reportiori.ge - როდის იგეგმება გიგა ბოკერიას დაპატიმრება?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:12
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
როდის იგეგმება გიგა ბოკერიას დაპატიმრება?
ავტორი:
08 დეკემბერი, 2014. 18:51


ამას წინათ უშიშროების ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას მეუღლემ „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელიც მან მიიღო. ამ შეტყობინების შინაარსი ასეთია: „თამარ, გაემზადოს შენი მეუღლე. უახლოეს 7-10 დღეში მიუჯდება ახალაია-მერაბიშვილი-უგულავას ტრიოს. გაემზადოს".


ავტორი, ცხადია, უნცობია... რამდენად რეალური შეიძლება იყოს ამ უცნობი  ავტორის პროგნოზი, ეს სულ სხვა თემაა...


თუმცა ბოკერიას მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგელობის საკითხის დღის წესრიგში დადგომას სხვადსხვა დროს სხვადასხვა ადამიანები პროგნოზირებდნენ. ბოკერია კი კვლავაც განაგრძობს მშვიდად ცხოვრებას და შიგადაშიგ მკვახე პოლიტიკური განცხადებების კეთებასაც...


სხვათა შორის, თავის დროზე უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის მიერ, სავარაუდოდ, ჩადენილი კანონდარღვევების შესახებ, მტკიცებით ფორმაში საუბრობდა ყოფილი პრემიერი ივანიშვილიც. შესაძლოა, ბევრს დაავიწყდა და ჩვენ შევახსენებთ, რას ამბობდა ის: „მალე ნახავთ, როგორ ანაწილებდა ბოკერია მილიონებს"...


მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებიდან მალევე დაიწყო საუბრები, როგორ იხარჯებოდა უშიშროების საბჭოდან კოლოსალური თანხები ლობისტური კომპანიებისთვის, გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით დღემდე არაფერი შეცვლილა...


მისი დაპატიმრების შესახებ საუბრები ყველაზე მეტად მაშინ გახშირდა, როდესაც ის დაკითხვაზე დაიბარეს და მისი მეუღლე ხელისუფლებას ჯოჯოხეთის მოწყობით დაემუქრა... რთული სათქმელია, რამდენად იქონია გავლენა ამ მუქარამ გამოძიებაზე, ან მართლაც შეშინდა თუ არა ხელისუფლება... თუმცა, ფაქტია, რომ არც ამ დაკითხვის შემდეგ აღარ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები. იყო მხოლოდ ექსპერტების განცხადებები ბოკერიას შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით.


რა შეიცვალა ერთი წლის შემდეგ და დგება თუ არა ამ თემის აქტუალობა ისევ დღის წესრიგში?


სანამ ამ საკითხს ჩვენს რესპონდენტებთან ერთად განვიხილავთ, მკითხველს შევახსენებთ იმ კონკრეტულ ფაქტებს, რომლის გარშემოც გამოძიებას კვლავაც ექნება კითხვები ბოკერიასთან.


ყველაზე გავრცელებული თემა უშიშროების საჭოს ყოფილი მდივნის შესაძლო დანაშაულის შესახებ ამ საბჭოდან გაცემული თანხებია, ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს კი გრიფი „საიდუმლო" ადევს. ზოგიერთი ინფორმაციით, საქმე ორ ათეულ მილიონამდე ლარს უნდა ეხებოდეს, რომლის არამიზნობრივ ხარჯვაზე პასუხისმგებლობას, სავარაუდოდ, ბათუ ქუთელია და დავით სიხარულიძეც უნდა ინაწილებდნენ ბოკერიასთან ერთად. ამ საქმეზე ჯერ კიდევ გასულ წელს ამბობდნენ, რომ ბოკერიაზე პროკურატურას ბრალი უკვე გამზადებული ჰქონდა. დანარჩენი კი დროის საკითხი იყო... ცნობილია რამდენიმე დეტალი გამოძიების მასალებიდან: მარტო ერთ ამერიკულ კომპნიას, Podesta Group-ს გიგა ბოკერიამ 2010 წელს 600 000 დოლარი გადაუხადა ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის პიარისთვის. იგივე კომპანიასთან, 2012 წელსაც გააფორმა ერთწლიანი ხელშეკრულება უშიშროების საბჭომ და ისევ 600 000 დოლარად...


2011 წლის აგვისტოში, იმ დროს, როცა ამ ქალაქს ენრიკე ეგლესიასი სტუმრობდა, უშიშროების საბჭომ ბათუმის „შერატონში" სამდღიანი კონფერენცია გამართა, რომელსაც უშიშროების საბჭოს 12 თანამშრომელი ესწრებოდა. როგორც ირკვევა, კონფერენცია მხოლოდ ფორმალობა იყო და ის იქ რეალურად არ გამართულა.


საქმის მასალებში ეს არ ჩანს, თუმცა, თუკი პოლიტიკური ნება იქნება, არ არის გამორიცხული, რომ ბოკერიას 2008 წლის  ომიც გაუხსენონ, სადაც მისი კომპეტენციის მიღმა გაცემული ბრძანებებით, როგორც ამბობენ, მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპებოდა...


მის ზურგზეა 2004 წლის თებერვალში გლდანის ეკლესიის დარბევაც და უცხოეთში დაგეგმილი სპეცოპერაციაც, ე.წ. „ორი პატრიარქი", რომლის მიზანიც ქართულ ეკლესიაში შუღლის ჩამოგდება, სინოდის წევრთა ორად გაყოფა და საბოლოო ჯამში, ეკლესიის ორად გახლეჩა იყო...


2006 წლის 27 მარტის „ციხის ბუნტის" ერთ-ერთ ორგანიზატორად გიგა ბოკერიას თავად მისი თანაგუნდელი, ელენე თევდორაძე ასახელებს და აზუსტებს, რომ ბრძანებებს „სპეცნაზის" საჭიროების შესახებ, სწორედ ბოკერია გასცემდა....


სწორედ სავარაუდო დანაშაულთა ასეთი ჩამონათვალი აძლევდა, ალბათ, საფუძველს თავის დროზე ვალერი გელახიანს, რომელიც მერაბიშვილის შემდეგ უგულავას, მერე კი ბოკერიას დაპატიმრებას პროგნოზირებდა. დღეს კი „პრაიმტაიმთან" აუბრისას განმარტავს,რომ ეს საკითხი დღესაც დღის წესრიგში დგას:


- თუ ამ ხელისუფლებას ჰქონდა ამოცანა, რომ სისტემის არქიტექტორები უნდა ჩამჯდარიყვნენ ციხეში, მაშინ მათ შორის ერთ-ერთი პირველი გიგა ბოკერია უნდა ყოფილიყო. გახსოვთ, ალბათ, თავის დროზე ხელისუფლების პირველი პირების განცხადებები იმის თაობაზე, როგორ დახარჯა გიგა ბოკერიამ ბიუჯეტის თანხები და ა.შ. ეს განცხადებები ყველა ლოგიკით, ცხადია, მის მიმართ განხორციელებული მოქმედებებით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. თუ მიზეზებს დავუწყებთ ძებნას, ორი რამ გამოიკვეთება - პირველის თანახმად, ბოკერიამ, როგორც ჩანს, მიაღწია შეთანხმებას ხელისუფლებასთან „რაღაცის" ხარჯზე, რის გამოც მის მიმართ სისხლის სამართლის დევნას არ იწყებენ, ან კიდევ არის მეორე ფაქტორიც: საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე უცხოეთიდან მოხდა ზეწოლა ისეთი, რომელსაც ხელისუფლებამ ვერ გაუძლო.

 

- მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლება გეგმავდა მის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას და ზემოშემოთავაზებული ერთ-ერთი მიზეზით  (ან ორივეთი ერთად. - მ.ნ.) გადაიფიქრა?


- არა, ხელისუფლებას გიგა ბოკერიას დაჭერა არ გადაუფიქრებია. ეს საკითხი დღის წესრიგში კვლავაც დგას, თუმცა ის ფაქტორები, რომლის შესახებაც მოგახსენეთ, დროებით აჩერებს ამ საკითხს.

 

- როცა ამბობთ, რომ შესაძლოა, ბოკერია ხელისუფლებასთან შეთანხმდა, გულისხმობთ, რომ ის თანამშრომლობს მასთან?


- მოდი, ასე ვთქვათ - ბოკერია ან თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, ან მისი დასავლელი ლობისტები ახდენენ ზეწოლას, რომელსაც ხელისუფლება ვერ უძლებს. თუმცა, რომელიც არ უნდა იყოს, ეს მაინც დროებითია. სამხედროებს აქვთ ასეთი გამონათქვამი - ავტომატს ხელი ისე არ უნდა გამოჰკრა, რომ ყველა ტყვია ერთჯერადად დახარჯო. შესაძლოა, ბოკერია გახდეს საარჩევნო მსხვერპლი. ასე რომ, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ბოკერიაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება პოლიტტექნოლოგიის საკითხი გახდეს და საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გადავადდეს. თუმცა, რაც უნდა იყოს, ამოცანა ამოცანაა. ბოკერიას მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი კი თავის დროზე ხელისუფლების დაანონსებული ამოცანაა, რომელსაც ის აუცილებლად განახორციელებს, მაგრამ ის, როგორც ჩანს, პოლიტიკის ტექნოლოგიის ის ნაწილია, რომელიც ბოლოსთვის უნდა იქნას გამოყენებული.


- გულისხმობთ ხელისუფლების ვადის ამოწურვის მოახლოებას?

 

- დიახ, ბოკერიასთვის ბომბს ხელისუფლება მაშინ აამოქმედებს, როდესაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კომპრომატების ომი დაიწყება. ეს კამპანია კი 2016 წლის იანვრიდან დაიწყება. ასე რომ, ბოკერიას თავისუფლად ყოფნისთვის 1 წელი რჩება, ვინაიდან მას ხელისუფლება ბოლო ლუკმად იტოვებს.

 

- ფიქრობთ, რომ ამ დროისთვის ხელისუფლება დასავლეთის ზეწოლას აღარ გაითვალისწინებს ბოკერიასთან დაკავშირებით?


- ის თავის დაანონსებულ ამოცანას მაინც განახორციელებს და საარჩევნო კოზირებში ყველაზე მთავარი კოზირი შესაძლოა, ბოკერია აღმოჩნდეს.

 

- სააკაშვილს წაუყენეს უკვე სამი ბრალი... თუ ბოკერიას ბოლოსთვის იტოვებენ, შეიძლება ამით მისი პოლიტიკური წონის უპირატესობა განისაზღვროს?


- არა, უბრალოდ, სააკაშვილის სახით რესურსი გახარჯულია, ბოკერია კი - შემონახული. მოდი, ამ ყველაფერს ძალიან მარტივად შევხედოთ: სააკაშვილი ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი ნაძვის ხეა, რომელიც ყველაფერს იტანს - რამდენი სათამაშოც უნდა დაკიდო, როგორც უნდა დახუნძლო, მაინც ნაძვის ხედ რჩება. რეალურად სააკაშვილს ამით არაფერი აკლდება, ხელისუფლება კი მოსახლეობის მოხიბვლას ცდილობს, მეტი არაფერი.


- ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტტექნოლოგიებზე, თუმცა არსებობს სამართლებრივი ნაწილიც... გგონიათ, რომ ბოკერიას აქვს ჩადენილი დანაშაული, რომლის დადასტურებასაც მტკიცებულებების სახით ხელისუფლება შეძლებს?

 

- ერთი ასეთი ფაქტის შესახებ ხელისუფლებამ ერთი წლის წინათ თავად დააანონსა. ახლა ეს საკითხი თაროზეა და უკვე დატვირთვა იმას აქვს, როდის ჩამოიღებენ მას თაროდან. ასე რომ, ეს გაცხადებული ბრალდებაა, რომელსაც მსვლელობა მიეცემა მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამ კოზირის გათამაშებისგან მეტი სიკეთის მიღების დროს განსაზღვრავს. სამართალი პოლიტიკის სამსახურშია და ყველა პროცესი ამ ჭრილში განიხილება.


- ამ განცხადებით თქვენ ნაციონალების პოზიციას ემთხვევით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პოლიტიკურად იდევნებიან...

 

- ვცდილობ, ჩემს შეფასებაში აბსოლუტურად მიუკერძოებელი ვიყო და ვის პოზიციას დავემთხვევი, ამას ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა.


„მალე  ჩამოაბრძანებენ ადეიშვილს თბილისში, შემდეგ დაიჭერენ ბოკერიას და მიუსვამენ მერაბიშვილს. ლევან რამიშვილი რომ არის გასუსული და საერთოდ არ ჩანს, არ უნდა მოეთხოვოს პასუხი? მის მიმართაც არსებობს კითხვები, სწორედ ის იყო ამ უბედურების იდეოლოგი, რაც ქვეყანას დაატეხეს... უკვე ვიცით, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, სწორედ ის ხელმძღვანელობდა 17 მაისის აქციას. არა მხოლოდ 17 მაისის მოვლენები, მის კისერზეა უამრავი დანაშაული, თუნდაც ციხის ბუნტი. აგერ არის ელენე თევდორაძე, პირდაპირ ადებს ხელს, როგორ იძლეოდა ბრძანებებს ბოკერია... მაგას ისე არ ასცდება ვანო მერაბიშვილის გვერდით ჯდომა, როგორც ორჯერ-ორი რომ ოთხია", - ეს განცხადება ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ 2013 წლის მაისში გააკეთა. დღეს კი „პრაიმტაიმთან" საუბრისას აცხადებს:


- ყოველთვის ვთვლიდი, რომ ყველაზე რთულად იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგებოდა, რომლებიც ძველი რეჟიმის დროს აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ იმყოფებოდნენ.  გახსოვთ, ალბათ, გივი თარგამაძის ცნობილი ფრაზა - „სულს ამოგხდით!". ჩვეულებრივ შემთხვევაში ეს მუქარად დაკვალიფიცირდებოდა, მაგრამ გივი თარგამაძესთან მიმართებაში ეს ასე არ მოხდა, ვინაიდან ის დეპუტატი იყო და პოლიტიკური განცხადების ფორმატში აღიქვეს.

 

- თუმცა, ბოკერია, თარგამაძისგან განსხვავებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც იყო...

 

- გეთანხმებით... მის მიმართ გამოძიებას მართლაც ჰქონდა კითხვები უშიშროების საბჭოსთვის განკუთვნილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე. ეს იყო უცხოური პიარკომპანიისთვის, ლობისტური კომპანიებისთვის გადახდილი თანხები და ა.შ. დაიბარეს კიდეც დასაკითხად.. საკმაოდ სერიოზული სამხილებიც ჰქონდათ.


- რატომ აღარ მიეცა ამას მსვლელობა?

 

- გამოძიება რომ გაჭიანურდა, ფაქტია. ამას თავისებური გამართლებაც აქვს. რთულია, საქმეები გააგზავნო ისეთ სასამართლოში, სადაც მოკალათებულია ბევრი ისეთი მოსამართლე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს უფრო ჰგვანან, ვიდრე მოსამართლეებს. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა საქმეების უმეტესი ნაწილი კი განსახილველად, რატომღაც, სწორედ ამ მოსამართლეებთან ხვდება. შედეგებიც სახეზეა - თუნდაც ბაჩანა ახალაიას მიმართ გამოტანილი შვიდი თუ რვა გამამართლებელი განაჩენი. ამიტომაც, ვფიქრობ, პროკურატურამ ამ ეტაპზე სწორი ტაქტიკა აირჩია, თუ გადაწყვიტა, რომ ასეთი საქმეები სასამართლოში მაშინ წარმართოს, როდესაც იქ სერიოზული ცვლილებები მოხდება...

 

- გულისხმობთ მომავალ წლის თებერვალს, როდესაც კოტე კუბლაშვილს საკონსტიტუციო ვადა დაუმთავრდება?


-  რა თქმა უნდა... დარწმუნებული  ვარ, ამ დროისთვის სასამართლოში სერიოზული ცვლილებები მოხდება. შესაბამისად, გამოძიებაც ისეთ საქმეებზე, როგორიც ბოკერიას საქმეა, სწორედ თებერვალ-მარტისთვის გააქტიურდება.

 

- თუმცა, არსებობს საქმეები, რომლებიც უკვე გამოიძიეს, მაგრამ ბოკერია  დასაკითხადაც არავის დაუბარებია... ვგულისხმობ, თუნდაც, „ციხის ბუნტის" სქემას. არადა, ბოკერიას თავად მისი ყოფილი თანაგუნდელი, ელენე თევდორაძე ადებდა ხელს, რომ სწორედ ის მართავდა პროცესებს... რამდენად ლეგიტიმურია ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა ბოკერია ხელისუფლებასთან თანამშრომლობდეს?

 

-  დღეს იმის განსაზღვრა, ვინ ვისთან თანამშრომლობს, ძალიან რთულია. ამის თქმა ერთი წლის წინათ უფრო შესაძლებელი იყო... დღეს თანამდებობებზე რჩებიან ადამიანები, რომლებიც პირადად იყვნენ ჩართულნი ნაციონალური რეჟიმის სისტემური დანაშაულების განხორციელებაში იმ დროს, როდესაც ის ადამიანები არიან ქუჩაში, ვისაც დიდი წვლილი აქვს ყოფილი ხელისუფლების გასტუმრებაში.


მაშ ასე, ვადა მოხაზულია - მომავალი წლის თებერვალ-მარტიდან 2016 წლის არჩევნებამდე... რამდენად საკმარისია ეს დრო უშიშრობის საბჭოს ყოფილი მდივნისთვის სტრატეგიის გასაძლიერებლად, ამას საგამოძიებო ორგანოების შემდგომი ქმედებები გვიჩვენებს, სადაც უკვე დიდი ხანია, აღარ მუშაობს მთავარი პროკურორის მოადგილე, რომელსაც თავის დროზე ნაციონალების მფარველობაში ადანაშაულებდნენ.

 

მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016