reportiori.ge - ელისო კილაძე: ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ქვეყნის მართვის სადავეებს ე.წ. კახელების კლანი ჩამოაშოროს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:49
პრეს-დაიჯესტი
ელისო კილაძე: ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ქვეყნის მართვის სადავეებს ე.წ. კახელების კლანი ჩამოაშოროს!
ავტორი:
09 დეკემბერი, 2014. 19:17

 

 

 

გაზეთ „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე თავის პოლიტიკურ სიმპათიებზე საუბრობს და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ირგვლივ კულუარულ ინფორმაციასაც გვიმხელს.

 

- „ქრონიკა პლუსის" სკანდალურად გამქრალი ტირაჟის შემდეგ ჩვენი პირველი ინტერვიუა თქვენთან...


- არც მაშინ და არც ახლა არ ვადასტურებ, რომ ტირაჟის შესყიდვა გიორგი ზედელაშვილისა და ზვიად ჯანყარაშვილის დავალებით მოხდა. ეს იყო შეგნებულად დაგეგმილი პროცესი და მიზნად ისახავდა ამ თანამდებობის პირების დისკრედიტაციას. იმავე დილით ჩემთან იყვნენ მოსული ადამიანები, რომლებიც წუხდნენ ტირაჟის გამო და შემომთავაზეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის"  - ეკა გიგაურის დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე ვთქვი, ვანო მერაბიშვილის ყოფილი თანამშრომლის დახმარება არ მჭირდება-მეთქი, მათ არ გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა და ჩვენთან შეუთანხმებლად გაავრცელეს განცხადება. არ გამოვრიცხავ, თავად შეესყიდათ გაზეთის ტირაჟი, რომ ღარიბაშვილისთვის მიეყენებინათ დარტყმა. სწორედ ამიტომ გავემიჯნეთ ამ პროცესს. არავის მივცემ იმის საშუალებას, რომ „ქრონიკა+„"-ის ჟურნალისტთა კოლექტივი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.


- საინტერესო განცხადებაა...


- კიდევ ერთხელ ვამბობ. არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ვანო მერაბიშვილს ემსახურებოდნენ, დღეს დემოკრატიის დედები გახდნენ და ადამიანის უფლებების დამცველ კამპანიებს აწარმოებენ, მათ შორის, მოსმენებთან დაკავშირებით. მაინტერესებს, რა მოსმენებზე საუბრობს ეკა გიგაური, როცა მისი მინისტრი - ვანო მერაბიშვილი ლამის საწოლში უვარდებოდა ხალხს?! მაშინ რატომ არ გამოთქვა პროტესტი? დიახაც, მოსმენების გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში უნდა იყოს. ჩვენ ვართ საფრთხეებით გარემოცული ქვეყანა, ოკუპანტი ქვეყნის მეზობელი. როგორ წარმოგიდგენიათ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ინფორმაციას ტერორისტული ჯგუფების გადაადგილების თაობაზე, ეკა გიგაურს და ლაშა ტუღუშს უნდა სთხოვოს ნებართვა, რომ დამნაშავეებს მოუსმინოს?! ეს ის შემთხვევაა, როცა ცალსახად სახელმწიფოს მხარეს ვარ!

 

- ნაციონალების კრიტიკის კვალდაკვალ, იმასაც ამბობენ, განსაკუთრებულ სიმპათიებს იჩენს ელისო კილაძე სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას მიმართო... პირდაპირ გკითხავთ, რა ურთიერთობა გაქვთ კოდუების ოჯახთან?

 

- ნაცები პირიქით თვლიან - თითქოს მე „ოცნების" მხარდამჭერი ვარ და ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა მაფინანსებს. უკვე მივეჩვიე ასეთ ჭორებს და დიდად არ ვნერვიულობ.


არც ერეკლე კოდუას ვიცნობ და არც ლაურა ღაჭავას, მაგრამ არ დაგიმალავთ, დიდხნიანი მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს ნანუკა ჟორჟოლიანთან, თუმცა, როცა მისი მეუღლე სოდ-ის უფროსი იყო, მასთან პიროვნული ურთიერთობა გაწყვეტილი მქონდა. სხვათა შორის, პირველად ვამბობ - რომ იცოდეთ ნანუკა ჟორჟოლიანს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით რა აქვს გაკეთებული, მეტ პატივისცემას დაიმსახურებდა თქვენი მხრიდან. თავის მართლების რეჟიმში არ ჩავდგები, მაგრამ სწორედ „ქრონიკა+" იყო ის გამოცემა, რომელმაც ფოთის პორტში დაგეგმილი სერიოზული ავანტიურა ჩაშალა, რომელიც ნაციონალების მომხრეთა ერთი ჯგუფის მიერ 15 ნოემბერს იგეგმებოდა. ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ფოთის პორტის მენეჯმენტმა მთლიანად შეცვალა ქვედა რგოლი. როგორ წარმოგიდგენიათ, კოდუასთან მაქვს ურთიერთობა და ნაციონალური მოძრაობის გეგმებს ვშლი?! ერეკლე კოდუა და ნაციონალური მოძრაობა არასოდეს განმიხილავს ცალკე ნაწილად. ვისაც ეჭვი ეპარება ჩემს სიმართლეში, შეუძლია გაეცნოს „ქრონიკა+"-ის ნომრებს, სადაც ბადრი პატარკაციშვილის წინაშე ერეკლე კოდუას „დამსახურებების" შესახებ არაერთი სტატია დაიბეჭდა. პირობას გაძლევთ, ერეკლე კოდუაზე კრიტიკული მასალები მომავალშიც დაიბეჭდება.


- ლაურა ღაჭავაზე არაფერი გაქვთ სათქმელი?

 

- ლაურა ღაჭავას ჰქონდა ურთიერთობა ჩემი მეგობრების გარკვეულ ჯგუფთან. არ ვიცი, ეს ურთიერთობა იყო თუ არა ფინანსური, მაგრამ ამას მოჰყვა ჭორები, რომ თითქოს ლაურა ღაჭავა „ქრონიკა+"-ს აფინანსებს. არ დაგიმალავთ, ლაურა ღაჭავას გარემოცვა ავრცელებდა ამ ხმებს.


- რატომ?

 

- უჯობესია, მას ჰკითხოთ. სხვათა შორის, მშვენიერი საოფისე ფართები გააკეთა „პირიმზის" შენობაში, მაგრამ იმის გამო არ ვქირაობ, რომ ვინმემ რაიმე კუდები არ გამოაბას. ცხადია, მეც ვიცი, ვინ ავრცელებს ამგვარ ჭორებს, თუმცა, ჯერ კიდევ ვფიქრობ, ვამხილო თუ არა ის ჟურნალისტი. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, მომიწევს უახლოეს მომავალში ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა. არიან ჟურნალისტები, რომლებმაც თავის დროზე ნანუკა ჟორჟოლიანს თხოვნთ მიმართეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახის წევრები დაასაქმებინეს, დღეს კი, მისი მეუღლე სოდ-ის უფროსი რომ აღარ არის, ახალ ხელმძღვანელობასთან ნანუკა ჟორჟოლიანის ოჯახის ლანძღვით იმყარებენ პოზიციებს. ჩემთვის ეს უფრო დიდი უზნეობაა, ვიდრე ის, რა ურთიერთობაც პერსონალურად ნანუკასთან მაქვს.


ერთადერთი რასაც ვადასტურებ, პოლიტიკური სიმპატიები მაქვს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიმართ. ეს არც არასდროს დამიმალავს, თუმცა, ჩემი პერსონალური სიმპათიები ხელს არ მიშლის, მისი გადაწყვეტილებები გავაკრიტიკო.

 

- თქვენი ინფორმაციით, მართლა გადაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემის წაყვანა?

 

- როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილმა „ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული მიხეილ ცაგარელის რჩევა გაითვალისწინა! ის ასტროლოგიით გატაცებულია, ყურადღებას აქცევს მსგავსი ტიპის რჩევებს, თუმცა, ახალი წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში იმდენად საინტერესო პოლიტიკური პროცესები განვითარდება, რომ შესაძლებელია, აქტუალურიც და საჭიროც კი იყოს ივანიშვილის პოზიციის ხშირად დაფიქსირება. მოსმენების შესახებ კანონმა კიდევ უფრო გამოკვეთა ის ფარული პოლიტიკური ომი, რის შესახებაც უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ალასანია თავიდან ბოლომდე გაიშიფრა, რაც შეეხება რესპუბლიკელებს, არც ისინი დარჩებიან დიდხანს კოალიციის ერთგულები და ელოდებიან შესაფერის მომენტს მის დასატოვებლად. ამჟამად არსებობდა რესურსი, რომ უმრავლესობა შენარჩუნებულიყო. არც ღარიბაშვილის პოზიციებია ისეთი სუსტი, რომ მას მორეოდნენ. საუბარია ღარიბაშვილის წინააღმდეგ პირად რევანშზე და არა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე. ასევე გაგრძელდება საკადრო გადაადგილებები.

 

- ამჟამად რა ინფორაციას ფლობთ, საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით?

 

- ეს შემთხვევით არ ხდება! რომან ჩხენკელი, რომელიც „ქართუ ბანკის" გაკოტრების სქემის ერთ-ერთი მონაწილე იყო, პრემიერის მრჩეველი აღარ იქნება. მისი ძმა აკაკი ჩხენკელიც ჩამოაშორეს რეგიონების მართვას. ჩემი ინფორმაციით, მალე დატოვებს თანამდებობას ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი. ერთი სიტყვით, თანამდებობიდან მიდის ყველა ის პირი, მათ შორის, გუბერნატორები, ვინც ზვიად ჯანყარაშვილის მიერ იყო ლობირებული. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ქვეყნის მართვის სადავეებს ე.წ. კახელების კლანი ჩამოაშოროს! როგორც ვიცი, ივანიშვილი ჯანყარაშვილის ბიზნესპარტნიორების თემამ საბოლოოდ გააბრაზა.


- მივა თუ არა ეს პროცესი ირაკლი ღარიბაშვილამდე?

 

- ჩემი ინფორმაციით, ეს ცვლილება პრემიერ-მინისტრს არ შეეხება. ღარიბაშვილის არც გადადგომა და არც გადაყენება არ იგეგმება.


- ეკონომიკურ გუნდში ცვლილებებს უცნაურად დაემთხვა ლარის კურის ვარდნა...


- ლარის კურსის დაცემა უფრო ეროვნული ბანკის დანაშაულია. ნუ დაგვავიწყდება, ვინ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ბატონი ქადაგიძე სწორედ ის ადამიანია, ვინც ნაციონალური მოძრაობის ყურმოჭრილი მონა იყო. ამიტომაც არ არის გამორიცხული ეს ყველაფერი საბოტაჟი და წინასწარ დაგეგმილი ავანტიურა იყოს. ნაციონალებისგან არაფერია გამორიცხული.


ახლაც ლაფანყურის თემაზე უსინდისოდ იცრუა ეკა კვესიტაძემ. გია ლორთქიფანიძე, იგივე ბოროტა, რომლის გათეთრებასაც ეკა კვესიტაძე ცდილობს, ის ადამიანია, რომელიც გლდანის ციხეში, გარდაცვლილის ოჯახებს ცხედრების გადაცემაზე პირადად ევაჭრებოდა. ვაჭრობის ერთ-ერთი პირობა იყო, გარდაცვლილები ღამით, ჩუმად, ყოველგვარი გლოვის გარეშე დაეკრძალათ. ასევე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეკა კვესიტაძის მიერ დასახელებული მეორე მთავარი პერსონა - სანდრო ამირიძე გახლავთ ის პირი, რომელიც ქისტების თბილისში ცხოვრებას კურირებდა. ეს ადამიანები არალეგალურად მარტში შემოიყვანეს საქართველოში. მათი მომზადება თბილისში შავნაბადას ბაზაზე ხდებოდა და თბილისში, კონსპირაციულ ბინაში აცხოვრებდნენ. ეკა კვესიტაძე რომ ამბობს, ვიღაც ჩეჩენს სთხოვენ მასზე ჩვენების მიცემასო, რასაკვირველია, მოსთხოვენ, რადგან სანდრო ამირიძე ერთ-ერთი მთავარი პერსონა გახლდათ ამ საქმეში. აქვე გეტყვით, ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ორი წლის შემდეგ ჩემთან ინტერვიუში დუმილი დაარღვია და სრული სიმართლე თქვა.

 

- ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა? მითები და რეალობა დღემდე ერთმანეთშია არეული...


- ეს იყო წინასწარ გამიზნული ოპერაცია, რომელსაც ორი მიზანი ჰქონდა - ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია, რომელიც წინასაარჩევნოდ ახმეტაში მისი ჩასვლისას იგეგმებოდა და მეორე - უნდა მომხდარყო ერთ-ერთი ვაჰაბისტური მეჩეთის აფეთქება, რასაც მსხვერპლი მოჰყვებოდა, პანკისის ხეობაში არეულობა დაიწყებოდა და არჩევნებისთვის აღარავის ეცლებოდა. თუმცა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. თუ რა, დეტალურად „ქრონიკა+"-ის მომდევნო ნომერში წაიკითხავთ. ეკა კვესიტაძის ამოცანაა დღევანდელი ძალოვანი უწყების დისკრედიტაცია და ამ გზით ცდილობს  ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულების სხვაზე გადაბრალებას.


უკაცრავად, მაგრამ შოთა უტიაშვილის ცოლისგან საზოგადოება ამას არ მიიღებს! კარგია თუ ცუდია, ეს ის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არის, როგორიც მერაბიშვილის დროს იყო. ჩეჩნები და ტერორისტები უკვირთ?


შემთხვევით სააკაშვილის მმართველობის დროს ტერორისტული ბაზები ხომ არ იყო პანკისის ხეობაში განთავსებული და ხომ არ ხდებოდა საქართველოში მათი მომზადება რუსეთში ტერორისტული აქტების მოსაწყობად?!


საზოგადოებას იმასაც შევახსენებ, როგორ შეხვდა ბორის ბერეზოვსკი უვაის ახმადოვს ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში და როგორ დაუკვეთა სოჭში ტერორისტული აქტის მოწყობა. ამიტომ ჯობს, ტერორისტულ აქტებზე და ჩეჩნების თემებზე სპეკულაციას მორჩნენ! ასეთ თემებზე კვესიტაძემ საერთოდ არ უნდა ილაპარაკოს. სააკაშვილის რეჟიმის დროს სწორედ მისი ქმარი - შოთა უტიაშვილი გახლდათ ჟურნალისტების კურატორი. ავლაბარში, კონსპირაციულ ბინაში, ჟურნალისტებს პირადად ხვდებოდა და დავალებებს აძლევდა. ნუ ჰგონიათ, რომ არავინ არაფერი იცის. უბრალოდ, არ მინდა, ჩემი კოლეგების მისამართით კრიტიკული ვიყო. ასე რომ, ეს თემა, მოდით, აქ დავასრულოთ.

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016