კინორეჟისორი რევაზ (რეზო) დავითის ძე ჩხეიძე 1926 წლის 8 დეკემბერს, ქუთაისში, საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის (ლიტერატურული ფსევდონიმი - დია ჩიანელი) ოჯახში დაიბადა.
1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო).
1963-81 წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი, 1963-73 წლებში - ტელეფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1974 წლიდან საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის პედაგოგი (პროფესორი, კინოფაკულტეტის კათედრის გამგე), 1973 წლიდან 2006 წლამდე კინოსტუდია „ქართული ფილმის" (ამჟამად სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმი") გენერალური დირექტორი. 1992 წლიდან არის ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი.
რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე" (1953), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" (1954) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა" (1955; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს რტო" და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).
გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო" (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), „მაია წყნეთელი" (1959), „განძი" (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), „ზღვის ბილიკი" (1962), „ჯარისკაცის მამა" (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), „ღიმილის ბიჭები" (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია „ჯარისკაცის მამასთან" ერთად, 1970), „ნერგები" (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), „მშობლიურო ჩემო მიწავ!" (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა.
რეზო ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა, სისადავე, მოქალაქეობრივი ჟღერადობა.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით. არის ღისრების ორდენის კავალერი (1996). 2001 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.