reportiori.ge - ლაფანყურში გარდაცვლილი სალამ ზურბეკოვის „ჩიპი“ ნაპოვნია - რა ანდერძი დატოვა ჩეჩენმა მებრძოლმა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:29
პრეს-დაიჯესტი
ლაფანყურში გარდაცვლილი სალამ ზურბეკოვის „ჩიპი“ ნაპოვნია - რა ანდერძი დატოვა ჩეჩენმა მებრძოლმა
ავტორი:
08 დეკემბერი, 2014. 18:25


თითქოს მივიწყებულმა თემამ, რამდენიმე დღის წინ ისევ შეიძინა აქტუალობა, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ანგარიში დადო. ამ ანაგრიშის შესახებ დაწვრილებით დეტალებს ჩემი კოლეგა მოგახსენებთ გაზეთის ამავე ნომერში, ჩვენ კი ვსვამთ კითხვას - რატომ შეჩერდა გამოძიების პროცესი და რა უშლის ხელს ოფიციოზს, რომ ხელისუფლების ცვლამდე ერთ-ერთი საკოზირო თემა გახსნას...


საქმეს კვლავაც ის უწყება იძიებს, რომელიც 2 წლის წინათ, უფრო ზუსტად კი, სააკაშვილის მმართველობის მიწურულს, ცდილობდა, ამ საქმის გარშემო სახელისუფლებო ვარიაციების სოუსით მიეწოდებინა ამბავი ფართო საზოგადოებისთვის...


კულუარულად გვიმხელენ, რომ საქმე თითქმის დასრულებულია, თუმცა არ არსებობს პოლიტიკური ნება მისი აფიშირებისთვის, ოფიციალურად კი შეთქმულებივით დუმან.


მკითხველს წარმოვუდგენთ რესპონდენტს, რომელთანაც ჩვენი ბოლო დიალოგი ერთი წლის წინათ შედგა და რომელიც იმედოვნებდა, რომ გამოძიება ყველაფერს თავის სახელს დაარქმევდა.


ახლა კი ეს ქალბატონი, მალქან ისრაპილოვა (სპეოპერაციის დროს გარდაცვლილი სალამ ზაურბეკოვის დედა) კვლავაც ავსტრიაში იმყოფება და შიშობს,რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაშიც კი ვერ მიიღებს იმ კითხვებზე პასუხს, რაც უკვე ორ წელზე მეტია აწუხებს.


მაშ ასე, იმისთვის, რომ საუბარი იქიდან გავაგრძელოთ, სადაც ერთი წლის წინათ გავჩერდი, ჩვენს მკითხველს ჯერ მისი ბოლო ინტერვიუდან ფრაგმენტებს შევთავაზებთ:


- გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება მაინც შეეცდება, რომ ობიექტურად და კეთილსინდისიერად წაიყვანოს გამოძიება...


- შევიტყვეთ, რომ გამოძიება ავსტრიაშიც ტარდება. ამას ავსტრიის ხელისუფლება აკეთებს, თუ რომელიმე დაინტერესებული ჯგუფი?

 

- ჩვენი ხალხი ატარებს აქ გამოძიებას და არ გაჩერდებიან, სანამ ადრე თუ გვიან ყველაფერი არ გაირკვევა. ისინი  იძიებენ, ვინ წაიყვანა ეს ბიჭები ავსტრიიდან. იქ, საქართველოში, რა ჯგუფი ჩამოყალიბდა. როგორ მოახერხეს გადარჩენილებმა თურქეთის  გავლით ავსტრიამდე თავისუფლად ჩამოღწევა.


- ვინც ცოცხლად ჩამოღწევა მოახერხა, ამ ადამიანებს შეხვდით?

 

- კი, შევხვდი და ველაპარაკე კიდეც... მეუბნებიან, რომ ჩემს შვილს გაუმართლა, რომ ლაფანყურში მოკვდა. რომ ის სამოთხეში მოხვდება. მათ კი არ გაუმართლათ: არადა, ეს ხალხი ჩვეულებრივ, ნორმალურად ცხოვრობს საკუთარ მეუღლეებთან და შვილებთან ერთად...

 

- ფაქტებს არ ყვებიან? რამე გვარებს არ ასახელებენ, ვინც ამ საქმეში იყვნენ გარეულნი?

 

- ამ ადამიანების დასახელება მათ არ აწყობთ. რომ თქვან, ამის შემდეგ ნორმალურად ვეღარ გააგრძელებენ ცხოვრებას. ამბობენ, რომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ არ დახოცავდნენ. რადგან ისინი ნორმალურად გაამგზავრეს. მერე კი უთხრეს, რომ საზღვარზე რუსები ელოდებოდნენ და უნდა შეჩერებულიყვნენ. ეს ბიჭები კი არ დანებდნენ.


ყველა თავისებურად ყვება ამ ამბავს. უკვე აღარავისი მჯერა. ერთ-ერთ ადამიანს ვესაუბრე ამ ჯგუფიდან. მან მომიყვა, თითქოს ჩემს შვილს დაუტოვებია რაღაც ჩიპი თავისი თანამოაზრეებისთვის. დაუბარებია, ჩემს მშობლებს მიეცითო. ამბობენ, ამ ჩიპში მისი ანდერძი უნდა იყოსო.


- მოგცეს ეს ჩიპი?


- ჯერ არ მოუციათ... ისინი, ვინც აქ, ავსტრიაში არიან, მპირდებიან ამ ჩიპის მოძებნას, მაგრამ რატომღაც არ ჩქარობენ... ამბობენ, რომ ჩემს ბიჭს ჰყავდა ქალი, 10-12 წლით უფროსი. მასთან ერთად წასულა საქართველოში. იქ გოგონაც შესძენიათ. ამბობენ, ვის ვიღაც ემირის ყოფილი ცოლიაო, სახელად აიშა.


- საინტერესოა, დაკითხეს თუ არა ეს ქალი ოფიციალურმა ორგანოებმა... ფიქრობთ, რომ ამ ჯგუფში იყო ეს ქალი, როდესაც ლაფანყურში ეს სპეცოპერაცია მოხდა?

 

- არა. ის იქ ამ დროს არ ყოფილა. ზოგი ამბობს, რომ  იმ დროს ფეხმძიმედ იყო. მე თვითონ ვიკვლევ ამ ამბავს. თუ ჩემს შვილს მართლა დარჩა მემკვიდრე, მინდა ეს დაზუსტებით ვიცოდე. ეს ჩემი პირადი ინტერესია.

 

- ბევრია ისეთი, ვინც ლაფანყურში სპეცოპერაციის დროს გადარჩა და ახლა ავსტრიაში ცხოვრობს?


- სამნი არიან... ამბობენ თითქოს ერთი დაიკითხა მხოლოდ...

 

- ვარაუდობენ, რომ ამ საქმეებში ჩართული იყვნენ საერთაშორისო დონის ფიგურები და საქართველოს გამოძიება არ აპირებს მათ დასახელებას...


- რა თქმა უნდა, იყვნენ... ვიღაცას, ძალიან სერიოზულს, დანამდვილებით უნდოდა, რომ ეს ბიჭები საქართველოში ჩაეყვანა და იქ ის მომხდარიყო, რაც მოხდა... მე ზუსტად ვიცი, რომ ამ ჯგუფში იყო ადამიანი, რომელსაც კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაღაც სინდიკატთან და ყველა ინფორმაციას მათ გადასცემდა. ის იქ შემთხვევით დაიღუპა. ის არ იყო არც ქართველი და არც ჩეჩენი... არ მინდა მისი ვინაობის დასახელება... ქალი ვარ და ყოველთვის შურისძიების წინააღმდეგი ვიყავი. ასეთი რამ არასდროს მანიჭებს სიამოვნებას. ეს მე შვილს ვერ დამიბრუნებს. დაე, ალაჰმა დასაჯოს ყველა, ვინც დამნაშავეა. რაც შეეხება იმას, რას ფიქრობენ ჩვენი მამაკაცები, ამას  ისინი ხმამაღლა არასდროს იტყვიან. იტყვიან, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ხვალ შურს იძიებენ.


ერთი წლის შემდეგ მალქან ისრაპნილოვა კვლავ კითხულობს - რატომ არის გაჩერებული გამოძიება და ჩვენგან შეიტყობს, რომ სახალხო დამცველმა ამ საქმეზე ანგარიში გამოაქვეყნა:


- ამ ერთი წლის განმავლობაში არავინ დაგკავშირებიათ?..

 

- არავინ არაფერს გვეუბნება. მხოლოდ საკუთარი წყაროებით ვცდილობთ, რამე დავადგინოთ, თუმცა, ჯერჯერობით სრული სურათი არ გვაქვს. გამოძიებამ საქართველოში, როგორც ჩანს, უკვე ყველაფერი იცის, მაგრამ არ უნდათ საქმის გახსნა. მე კი ისე მჯეროდა მათი... დღესაც მაინტერესებს, რატომ მომიკლეს შვილი, რატომ არ გამოადეპორტეს, როგორც დამპირდნენ? ვინ და რა გზებით წაიყვანა ჩემი შვილი ამ სასაკლაოზე და საერთოდ, რა თამაში იყო ეს ყველაფერი? დღეს ისიც კი აღარ ვიცი, ვის მივმართო ამ კითხვებით. მეშინია კიდეც საქართველოში ჩამოსვლის, რადგან ვიცი, პასუხებს არავინ დამახვედრებს.

 

- ამ ხნის განმავლობაში თუ გქონიათ კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, ვინც ეს ბიჭები ავსტრიიდან საქართველოში წაიყვანა?


- ცოცხლად დარჩენილებს შარიათი ადანაშაულებს იმაში, რომ ეს ბიჭები იქ ჯერ წაიყვანეს, მერე კი მიატოვეს. თუმცა ცხადია, რომ მათ მკვლელობაში ვერ დასდებენ ბრალს. სხვათა შორის, აბუჰამზამ (ერთ-ერთმა მათგანმა) ერთხელ მეც მომიყვა, რა და როგორ მოხდა ლოპოტას ხეობაში. მითხრა, როცა საქართველოს ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად წავედით, მაშინ აგვიტეხეს სროლაო. მანამდე არც კი გვიეჭვია, რომ ცეცხლს გაგვიხსნიდნენ, რადგან ჩვენთვის დერეფანი ჰქონდათ გაკეთებულიო.

 

- ქალბატონო მალქან, ჩვენი ბოლო საუბრისას თქვენ მიამბეთ ჩიპზე, რომელზეც თქვენ შვილის ანდერძი უნდა ყოფილიყო. ხომ არ მოუწოდებიათ თქვენთვის ეს ჩიპი?


- ორი წლის შემდეგ მივიღე ჩემი შვილის ჩიპი. არც კი ვიცი, შეიძლება თუ არა ამის მოყოლა.. ეს მე მომაწოდა სალამის ამხანაგმა, რომელიც ასევე იყო საქართველოში, თუმცა რამდენიმე ხნით ადრე წამოვიდა იქიდან, სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა. მერე სირიაში იყო... მან მომაწოდა ეს „ფლეშკა".


- რა იყო იქ?


- იყო ჩვეულებრივი წერილი, სადაც ამბობდა, რომ საქართველოში წავიდა თავისი სურვილით, არავის დაუტანებია ძალა და არავისთვის არაფერი დაგვებრალებინა - რაც აბუჰამზასთვის და არც დანარჩენებისთვის.


- ეს დასკანერებული წერილი იყო? იცანით თქვენი შვილის კალიგრაფია?


- საქმეც ის არის, რომ ის არ იყო ხელით ნაწერი. იყო ჩვეულებრივ, კომპიუტერზე აკრეფილი ტექსტი. ამის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია...


- ანუ, არ გჯერათ, რომ ეს მართლაც თქვენს შვილს ეკუთვნის?


- არ მჯერა... თუმცა ჩამოთლილი იყო  ოჯახის წევრების სახელები. გვწერდა - ყველანი ძალიან მიყვარხართო...


- რუსულად იყო დაბეჭდილი?


- საქმეც ეს არის, რომ ნაბეჭდი იყო რუსულად. ჩემმა შვილმა კი არცთუ კარგად იცოდა რუსული. წერილში ისეთი სიტყვები იყო და თანაც ისე გამართულად, რომ ამან დამაეჭვა სწორედ. სალამის ლექსიკონში ეს სიტყვები არასდროს შემიმჩნევია.

 

- თუ ეს სალამის წერილი არ არის, ვის და რისთვის უნდა დასჭირვებოდა, რომ  მისად გაესაღებინა?


-  ალაბთ, იმას სჭირდებოდა, ვისაც არ უნდოდა, რომ ჩვენი ეჭვები გვქონოდა ვინმეს დანაშაულზე... იმ წერილში გამოკვეთილად იყო ნახსენები იმ ადამიანების სახელები, რომლებიც ცოცხლები დარჩნენ. წერილში ეწერა, რომ ჩვენ ეს ადამიანები არაფერში უნდა დაგვედანაშაულებინა...


- შეგიძლიათ, ეს წერილი გამოგვიგზავნოთ?

 

- მე ამ წერილს, სხვა მასალებთან ერთად, მათ შორის იმ ფოტოებსაც, რომელიც საქართველოში გადავიღე, ჩემს ტელეფონში ვინახავდი, რომელიც მომპარეს... ალბათ, შემთხვევითი ქურდობა იყო... ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, რომ ამ ყველაფრის შენახვა ჩვენთვის უსაფრთხო არ იქნებოდა. თუმცა, მე არაფრის მეშინია. როცა ეს ტელეფონი დავკარგე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შვილი დავკარგე მეორედ...

 

- თქვენ ამბობდით, რომ ეძებდით ერთ ქალბატონს, ემირის ყოფილ ცოლს, აიშას, რომელიც, სავარაუდოდ, ფეხმძიმედ უნდა ყოფილიყო თქვენი შვილისგან...


- ეს რეალური  ამბავი აღმოჩნდა. სალამს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ვაჟი შეეძინა. მისი ფოტოებიც მაქვს უკვე, თუმცა ჯერ კიდევ ვერ შევძელი მისი ნახვა. დედამისიც იმალება და სახელებს იცვლის. ის სალამის გარდაცვალების შემდეგ მალევე გათხოვდა. მანამდე კი, როგორც შევიტყვე, ჩემს შვილთან რომელზეც 10-12 წლით იყო უფროსი, ფარულად დაქორწინებულა. ერთად აპირებდნენ ავსტრიიდან წასვლას, როცა სალამი საქართველოში მოდიოდა, თუმცა მაშინ აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ იყო და დარჩენა მოუწია.

 

- ქალბატონო მალქან, ლაფანყურის შემთხვევიდან ორ წელიწადზე მეტი გავიდა... როგორც ამბობთ, კითხვებზე პასუხი ჯერაც არ მიგიღიათ. რას აპირებთ? რას ამბობს თქვენი ხალხი?


- ჩვენთან ამბობენ, რომ, თუ დადგინდება, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე სააკაშვილია, ის პასუხს აგებს ყველაფერზე, სადაც არ უნდა იმოძრაოს ევროპის მასშტაბით. მასაც ჰყავს შვილები... აი, ასე ამბობენ.


- დამნაშავე გამოძიებამ უნდა გამოავლინოს, რომელიც ჯერჯერობით დუმს...


- ისინი მარტო იმ გამოძიების იმედად არ არიან. ყველა არხებით ეძებენ პასუხებს, მათ შორის შარიათითაც.

 

მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016