ლარის კურსის ვარდნა, უმუშევრობა, განათლების პრობლემები და ამ პრობლემის მოგვარების გზებზე, ასევე საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებზე "ჯეონიუსთან" საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ, ბატონმა ჰამლეტ გეგიამ ისაუბრა.
"მინდა გაჭირვებული ხალხის მდგომარეობას შევეხო. ხალხმა ბანკებში სესხები აიღეს და სახლები ჩადეს. ბანკს გამოყავს სახლიდან და ამ შუა ზამთარში ისინი გარეთ რჩებიან. ვთხოვ ბანკის ხელმძღვანელებს, ზამთარში მაინც ნუ გააკეთებენ ამას. მოდიან შემდეგ ეს ხალხი საპატრიარქოში და ამის გამო ტირიან. ვთხოვთ ბანკების ხელმძღვანელებს დაეხმარონ, აპატიონ ან სახლი არ იყოს გაყიდული", - ტრადიციული ქადაგების დროს განაცხადა უწმინდესმა.
- საქართველოში სამწუხაროდ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ბანკების ვალი აქვთ. 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით მოსახლეობას ბანკების 10 მილიარდის ოდენობით ვალი აქვს, ხოლო საკრედიტო პორტფელში 74%-ს თბილისი შეადგენს. ვალების რესტრუქტურიზაციაზე კი ბანკები არ მუშაობენ, როგორ ფიქრობთ ქმნის თუ არა ეს პრობლემა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მძიმე ფონს?
- ამ თვალსაზრისით მოსახლეობის ბანკების ზემოგებებზე ორიენტირებულმა საფინანსო პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და სახეზე გვაქვს გაღატაკებული ფენა, რომლებიც იმართება არა მარტო საკუთარი არჩეული მთავრობისგან, არამედ ბანკებისგანაც და ყოველივე ეს იწვევს მოსახლეობის გაღატაკებას. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტი ფინანსური პრობლემები ექმნება მოსახლეობის დიდ ნაწილს. ჩვენს მოსახლეობას ჰყავს ორი მთავრობა - უპირველეს ყოვლისა, ბანკების სახით, რომელთა მიმართ სამწუხაროდ მთავრობაც კი უძლურია დაიცვას კრედიტორების სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები.
როგორც პრაქტიკიდან ჩანს, მომხმარებლებიდან გამომდინარე, ბანკები არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ და არც შესაბამისი დაზღვევის სისტემა გააჩნიათ. ფიზიკურ პირს ან ბიზნესჯგუფს თუ სურს ბიზნესის დაწყება და აქვს ბიზნესპროექტი, წესით, როგორც ეს ხდება ევროპაში, ბანკი თუ ჩათვლის, რომ ის კარგი პროექტია, თვითონ იღებს საკუთარ თავზე მის განხორციელებას, ზრუნვს პროექტის ავტორის ბიზნესზე და ხელს უწყობს როგორც ექიმი ავადმყოფს გამოჯანმრთელებაში.
საქართველოში კი კომერციული ბანკები ძირითადად ორიენტირებულნი არიან ზემოგებაზე და იპოთეკურ სესხებზე. ის ქონება, რომელიც უნდა ჩაიდოს ბანკის გარანტიის იპოთეკაში, მრავალჯერ აღემატება მის საბაზრო ღირებულებებს. ე.ი. ბანკის შეფასება ხდება დაბალ ფასებში, საბაზრო ფასებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ბანკები მიზანმიმართულად დაინტერესებულნი არიან იპოთეკარების ქონების მუქთად ჩაგდებაში. თუ ბიზნესს სხვა არაფერი გარანტია არ გააჩნია და არც დაზღვეულია, ბანკიდანაც არ ხდება მისი შესაბამისი კონსულტირება (სერიოზულ ბანკებს უნდა ჰყავდეთ ბიზნესის სხვადასხვა დარგში კონსულტანტები, რომლებიც ხელს უწყობენ ბიზნესმენებს პროექტის წარმატებით განხორციელებაში). ამას ემატება საქართველოში მოქმედი მაღალი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც კიდევ უფრო აფერხებს და ამძიმებს ბიზნეს-პროექტების განხორციელებას, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობის პოლიტიკა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ არანაირად არ არის გამოკვეთილი, ძირითადად ვიღებთ იმ შედეგებს, რომელიც კომერციულ ბანკებს აწყობთ. კოტრდებიან ბიზნესს-პროექტის ავტორები, კლიენტები, სამაგიეროდ ზემოგებებს იღებენ ბანკები. მთელს მსოფლიოში მიღებულია პროგრესული სახელმწიფო დაბეგვრვის სისტემა. ზემოგებაზე უფრო მეტი გადასახადები წესდება ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოში არსებული მდგომარეობა, ჩემი მოსაზრებით, შეიცავს სერიოზულ საფრთხეს, რადგანაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ბანკების ვალი აქვთ, მათ შორის დიდი ნაწილი არის იპოთეკური სესხები, დასაქმების მდგომარეობა კატასტროფულია, მოსახლეობას გარდა პენსიების, ხელფასებისა, წვრილმანი ბიზნესის სხვა შემოსავალი წყარო არ გააჩნია (თუმცა გასათვალისწინებელია უცხოეთში გასული ჩვენი მოქალაქეების წილი ჩვენს ეკონომიკაში, ფაქტობრივად ისინი ინახავენ თავიანთ ოჯახებს ძირითადად მონური შრომით). ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობა გაუარესდა იმის გამო, რომ ბანკებს მაღალ პროცენტებს უხდიან კრედიტორები სათავო გადასახადთან ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ ტოტალურად მოხდება მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გაღარიბება მცირე ჯგუფის სასარგებლოდ, რაც საბოლოო ჯამში უპირველეს ყოვლისა საზოგადოებისთვის შეიძლება დამთავრდეს სერიოზული გამოწვევებით. პატრიარქის ქადაგებაც ამაზე მიგვანიშნებს და გაკოტრებული ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სტაბილური სამუშაო ან სხვა რამე შემოსავალი არ აქვთ, რჩებიან უიმედოდ, რაც საზოგადოების სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
- ამ მდგომარეობიდან გამოსავალი როგორ უნდა ვიპოვოთ?
- რაც შეეხება ჩვენი საზოგადოების ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, უპირველესად სახელმწიფომ ნაწილობრივ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა არა მარტო ამომრჩევლების წინაშე, არამედ ბანკებთან მიმართებაშიც, შეასრულოს შუამავლის ფუნქცია და იყოს გარანტი იმისა, რომ თუნდაც კანონის ძალით მოხდეს ამ სესხების გადავადება (რომის პაპზე მეტი კათოლიკე არ უნდა ვიყოთ, თუ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სახელმწიფო ჩარევით შეძლო იპოთეკარების პრობლემების გადაწყვეტა და შერბილება, ჩვენ ნეოლიბერალიზმზე, აბსოლუტურად თავისუფალ საბაზრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით საფინანსო სექტორში არ უნდა ვსაუბრობდეთ). სახელმწიფო და საბანკო სექტორი ასევე უნდა ზრუნავდეს დასაქმებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, რათა ამ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს იმედი მისცენ, თავისი შრომით შეძლონ ვალების გადახდა, გაკოტრების გარეშე. საქართველო სამომავლოდ აუცილებლად გახდება ამიერკავკასიის საფინანსო ცენტრი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო და ჩვენი საზოგადოება უნდა ცდილობდეს საბანკო სექტორის მდგრადობის მიღწევას და გაძლიერებას, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი მოსახლეობის სიდუხჭირის და გაღარიბების ხარჯზე. საქართველოს მთავრობას გააჩნია რეალური რესურსები იმისა, რომ ხელი შეუწყოს ბანკებს და ასევე თავის მოქალაქებსაც, რა თქმა უნდა, არც ერთი მხარე არ უნდა დაზარალდეს და მთლიანობაში მივიღოთ ისეთი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, რომელიც ზრუნავს მიმწოდებლისა და მომხმარებლის შორის ურთიერთობების დაბალანსებასა და ურთიერთანამშრომლობის ფორმატზე. ამ თვალსაზრისით საჭიროა გატარდეს სერიოზული რეფორმები, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ბანკებისა და საზოგადოების მხარდაჭერითა და მონაწილეობით.
რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია - ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური პროფესიული განათლების დონე ძალიან დაბალია. ამ გარემოებებს ამძიმებს ის, რომ საქართველოს ტრადიციებიდან, საბჭოთა მენტალობიდან, ბუნებრივი სიმდიდრიდან გამომდინარე, ქართველებს მომჭირნეობის კულტურა არა აქვთ განვითარებული და რუსთველის ბრძნული ფრაზა - „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია" - გაგებულია მატერიალისტურად და უფროსი თაობის წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ გავრცელებული შეფასების კრიტერიუმი - „კარგი ბიჭია, რასაც შოულობს, გარეთ ხარჯავსო". ასევე აღსანიშნავია ის, რომ ისტორიულ ჭრილში, როცა იწყება საქართველოში საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების, კაპიტალიზმის განვითარება, განსაკუთრებით XVIII-XIX საუკუნეებში მთელი უძრავი და მოძრავი ქონება ასევე უცხოელების ხელში მოხვდა და იმდროინელი თავადაზნაურობა (და არა მარტო) საკუთარი მიწას და ქონების ისე ეპყრობოდნენ, როგორც საკუთარ წვერ-ულვაშს. მსგავსი დამოკიდებულების პერიოდში, როდესაც უკვე მთელი მსოფლიო საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების პიკზე იმყოფებოდა, მაშინაც ჩვენი საზოგადოების უნიათობის, ეკონომიკის უცოდინარობის და მოუქნელობის გამო, ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა მათხოვრების რიგში ჩავაყენეთ, მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა ვართ, ვგულისხმობ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ბუნებრივი რესურსების სიმდიდრეს და ქართველი ერის კულტურის თავისებურებებს, რომლის კაპიტალიზაციისა და სწორი სახელმწიფოებრივი მართვის შემთხვევაში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა უნდა ვყოფილიყავით, მით უმეტეს, რაოდენობითაც 4 მილიონსაც ვერ ვაღწევთ.
ფაქტობრივად ამ ანალიზიდან გამომდინარე ყველა მოქმედი სექტორი - მთავრობა, ბიზნესი, საბანკო, საზოგადოების მოთხოვნილება, კულტურა და საერთაშორისო ურთიერთობები, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ მოვიყვანეთ თანხვედრაში. ეს ჩვენი წარმეტების ფორმულა იქნებოდა, თუმცა არც ახლა არ არის გვიან, თუ ჩვენს საზოგადოებას, მთავრობასა და მოქალაქეებს ექნებათ გონიერება, მთლიანობაში გავათვითცნობიეროთ სად ვიმყოფებით, რანი ვართ, რა შეგვიძლია ვაკეთოთ და ვის რაში ვჭირდებით. უპირველეს ყოვლისა საზოგადოების გააქტიურების გარეშე არაფერი არ მოხდება, საზოგადოებას უნდა გააჩნდეს ეფექტური მექანიზმები, დროულად განახორციელოს მონიტორინგი მთავრობაზე, ამისათვის კი აუცილებელია უპირველეს ყოვლისა განათლება. არა მარტო დემოკრატიულ - კულტურული დონის ამაღლების მხრივ, არამედ პროფესიული ნიშნითაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ერთობლივად საზოგადოებისა და მთავრობის მიერ შემუშავებული და მხარდაჭერილი რეალური სახელმწიფო მოკლე და გრძელვადიანი პროექტების შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა. ჩემი აზრით ამის გარეშე ჩვენ ვერ მოვამზადებთ ნიადაგს იმისათვის, რომ საქართველომ განახორციელოს ეკონომიკური ნახტომი, გარღვევა, ქართული ეკონომიკური სასწაული. ვიმეორებ ამის რესურსი ჩვენს ქვეყანას გააჩნია გონივრული გამოყენების შემთვევაში.
- წინა მთავრობის დროს თქვენი ინიციატივით შეიქმნა ანტიკრიზისული საბჭოც და რამდენიმე ადამიანი იხსენით ბანკებისგან - „ გაშავებისგან"...
- დიახ, ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე მუშაობა, შევქმენით ანტიკრიზისული წარმომადგენლობითი საბჭო, რადგანაც როცა შეიქმნა პარლამენტში მსგავსი ტიპის საბჭო, დავინახეთ, რომ ეს იყო ფორმალურად შექმნილი და არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ, ჩვენ „საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის" ბაზაზე პირველი საკითხი რაც შევისწავლეთ ექსპერტებთან ერთად, ეს იყო 300000 - ბანკების მიერ შავ სიაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ბედი, ძირითადად ესენი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც გადამხდელუუნარონი გახდნენ. 2008 წლის ომის შემდეგ ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და ბანკებმა არა თუ გაითვალისწინეს, არამედ შავ სიაში შეიყვანეს ისინი. უცხოეთში გასვლის უფლებაც არ მისცეს, ბლოკავდნენ და ფაქტიურად შექმნეს მეხუთე კოლონა „ვალებს მხოლოდ ომი ჩამოწერს". მაშინ როდესაც თბილისიდან 30 კილომეტრში რუსული ტანკები იდგნენ. ჩვენ მივმართეთ პრეზიდენტს და მთავრობას, რომ მოეხდინათ რეაგირება ამ უსერიოზულეს ფაქტზე და მიეცათ ამ ადამიანებისათვის ამოსუნთქვის საშუალება, გაეთვალისწინებინათ მათი მდგომარეობა, ფორსმაჟორული სიტუაცია და ეშუამდგომლათ ბანკებთან მათი მდგომარეობის შეცვლის მიზნით. ჩვენდა გასაოცრად, მათვრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიბარა ბანკების ხელმძღვანელები, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ შავი სიებიდან ამოეღოთ ეს ახალგაზრდები და სამომავლოდ მიეცათ მათთვის დასაქმების საშუალება, გაეთავისუფლებინათ კაბალური მდგომარეობიდან. ჩემთვის როგორც ცნობილია, ნაწილმა დაფარა ეს ვალი, რადგან დიდ თანხებზე არ იყო საუბარი, ნაწილს შეუმცირეს, ხოლო ზოგს ჩამოაწერეს კიდეც. ყოველ შემთხვევაში პრობლემა მოაგვარეს. კანონთან მიმართებაში ეს რამდენად სწორი იყო, ვერ გეტყვით მაგრამ, ის რომ მაშინდელმა მთავრობამ მიუხედავად მათი ანტიეროვნული პოლიტიკისა, გაათვითცნობიერა ეს საკითხი და პრობლემაც ნაწილობრივ მოაგვარა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ნებისმიერი მთავრობა უნდა ათვითცნობიერებდეს ფინანსურ, ეკონომიკურ-სოციალურ სკითხებს, უნდა იღებდეს დროულ და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს, თუმცა ერთჯერადი გადაწყვეტილებაც არა არის საკმარისი საზოგადოების გაჯანსაღებისათვის, ამაზე კარგად მეტყველებს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები. ამიტომ აუცილებელია სერიოზული სისტემური რეფორმების გატარება. საზოგადოების გათვიცნობირებისა და მხარდაჭერის გარეშე არაფერი არ გაკეთდება. თუ ქამრებია შემოსაჭერი, ყველამ ერთნაირად უნდა შემოვიჭიროთ. მაშინ როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვალებშია და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, უმცირესობა კი თუნდაც ტელევიზიებში, პარლამენტსა თუ სხვა დაწესებულებებში სიამტკბილობით არის გართული „ტორეადორობას" მაგონებს, რომელიც ზოგისთვის სანახაობაა, მაგრამ მონაწილეთათვის შეიძლება ტრაგედიით დამთავრდეს. ამის მაგალითები საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრია.
- დასაქმების პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება, არც ამ მხრივ შეცვლილა რამე, როგორ ფიქრობთ რა სახის რეფორმებია საჭირო ამ პრობლემის დასძლევად?
- ამას წინათ ვსაუბრობდი ახალგაზრდებთან, სადაც ერთ-ერთ ახალგაზრდას ვკითხე - მე მინდა დაგასაქმო შენ, მაქვს ამის საშუალება, სად ისურვებდი დასაქმებას?- პასუხი ვერ გამცა და მითხრა, დავფიქრდებიო. ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა მარტო ის კი არა არის, რომ ინვენსტიციები და სამუშაო ადგილები არ იქმნება, არანაკლებ პრობლემად მიმაჩნია ის, რომ ადამიანებს არ გააჩნიათ ის შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომ დამსაქმებლის ინტერესების თანხვედრაში მოვიდეს. რეალობას თვალს თუ გაუსწორებთ ვნახავთ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არა აქვს შესაბამისი ცოდნა (აქ ასაკზეც არ არის საუბარი) იმისა, რაც დღეს მცირე ოდენობითაც მოთხოვნადია. აქედან გამომდინარე, მე ვეთანხმები მთავრობის ინიციატივას, რომ უფასოდ მოხდეს მოსახლეობის პროფესიული განათლების უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, შრომის ბაზართან შესაბამისობიდან გამომდინარე. აუცილებელია ეს პროცესი რეალურად განხორციელდეს და მას ჰქონდეს მოსახლეობის, განსაკუთრებით უმუშევართა მხრიდან მოტივაცია და აქტიური მხარდაჭერა. მარტო პროფესიის ათვისება არ არის საკმარისი. ფინანსურადაც უნდა დავაინტერესოთ, ამ ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ მოტივაცია ახალი პროფესიის ათვისებისთვის ან საკუთარი პროფესიის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. მეორეს მხრივ ეს ყველაფერი მიბმული უნდა იყოს საორიენტაციო პროგნოზებზე. ინვესტიციები თუ სხვა სახის კაპიტალდაბანდება გამოიწვევს გარკვეულ კადრებზე მოთხოვნას, ამას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო შესაბამისი საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციათა აქტიური მხარდაჭერით. თუ არ იქნა ეს მთლიანიობაში გააზრებული ინვესტიციებიდან გამომდინარე კადრების თანაფარდობა და მოცულობა პროფესიულ ჭრილში, დასაქმების პრობლემა საქართველოში ვერ გადაწყდება. დიდი ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, შემოვლენ უცხოელები. ადგილობრივი კადრების მომზადებას, მოგეხსენებათ, დრო, ფული და ადამიანური რესურსი სჭირდება. აუცილებელია განათლების ეკონომიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, მისი ხარისხისა და ეკონომიურობის თვალსაზრისით. ძალიან საინტერესო მდგომარეობაა შექმნილი დასაქმების თვალსაზრისითაც საქართველოში გენდერული თანასწორობის ჭრილშიც. მოთხოვნა კადრებზე ძირითადად სახელმწიფო აპარატში, ან საჯარო სამსახურში მამაკაცების და ქალების მხრიდან, თუ თანამდებობებს არ ჩავთვლით, დიდი დისპროპორცია არ არის, მაგრამ რაც შეეხება საზოგადოებრივ სფეროს, აქ კატასტროფაა. მომსახურების სფეროში (ჟურნალისტიკა, ბანკები, მაღაზიები, მარკეტები, რესტორნები, კაფეები და ა.შ.) ძირითადი მოთხოვნა არის ლამაზი, მაღალი, დიდმკერდიან გოგონებზე. შიდა ბაზარზე მამაკაცების დიდი ნაწილი უმუშევარია იმ უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ „მამაკაცური" (პროფესიის) დასაქმების სამსახურები საქართველოში ძალიან ცოტაა. მამაკაცის დასაქმების ადგილი რჩება პოლიტიკაში, მშენებლობაში, შემორჩენილი წარმოების ნარჩენებში და შავ სამუშაოებში, ასევე მძღოლებად და სხვა მძიმე სამუშაოებში. ეს ქმნის სერიოზულ სოციალურ პრობლემებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ნებით თუ უნებლიედ, ქალებმა აიღეს პასუხისმგებლობა ოჯახის შენახვაზე, სამუშაოს წარმართვაზე, დედობაზე, მეუღლეობაზე და ა.შ., მამაკაცების დიდ ნაწილს კი დაუტოვეს გამრავლების ფუნქცია. ამიტომ ეს პრობლემაც სერიოზულად არის გასაანალიზებელი და ხელი უნდა შეუწყოს მთავრობამ, საზოგადოებამ და ბიზნესმაც იმ სფეროს განვითარებას, რომელიც მოითხოვს მამაკაცების დასაქმებას და შესაბამისი პროფესიის დაუფლების თვალსაზრისითაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველივე ამას მოყვება სოციალური დაძაბულობა, რაც გამოიხატება ნაწილობრივ კრიმინალური დანაშაულის სპეციფიკაშიც, მამაკაცების და ქალების აგრესიულობაში, რომელიც საქართველოში ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია.
- თქვენ შეეხეთ განათლების საკითხს, ვინ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა და როგორ ფიქრობთ, განათლების პრობლემის მოგვარების მექანიზმები არის საქართველოში?
- უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს, მთავრობის დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს (თუ აქამდე არ შექმნილა) შრომის ბაზრის მდგომარეობის შემსწავლელი არა მარტო სახელმწიფო, არამედ საზოგადოებრივი ინსტიტუტები. შრომის ბაზრის სეგმენტები და მისი განვითარების პერსპექტივები - პროგნოზირება. უნდა განისაზღვროს შრომისა და ცოდნის ბაზრის პრობლემები, რომ დაბალანსდეს მოთხოვნა და მიწოდება. ჩემი აზრით, განათლების სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს პროფესიული განათლებისა და შრომის ( ცოდნის) ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა - პოლიტიკა, რომელშიც აქტიურად უნდა ჩაებას საზოგადოება, საქართველოში არსებული სამეწარმეო და ინტელექტუალური რესურსები, გავააქტიუროთ ახალგაზრდობა, განსაკუთრებით სტუდენტები, პროფესიის პრაგმატული გამოყენების ცოდნის თვალსაზრისით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა შეიქმნას ინფორმაციული ბანკი, სადაც თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით ავტომატურად მოხდება თანხვედრა შრომის ბაზრისა და დასასაქმებელის. არსებული დასაქმებულთა პროფესიის გათვალისწინებით ჩვენ უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად ვის რა შეუძლია, რა პროფესიას ფლობს, ერთის მხრივ, რა სფეროში სურს მას დასაქმება და, მეორეს მხრივ, რა პროფესიებზე არის ვაკანსია, მოთხოვნილება. ასევე გასათვალისწინებელია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმ პერსპექტიული დარგების განვითარება, სამომავლო ინვესტიციების პროგნოზირების მიხედვით, თუ რა პროფესიებზე იქნება მოთხოვნილების სეგმენტი შეცვლილი. რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროს აქვს ამ თვალსაზრისით სერიოზული პასუხისმგებლობა, მაგრამ მარტო ეს სამინიტრო ამ საკითხს ვერ უზრუნველყოფს, თუნდაც განათლების კუთხით თუ არ იქნა შესაბამისი სისტემური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან, კონკრეტულად, ეკონომიკის, ჯანმრთელობისს და სოციალური დაცვის სამინისტროებიდან. საბოლოო ჯამში უნდა შეიქმნას პრემიერის თავმჯდომარეობით ამ სფეროში წამყვანი სამინისტროების მუშა ჯგუფი, რომელიც შექმნის და საზოგადოებას წარუდგენს დასაქმების მოკლე და გრძელვადიან გეგმას, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ რეალური საზოგადოებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (პროფესიული ცოდნა, ჯანმრთელობა, ასაკი) და საქართველოში რეალურად არსებული შრომის ბაზარი განსაკუთებულ სახელმწიფოებრივ მიდგომებს მოითხოვს. მხარდასაჭერია პრემიერის ინიციატივა ჩვენი მოსახლეობის საყოველთაო და სრულმაშტაბიან აღწერასთან დაკავშირებით. თუ ეს დროულად და ხარისხიანად განხორციელდა, სერიოზული დოკუმენტი გახდება დასაქმების პრობლემების მოგვარების თვალსაზრისითაც. ასევე უდიდესი ყურადღება უნდა დაეთმოს სპეციალიზირებულ- სოციოლოგიურ გამოკვლევებს, რათა კიდევ ერთხელ შევისწავლოთ და გადავამოწმოთ მთავრობასა და საზოგადობას შორის ქმედითუნარიანობა და მოსახლეობის განწყობა პროფესიული განათლებისა, კვალიფიკაციის ამაღლების და ახალი პროფესიის ათვისების მოტივაციის მდგომარეობის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, თუ მთავრობა მოინდომებს და ექნება საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა, საქართველოში არსებული ბიუჯეტიც და დაუსაქმებელი ადამიანების მონდომებაც საკმარისია, რომ დასაქმების პრობლემები უახლოეს პერიოდში მოგვარდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, სადაც მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ სახელმწიფო დააფინანსებდა და ხელს შეუწყობდა უცხოეთში განათლების მიღებაში, გაუფორმებდა კონტრაქტს წარმატებულ ახლგაზრდებს. კონტრაქტი, რა თქმა უნდა, ქმნის ამ ნიჭიერი ახალგაზრდების სამშობლოში დაბრუნების წინაპირობას, ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენების, რასაც განათლების ეკონომიკის ერთ-ერთი სახელმწიფოებრივი ინტერესების გამომხატველი მიდგომაა.
- ეს რაც შეეხება შიდა ბაზარს, მაგრამ ჩვენი მიზანი ხომ ისეთი კადრების მომზადებაც უნდა იყოს, საზღვარგარეთაც რომ შეძლებენ მუშაობას?
- სამწუხაროდ, უცხოეთში პროფესიული ნიშნით დასაქმებული ჩვენი მოქალაქე ძალიან ცოტაა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ახალგაზრდობას ადგილზე ვერ ვაძლევთ სათანადო ცოდნას, რომელიც მას გამოადგება არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთში დასასაქმებლად (განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ევროპასთან გაფორმებილი ასოცირებული ხელშეკრულების შემდეგ.). სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს საერთაშორისო შრომისა და (ცოდნის) ბაზრის განვითარების სპეციფიკას, ჩვენი სტუდენტების მომზადებას უცხო ენასა და შესაბამისად საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნილებებს, რაც სამწუხაროდ საქართველოში ჩანასახის სახით არსებობს, მაგრამ არ ვითარდება. თუმცა არსებობს საერთაშორისო მხარდაჭერა, განათლების სამინისტროს მზადყოფნა, რომ პროფესიული განათლების მხრივ გაატაროს შესაბამისი რეფორმები საერთაშორისო გამოცდილებით და ჩვენი სამომავლო შრომის ბაზრის მოთხოვნილებით. სამწუხაროდ, საქართველოში შრომით ბაზრის და შეაბამისი პროფესიების მქონე დასასაქმებელი ადამიანების თანხვედრას ვერ ვხედავ.
- რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ?
- პირველ რიგში, მოქალაქეებმა უნდა გავაცნობიეროთ, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ ყველა ერთად და საქართველო. მარტო მთავრობა კი არ უნდა ვაკრიტიკოთ, არამედ საკუთარი თავიც, ნებისმიერ მთავრობას უნდა მოვთხოვოთ ის, რაც არსებული რესურსით შეუძლია. თავისთავად ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება უნდა წარმოაჩენდეს არა მარტო პრობლემებს, არამედ მისი გადაწყვეტის გზებსაც და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა ახორციელებდეს მთავრობის შესაბამის მონიტორინგსაც, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის. თუ არ გავააქტიურეთ სამოქალაქო სექტორი დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე და მაქსიმალურად არ ჩავრთეთ ამ პროცესებში არასამთავრობო ორგანიზაციების სპექტრი, ფინანსურად დამოუკიდებელი მედია და კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტები (თუ კიდევ შემოგვრჩა) შედეგი არ გვექნება.
ნებისმიერ საზოგადოებას ყოველთვის სჭირდება პიროვნული მაგალითი. ასეთი მაგალითი ჩვენ მოგვცა ჩვენმა მოქალაქემ თავისი მოღვაწეობით, საუბარია ყოფილ პრემიერზე ბიძინა ივანიშვილზე. შედეგიც საზოგადოებამ შესაბამისი მიიღო. მაგრამ როგორც თვითონ ბატონი ბიძინა თვლის, მის მიერ დაფუძნებული „მოქალაქის" აქტიურობა არა არის შესაბამისად გამოყენებული და მთლიანობაში არ არის გამოყენებული მისი ავტორიტეტი, უდიდესი გამოცდილება, საერთაშორისო კავშირები. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი აქტიურობით პიროვნულად კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს საზოგადოებას, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყნის უდიდესი „სენის" - უმუშევრობის, უნდობლობის უიმედობის დაძლევა და საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობის წინაპირობის შექმნა.
- ლარის კურსი მკვეთრად დაეცა, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, „ლარი ცოცხალი ორგანიზმია და მისი ასეთი ცვლილება ჩვეულებრივი მოვლენაა", მთავრობამ ისიც აღნიშნა, რომ ამ პროცესს გარე ფაქტორებმაც შეუწყო ხელი. "ერთ კვირაში ხდება რაღაც, უამრავი განცხადება გაკეთდა. არავითარი აჟიოტაჟი არ არის, ეკონომიკა არის მყარი, ლარის კურსი მერყეობს, დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც. განმარტებები ფინანსთა მინისტრმა და სხვებმა გააკეთეს. ყველაფერი ნორმალურია, კარგად მუშაობს მთავრობა"- ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა ჟურნალისტებთან საუბარში, რას გვეტყვით ამის შესახებ?
- მე ვეთანხმები მთავრობის წარმომადგენლებს და განსაკუთრებით ფინანსთა მინისტრს. თუ საბაზრო ეკონომიკა ჯანსაღად ფუნქციონირებს, არ არსებობს მონოპოლიზმის საფრთხე ქვეყანაში, მაშინ რა თქმა უნდა ფული საქონელია და მიბმულია მიწოდება- მოთხოვნაზე. ჩვენს მშობლიური ლარის უსაფრთხოებას, თუ საქართველოში არსებულ გაუგებარ საბაზრო ეკონომიკას მივანდობთ, ასევე, რა თქმა უნდა, ლარის ნებისმიერი კურსის ცვლას შესაბამისი ახსნა მიეცემა. მოსახლეობას აინტერესებს არა ლარის კურსის ცვალებადობა დოლართან მიმართებაში, არამედ რეალური ცხოვრების დონე და ლარის მსყიდველუნარიანობა. უმუშევრობის ფონზე საარსებო, მნიშვნელოვანი პროდუქტების გაძვირება თავისთავად გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს არა მარტო მთავრობის მიმართ არამედ თვითონ სოციალური მდგრადობის თვალსასზრისითაც, გაღრმავდება უნდობლობა მთავრობის მიმართ, რაც ლარის კურსზეც აისახება. ხალხი მთავრობას იმიტომ ირჩევს, რომ ყველა პრობლემა წინასწარ განსაზღვროს და მომზადებული შეხვდეს მის დარეგულირებას. წესით ახალ წლებზე, ლარზე მოთხოვნილება გაიზრდება, რაც თავისთავად, ჩემი აზრით, ლარის კურსის გამყარებას გამოიწვევს. თუ ეს ასე არ მოხდა, საქმე ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, როგორც ჩემთვის ცნობილია, სტატისტიკიდან გამომდინარე, მოსახლეობას ლარის დიდი რესურსი არ გააჩნია. მოსახლეობის 90%-ზე მეტს სურვილიც და საშუალებაც არა აქვს ქონება ვალუტის სახით დააზღვიოს ან თავი დაიზღვიოს. ძირითადად დოლარის მომხმარებლები არიან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, იმპორტიორები, რომლებსაც ვალუტა კი არ შემოაქვთ, არამედ გააქვთ. ეს კი თავისთავად გარკვეულწილად მოსახლეობაში პანიკისა და ვალუტის დეფიციტის პრობლემას ქმნის. ამიტომ, ვფიქრობ, როგორც ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში ხდება (რუსეთი ცუდი მაგალითია ამ შემთხვევაში) სახელმწიფო თავის თავზე უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას და უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი სახელმწიფო რესურსი მოსახლეობის პანიკისა და ლარის კურსის შესაჩერებლად. რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებიც არის ლარის კურსის ვარდნის მიზეზიც. ეს რუსეთთან დამოკიდებულება, უკრაინის მოვლენები, საქართველოში ინვესტიციების უსაფრთხოების საკითხზე არ ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი სერიოზულ გავლენას ახდენს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, მეც მის ადგილზე იგივე განცხადებას გავაკეთებდი.
- მთავრობა პედალირებს იმაზე, რომ მოიმატა პენსიებმა და სოციალურმა დახმარებებმა, როგორ ფიქრობთ, საზოგადოების მდგომარეობას ეს გამოასწორებს?
- როგორც არ უნდა მოიმატოს პენსიებმა და დახმარებებმა, მოგეხსენებათ, პენსიონრები და სოციალურად დაუცველები ვალუტას ვერ ყიდულობენ, ისინი ხარჯავენ სამომხმარებლო კალათაზე, რომელიც ძვირდება არა მარტო ლართან დაკავშირებით. მაგრამ სამწუხაროდ, მოსახლეობის გაღარიბების და ლარის კურსის ვარდნის ხარჯზე ზემოგებას ნახულობენ ბანკები და ბიზნესმენები, რომელთა ანგარშები იზრდება ვალუტაში უცხოეთის ბანკებში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზემოგების დაბეგვრის მექანიზმი რომ არსებობდეს, ესეც ნაწილობრივ დაარეგულირებდა ლარის კურსსაც. როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება (ამერიკა, საფრანგეთი და სხვა). ლარის კურსის ვარდნით დიდ ზარალს ხედავნ ის მოქალაქეები, ვინც უცხოეთშია დასაქმებული და მონური შრომით უწევთ ოჯახების რჩენა, სამაგიეროდ, ამ ზარალის შესაბამისად მოგება ეზრდება ვის? -პასუხი ყველამ კარგად ვიცით და ალბათ ამ საკითხებზე ნებისმიერმა მთავრობამ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს თავის ამომრჩეველს.
რა თქმა უნდა, მთავრობას ხელი უნდა ედოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის მაჯისცემაზე. და შესაბამისად უნდა ატარებდეს ქმედით ღონისძიებებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. კერძოდ, უნდა გაჩნდეს მოკლე და გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსახლეობის დასაქმებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ამ თვალსაზრისით მთავრობას ჯერ კიდევ შესაბამისი რესურსი გააჩნია.
(წყარო: geonews.ge, დათო ქაქუთია)