გაზეთ „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ლაფანყურის სპეცოპერაციის იმ დეტალებს ასაჯაროვებს, რომელიც ჯერჯერობით საზოგადოების ყურამდე არ მისულა. კილაძის თქმით, მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ამ საქმის ირგვლივ ახალი კითხვების და ფაქტების წარმოშობას მთლიანად გამორიცხავს.
კილაძის განცხადების თანახმად, ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით მას ინფორმაცია კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა, ადამიანმა, რომელიც უშუალოდ იყო 2012 წლის სპეცოპერაციის მონაწილე. ელისო კილაძე საუბრობს ქვეყანაში განვითარებუყლ საკადრო გადაადგილებებზეც. „ქრონიკა+"-ის რედაქტორი ხმაურიან დაჭერებს აანონსებს:
- ლაფანყურის სპეცოპერაციის თემა ამ კვირაში არაერთი მოსაზრების და სპეკულაციის საგანი გახდა. ერთი მოსაზრება სახალხო დამცველთან არსებულმა საზოგადოებრივმა საბჭომ წელიწადნახევარიანი მუშაობის შემდეგ გამოაქვეყნა და მეორე „სამართალდამცველთა ლიგის", ანუ ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი უწყების დასკვნაა, რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ხვალინდელ ნომერში ქვეყნდება მასალა, რომელიც მომაწოდა კუდ-ის მაშინდელმა მაღალჩინოსანმა. დეტალურად არის გაშიფრული სრული სქემა - რა ხდებოდა სპეცოპერაციამდე და სპეცოპერაციის დღეს. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია.
პირველი ის, რომ პანკისის ხეობაში ჩეჩნების მოძრაობა დაიწყო ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში. არსებობდა ე.წ. დერეფანი, საიდანაც გადადიოდა ჩეჩნების გარკვეული ჯგუფი რუსეთის ტერიტორიაზე. სააკაშვილის ხელისუფლების პირველ წლებში ეს მოძრაობა აღარ შეინიშნებოდა, პანკისის ხეობაში რამდენიმე ლოკალური სპეცოპერაციაც ჩატარდა და თემაც საერთოდ დაიხურა. ოდნავ მოგვიანებით, 2006 წლიდან უკვე შეინიშნება ჩეჩნების, ასევე არაბების და იაპონელი „ბოევიკების" მოძრაობა. ეს იყო მარტივი, რადგან რუსეთთან სავიზო რეჟიმი არ არსებობდა და არ იყო ძნელი ვიზების დამზადება, თუკი მათ ქართული პასპორტები ექნებოდათ. 2008-2010 წლებში, ანუ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ყველა არალეგალური საზღვარი და გადასასვლელი დაიხურა.
აქვე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტების მომზადების არავითარი ბაზები არ არსებობდა. იქ არ ხდებოდა ტერორისტების მომზადება.
ერთადერთი, რაც მოხდა და საყურადღებოა, 2010 წელს დაიწყო ამ სქემამ მუშაობა, როდესაც შს მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე - გია ლორთქიფანიძე, რომელიც სულ სხვა ვერსიებს და ზღაპრებს ჰყვება ლაფანყურთან დაკავშირებით. ვნახე კვესიტაძის ეთერი და ირაკლი სესიაშვილი არ აღმოჩნდა ამ ეთერისთვის მზად და მას არ ჰქონდა ელემენტარული ინფორმაციებიც კი.
2010 წელს მოხდა საყურადღებო ფაქტი - საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, უკრაინაში დაპატიმრებული ახმედ ჩატაევის საქართველოში ექსტრადაცია. ჩატაევი პირველად გამოჩნდა 2000 წელს, ის რუსებმა გაიტაცეს ჩეჩნეთის მეორე ომის დროს საავადმყოფოდან, სასტიკად აწამეს და ხელი მოჰკვეთეს. 2003 წელს ის იღებს ავსტრიაში ოფიციალური ლტოლვილის სტატუსს. 2007 წელს შვედეთში აკავებენ იარაღის უკანონო ტარებაზე, 2009 წლამდე იმყოფება ციხეში. 2010 წელს ჩატაევი კვლავ პატიმრობაშია, ამჯერად უკვე უკრაინაში და რუსეთი ითხოვს მის ექსტრადაციას.
ევროპის ადამიანთა უფლებათა სასამართლომ ჩატაევის რუსებისთვის გადაცემა კიევს კატეგორიულად აუკრძალა. მოულოდნელად, საქმეში ჩნდება ოფიციალური თბილისი. ვანო მერაბიშვილი აგზავნის წერილს თავის უკრიანელ კოლეგასთან. იური ლუცენკო მაშინ გახლდათ უკრაინის შს მინისტრი, რომელიც ჩამოვიდა ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზეც. კიევის სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და ახმედ ჩატაევი ჩამოჰყავთ საქართველოში. იმის მაგივრად, ჩატაევი ციხეში ჩაესვათ, აღმოჩნდა პანკისის ხეობაში. იქ დასახლდა, შეირთო მეორე მეუღლე. მას ხშირად ხედავდნენ დუისში უცხო პირებთან ერთად. ის პერიოდულად ქვეყნის გარეთაც მოგზაურობდა.
- რას აკეთებდა ჩატაევი პანკისის ხეობაში?
- ჩემი წყაროს ინფორმაციით, ის მუშაობდა დერეფნის აღდგენაზე, რომელიც უნდა გასულიყო ისევ პანკისის ხეობაზე. 2011 წელს ჩატაევს ისევ აკავებენ ბულგარეთ-თურქეთის საზღვარზე. რუსეთი ისევ ითხოვს მის ექსტრადაციას, მაგრამ საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაციების მეშვეობით ის ისევ ბრუნდება საქართველოში.
2010-2012 წლებში, გია ლორთქიფანიძე, სანდრო ამირიძე (რომელიც იყო ანტიტერორისტული ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი) და ჩატაევი აქტიურად მუშაობენ კორიდორის აღდგენაზე. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ერთი ჯგუფის გადაყვანა ჩატაევმა მოახერხა 2011 წლის ბოლოს. ინფორმაცია რუსულ სპეცსამსახურებს ჰქონდათ. დღესაც არის ეჭვი, რომ ჩატაევი იყო ორმაგი აგენტი, რომელიც რუსებსაც აწვდიდა ინფორმაციას. ერთი თვის განმავლობაში ჯგუფმა რუსეთის ტერიტორიაზე არაერთი მოძრაობა განახორციელა და ისინი მთლიანად იქნენ გაშიფრულები, თავიანთი კავშირებით და მოხდა ამ ჯგუფის ლიკვიდაცია.
რაც შეეხება 2012 წელს, იმ პირებს, რომლებიც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გამოჩნდნენ. ჩემი ინფორმაციით, ჩატაევმა მიიღო გარანტია ლორთქიფანიძისგან, რომ კორიდორი იქნებოდა ჩეჩნეთში, ჯიჰადში მონაწილე პირებისათვის. 2012 წლის მარტში, პირველი ნაკადი, ავსტრიიდან ხუთი ჩეჩენი „ბოევიკი" შემოვიდა საქართველოში.
- მათი მოძრაობის მონაცემების დადგენა რამდენად შესაძლებელია?
- საქართველოს საზღვრის მონაცემებით, მათი მოძრაობის დადგენა გახლავთ ძალიან ძნელი, რადგან სქემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, რომელიც ასევე შს სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა და ხდებოდა მონაცემების გაყალბება. მას შემდეგ, რაც ჯგუფი გავიდოდა რუსეთში, საქართველოს საზღვარი აჩვენებდა, რომ მათ დატოვეს საზღვარი, მაგრამ აჩვენებდა რომ პირობითად, გავიდნენ თურქეთში. ამის გაკეთება მაშინ ძნელი არ იყო.
ამის შემდგომ თბილისში თავი მოიყარა დაახლოებით 40-მდე ადამიანმა, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩეჩნები ჩამოვიდნენ. ისინი ცხოვრობდნენ თბილისში, კონსპირაციულ ბინაში და სხვათაშორის, არსებობს ერთ-ერთი გადარჩენილი ჩეჩენი „ბოევიკი", რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციას გადაურჩა. ის დღეს ცხოვრობს ევროპაში. მას არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია ქართველ ჟურნალისტებთან.
ორგანიზებული ჯგუფი ცხოვრობდა კონსპირაციულ ბინაში, სანდრო ამირიძის ზედამხედველობის ქვეშ და, რასაკვირველია, შს სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია ამ ჯგუფის არსებობის შესახებ, მათთვის დერეფანი უნდა გაკეთებულიყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამ ჯგუფთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები არსებობდა. მაგრამ, ძალიან საინტერესო დეტალია, რატომ შეიცვალა სიტუაცია და რატომ აღმოჩნდა ეს ჯგუფი თბილისიდან პანკისის ხეობაში. ივნისია, იცვლება შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, დაინიშნა ბაჩო ახალია და ლორთქიფანიძეს, იმის გამო, რომ მას აღარ აქვს გარანტიები და აღარ ჰყავს უშუალო მფარველი, ჯგუფი გადაჰყავს პანკისის ხეობაში. პანკისის ხეობაში, ცდაში გადის ორი თვე და დაპირისპირება იწყება თავად ჯგუფს შორის. ერთი ნაწილი მომხრეა, რომ საქართველოში დარჩეს, ხოლო მეორე ნაწილი ითხოვს საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და ჩეჩნეთში გადასვლას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათ შეუერთდა ადგილობრივი ქისტების ნაწილი. პანკისის ხეობიდან ჯგუფი იწყებს ლაფანყურის ხეობაში გადასვლას, რადგან ლაფანყური გახლდათ ის ადგილი, რომელიც ესაზღვრება გადასასვლელ ადგილებს.
მე თავად გახლდით პანკისის ხეობაში, ვესაუბრე ყველა გარდაცვლილის ოჯახს. ოჯახის წევრები ხაზგასმით აცხადებენ, მას შემდეგ რაც ამ ადამიანების ლიკვიდაცია მოხდა, ცხედრები აღმოჩნდა გლდანის ციხეში. გარდაცვლილი ადამიანები „დააპატიმრეს"! გია ლორთქიფანიძე ოჯახის წევრებს „ევაჭრებოდა", რომ გვამებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემდნენ ოჯახებს, თუკი მათი დამარხვა მოხდებოდა ღამე, არ იქნებოდა გლოვა და აფიშირება. ოჯახის წევრებმა გადმომცეს ცხედრების ფოტოები. არსებობს ალექსანდრე გეჯაძის დასკვნა, გარდაცვლილები ჯერ არიან სასტიკად ნაცემები და ამის შედეგ დახოცილები.
- რა ვითარებაში დაიწყო სპეცოპერაცია?
_ ძალიან უცნაურ ვითარებაში დაიწყო. სპეცოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა პირადად გია ლორთქიფანიძემ, რომელიც იმხანად იყო ბაჩო ახალაიას მოადგილე, მაგრამ ამავდროულად შედიოდა ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილი ანტიკრიზისული საბჭოს შემადგენლობაში. სწორედ ანტიკრიზისულმა საბჭომ აიღო თავის თავზე ლაფანყურის სპეცოპერაციის მიმდინარეობა. ლორთქიფანიძემ თბილისიდან გამოიძახა კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის ოცეული, ის იყო უშუალო კურატორი. არცერთ მათგანს არ მოუვიდოდა აზრად, რომ გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია და ბრძანება შს მინისტრთან.
- რატომ არ იყო სპეცოპერაციის დაწყების დეტალებზე შს მინისტრი ინფორმირებული?
_ კუდ-ის უფროსი ლევან ქარდავა ზუგდიდში იმყოფებოდა არჩევნებთან დაკავშირებით. კუდ-ის უფროსის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი იმყოფებოდა კოჯორში. ასეთ უცნაურ ვითარებაში მოხდა ამ ჯგუფის ლიკვიდაცია. ჩემი წყაროს ინფორმაციით, გადარჩენილია ჩეჩენ „ბოევიკთა" პირველი ჯგუფი, რომელიც საქართველოში მარტში ჩამოვიდა. მათ ჰქონდათ შეტაკება სპეცდანიშნულების რაზმთან. მათ გააღწიეს სპეცოპერაციის ადგილიდან. შეტაკების დროს დაიღუპა ორი ჩეჩენი „ბოევიკი", მათზე ინფორმაცია არ ვრცელდება, ვინ იყვნენ ისინი. ამის შემდგომ ისინი დამარხეს ტყეში და ჯერჯერობით გაურკვეველი და დაუდგენელი გზებით დატოვეს საქართველოს ტერიტორია.
- ახმედ ჩატაევის შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ?
- რაც შეეხება ახმედ ჩატაევს, შეტაკების დროს ის იქნა სნაიპერის ტყვიით დაჭრილი. ათი დღის შემდეგ ჩაბარდა მესაზღვრეებს. რეალურად, მესაზღვრეები აიძულეს, მიეცათ ჩვენება, რომ ჩატაევს ჰქონდა იარაღი, მაგრამ რეალურად ჩატაევი არ ყოფილა შეიარაღებული. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მესაზღვრემ აღიარა, რომ ის აიძულეს, ცრუჩვენება მიეცა ჩატაევის წინააღმდეგ. ჩატაევს გორის ჰოსპიტალში გაუკეთდა ფეხის ამპუტაცია და იმყოფებოდა გლდანის ციხეში.
მაქვს გონივრული ეჭვი, ჩემი წყაროც ამას ადასტურებს, 2012 წლის დეკემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ახმედ ჩატაევი გირაოს სანაცვლოდ იქნა გათავისუფლებული. ვერავინ დააბრალებს „ქართულ ოცნებას", რომ ამ პერიოდში სასამართლოზე რაიმე გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა. ჩატაევს ჰქონდა ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი, მაგრამ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით, მან დატოვა საქართველო, რომ ემკურნალა, გაეკეთებინა პროთეზი. იმ პირობით, რომ ჩატაევი ითანამშრომლებდა გამოძიებასთან. ასე დაიკრაგა ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთადერთი მოწმის კვალი. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ქართველი სამართალდამცავები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ მის ოფიციალურ მისამართზე, ავსტრიაში, მაგრამ ის ამ მისამართზე უკვე აღარ ცხოვრობს. სიმართლის დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელია მანამდე, სანამ ახმედ ჩატაევის კვალი ნაპოვნი არ იქნება და ქართულ მართლმსაჯულებას არ მისცემს ინფორმაციას, რეალურად რა მოხდა ამ სპეცოპერაციისას.
ეს ჯგუფი არ მომზადებულა საქართველოში, პანკისში ტერორისტთა მომზადების ბაზები არ იყო. სხვათაშორის, ვიცი იმ პირის ვინაობა, რომლის მეშვეობითაც, სანდრო ამირიძე დაუკავშირდა ევროპაში მცხოვებ ჩეჩნებს. დავასახელებ ამ პირის ვინაობას, რომლის დადგენასაც ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს დიდი ხნის განმავლობაში. მძევლები მართლა აიყვანეს, რომ არ მომხდარიყო ინფორმაციის გაჟონვა. საერთოდ, ინფორმაციამ გაჟონა სწორედ იმიტომ, რომ მძევლები დაიკარგნენ, ოთხი დღე არ ჩანდნენ და მშობლებმა ატეხეს პანიკა, დაუკავშირდნენ ჟურნალისტებს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რა ხდებოდა ლაფანყურში.
ეს ლეგენდა ბოლომდე შეინარჩუნა წინა ხელისუფლებამ, რომ იქ იყვნენ მძევლები, დაღესტნიდან გადმოსულები, რომლებიც აპირებდნენ გარკვეულ მოძრაობებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე. რეალურად, ეს ასე არ ყოფილა.
ცალსახად ვაცხადებ, ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდნენ გია ლორთქიფანიძე და სანდრო ამირიძე. ჩეჩნებისთვის იყო განკუთვნილი დერეფანი, რის გავლითაც რუსეთში უნდა გადასულიყვნენ.
არაფერ საიდუმლოს არ ვიტყვი, კავკასიის ემირატი საკმაოდ სერიოზულ დაფინანსებას იღებდა, თუკი დერეფანი გაივლიდა საქართველოს და გადავიდოდა რუსეთის ტერიტორიაზე. რასაკვირველია, სერიოზული მატერიალური დაინტერესება იყო.
გარდა ამისა, ინფორმაციის გამოქვეყნების შემდგომ, მაქვს პირობა მიღებული, რომ მივიღებ ვიდეოდადასტურებას, რომ ჩეჩნები ნამდვილად იმყოფებოდნენ საქართველოში და გარკვეული მოძრაობები დაფიქსირებულია. რამდენად შესრულდება პირობა, არ ვიცი, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ თუკი შესრულდება, რა თქმა უნდა, მისი გასაჯაროვება მოხდება.
- ეს სპეცოპერაცია რამით უკავშირდება 2012 წლის არჩევნებს?
- უკავშირდება. როცა აღმოჩნდა, რომ ლორთქიფანიძემ ვეღარ მიიღო გარანტია, დერეფანი როდის იქნებოდა, განიხილებოდა ამ ჯგუფის გამოყენება შიდა მოხმარებისთვის. ერთი გეგმა იყო ვაჰაბისტური ტაძრის აფეთქება პანკისში, რასაც მოჰყვებოდა არეულობა და დაძაბულობა წინასაარჩევნოდ. ეს უნდა დამთხვეოდა იმ პერიოდს, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ახმეტაში „ქართული ოცნების" აქციაზე ჩავიდოდა. ჯგუფის ამ მიმართულებით გამოყენება აღარ მოხერხდა, რადგან ჯგუფს შორის დაიწყო განხეთქილება და ნაწილმა გადაწყვიტა, საქართველოს ტერიტორია თვითნებურად დაეტოვებინა. სანდრო ამირიძე იმავე დღეს იყო ინფორმირებული ჯგუფის გადაადგილების შესახებ, რადგან დაუკავშირდნენ მესაზღვრეები, მან სცადა მოლაპარაკება, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა. ასევე, სცადა მოლაპარაკება ახმედ ჩატაევმა, არ გაგრძელებულიყო რუსეთის საზღვრისკენ გადაადგილება, რადგან ამას მოჰყვებოდა შეიარაღებული კონფლიქტი. არც ამ მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი.
- რამდენიმე კითხვით ქვეყანაში საკადრო გადაადგილებებსაც შევეხოთ, როგორც ამბობთ, დაიწყება ხმაურიანი დაჭერები....
- ასეა. საკადრო გადაადგილებების ანატომია აჩვენებს, რომ თანამდებობები დატოვეს ზვიად ჯანყარაშვილის პირადმა კადრებმა. მისი პირადი კადრი იყო შს სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსი, ძმები ჩხენკელები - ერთი მათგანი ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელი იყო, მეორე კი რეგიონებს ხელმძღვანელობდა. მოდით, ვთქვათ, რომ რეგიონებში პარტია „ქართული ოცნება" არ არსებობს და აბსოლუტურად რეალურია, როდესაც ჩხენკელი რეგიონების მართვის სადავეებს ჩამოაშორეს. იმიტომ, რომ არაფერი ხდება და პარტია არ ვითარდება.
რაც შეეხება რომან ჩხენკელს, რომელიც იყო პრემიერის ეკონომიკური მრჩეველი, ცოტა გაკვირვებული ვიყავი თავიდანვე, როცა ის დაინიშნა ამ თანამდებობაზე. ის იყო ზურაბ ადეიშვილის კლანის წევრი, ის პირადად მონაწილეობდა „ქართუ ბანკის" გაკოტრების სქემაში. იმის მაგივრად, ამ საქმეში ყოფილიყო ბრალდებული, ის დაინიშნა პრემიერის ეკონომიკურ მრჩევლად.
ასევე, თანამდებობა დატოვა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ. ნოდარ ჯავახიშვილი არც მალავს, მისი მთავარი ამოცანაა უკვე ჩატარებული ტენდერების ანალიზი, რომ მოხდეს სრული სურათის შექმნა, რასთან გვაქვს საქმე. „ქრონიკა +"-ში გამოქვეყნდა საკმაოდ ვრცელი მასალა, თუ ვინ იგებს ტენდერებს. მათ შორის მოწინავე პოზიციებზე იყო შს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედის კუთვნილი კომპანია - „სერპანტინი". 46 მილიონზე მეტია თანხა, რომელიც ამ კომპანიამ მიიღო ბოლო სამი წლის განმავლობაში.
ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი. აქ გაჩნდა მეორე რგოლი - სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კერძოდ მელიორაციის სამმართველო, რომელიც აცხადებდა ტენდერებს ნაპირსამაგრ სამუშაოებზე, ღვარსადენების მოწყობაზე რეგიონებში და ა.შ. იმდენად, რამდენადაც უმეტესი ტენდერის დამკვეთი გახლავთ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ცხადია, შესრულებული სამუშაოების მიმღებიც გახლდათ ეს უწყება. ნოდარ ჯავახიშვილის ფუნქცია, როგორც ვიცი, იქნება ის, რომ ტენდერების მიღება-ჩაბარების დროს სრულად იქნას გამოკვეთილი სურათი, რამდენად ხარისხიანად იქნა შესრულებული სამუშაო. როდესაც ეს ანალიზი დაიდება, ვვარაუდობ რომ იქნება ხმაურიანი დაჭერები. აქ საკმაოდ მსხვილ კორუფციულ სქემასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ვფიქრობ, ამის შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრიც დატოვებს თანამდებობას.
საკადრო ცვლილებები შს სამინისტროში, მე როგორც ვიცი, გაგრძელდება. საბოლოო ჯამში, იმედია, კუთხურ სეპარატიზმში არ ჩამომართმევენ, ივანიშვილმა ე.წ. კახელების ფრთა ნელ-ნელა ჩამოაშორა ხელისუფლებას. ის აძლიერებს პირად გავლენებს. სუს-ის უფროსი, ვინც დაინიშნა, გახლავთ „ქართუს" უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ბატონი მჭედლიშვილი. ვფიქრობ, ივანიშვილი სრულად მიიღებს ინფორმაციას, რა ხდება ძალოვან უწყებაში, რა ტიპის ქმედებასთან გვქონდა და გვაქვს საქმე შს სამინისტროში. მჭედლიშვილის ფუნქცია იქნება სწორედ ეს. რაც ჯავახიშვილმა უნდა გაარკვიოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მჭედლიშვილმა უნდა გაარკვიოს შს სამინისტროში.
აქ არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, თუ პარლამენტის უმრავლესობამ არ მიიღო ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, ანუ ბიუჯეტი, მაშინ, სავარაუდოდ, პარლამენტის დათხოვნის საკითხი დადგება დღის წესრიგში. ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გზით წავა ბატონი ივანიშვილი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ თებერვალში ხელოვნური სახელისუფლებო კრიზისი შეიქმნას და მთავრობის გადადგომის გზით მოხდეს ეს. ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული საკადრო გადაადგილებებით. ჩვენ ჟურნალისტები ვართ და უკეთ ვიცით ხალხის აზრი.
აქვე, მინდა გითხრათ, რომ პრემიერ ღარიბაშვილს არ ემუქრება არანაირი საფრთხე. მისი თანამდებობიდან გადადგომა არ იგეგმება. ანუ, ივანიშვილისთვის ღარიბაშვილი რჩება ერთ-ერთ მთავარ საყრდენად.
- „ქრონიკა+"-ის გამქრალ ნომრებთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ?
- არ ვადასტურებ არც დღეს, რომ ნომრის ტირაჟი შეისყიდა ზვიად ჯანყარაშვილმა, ან გიორგი ზედელაშვილმა. ამ ადამიანებზე ძალიან ბევრი და ბევრად უფრო კრიტიკული მასალებიც გვქონდა და არცერთხელ ყოფილა ტირაჟის შესყიდვის მცდელობა. ვვარაუდობ, ეს გააკეთა იმ ჯგუფმა, რომლის ინტერესშიც შედიოდა ამ ადამიანების დისკრედიტაცია. კარგად დაგეგმილი კომბინაცია იყო.