reportiori.ge - რა ჯარიმების სისტემა ამოქმედდება იანვრიდან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:21
ინტერვიუ
რა ჯარიმების სისტემა ამოქმედდება იანვრიდან?
ავტორი:
05 დეკემბერი, 2014. 21:13



რამდენით დაჯარიმდებით თქვენი ძაღლის ფეკალიების გამო? ვინ დაჯარიმდება რესტორანში სიგარეტის მოწევის გამო, მწეველი თუ რესტორანი? თავისავე მიღებულ რა კანონს არღვევენ დეპუტატები?


„ალიას", პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე ესაუბრა:


- ქალბატონო გუგული, როგორც გავიგე, იანვრიდან ახალი სანქციები ამოქმედდება, რა სანქციებზეა საუბარი?


- სხვადასხვა სანქციებია, რომელიც ეხება როგორც ინდივიდუალურად ცალკეულ პიროვნებებს, ისე იურიდიულ პირებს. მაგალითად, ნაგვის გატანასა და სამშენებელო ნარჩენების გატანას შეეხება. ჩვენ შევეცადეთ, რომ არ ყოფილიყო ზოგადი, ყოფილიყო კონკრეტული. მაგალითად, თუ ადამიანი პირველად გადაყრის ნაგავს, 100 ლარით დაჯარიმდება, თუ მეორედ - 500 ლარით. სამშენებლო ნარჩენების გატანისთვის უფრო მეტია. ჩვენ შევეცადეთ,რომ უფრო მოწესრიგებული ყოფილიყო ნარჩენების გატანა და არ მომხდარიყო რაიონის და ქალაქების დანაგვიანება, ადამიანებს სცოდნოდათ, რა კონკრეტული ჯარიმები მოუწევდათ ამისთვის. კანონით დეტალურად არის გაწერილი ყველა ადმინისტრაციული დარღვევისთვის რა ჯარიმა იქნება განსაზღვრული. ქალაქი, სოფლები და გზები უნდა იყოს სუფთა, ამით ნამდვილად ვარ დაინტერესებული. იყო კამათი იმაზე, რომ თუ ჯარიმად დავაწესებდით 500 დოლარს, ხომ არ დარჩებოდა სანქცია სანქციისთვის და რეალურად, არავინ გადაიხდიდა? ითქვა, რომ ამ თანხას ვერავინ გადაიხდის და ისიც საკითხავია, ვინ გამოავლენს ამას, რამდენად ადმინისტრირებულია ესო. ხშირად არსებობს სანქცია, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი ორგანო, რომელიც მას გამოავლენს. მაგალითად, ჩვენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევისთვის დაწესებული გვაქვს ჯარიმები. თვით პარლამენტშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არსებობს, ყველგან ეწევიან, სადაც გაუხარდებათ.

 

- თუ პარლამენტი თავადვე არ ასრულებს თავისავე მიღებულ კანონს, სხვებს რატომ აიძულებთ ამხელა ჯარიმების გადახდას?


- მე ვამბობ, რომ  ყველგან, სადაც თავშეყრის ადგილია, იქნება ეს სალონი თუ რესტორანი, ჯარიმა 500 ლარი მაშინ ამოქმედდება, თუ განვსაზღვრავთ, რომელმა ორგანომ უნდა განახორციელოს ამ სამართალდარღვევის დაფიქსირება.

 

- სანამ ჯარიმებს განსაზღვრავდით, ჯერ იმაზე არ უნდა გეფიქრათ, ამას ვინ გააკონტროლებდა?


- ცხადია, ეს ხარვეზია. სიგარეტის მოწევაზეც არ არის განსაზღვრული, ვინ იხდის ჯარიმას, პიროვნება თუ დაწესებულება. მუნიციპალური ნარჩენების შესახებ მიღებულ კანონში სრული სიზუსტით განვსაზღვრეთ, რომ თუ ნარჩენს გადააგდებ და მიატოვებ, ჯარიმაა 80 ლარი, საცხოვრებელი ადგილიდან გადაყრა 100 ლარია, თუ მანქანიდან გადააგდებ - 120 ლარია. თუკი იურიდიული პირი ახორციელებს ამ დარღვევას - 500 ლარია. ანუ, კანონით ზუსტად გავწერეთ, რისთვის რამდენით დაისჯებით. ამიტომ თქმა იმისა, რომ ამდენი არ მეკუთვნის, შეუძლებელია, პირდაპირ წერია ეს დეტალურად. ძაღლის ფეკალური მასის გამო ჯარიმა 50 ლარია. ამას რომ გადაიხდის ადამიანი, მერე აღარ იქნება გზები ისეთი ბინძური, კაცმა რომ არ იცის, ფეხს რაში დგამს. უცხოეთში როგორც არის, ისე უნდა იყოს. ძაღლი რომ გამოგყავს სასეირნოდ, შესაბამისი საშუალებაც უნდა გამოძებნო, რომ მან არ დააბინძუროს გარემო. ამერიკაში როგორაა? ყველას ჰყავს ძაღლი, მაგრამ იქ რომ მსგავსი რამ მოხდეს, მეზობლები იჩივლებენ. მე მგონია, რომ გარემოს დაცვითმა სპეციალური ზედამხედველობის სამსახურმა უნდა განახორციელოს ეს ქმედება. ეს ნაწილიც შევიტანეთ კანონში, თუ ხელს შეუშლით ამ სამსახურს ქმედების განხორციელებაში და ოქმს არ დააწერინებთ, ესეც ჯარიმის სახით 5 000 ლარს ითვალისწინებთ.


- ხალხს როგორ უჭირს, ქალბატონო გუგული, ამაზე არ გიფიქრიათ?


- ერთხელ რომ დააშავებს ადამიანი და გადაიხდის ჯარიმას, მეორედ და მესამედ არ გააკეთებს. მე ფსიქოლოგი ვარ და ზუსტად ასე ხდება, მეორედ სულ გაგახსენდება, რამდენით დაჯარიმდი იმისთვის, რის გაკეთებასაც აპირებ. ერთიც არის, კანონს აზრი არ აქვს, თუ მენტალობაც არ შეიცვალა. ამიტომ ეს არის გზა იმისკენ, რომ თავში მუდმივად ჰქონდეს ადამიანს. არ არის სასჯელი ლოიალური, მაგრამ არც უნდა იყოს. ნუ დაარღვევ და არ გექნება გადასახადი. შვეიცარიაში რატომ არის ასეთი იდეალური სისუფთავე? იმიტომ, რომ ყველა ზრუნავს გარემოზე. შეინახეთ ნარჩენი და მერე ჩააგდეთ ურნაში. ასეთი ტიპის შეგნება უნდა გაჩნდეს ქვეყანაში. ადამიანებს საჭირდებათ დამსჯელი მექანიზმი, რომ ჰქონდეთ რეფლექსი.

 

- ეს სანქციები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მომზადდა?


- ხელშეკრულება იმდენად ვრცელია, ზუსტად არ ვიცი, ამაზე რა წერია, მაგრამ ამის აუცილებლობა ნამდვილად არსებობს. არ ვიცი, როგორ დაიწყეს და რა სანქციები ჰქონდათ ევროპაში, მაგრამ ფაქტია, რომ გამოუვიდათ, ასე გამოგვივა ჩვენც. ეს ჯარიმები არის გზა იმისკენ, რომ ადამიანის ცნობიერებაში შესაბამისი ცვლილება მოხდეს.

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016