reportiori.ge - რის სათქმელად ემზადება ემზარ კვიციანი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:41
ინტერვიუ
რის სათქმელად ემზადება ემზარ კვიციანი?
ავტორი:
09 დეკემბერი, 2014. 14:38


ორ დღეში ამოიწურება ვადა, რასაც ემზარ კვიციანი კრიმინალური დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ირაკლი ფირცხალავასა და სახელმწიფო კანცელარიის ყოფილ შეფს, პეტრე მამრაძეს უდებს იმისთვის, რომ მათ საჯაროდ მოიხადონ ბოდში მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე ემზარ კვიციანის კრიმინალურ წარსულთან დაკავშირებით.


ბრალდებები კი ასე გამოიყურება, რომელიც თავის დროზე ირაკლი ფირცხალავამ ერთ-ერთ გაზეთში გააჟღერა: „ხეობაში იყვნენ გვარები, რომლებიც ამბობდნენ, რომ საერთოდ არ მიუღიათ ჰუმანიტარული დახმარება. იმიტომ რომ დაპირისპირებული ვიყავით კვიციანის გვართანო. ყველა ჰუმანიტარულ დახმარებებს  იღებდა ნორა კვიციანი...


თუ ეს ადამიანები მოსისხლე მტრები იყვნენ აფხაზების ან რუსების, ასე იცავდნენ ამ ხეობას, დღეს ბაჩო არღვლიანი ცხოვრობს კოდორში, თავის სახლში, ემზარ კვიციანი არღვლიანთან ერთად ჯერ სოხუმში იყო, მერე სოჭში, მოსკოვში.


ძალიან აქტიური ბიზნესპარტნიორობა ჰქონდათ ამ ოჯახსა და აფხაზებს ერთმანეთთან. ჰუმანიტარული ტვირთი გადიოდა აფხაზეთში ხეობიდან. ხე-ტყის ბიზნესი ერთად ჰქონდათ. იქიდან კონტრაბანდული სიგარეტი შემოჰქონდათ. არავითარი მოსისხლე მტრობა კვიციანებსა და აფხაზებს შორის არ ყოფილა..."


ირაკლი ფირცხალავა „პრაიმტაიმთან" საუბრისას ასეთ განმარტებას აკეთებს: „მე კანონიერი ქურდების ნათელ-მირონებს, ძმაკაცებს, კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანებს ბოდიშს არ ვუხდი არაფერზე, არასდროს. მით უმეტეს, როდესაც მათი დანაშაულების შესახებ შესაბამისი განაჩენები არსებობს. თუ უნდათ, მათი ნებაა, შევხვდებით სასამართლოში".


რაც შეეხება პეტრე მამრაძეს, არც ის აპირებს ბოდიშის მოხდას: „ჩემთვის ე.წ. „ულტიმატუმის" შესახებ არავის შეუტყობინებია... მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ, თანაც იმ სიმართლეს, რომელიც საჭიროა ჩვენი საზოგადოებისთვის, ვინაიდან ძალიან ბევრია დეზინფორმაცია. შესაბამისად, თუ ვინმე ამ სიმართლეს შეურაცხყოფად აღიქვამს, ეს იმ ადამიანების პრობლემაა. მე არასდროს ვიხდი ამის გამო ბოდიშს. რაც შეეხება სასამართლოში სარჩელის შეტანას, მე მივესალმები ყველა პრობლემის ცივილიზებულ მოგვარებას. არ ვაპირებ კვიციანივით პუტინის ჩეკისტური რუსეთისთვის თავის შეფარებას. მეც მივმართავ ადვოკატებს და ჩემს პოზიციას სასამართლოში დავიცავ".


ერთი სიტყვით, ბოდიშის მოხდას არც ერთი არ აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კოდორის თემა აქამდე არსებული ვერსიების მთელი „ბუკეტით", სისხლის სამართლის გარდა, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვის საგანიც გახდება.


„პრაიმტაიმი", ცხადია, სასამართლომდე გაგაცნობთ კივციანის ოჯახის პოზიციას. გთავაზობთ ინტერვიუს მის დასთან, ნორა კვიციანთან, რომელიც ირაკლი ფირცხალავას ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი გახლდათ:

 

- თქვენი ოპონენტები საუბრობდნენ, რომ კოდორის ხეობა თქვენი ძმის რწმუნებულობის პერიოდში კონტრაბანდული იარაღით ვაჭრობის ადგილი იყო...


- რომელი კონტრაბანდული იარაღით ვაჭრობდნენ, რომელიც 2004 წელს თავდაცვის სამინისტრომ დაარიგა ხეობაში? ან კიდევ, როცა იცოდნენ, რომ ეს იარაღი ხეობაში არსებობდა, რატომ გაგვიუქმეს ბატალიონი და შეგვატოვეს ხელში ეს იარაღი? რატომ დაგვარქვეს ბანდფორმირება? ეს ყველაფერი იმ დროს ხდებოდა, როდესაც 15 კილომეტრში რუსების საგუშაგოები იდგა და ჩვენ მათ პირისპირ განიარაღებულები უნდა დავრჩენილიყავით.


- აღარ გქონდათ იარაღი, ჩამოგართვეს?

 

- იარაღი გვქონდა, არ ამოუღიათ, მაგრამ ვინ გამოიყენებდა მას? უკვე ბანდფორმირება ვიქნებოდით... ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავიდანვე სპეციალურად გაკეთდა იმისთვის, რომ იქამდე მივსულიყავით, რა რეალობაც დღეს გვაქვს. ირაკლი ფირცხალავას სამინისტრომ მე კოდორში დამიჭირა და ციხეში ჩამსვა. ციხიდან რომ გამოვედი, კოდორი უკვე აღარ იყო. სად წაიღეს კოდორი? როცა ეს კითხვა ფირცხალავას დავუსვი, მიპასუხა, ეს შენს შვილს, ბაჩო არღვლიანს ჰკითხეო. რა შუაშია ბაჩუკი? ჩემმა შვილმა ჩააბარა ხეობა, ჩემი შვილის ხათრით ჩააბარეს, თუ რა ხდება, ვერ გავიგე! ათასობით სამხედრო იყო ხეობაში შესული, იარაღითა და აღჭურვილობით. ისინი წამოვიდნენ, დატოვეს იქ ყველაფერი და ისე ჩააბარეს ხეობა. რა შუაშია აქ ბაჩო არღვლიანი? მე ახლა ეჭვები მიჩნდება, რომ მისი ხსენებით რაღაც ახალ პროვოკაციას გეგმავენ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები. სხვა შემთხვევაში რაში დასჭირდებოდათ ჩემი შვილის ხსენება? იმიტომ ხომ არა, რასაც იქ ის რეალურად აკეთებდა?


- რას აკეთებდა რეალურად?


- ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ იქ მშვიდობა დამყარებულიყო. ახალგაზრდებს ახვედრებდა ერთმანეთს. ბოლო პერიოდში თითქმის აღდგენილი იყო კომუნიკაცია. დღემდე იგივეს აკეთებს. თუ აქამდე იქ, სადაც ის ცხოვრობს, ქართულად არ ლაპარაკობდენ, სწორედ მისი დამსახურებით ისმის ქართული საუბარი. მათ ჩვენ მტრებს ვეძახდით. აღმოჩნდა, რომ მტრები ისინი კი არ ყოფილან, შიგნით გვყოფლია. ახლა რომ ვაკვირდები, მაშინაც არ უნდოდათ აფხაზებს, რომ ჩვენ ხეობიდან გამოვსულიყავით. არ აწყობდათ კოდორის ჩაბარება, რადგან ეს საშუალებას მისცემდა რუსეთს, შემდეგ ის პროცესები განეხორციელებინა, რაც ახლა გვაქვს სახეზე. ეს აფხაზებმა, როგორც ჩანს, თავიდანვე იცოდნენ. დღეს ჩემი ძმა იმისთვის იხდის სასჯელს, რომ თავის დროზე აფხაზეთის ანექსიას უშლიდა ხელს და მეც ამიტომ მოვიხადე ამდენ წელი...


- თუმცა, ის ბრალდებები თქვენი ოჯახის მისამართით, რაც ირაკლი ფირცხალავამ, ან პეტრე მამრაძემ გააჟღერეს, პირველად არ გაუგონია საზოგადოებას. წლების განმავლობაში გვესმოდა ბაჩო არღვლიანის სახელი მძევლების გატაცების, ან იარაღით ვაჭრობის კონტექსტში...


- ასეთი ინფორმაციები სპეციალურად გორდებოდა ჩემი შვილის და ძმის მისამართით. რაც ერთი ინციდენტის დროს, რაც ხეობაში ხდებოდა, ჩემი შვილი იქ არ იმყოფებოდა. მძევლებზე რომ საუბრობენ, მაშინ ბაჩოც და ემზარიც უკრაინაში იყვნენ. ხეობაში კი იდგა შინაგანი ჯარი. ეს ჯარი იდგა მაშინაც, როდესაც მაღალი ძაბვის სადენებს ჭრიდნენ. ყველაფერი სააშკარაოზე გამომქონდა, ვინ აკეთებდა ამას და რა მიზნებით.


- ვინ აკეთებდა ამას და რა მიზნით?


- ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ხელისუფლებას იქ „სპეცნაზი" შემოეყვანა. ამის დაშვება კი ერთადერთი მიზეზით არ შეიძლებოდა - 1996 წლის ხელშეკრულებით, ხეობაში სამთავრობო სტრუქტურები და შეიარაღებული ძალები არ შეიძლებოდა შესულიყო. მათ კი შემოჭრა უნდოდათ იმისთვის, რომ საბოლოოდ ხეობის ჩაბარება მოხერხებულიყო. ბოლოს მთელი ძალების მობილიზება მოახდინეს, აიღეს ხეობა და ბოლოს ჩააბარეს. რჩება კითხვები კიდევ რამეზე? 14 წელი ხომ ჩვენ შევინარჩუნეთ კოდორი? ხომ იყო საქართველოს იურისდიქციაში? ხომ ფინანსდებოდა პრეზიდენტის ბიუჯეტიდან თითოეული კოდორელის ზამთრის მარაგი? ავად თუ კარგად ეს ხდებოდა და ხეობა შენარჩუნდა და  სწორედ ამის გამო დავისაჯე მეც და ისჯება ჩემი ძმაც. ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს მაღიარეს მე პოლიტპატიმრად და მძევლად. მძევალი ვიყავი, აბა, რა ვიყავი - მეუბნებოდნენ, გაგათავისუფლებთ, თუ შენი ძმა და შვილი ჩაბარდებაო. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩემს ანგარიშზე რეალურად არც ერთი დანაშაული არ იყო? ასევე, ხდება ემზართან დაკავშირებითაც. სასამართლო იმ მასალებს დაეყრდნო, რაც ძველმა პროკურატურამ გამოიძია. ახალი გამოძიება საქმეზე ხომ არავის ჩაუტარებია? დღეს ყველამ ვიცით იმ მფრინავების ჩვენების შესახებ, რომლებიც გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებას შიფრავენ, რომ მათ უნდა დაედუღებინათ ხეობაში ყველაფერი. სწორედ ამ დადუღების დროს დაიღუპა ქალი, რომელიც მთიდან მოდიოდა და ახლა მის გარდაცვალებასაც ჩემს ძმას მიაწერენ. თუმცა, მადლობა უფალს, ჩვენი სიმართლე მაინც დადგინდება, რაც არ უნდა გვებრძოლონ.


- კოდორის ჩაბარების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიდის?

 

- ეს გამოძიება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ეს საკითხი რეალურად დააინტერესებთ. თუმცა, ასობით კოდორელი წერს განცხადებას, როგორ ვითარდებოდა პროცესები ხეობაში, რა ვითარებაში შეიქმნა და დაიშალა ბატალიონი „მონადირე". ასე რომ, თუ გამოძიებას მოუნდება, ბევრი სამხილი ექნება.


- თქვენი ვაჟის შესახებ მინდა გკითხოთ: საზოგადოება ასეა ინფორმირებული, რომ ის არის კრიმინალური ავტორიტეტი და დღესაც აფხაზეთში ცხოვრობს. ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება?


- ჩემი შვილი წლების განმავლობაში ამყარებდა ურთიერთობებს აფხაზ ხალხთან. ახლა ძალიან უნდათ, რომ მას სახელი შეულახონ, მაგრამ არ გამოუვათ ეს ამბავი. ბაჩო არღვლიანი კრიმინალური ავტორიტეტი კი არა, ვაჟკაცი, უღალატო და სამშობლოს მოყვარული ადამიანია. ათას პროვოკაციას გვიწყობდნენ წლების განმავლობაში. ჩემი შვილი უკრაინაში იყო, როდესაც ხეობაში ძმაკაცი, დათო აფრასიძე მოუკლეს. სხვათა შორის, მის სახელსაც ახსენებს ირაკლი ფირცხალავა. როცა ის საქართველოში ჩამოვიდა, გადარეული იყო, - რა ქენით, ძმა მომიკალითო?.. მერე ჩეჩნები შემოუშვეს ხეობაში. გახსოვთ, ალბათ, გაეროს ვერტმფრენი რომ ჩამოაგდეს. ესეც ჩვენთვის  გამიზნული პროვოკაცია იყო, რომ როგორმე ხეობა დარტყმის ქვეშ მოქცეულიყო და საბოლოო მიზნისთვის მიეღწიათ... ამ ყველაფერს წლების განმავლობაში ვუძლებდით. მიუხედავად ყველაფრისა, 14 წელი შევინარჩუნეთ ხეობა.


- კვლავ თქვენს შვილს მივუბრუნდეთ... ის მართლა აფხაზეთში ცხოვრობს?

 

- ჩემი ბიჭის, ისევე როგორც ჩემი ძმის მოსაძებნად ხელისუფლებამ ჯილდოდ 100 ათასი გამოყო. ემზარი საქართველოში თავის ფეხით ჩამოვიდა. ეგონა, რომ სიმართლეს მიაღწევდა, მაგრამ მიიღო ის განაჩენი, რაც ყველასთვის ცნობილია. რატომ გიკვირთ, რომ ჩემი შვილი არ ჩამოდის? იქ მას მეგობრები ჰყავს, რომლებმაც ისიც გადაარჩინეს და მისი ცოლ-შვილიც. ჩემს შვილს დევნიდნენ და რამდენიმე ხანს ტყეში ცხოვრობდა, ბალახს ჭამდა... დიახ, აფხაზებმა გადაარჩინეს. თუმცა ეს სიკეთე მის მიერ თავის დროზე ჩადენილი სიკეთის საპასუხო იყო. თავის დროზე ეს ადამიანები ერთმანეთს მაშინ დაუკავშირდნენ, როდესაც მარუხის უღელტეხილზე დარჩენილი მიცვალებულების გადაცემაში თანამშრომლობდნენ. ბაჩოს ეს არ დაუვიწყეს.

 

- გამოდის, რომ თქვენს შვილს აფხაზები იფარავენ საქართველოს ხელისუფლებისგან?


- საქართველოს ხელისუფლებამ თავის დროზე მე გამომკეტა ციხეში. წარმოგიდგენიათ, რა შეეძლოთ ბაჩო არღვლიანისთვის გაეკეთებინათ, თუ მას ხელში ჩაიგდებდნენ. უკვე სამმა თუ ოთხმა ადამიანმა აღიარა, რომ მასთან მოსაკლავად შეაგზავნეს. ერთ-ერთი, უბილავა, დღესაც პატიმარია. მან წერილიც გამოგზავნა ციხიდან, სადაც აღწერს, რომ მიიღო დავალება მეგის ქარდავასგან, მოეკლა ბაჩო არღვლიანი, რადგან მას ამას „პირველი" ავალებდა. ეს „პირველი" ვინ იყო, ვერ გეტყვით - სააკაშვილი თუ მერაბიშვილი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დავალების შეუსრულებლობის გამო, მას საბოლოოდ ციხეში ამოაყოფინეს თავი. იცით, რატომ უნდოდა სააკაშვილის ხელისუფლებას ბაჩოს ლიკვიდაცია? იმიტომ რომ მას არ უყვარდა სამშობლოს მოყვარე ადამიანები.


- თუმცა კოდორის ხეობა კრიმინალის ბუდედ სააკაშვილის ხელისუფლებამდე იყო მონათლული. უკვე წლებია, საუბრობდნენ, რომ იქ ხდებოდა უკანონო ხე-ტყის მოპოვება და ვაჭრობა, იარაღის კონტრაბანდა, მძევლების გატაცება, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების გატაცებაც, მკვლელობები და ა.შ. ასეთი ინფორმაცია ხეობის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა.

 

- ის ადამიანები, ვინც ამ ინფორმაციებს ავრცელებდნენ მიზანმიმართულად, შევარდნაძის ხელისუფლებაშიც იყვნენ. ყველაფერი ეს მტკნარი სიცრუეა და ჩემს ოჯახს ამ დანაშაულებთან არავითარი კავშირი არ აქვს. ხომ ხედავთ, ღმერთმა არ გაგვწირა. გავუძელით „დადუღებასაც", ციხესაც, დევნილობასაც, ქილერების შეგზავნასაც. როცა ჩემი ძმა ციხიდან გამოვა, თითოეულ დეტალზე დაწვრილებით ისაუბრებს.

 

- როდისთვის ელოდებით მის განთავისუფლებას?

 

- როგორც კი სააპელაციო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას...

 

- ფიქრობთ, რომ ასეთი რამ შესაძლებელია? რამე შეიცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ?

 

- უბრალოდ, იმედი გვაქვს, რომ ასე მოხდება. პირველ სასამართლოზე 2006 წელს შედგენილი საქმის მასალებით იმსჯელეს... თუ ჩვენი იმედები ახლაც გაცრუვდება, თუ ემზარს არ გამოუშვებენ, ვერავის ვერაფერს მოვუწოდებ, თუმცა პირადად მე პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავ და გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალთან დავჯდები, ვინაიდან ქვეყანაში, სადაც ჩემი ძმა პატიმარია და ჩემს შვილს არ დაედგომება, ჩემს ადგილს სხვაგან ვერც მე ვიპოვი.

 

მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016