადებდა, ვინც მას არ ემორჩილებოდა. სწორედ ამის გამო დაიჭირეს ,,კანონიერი ქურდი'' ,,ტარასა'', სხვები კი, რატომღაც, ქვეყანაში თავისუფლად დადიოდნენ. არადა, ძველმა ხელისუფლებამ შესანიშნავად იცოდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, მით უმეტეს, ქუხილავა, რომელიც ძალიან ცნობილი ,,ქურდია'' და მის შესახებ ინფორმაცია ვანო მერაბიშვილსაც ჰქონდა. გარდა ამისა, დადასტურებულია, რომ ეს ადამიანები უკრაინაში კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდნენ და ამის გამო პასუხისგებაშიც არიან მიცემულნი.
_ ეს ყველაფერი დღევანდელ მოვლენებთან რა კავშირშია?
_ ახლახან, სააკაშვილი ქუხილავას შეხვდა და მას საქართველოში არეულობის მოწყობაში დახმარება სთხოვა. ქურდული სამყაროს ამ წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნის კრიმინოგენურ მდგომარეობაზეც აქვთ გარკვეული გავლენა და ციხეებშიც, სადაც დღეს, ვითარება ხელოვნურად იძაბება _ ყოფილი მსჯავრდებულები ამბობენ, ადრე გაუპატიურებაზე ვერავინ აიღებდა ხმას და ახლა, პატიმრები ჩინურ მასაჟებს ითხოვენო. მათ ვიღაც აგულიანებს. ეს ,,კანონიერი ქურდები'' გარეთ ვითარების არევასა და ისე წარმოჩენაზე მუშაობენ, თითქოს საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა. ამ ყველაფერს გადამოწმება სჭირდება და საქმეში შესაბამისი სტრუქტურებიც უნდა ჩაერთონ. ყველაფერს ნაციონალები და ყოფილი მაღალჩინოსნები კურირებენ.
_ კონკრეტულად ვის გულისხმობთ?
_ ერთ-ერთი მათგანია გივი თარგამაძე, რომელსაც უკრაინის თემა ჰქონდა ჩაბარებული. თარგამაძე უკრაინაში ძალიან ხშირად დადიოდა, ფაქტობრივად, იგი ,,ნარინჯისფერი რევოლუციის'' მონაწილეცაა და იანუკოვიჩის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებისაც. ამ პროცესებში ჩართული იყო გრიგოლ ქათამაძეც, საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში. პროცესს მფარველობდა მაშინდელი შსს, რომელიც ე.წ. კანონიერ ქურდებს გავლენის მოსაპოვებლად იყენებდა. აუცილებლად უნდა დადგეს ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილისა და მაშინდელი საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს თუნდაც პრევენციისთვისაა საჭირო, თორემ მერე ეს ყველაფერი ცუდად ისევ ამ ხელისუფლებას შემოუტრიალდება. მაინცდამაინც უნდა დაიძაბოს ვითარება ქვეყანაში, რომ ასეთ ინფორმაციებზე გამოძიება დაიწყოს?! ,,კრიმინალურმა ავტორიტეტებმა'' ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება ერთხელ უკვე დაამხეს. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ,,ვერსია'' ბრალდებების ერთ-ერთ მთავარ ადრესატს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, გივი თარგამაძეს დაუკავშირდა.
_ ჯანგველაძე, ქუხილავა, ბობოხიძე ებრალიძე _ ეს ე.წ. კანონიერი ქურდების ჩამონათვალია. მათი გვარები რამეს გეუბნებათ?
_ არა, ასე ვერაფერს გეტყვით, რომელი ჯგუფის წევრები არიან, ასე ზეპირად არ ვიცი.
_ ოთხივე უკრაინაში ,,მოღვაწეობს'' და 2009 წელს მათ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს. ზოგადად, უკრაინაში, ამ კუთხით, რა მდგომარეობაა და მათი გავლენა რამდენად ძლიერია, მათ შორის, საქართველოში?
_ უკრაინა, როგორც წესი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისთვის მუდმივი ადგილსამყოფელი არ არის. ყველა ეს ,,ქურდი'', ძირითადად, რუსეთშია და როცა იქ ექმნებათ პრობლემა, უკრაინელი კორუმპირებული სამართალდამცავებისთვის გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ, დროებით თავშესაფარს ამ ქვეყანაში იღებენ. შემდეგ, როცა რუსეთში პრობლემებს აგვარებენ, ისევ უკან ბრუნდებიან. თავად უკრაინელებს ე.წ. კანონიერი ქურდების დიდი ტრადიცია არ აქვთ, იქ ამ სეგმენტზე გაცილებით ძლიერი დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის განგსტერული ჯგუფები არიან. ე.წ. კანონიერი ქურდების მთავარი სანაგვე კი რუსეთია.
_ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ბრალდება ხშირადაა, ქვეყანაში კრინალური მენტალობის ადამიანები თავისუფლად მოძრაობენო. თუ თქვენ ამის წინააღმდეგი იყავით, მაშინ 2009 წელს, თქვენმა ხელისუფლებამ ეს 4 ,,კანონიერი ქურდი'' რატომ არ დააკავა?
_ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ბათუმელი ლავას ოღლის შესახებ აუდიოჩანაწერები არსებობს, სადაც იგი არათუ ,,ქურდობას'' ადასტურებს, არამედ ცდილობს, პატიმრებზე ზეგავლენა მოახდინოს. ასეთი პირი, საზღვრის გადმოკვეთისთანავე უნდა დააკავონ. ასეთი ადამიანების დაპატიმრებისას, მათზე საქმე უნდა იყოს აღძრული, ან ოპერატიული ინფორმაცია უნდა არსებობდეს.
_ ამ ლოგიკით, ,,ტარასაზე'' ძებნა არ იყო გამოცხადებული, მაგრამ მაინც დააკავეს. მასზე რამე ოპერატიული ინფორმაცია არსებობდა?
_ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ წესით, უნდა ყოფილიყო.
_ პირდაპირ გკითხავთ, არის ინფორმაცია, რომ ,,კანონიერი ქურდები'' უკრაინაში სააკაშვილთან თანამშრომლობენ და საქართველოს კრიმინოგენური მდგომარეობის დამძიმებასა და ციხეებში ბუნტს გეგმავენ. რა კავშირი გაქვთ ,,კრიმინალურ ავტორიტეტებთან''?
_ ჯერ ერთი, მთავრობა მათ სახელებს თუ დააკონკრეტებს, ვნახავთ, რა მოუვათ ამ კრიმინალებს უკრაინაში _ სხვების მსგავსად, მათ დააკავებენ. რაც შეეხება ბრალდებებს, ეს სუფთა კაგებეშნიკური რუსული საუბარია. ეს სეგმენტი ჩვენთვის ყოველთვის კიბო იყო და ისინი საქართველოში, ხელისუფლების დასამხობად, საკუთარ დასაყრდენს ეძებდნენ _ ხან ბადრი პატარკაციშვილის, ხან ნინო ბურჯანაძის სახით. სააკაშვილის გაძლიერება მათ ხელს არასოდეს აძლევდა. მათ საქართველოში რუსული ნაგვის დამკვიდრება სურდათ, რისთვისაც აქ ,,შავი'', ,,ობშიაკის'' ფული შემოჰქონდათ და რუსეთზე მომუშავე ოპოზიციას აფინანსებდნენ. რაც შეეხება დესტაბილიზაციას, ჩვენს ხელისუფლებას უკვე არაერთი შანსი ჰქონდა, ეს ადამიანები დაეკავებინა. არადა, ე.წ. კანონიერი ქურდები აქ ისე შემოდიან და საქართველოს გავლით, თურქეთსა და უკრაინაში ისე დადიან, ვითომც არაფერი. დააკავონ ეს ხალხი, რატომ არ იჭერენ?! აჭარა კი უკვე მთლიანად ქურდული გავლენის ქვეშაა მოქცეული, პოლიცია პირდაპირ შეკრულია ქურდულ სამყაროსთან და სამართალდამცველები ღიად ამბობენ, რომ იმ ადგილზე სწორედ ლავას ოღლუმ დანიშნა. ასე რომ ხელისუფლება სხვაზე იმას ამბობს, რასაც თავად აკეთებს, რაც ასევე ცნობილი მეთოდია.
ნინო კომახიძე