ასეთი ცვლილებები ვერტიკალზე, ბუნებრივია, ბევრ ვერსიას აჩენს. რა აერთიანებთ ამ ადამიანებს, რა ჰქონდათ მათ საერთო? როგორც ჩანს, შემთხვევითი არ იყო, რომ პირველმა, პოლიტიკური პოსტი სწორედ ზვიად ჯანყარაშვილმა დატოვა. მის გადადგომას ვერტიკალიდან მისი გუნდის წასვლა მოჰყვა. თანამდებობები დატოვეს იმ პირებმაც, ვინც „ნაციონალური მოძრაობის" დროსაც მაღალ პოსტებს იკავებდნენ.
„პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განცხადებით:
„პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა დაკავებული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ზვიად ჯანყარაშვილი აღარ ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას, მას მუდმივად, პრემიერის ოჯახთან ნათესაობის გამო, სხვადასხვა სახის ბრალდებას უყენებდნენ.
იმისთვის, რომ საზოგადოებას აღარ დარჩეს კითხვები და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემით სპეკულირება, ზვიად ჯანყარაშვილმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა პარტიული თანამდებობაც. ის არც ერთ საჯარო თანამდებობაზე აღარ იმუშავებს".
როგორც ჩანს, ზვიად ჯანყარაშვილმა პოლიტიკური პოზიციების დათმობით პრემიერ ღარიბაშვილს ხელ-ფეხი გაუხსნა. ახლა ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის ნეპოტისტურ მიდრეკილებებზე ვეღარ ისაუბრებს...
ზვიად ჯანყარაშვილმა პარტიაში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც შსს-ში გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა დატოვა. მანამდე 2012 წლის არჩევნების დროს ჯანყარაშვილი სიღნაღში, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილი გახლავთ.
ნეპოტიზმის თემაზე განცხადებებს პარლამენტში ძირითადად ირმა ნადირაშვილი აკეთებდა ხოლმე.
თუმცა, ახლა როცა ზვიად ჯანყარაშვილი გადადგომის მოტივად პრემიერ-მინისტრთან ნათესაობის თემაზე სპეკულაციების შეწყვეტას ასახელებს, ოპოზიციაში ახალი ვერსია გაჩნდა. ახლა ითქვა, რომ „ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს კახი კალაძესთან ჰქონდა დაპირისპირება.
ღარიბაშვილი-კალაძის დაპირისპირების თემის აგორება ოპოზიციამ რამდენჯერმე სცადა. პირველად სწორედ ირაკლი შიხიაშვილის თემაზე. ეს უკანასკნელი ნაციონალების დროს საკრებულოს თავმჯდომარე იყო. მაშინ ითქვა, რომ შიხიაშვილის თემაზე ერთმანეთს ჯანყარაშვილი და კალაძე დაუპირისპირდნენ. ვიცე-პრემიერს არ უნდოდა შიხიაშვილი საარჩევნო სიაში მოხვედრილიყო. ამ ხმებს ყოველთვის უარყოფდა თავად შიხიაშვილი. მისი განმარტებით, მას საკრებულოში მოხვედრის არც სურვილი და არც ინტერესი აღარ ჰქონდა მისი ეს არგუმენტი, ვფიქრობ, უფრო ლოგიკური ჩანს.
ჯანყარაშვილის შემდეგ პრემიერის ადმინისტრაციაში პოსტი რომან ჩხენკელმაც დატოვა. ის პრემიერის მრჩეველი იყო ეკონომიკურ საკითხებში.
საინტერესოა, რომ ჩხენკელი წინა ხელისუფლების დროს ეროვნული აუდიტის ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ახალი ხელისუფლების დროს ის ჯერ აჭარის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მოგვიანებით კი პრემიერ ღარიბაშვილის მრჩეველი გახდა... მისი კარიერული გზა იოლი არ ყოფილა. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლეაში მოსვლის შემდეგ, რომან ჩხენკელი ბანკ „ქართუს" გაკოტრების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული იყო; 2013 წლის 20 იანვარს რომან ჩხენკელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით 15 ათასი ლარის გირაო შეუფარდა...
„გურია ნიუსის" ინფორმაციით, ჩხენკელის პროტეჟე იყო გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე. სააგენტოს ცნობით, ჩხაიძე სკანდალში დანიშვნისთანავე გაეხვია, რადგანაც ის ოქტომბრის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მის ადმინისტრაციაში რომან ჩხენკელი ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ ჩაანაცვლა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ:
„საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. რამდენიმე თვის წინ სამთავრობო გუნდში რამდენიმე მინისტრი შეიცვალა. დასახული მიზნების შესასრულებლად და სახელმწიფო სტრუქტურების უფრო ეფექტურად მუშაობისთვის ცვლილებები ქვედა რგოლებსაც შეეხო.
ცვლილებები განხორციელდა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის და ეკონომიკურ საბჭოებში.
ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს ჩაიბარებს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია. ის ასევე შეინარჩუნებს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას. რომან ჩხენკელმა, რომელმაც საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია და შექმნა ეფექტური სქრუქტურა, არაერთხელ თავად ითხოვა ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტის დატოვება. პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა მისი ეს თხოვნა.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის 2 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნესსექტორთან, ერკვევა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში და კარგად იცის ხელშემწყობი ფაქტორები, რომელიც დღეს ბიზნესის სახელმწიფოსგან სჭირდება".
ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე გახარია ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს დაინიშნა. მაშინ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" პრემიერის ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს მოხდა მისი კანდიდატურის ამ თანამდებობაზე წარდგენა.
როგორც ივანიშვილმა ბიზნესმენებს განუცხადა, გახარიას კარდაგ ესმის ბიზნესის ენა და ბიზნესმენებისაც.
„მე თქვენი გზა მაქვს გავლილი, დღეს ამის საშუალება არ მაქვს, მაგრა კარგად ვიცი, რა სჭირდება ბიზნესს. გარწმუნებთ, რომ ყველა პირობას შევქმნით. მთავრობა ჩაერევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ თქვენ გაგიუმჯობესოთ და გაგიიოლოთ ბიზნესის განხორციელება".
სხვათა შორის, ბიზნესმენებმა სოციალურ ქსელებში ომბუდსმენის პრემიერის ადმინისტრაციაში გადასვლა დადებითად შეაფასეს.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს ნოდარ ჯავახიშვილი დაიკავებს. ოფიციალური განცხადების თანახმად: „ჯავახიშვილის მრავალწლიანი გამოცდილება ხელს შეუწყობს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რესურსების სწორად და ეფექტურად გამოყენებას".
ვრცელდებოდა ინფორმაცია, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის დავით შავლიაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებაც, თუმცა ეს ინფორმაცია საბოლოოდ არ დადასტურდა.
ნოდარ ჯავახიშვილმა სამინისტროში ზურაბ კოპაძის ადგილი დაიკავა. თუმცა მინისტრის ახალმა მოადგილემ თქვა, რომ მას არავის ადგილი არ დაუკავებია: „მე არავის ადგილს არ ვიკავებ. როგორც ვიცი, იქ დაშვებულია მოადგილის დამატებითი საშტატო ერთეული და ამ საშტატო ერთეულზე მივდივარ. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. დოკუმენტურად მეც არ მინახავს".
„ასეთი" ინფორმაცია კი პრემიერის პრესსამსახურმა თავად გაავრცელა:
„გამომდინარე იქიდან, რომ ინფრასტრუქტურას მომავალი წლიდან ძალიან დიდი და მასშტაბური სამუშაოების განხორციელება მოუწევს, სამინისტროს ბიუჯეტი კი, მილიარდ ლარს შეადგენს, ზურაბ კოპაძის ნაცვლად, მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს ნოდარ ჯავახიშვილი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება, ხელს შეუწყობს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რესურსების სწორად და ეფექტურად გამოყენებას", - აღნიშნავენ პრემიერის პრესსამსახურში.
პრესსამსახური განცხადებაში სხვა ცვლილებებსაც შეეხო:
„ამ დღეებში შეიცვალა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ეს პოზიცია დაიკავა ბატონმა ზაზა დოლიძემ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ბატონი კახაბერ სოლოღაშვილი. უახლოეს დღეებში დასახელდება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი.
ახალი, კვალიფიციური კადრები სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობის წინაპირობაა. მუდმივი განახლება და სრულყოფა მიმართულია მთავრობის უფრო ეფექტურ მუშაობაზე და არის პასუხი ახალ გამოწვევებზე".
„ქართუ ბანკის" უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი იმ პრიორიტეტებზე საუბრობს, რომელიც პირველ რიგში უნდა გააკეთოს.
„ნეტგაზეტასთან" საუბარში მან თქვა:
„სამინისტროში საქმიანობას ორშაბათიდან შევუდგები. პირველი, რასაც გავაკეთებ, ტენდერების საკითხს შევისწავლი ძირფესვიანად და შევქმნი მოქნილ, დახვეწილ სისტემას, რომ ამ მექანიზმმა გამართულად იმუშაოს".
ჯავახიშვილის განცხადებით, ტენდერების სისტემის შესახებ საზოგადოებაში ეჭები არსებობს, თან ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი უწყებაა, რომელმაც ამ მიმართულებით ფული ვერ დახარჯა:
„შორიდან საუბარი რთულია. მივალ, გავეცნობი საკითხს და დასკვნას გავაკეთებ. რატომ ვერ ჩატარდა ტენდერები? ეს ცუდია თუ კარგი? ყველანაირად ვეცდები, რომ სამინისტროში ტენდერების თემა იყოს გამჭვირვალე".
„Frontnews"-ის წყაროს ცნობით, კოპაძე კომპანია „ნატახტარის" მოწილეა, ასევე, აკონტროლებს რესტორნების ქსელ „ჰუკას", თუმცა წილები სხვა პირთა სახელზე აქვს გაფორმებული. პარალელურად კოპაძე მთელი რიგი ბიზნესმენების საქართველოს ახალ მთავრობასთან ურთიერთობის „დალაგებით" იყო დაკავებული.
საქართველოს მთავრობის განცხადება:
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. რამდენიმე თვის წინ სამთავრობო გუნდში რამდენიმე მინისტრი შეიცვალა. დასახული მიზნების შესასრულებლად და სახელმწიფო სტრუქტურების უფრო ეფექტურად მუშაობისთვის ცვლილებები ქვედა რგოლებსაც შეეხო.
ცვლილებები განხორციელდა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის და ეკონომიკურ საბჭოებში.
ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს ჩაიბარებს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია. ის ასევე შეინარჩუნებს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას. რომან ჩხენკელმა, რომელმაც საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია და შექმნა ეფექტური სტრუქტურა, არაერთხელ თავად ითხოვა ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტის დატოვება. პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა მისი ეს თხოვნა. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის 2 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნესსექტორთან, ერკვევა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში და კარგად იცის ხელშემწყობი ფაქტორები, რომელიც დღეს ბიზნესს სახელმწიფოსგან სჭირდება.
მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, ვაკანტური იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობა. ამ პოზიციას დაიკავებს დავით სუჯაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
საკადრო ცვლილებები სახელმწიფო სამსახურში ბუნებრივი პროცესია. ცვლილებები შეეხო ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც. გამომდინარე იქიდან, რომ ინფრასტრუქტურის მომავალი წლიდან ძალიან დიდი და მასშტაბური სამუშაოების განხორციელება მოუწევს, სამინისტროს ბიუჯეტი კი, მილიარდ ლარს შეადგენს, ზურაბ კოპაძის ნაცვლად, მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს ნოდარ ჯავახიშვილი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება, ხელს შეუწყობს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რესურსების სწორად და ეფექტურად გამოყენებას.
ამ დღეებში შეიცვალა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ეს პოზიცია დაიკავა ზაზა დოლიძემ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა კახაბერ სოლოღაშვილი. უახლოეს დღეებში დასახელდება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი.
ახალი, კვალიფიციური კადრები სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობის წინაპირობაა. მუდმივი განახლება და სრულყოფა მიმართულია მთავრობის უფრო ეფექტურ მუშაობაზე და არის პასუხი ახალ გამოწვევებზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
ქეთი ხატიაშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი"