reportiori.ge - დემურ გიორხელიძე: აფხაზებს და ქართველებს მხოლოდ ერთი სახელმწიფო უნდა გვქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივენი განწირულნი ვართ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:12
პრეს-დაიჯესტი
დემურ გიორხელიძე: აფხაზებს და ქართველებს მხოლოდ ერთი სახელმწიფო უნდა გვქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივენი განწირულნი ვართ...
ავტორი:
05 დეკემბერი, 2014. 20:20


 

გვესაუბრება ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე:


- ბატონო დემურ, რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შეთანხმების შესახებ დოკუმენტს მოეწერა ხელი. რა იცვლება რეალურად ჩვენთვის ამ ხელშეკრულებით?

 

- როცა პრობლემას ვერ ჭრი, უკეთესი დროის მოლოდინში, იგი, გონივრულად უნდა დააკონსერვო. დააკვირდით აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკურ ელიტებს, არცერთი მათგანი კომპრომისისთვის მზად არაა, ორმხრივი ურთიერთობები არ გამოდის, ამიტომ კონფლიქტი დაკონსერვებულია. დიდი სახელმწიფოები ამ საკითხს თავს არიდებენ, როდესაც ორი ქვეყანა დიალოგისთვის მზად არაა, ზედმეტი ჩარევა სიტუაციას უფრო დაძაბავს. ერთადერთი პასუხისმგებლობით გამორჩეული ქართული პოლიტიკური ელიტა აღმოჩნდა, რომელმაც ქვეყნის მომავალი და საფრთხეები ფეხებზე დაიკიდა და ქვეყანა 2008 წლის აგვისტოს კრიზისში შეიყვანა. შედეგად სულ სხვა რეალობა მივიღეთ - რამდენიმე ქვეყნის და, მათ შორის, რუსეთის მიერ აღიარებული ორი სახელმწიფო. ამის მერე, თითქმის ექვსი წელი არაფერი და ჩვენი პოლიტიკის გამო, ეს ხელშეკრულებაც მივიღეთ, რომელსაც ავანტიურისტული საგარეო პოლიტიკის გარდა ვერაფერს დაარქმევ, რადგან იგი ქვეყნის ინტერესებიდან არ გამომდინარეობს. ახლა, შეიძლება იკითხონ - დასავლურ კურსს არ ემხრობითო? დიახ, ბატონო, დასავლურ კურსს ვემხრობი, მაგრამ ჩემთვის დასავლური ორიენტაცია დასავლური ტიპის სახელმიფო მოდელზე სახელმწიფოს მშენებლობა, საბაზრო ეკონომიკა, კანონის უზენაესობა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ხელისუფლების კონტროლის საზოგადოებრივი და სახელმწიფო მექანიზმები, ანგარიშვალდებულება, დემოკრატიული არჩევნებია და არა ის, რაც ჩვენ რეალურად გვაქვს. ამის ნაცვლად, უპასუხისმგებლო ადამიანები ცხვირში NATO-ს და ევროკავშირის გაუთავებელ ძახილს მტენიან, სინამდვილეში კი ქვეყანაში აღმოსავლური დესპოტია მოაწყვეს - საკუთარ ხალხს აუპატიურებდნენ, ძარცვავდნენ და ხელოვნურად სიღარიბეში ერეკებოდნენ. ასეთი ხალხის დასავლური ორიენტაციის, არ მჯერა. ეს არაა გზა დასავლეთისკენ, არამედ კლასიკური არშემდგარი ქვეყანაა, რომელმაც თავისი სასიცოცხლო პრობლემა - ტერიტორიული მთლიანობა და აფხაზ ეთნოსთან ურთიერთობის გაფუჭება,- ამ ხელშეკრულებამდე მიიყვანა. ახლა, ფაქტის წინაშე ვართ. რუსეთი იმას აკეთებს, რაც მოესურვება. ეს იმის შედეგია, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს არ ვაიძულებთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში მოგვეხმაროს. ამის ნაცვლად, რუსებს ყველაფერს ვაკეთებინებთ, რაც სჭირდებათ. ისინი განაგებენ ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს, განლაგებულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე და მნიშვნელოვან სამხედრო ბაზას ქმნიან, როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში. ჩვენ უნდა ველოდოთ სამომავლოდ, მსოფლიო მასშტაბით რა კატაკლიზმები მოხდება, როგორიც იყო ვთქვათ, საბჭოთა კავშირის დაშლა, სოციალისტური სისტემის ნგრევა, რათა რაღაც გადმოგვიგდონ ისევე, როგორც თავის დროზე დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩაგვივარდა ხელში. ისიც ვერ გაგვიგია, რომ დამოუკიდებლობა ხელში ჩაგვივარდა და 24 წელია ამ სახელმწიფოს ვანგრევთ. ასე, შეიძლება, სამომავლოდ პრობლემები შეგვექმნას. მეორე მხრივ თუ შევხედავთ, აფხაზეთი თურქული გავლენისგან დაცული იქნება. თუ მომავალში სერიოზული საერთაშორისო ძალთა გადალაგება მოხდა, ეს რაღაც იმედებს გაგვიჩენს.


- რისი იმედი შეიძლება გაჩნდეს ამ მიმართულებით?

 

- დღეის მდგომარეობით ყველა იმედი განულებულია, რადგან ქართველები აფხაზებს არ ვესაუბრებით. სოხუმის ტრაგედიიდან 21 წელი გავიდა და ჩვენ აფხაზებთან სერიოზული დიალოგი ამ დრომდე არ გვქონია.


დიახ, დღემდე არ გვკითიხავს საკუთარი თავისთვის - რა მოხდა აფხაზეთში? ბოლო შეთავაზება ავტონომიის მიცემაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს იმ კონფლიქტის გენეზისზე, რომელიც 1993 წელს ტრაგედიით დასრულდა. ათწლეულების მანძილზე, თუნდაც დამოუკიდებლობის პერიოდში, ქართველებმა უამრავი შეცდომა დავუშვით, როცა უფროს ძმასავით ვიქცეოდით და ე.წ. მდგომარეობას ცეცხლით და მახვილით ვალაგებდით. ჩვენ დაგვავიწყდა, რომ აფხაზური ეთნოსი ქართულის ორგანული ნაწილი იყო და პირიქით, ქართული ერთნოსიც აფხაზური ეთნოსის ორგანული ნაწილი იყო. მათი თანაცხოვრება მენტალურად, ფასეულობებით აბსოლუტურად თავსებადი იყო. მაგრამ, ქართველებმა მოვახერხეთ აფხაზებისთვის მტრის ხატი გავმხდარიყავით. მათ გავუჩინეთ აზრი, რომ აფხაზეთის მომავალი საქართველოს ერთიან სახელმწიფოში არაა. 90-იან წლებში ეროვნული მოძრაობის საწყის ეტაპზე გაჩნდა კონტურები დამოუკიდებელი სახელმწიფო გავმხდარიყავით. მაგრამ აფხაზებს არ გავესაუბრეთ და საერთო სახელმწიფოში მათი ადგილი არ ვაჩვენეთ, ისინი ქართული პროექტის მონაწილე არ გავხადეთ, ისევე ვიქცეოდით, როგორც რუსები გვექცეოდნენ. ამისთვის დავისაჯეთ. არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ეს ტრაგედია ეროვნული შუღლის შედეგი იყო. როცა კონფლიქტის მიზეზი არ გესმის, სწორ გადაწყვეტილებას ვერასდროს მიიღებ. აფხაზებს ისე ველაპარაკებოდით, თითქოს, მათი მამა და მარჩენალი ვყოფილიყავით. მათ ეს ყველაფერი ცუდად მიიღეს. ეროვნული მოძრაობის საწყის ეტაპზე, პოლიტიკური თვალსაზრისით, აბსოლუტურად მცდარი ლოზუნგები, პოლიტიკურად მოუმწიფებელი ხალხის ემოციური განცხადებები ისმოდა, რამაც კატასტროფა კიდევ უფრო დააჩქარა და 1993 წლით დააგვირგვინა. ერთმანეთის წინაშე ორივე ეთნოსმა დავაშავეთ. თუ შეცდომებს ორივე მხარე არ იაზრებს, ვისამე იმედად ყოფნა, პოლიტიკური თვალსაზრისით, სიბეცეა, ხოლო პოლიტიკური  პასუხისმგებლობის კუთხით, დანაშაული. დღეს, ამ დანაშაულის შედეგებს ვიმკით. წელიწადნახევრის წინ ჩრდილო-კავკასიაში გახლდით. ყველაზე ავტორიტეტულ ყაბარდოელებთან შეხვედრაზე, საოცარი რამ მითხრეს - ჩვენი სამოცდაოთხი ვაჟკაცი სასაფლაოზე წევს, რომლებიც აფხაზების მხარეს იბრძოდნენ. მაშინ სუსტებს დავუჭირეთ მხარი. გავიდა 20 წელი და მივხვდით, რომ კავკასიაში ეს მტრობა კარგის მომტანი არ არის. მზად ვართ, როგორც ძლიერ მხარეს ქართველებს გვერდით დავუდგეთ და აფხაზებთან შუამავლობა გავწიოთ. ამ პროცესში მთელი ჩრდილოეთ-კავკასია ჩაერთვება და დიდი შერიგება უნდა მოხდესო. ჩრდილო-კავკასია და სამხრეთ-კავკასია ერთიანი სივრცეა, სადაც ქართულ კულტურას დღესაც აღმერთებენ. სამწუხაროდ, იმ უზარმაზარ სიმდიდრეს ვკარგავთ, რაც წინაპარმა დაგვიტოვა - კავკასიაში ქართველების გავლენას. ჩვენ, კავკასია დავივიწყეთ. საქართველო ჯორჯიად ვაქციეთ, რომელსაც სადღაც ფლორიდის მახლობლად აქვს ადგილი დაკავებული. დაგვავიწყდა, რომ საქართველო არის სამხრეთ-კავკასიური სახელმწიფო. მისი დასავლური ორიენტაცია, რომელიც დღეს არასწორად ესმით და სინამდვილეში დღევანდელი გადასახედიდან უალტერნატივოა, არ ნიშნავს რომ კავკასიაზე, მეზობელ ქვეყნებზე უარი თქვა და დასავლური ორიენტაციის ნიმუშად ის პროვოკაციული ფორმა გახადო, რომელიც დღეს უკვე სასაცილო ხდება და ქართველი ხალხის უმეტეს ნაწილში აგრესიას იწვევს. ის ადამიანები, რომლებიც დასავლურ ორიენტაციაზე საუბრობენ, პოლიტიკურად უმწიფარნი არიან და პოლიტიკური პასუხისმგებლობა საერთოდ არ გააჩნიათ. ამიტომ, აფხაზეთის პრობლემა უკვე წლებია გადავადებულია და კიდევ მრავალი წელი ასე იქნება.


- როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი, რაზეც რუსეთს პირველ რიგში უნდა ვესაუბროთ?

 

- ჩვენს ხელისუფლებას ეს თემა კარგად არ ესმის. წინა, საერთოდ, პროვოკატორი იყო. არადა, რუსებთან ნომერ პირველი სასაუბრო თემა უსაფრთხოების საკითხებია. ჩვენ, დაცულნი არ ვართ. ვერანაირი NATO, ევროკავშირი საქართველოს როგორც სამხრეთ-კავკასიური სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ცალმხრივად, ვერ უზრუნველყოფს. პოლიტიკური შტერები ვართ, როცა არ გვესმის რა გეოსტრატეგიულ სივრცეში ვართ, რომელიც 30-40 წელი მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრი იქნება. თუ ჩვენ რუსეთიდან უსაფრთხოების გარანტიებს არ მივიღებთ და ჩვენც არ მივცემთ გარანტიებს, რომ საქართველოდან რუსეთს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, მანამ დაშლის პირას მყოფი ქვეყანა ვიქნებით, ასევე, დაუცველი, სიღარიბესა და სოციალურ ჭაობში ჩაფლული, რადგან ასეთი დიდი რისკების მქონე ქვეყანაში ავანტურისტის მეტი ფულს არავინ შემოიტანს. ავანტურისტის ფულზე გათვლილი სახელმწიფო კი განწირულია. არცერთი მსოფლიოში ცნობილი საინვესტიციო ჯგუფი ჩვენთან არ შემოდის. არცერთი მსოფლიო ბრენდი აქ არაფერს აწარმოებს. საკუთარი საშინაო პოლიტიკა ისეთი გვაქვს, რომ განვითარების პერსპექტივებს სპობს. ამიტომ, აფხაზეთთან იმ დემაგოგიის გაგრძელება კი არ გვჭირდება რაც პრესით და ტელევიზიით გვესმის, არამედ დიალოგი.


- წლებია ამ პოლიტიკას ვაწარმოებთ. ეს შეგნებულად ხომ არ ხდება, რათა კონფლიქტი არ მოგვრადეს და მუდმივად პროვოკატორის როლში ვიყოთ. ვის შეიძლება ეს აწყობდეს?

 

- წინა ხელისუფლების პირობეში, ცხადია, ეს წმინდა პოლიტიკური პროვოკაცია იყო. ამას ერთადერთი მიზანი ჰქონდა - რეალური პოლიტიკა გარეგნულად შეენიღბა და ფაქტობრივად, დასავლეთისთვის რუსეთზე ზეწოლის მექანიზმი ყოფილიყო - საქართველოს NATO-ში შევიყვანთ და ა.შ. ბუნებრივია, რუსები ამაზე ძალიან ცუდად რეაგირებენ. ამიტომ, როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობ, ეს ორმხრივი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის ვიქნებით გამოყენებული. როგორც კი ეს მიზანი ამოიწურება, მსოფლიოში პოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვლება და რუსეთთან ურთიერთობა დათბება, ჩვენ, კვლავ, სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთი დასავლეთთან კონფრონტაციულ რეჟიმშია, არ ნიშნავს, რომ დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობა სულ ასე გაგრძელდება. ამ სანქციების, კონფრონტაციის მიზანი პუტინის რეჟიმის შეცვლაა და არა რუსეთის განადგურება. რუსეთის განადგურება დასავლეთს უზარმაზარ პრობლემებს გაუჩენს და მაშინ ამერიკელებს ისეთი პოლიტიკის გატარება მოუწევთ, რომელსაც ისინი უბრალოდ, ფიზიკურად და თავიანთი რესურსებით ვერ გაწვდებიან. ამიტომ, ამ რთულ სიტუაციაში კარგად უნდა გავერკვეთ. თუ პოლიტიკური ჯგუფი ამ ჩარჩოში იმოქმედებს, მაშინ შესანიშნავად გააცნობიერებს, რომ დასავლეთთან და აშშ-სთან მეგობრული, ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მაშინ, ამ ხელისუფლებას ზუსტად ეცოდინება, რომ რუსებს არ უნდა ეომოს, რადგან ამას აზრი არ აქვს. ჩვენ ბევრნაირი საფრთხეები გვაქვს - ისლამური ფუნდამენტალიზმის, თურქეთის ამბიციები, რომელიც ძალიან დიდ მასშტაბებს აღწევს და საქართველოს ინტერესებს შელახავს. სახელმწიფო შეიძლება ვითარდებოდეს გახსნილობის, ცივილიზებულ სამყაროსთან მჭიდრო ურთიერთობის რეჟიმში და არა დემაგოგიის და პროვოკაციული იდეა-ფიქსების საფუძველზე. ჩვენ დღეს საქმით არ გვაქვს გამოხატული, რომ დასავლური ორიენტაციის ქვეყანა ვართ. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ დასავლური სახელმწიფოს აშენებისთვის. ასე არშემდგარ სახელმწიფოდ დავრჩებით. ვხედავთ, ვიწრო პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ფინანსდებიან და სულ ფეხებზე ჰკიდიათ აიგება თუ არა საქართველოში დასავლეთის ტიპის სახელმწიფო. ისინი შესანიშნავად გრძნობენ თავს და ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე განაგრძობენ იმ პოლიტიკას, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა.


- ძირითადი აქცენტი ანექსიაზე კეთდება. საქმე ისაა, რომ რუსეთმა დასავლეთისგან განსხვავებით მშვენივრად იცის რასაც აკეთებს. რა არის მთავარი - ანექსია თუ რუსეთისა და დანარჩენი მსოფლიოს დამოკიდებულება?

 

- უდიდესი პრობლემებია. მოვლენები ძალიან რთულად განვითარდება. სამხრეთ-კავკასიას სამი ისტორიული მოთამაშე ჰყავს, რომლებიც ერთმნეთს კარგად ადევნებს თვალყურს - რუსეთი, ირანი და თურქეთი. გაჩნდა აშშ და ევროკავშირი. ხუთივე მთავარ პოლიტიკურ აქტიორს დღეს სხვადასხვა მიზნები აქვს, მათ შორის, კავკასიაში, ამერიკისა და ევროკავშირის ინტერესებიც სხვადასხვაა. ამ ვითარებაში, საუბარი გაუმართლებელ ავანტურისტულ, ცალმხრივ პოლიტიკაზე, ძალიან საშიშია. ჩვენ არ ვითვალისწინებთ, რომ აშშ ვერ იქნება სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი დომინირებული ძალა, ეს ილუზიაა. სამხრეთ-კავკასიაში ვერც ევროკავშირი იქნება რაიმე დომინირებული ძალა, მისი პოლიტიკური სისუსტის გამო. სწორედ ხუთი მთავარი მოთამაშის ინტერესების თანხვედრა, თუ სწორი, გონიერი და პრაგმატული პოლიტიკით ვიმოქმედებთ, სხვა პერსპექტივის საშუალებას გვაძლევს. კიდევ ერთი დიდი  რამ გვავიწყდება, რომ არამხოლოდ სამხრეთ-კავკასიის ნაწილი ვართ, არამედ ის, რაც გეოპოლიტიკაში დიდი კავკასიის სახელითაა ცნობილი, ანუ, ეს რვა ქვეყანას მოიცავს - სამი სამხრეთ-კავკასიური, სამი ისტორიული მოთამაშე და ყაზახეთი და თურქმენეთი. ეს ერთიანი სივრცეა. აქ კონცენტრირებულია მსოფლიოში ყველაზე დიდი იარაღი, ამ ზონაშია ყველაზე დიდი ენერგომატარებლები და მათი ტრასები, რაც პრობლემად რჩება. ასე, რომ აფხაზებს და ქართველებს მხოლოდ ერთი სახელმწიფო შეიძლება გვქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთიც და მეორეც განწირულნი ვართ. არსებობს გარანტია, რათა ამ რთული პრობლემებიდან გამოვიდეთ. რას შევთავაზებთ აფხაზებს, ჩვენს პოლიტიკურ სიმწიფესა და შორსმ- ჭვრეტელობაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, ძალიან დიდი საშიშროების განცდა მაქვს, რომ არაფრისთვის მზად არ ვართ. ეს კონფლიქტი ისტორიულად შევისწავლე და შემიძლია ვთქვა - აფხაზებს და ქართველებს შეიძლება ჰქონდეთ ერთი სრულუფლებიანი სახელმწიფო, სადაც ყველაფერი კონსტიტუციურ დონეზე იქნება მოწესრიგებული. მათ ექნებათ სახელმწიფო მმართველობაში კონსტიტიტუციურად გამოყოფილი ადგილები. როცა ერთმანეთთან კონსტრუქციული დიალოგისათვის მზად ვიქნებით, სახელმწიფოებრიობის ფორმას ერთად მოვიფიქრებთ. ასე ორივე გადავრჩებით ან არადა აფხაზებიც და ქართველებიც სერიოზული საფრთხეების წინაშე ვდგავართ.

 

თამარ შველიძე

გაზეთი „საერთო გაზეთი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016