reportiori.ge - რა წარსული აქვთ უკრაინის მთავრობაში დანიშნულ ქართველებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:24
პრეს-დაიჯესტი
რა წარსული აქვთ უკრაინის მთავრობაში დანიშნულ ქართველებს
ავტორი:
09 დეკემბერი, 2014. 16:27


საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების უკრაინის ახალ მთავრობაში დანიშვნამ შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაართულოს. ასეთია ექსპერტთა მოსაზრება. მათი ნაწილი უკრაინის მხრიდან არამეგობრულ ჟესტზე საუბრობს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ქართველი ექსჩინოსნები უკრაინის მთავრობაში მხოლოდ პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩიეს.


უკრაინის მთავრობაში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის თემას, პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა.


ექსპრემიერი საზოგადოებას არწმუნებს, რომ ამით უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არ გაფუჭდება.


„არ ვთვლი, რომ ამით უკრაინასთან ურთიერთობა გაფუჭდება. თეორიულად, ჩვენ უნდა მივესალმოთ ჩვენი ყველა მოქალაქის წარმატებას, სადაც  არ უნდა იყოს. გასაგებია ის ემოციური დამოკიდებულება, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს და რაზეც ბოლო დროს განხილვა მიდის. მეც ვუსურვებდი მათ, რომ შეცდომები, რაც საქართველოში დაუშვეს, უკრაინაში აღარ გაემეორებინოთ. ვისურვებდი, რომ მათ იქ არაფორმალური, არაყალბი წარმატებისთვის მიეღწიოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


წინამორბედებს წარმატება უსურვა ვიცე-პრემიერმაც. კახი კალაძის თქმით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით, მისი პირველი განცხადება, რომ ეს ფაქტი „ცოტა უხერხული და წარმოუდგენელი იქნებოდა", მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს ეხებოდა.


„ზუსტად ამან გამოიწვია ჩემი გაკვირვება, რადგან ეს ორივე ადამიანი იძებნება. არსებობს კონკრეტული საქმეები, რომელზეც პასუხის გაცემას ეს ორი პიროვნება თავს არიდებს. ამით იყო განპირობებული ჩემი კომენტარი. რაც შეეხება ზღულაძესა და კვიტაშვილს, მე ამ ადამიანების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო", - განაცხადა კალაძემ.


როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა ორ ქვეყანას შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით, საკუთარ განცხადებებში საკმაოდ მოზომილია, განსხვავებით იმ ექსპერტებისგან, რომლებიც უკრაინის მთავრობას გადაწყვეტილებას უწუნებენ და ვარაუდობენ, რომ ეს თემა ურთიერთობებზე ნამდვილად აისახება.


გია ხუხაშვილი, ექსპერტი:


- ეკა ზღულაძეს დღევანდელმა საქართველომ გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი. მისი დანიშვნა ბუნებრივ შეშფოთებას უნდა იწვევდეს ჩვენში. ეკა ზღულაძე გახლდათ ვანო მერაბიშვიილს პირველი მოადგილე, იმ მერაბიშვილის, რომელიც ამჟამად სხვადასხვა ბრალდებით ზის ქართულ საპატიმროში. მათი ხელმძღვანელობის პერიოდში პოლიცია ჩამოყალიბდა ძალადობის ინსტრუმენტად. ამ სისტემური სიმახინჯის შექმნაში, რა თქმა უნდა, ეკა ზღულაძეც არის პასუხისმგებელი. უკრაინელებისთვისაც რომ გასაგები იყოს, მათ ავუხსნიდი, რომ ეს გადაწყვეტილება არის იგივე, საქართველოს ხელისუფლებამ იანუკოვიჩის გუნდის წარმომადგენლები რომ მოიწვიოს მთავრობაში, თავად იანუკოვიჩს კი საქართველოში გარკვეული პოლიტიკური აქტივობები ჰქონოდა და მას სრული ასპარეზი მისცემოდა. ვფიქრობ, საქართველოს ასეთი ნაბიჯი უკრაინაში ძალიან არ მოეწონებოდათ და უკმაყოფილებას გამოიწვევდა.


- თუმცა სააკაშვილი არ არის იანუკოვიჩი...


- ჩვენთვის სააკაშვილისა და მისი გუნდი აქტიურობა უკრაინაში დაახლოებით იგივეა, რაც იანუკოვიჩისა და მისი გუნდის აქტიურობა იქნებოდა საქართველოში. შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების მთელი რიგი წარმომადგენლები საზოგადოების მხრიდან და საგამოძიებო ორგანოების მხრიდანაც, ბრალდებულნი არიან სისტემურ დანაშაულებებში. ამ სისტემას არ ჰყავდა მხოლოდ ერთი სააკაშვილი. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ფიგურანტი არის ეკა ზღულაძე, რომლის მიმართაც შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა არ ხორციელდებოდეს, მაგრამ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა სავსებით ცხადია. ცხადია, არ უნდა ვიყოთ ძალიან კატეგორიულები, მაგრამ, თუ ჩვენ ვართ მეგობარი ქვეყნები, საზოგადოების ასეთი ემოციეი რაღაცნაირად მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. გარდა ამისა, ფაქტია, რომ სააკაშვილმა უკრაინა აქცია საკუთარ პლაცდარმად დღევანდელ საქართველოსთან საბრძოლველად. ის აქტიურობს მიტინგებზე, თოქ-შოუებში და ა.შ. არც ერთმა სხვა ქვეყანამ მას ასეთი აქტიურობის ასპარეზი არ მისცა. უკრაინისგან განსხვავებით, მას პოლიტიკური აქტივობის საშუალებას არ აძლევენ შეერთებულ შტატებში. კიევში კი მას გმირად იღებენ, რაც  თავისთავად ქმნის სირთულეებს.

 

- როგორ წარმოგიდგენიათ, ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა, როდესაც უკრაინაში ჩასულ ჭიკაიძეს მაგიდის მეორე მხარეს ეკა ზღულაძე დახვდება?


- ეკა ზღულაძე არის რაფაელ გლუქსმანის მეუღლე. მოგეხსენებათ, ეს ის პიროვნებაა, რომელიც გახლდათ ერთ-ერთი მთავარი პოლიტტექნოლოგი სააკაშვილის კარზე. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ჩვენმა სამართალდამცავმა სისტემამ უნდა ითანამშრომლოს უკრაინის სამართალდამცავ სისტემასთან. ეკა ზღულაძის შს მინისტრის მოადგილეობა გარკვეულ ჩრდილს მიაყენებს ამ თანამშრომლობის სრულფასოვან განვითარებას. შეიძლება მას ამ დარგში რაღაც კვალიფიკაცია აქვს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ის გახლავთ დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური ოპონენტი. ცნობილია რა მისი პარტიული კუთვნილება, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნდობაზე დაფუძნებული სრულფასოვანი პარტნიორობა ვერ შედგება. ასეთი შეუცვლელიც არ გახლავთ ეს ქალბატონი, რომ უკრაინას მსგავსი არამეგობრული ნაბიჯი გადაედგა საქართველოსთან მიმართებაში. ხვალ რომ ჩამოვიდეს იანუკოვიჩი და საქართველოს მთავრობა ისეთივე პატივით დახვდეს, როგორც უკრაინაში სააკაშვილს ხვდებიან, ვფიქრობ, ეს კიევში ნამდვილად არ მოეწონებათ და ძალიან დაიძაბებიან. ამიტომ უკრაინელებს უნდა ავუხსნათ, რომ სააკაშვილი და იანუკოვიჩი თავისი ბუნებით არიან ერთი და იგივე ფენომენი.

 

- სააკაშვილს, უკრაინის ექსპრეზიდენტისგან განსხვავებით, დასავლეთში გარკვეული მხარდაჭერა აქვს... არ მეთანხმებით?


- პოლიტიკოსები არ იზომებიან მათი საგარეო ორიენტაციით. ისინი იზომებიან იმით, როგორ ექცევიან საკუთარ ხალხს. ერთიც და მეორეც იყო ავტორიტარული მიდრეკილების ლიდერი, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ ხალხზე. ეს კარგად უნდა ესმოდეთ უკრაინაში.

 

- რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ „ამ არამეგობრული ჟესტის" საპირწონედ?


- ეს არ არის სკანდალის თემა. ჯერჯერობით ამ პროცესს შეუქცევადი ხასიათი არ მიუღია. ვფიქრობ, ჩვენმა დიპლომატებმა უკრაინის ხელისუფლებამდე უნდა მიიტანონ მთავარი გზავნილი იმის შესახებ, რომ ქართველ საზოგადოებაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა ძალიან მტკივნეულად აღიქმება. უნდა ავუხსნათ, რომ სააკაშვილი არის ქართველი იანუკოვიჩი, პირველ რიგში უნდა ვეცადოთ, უკრაინელებს ავუხნათ, რამდენად მიუღებელია ეს დანიშვნები ჩვენთვის. შეიძლება დროებით გადაიდოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უკრაინაში, ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე, სანამ ეს საკითხები საბოლოოდ არ გაირკვევა. სანდრო კვიტაშვილის დანიშვნას არ ვგულისხმობ, მაგრამ ზღულაძის შემთხვევაში ეს წითელი არა, მაგრამ ყვითელი ბარათი ნამდვილად არის. სწორედ ეს ქალბატონი იყო მერაბიშვილის მოადგილე, როდესაც „იმედში" შევარდნენ, 7 ნოემბერს გვარბევდნენ და ა.შ. ყველა შემთხვევაში „აპრავებდა" თავის უფროსს.


- თქვენ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი უკრაინულ მხარეს უნდა ავუსხნათო და აქამდე რატომ ვერ მოხერხდა ამის ახსნა, თუკი ეს მართლაც ასეა?


- არ ვიცი, ან ცუდი მუშაობის ბრალია, ან რაღაც სხვა ტიპის ვალდებულებებთან გაქვს საქმე. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ უკრაინელები არ გვთვლიან პარტნიორებად და მიიჩნევენ, რომ შეუძლიათ, ასე აგდებულად მოგვექცნენ.

 

- რამდენად შესაძლებელია, ამ ფონზე ორ ქვეყანას შორის გართულდეს ეკონომიკური თანამშრომლობა? როგორც მოგეხსენებათ, უკრაინა ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის?


- ამ მიმართულებით სირთულეებს არ ველოდები. ეკონომიკა და პოლიტიკა ერთმანეთისგან სრულად უნდა იყოს გამიჯნული. რაც არ უნდა მოხდეს, უკრაინასთან რუსეთზე უფრო ცუდი ურთიერთობა არ გვექნება და მოგეხსენებათ, სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთანაც კი არსებობს. ეს ორი სხვადასხვა ჭრილია.


- რაც შეეხება ლადო გურგენიძეს...


- ლადო გურგენიძესთან კიდევ სხვა კითხვებია. მაგალითად, როგორ ხდებოდა მერიის შავი ბუღალტერიის გარეცხვა მისი ბანკის მეშვეობით? ეს ხომ მისი კურირების ქვეშ ხდებოდა. სწორედ ახლა მიმდინარეობს ამ საქმეზე სასამართლო პროცესები. ფაქტია, რომ „ლიბერთი ბანკი" იყო „ნაციონალური მოძრაობის" ჯიბედ ქცეული. ბუნებრივია, ის ამ ყველაფრის თანამონაწილე გახლდათ. თუ მას შეუძლია, უკრაინის ეკონომიკას რაიმეთი დაეხმაროს, კი ბატონო, მათი არჩევანია.


- თქვენი შეფასებით, სანდრო კვიტაშვილი რამდენად წრმატებული მინისტრი იყო?


- ჩემი შეხედულება ამ ადამიანზე უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი. საერთოდ არ ვცემ პატივს ადამიანებს, რომლებსაც უდრტვინველად შეუძლიათ, იყვნენ რეჟიმის სამსახურში. მით უმეტეს, მაღალ თანამდებობებზე. თუმცა ამავე დროს ვფიქრობ, რომ კვიტაშვილს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე არაფერი გაუფუჭებია. მაგრამ არც არაფერი გაუკეთებია. ჯანდაცვის სისტემაში მის წარმატებაზე საუბარი სისულელეა. ამ სფეროში თუ რამე გაკეთდა, ეს მოხდა დავით სერგეენკოს მინისტრობის პერიოდში. ვგულისხმობ ადამიანზე ორიენტირებულ ჯანდაცვას. რაც შეეხება მის მოღვაწეობას უნივერსიტეტში, ეს საერთოდ კურიოზული ამბავია. პრაქტიკულად კვიტაშვილი თსუ-ში არაფერს წარმოადგენდა. იქ დადეს უბრალოდ და მის ნაცვლად უნივერსიტეტს რეალურად კირკიტაძე და ნაცაქტივისტები მართავდნენ.


რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი:


- ყველა ქვეყანა დამოუკიდებლად წყვეტს თავის ბედ-იღბალს და საკადრო გადაწყვეტილებებსაც საკუთარი შეხედულებიდან გამომდინარე იღებს. როგორც ჩანს, უკრაინაში კადრების სერიოზული დეფიციტია. ყოველ შემთხვევაში უკრაინის ახალი ხელისუფლება ასეთად აღიქვამს სიტუაციას. მეორე მხრივ, მათ აქვთ შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილისეული რეფორმები უნდიკალური იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში და სწორედ ეს სჭირდება უკრაინას. საერთოდ, უკრაინაში მართლაც არსებობს კორუფციის პრობლემა, ისევე როგორც რუსეთში. როგორც ჩანს, სწორედ ამ შთაბეჭდილების ფონზე მიიიღო უკრაინის ხელისუფლებამ ჩვენი გადმოსახედიდან არცთუ ისე ღირსეული გადაწყვეტილება.

 

- რამდენად საფუძვლიანია საუბარი იმაზე, რომ, რაკი ეკა ზღულაძე ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო, მასაც ეკისრება პასუხისმგებლობა?


- ძნელია ამაზე საუბარი, რადგან თითოეულ მოადგილეს აქვს თავისი საკურატორო სფერო და რამდენადაც ვიცი, ზღულაძესთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალური ბრალდება, ან პრეტენზია ამ დრომდე არ გაჟღერებულა. შესაბამისად, თუ მის საკურორტო სფეროში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ხდებოდა, ვერ ვისაუბრებთ ეკა ზღულაძის პასუხისმგებლობაზე.

 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016