reportiori.ge - დავით საგანელიძე: ,არ გამოვრიცხავ, ნაციონალები და რესპუბლიკელები რაღაც პერიოდში დაჯგუფდნენ'
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:44
პრეს-დაიჯესტი
დავით საგანელიძე: ,არ გამოვრიცხავ, ნაციონალები და რესპუბლიკელები რაღაც პერიოდში დაჯგუფდნენ'
ავტორი:
10 დეკემბერი, 2014. 10:27


ითხოვს თუ არა ისედაც ,,უუფლებო'' პრეზიდენტისთვის ვეტოს უფლების შეზღუდვას, რატომ არ გაუკვირდა ნაციონალური მოძრაობის, რესპუბლიკელებისა და ,,თავისუფალი დემოკრატების'' ერთ პოზიციაზე ჩამოყალიბება და რომელ პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკურ სუბიექტს მოუწევს უმრავლესობის პრინციპების დარღვევის შემთხვევაში კოალიციის შემადგენლობის დატოვება? მედიისთვის გამოცხადებული ბოიკოტის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ,,ვერსიას'' ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს.      


 

_ ისედაც უუფლებო პრეზიდენტს, რომლის საარჩევნო შტაბსაც თავის დროზე თქვენ ხელმძღვანელობდით, დღეს ვეტოს უფლებასაც რატომ უზღუდავთ?



_ პრეზიდენტისთვის ვეტოს გამოყენების შეზღუდვას არ ვითხოვ, მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში არ დამიყენებია. ჩემი განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გაშუქდა. უბრალოდ, ვთქვი, რომ ამ მხრივ კონსტიტუციაში გარკვეულ უზუსტობასთან გვაქვს საქმე _ ერთის მხრივ, ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის გაჟღერების უფლებას არ აძლევს, მეორე მხრივ, გიორგი მარგველაშვილი, კანონზე ვეტოს დადების შემდეგ, პარლამენტში საკუთარი შენიშვნებით შემოდის. ასე მოხდა ,,მოსმენების შესახებ კანონის'' შემთხვევაშიც.



_ ანუ, თქვენი აზრით, პრეზიდენტს პარლამენტისთვის რეკომენდაციის გაწევის შესაძლებლობაც არ უნდა ჰქონდეს?



_ საკანონმდებლო ინიციატივასა და რეკომენდაციებს შორის ზღვარის გავლება რთულია! პრეზიდენტს არ უთქვამს, პარლამენტარებო, მიღებული კანონი კიდევ ერთხელ კარგად გააანალიზეთო, იგი ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შემოვიდა. ამიტომ მართალია, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ვითხოვ, მაგრამ მიმაჩნია, რომ კანონმდებლობით რეკომენდაციასა და ახალ კანონპროექტს შორის ზღვარი უნდა მოწესრიგდეს. საკონსტიტუციო კომისია ახალი კონსტიტუციის ვერსიაზე მუშაობას მალე დაიწყებს და მის ფარგლებში, მსგავსი საკანონმდებლო ხარვეზებიც გამოსწორდება.



_ ,,ქართული ოცნებისთვის'', პრეზიდენტის გარდა, რესპუბლიკელებიც ერთგვარ პრობლემად იქცნენ. უმრავლესობაში ახალი ოპოზიციური ჯგუფი ხომ არ იქმნება?



_ არ მიკვირს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები კონკრეტულ თემაზე საერთო პოზიციაზე თანხმდებიან. ასეთია პოლიტიკური ცხოვრება. ზოგჯერ მგონია, პრეზიდენტს კომპლექსი გაუჩნდა და მუდმივად ცდილობს, ,,ქართული ოცნების'' პოზიციას დაუპირისპირდეს, არიქა, პარტიული პრეზიდენტობა არ დამაბრალონო. ამიტომაც ემიჯნება კოალიციას ისეთ საკითხებში, სადაც გასამიჯნი არაფერია. ასეთ ვითარებაში სხვა პოლიტიკურმა ძალებმა სცადეს პრეზიდენტს მიახლოებოდნენ და მასთან ერთად გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფება შეექმნათ.


 

_ დავაზუსტოთ _ რესპუბლიკელები და ,,თავისუფალი დემოკრატები'' ცდილობენ პრეზიდენტთან დაახლოებას ,,ქართული ოცნების'' წინააღმდეგ?



_ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ნაბიჯია. პოლიტიკაში ყოფნის დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ კარგად ვიცი, თითოეული განცხადების უკან რა პოლიტიკური მიზანი იმალება. დიახ, არ გამიკვირდა, რომ რესპუბლიკელებმა და ,,თავისუფალმა დემოკრატებმა'' ,,ქართული ოცნების'' მიერ მოწონებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. საერთოდ, ცხოვრებაში აღარაფერი მიკვირს. კოალიციისგან პრეზიდენტის გამიჯვნა ,,თავისუფალ დემოკრატებს'' მოეწონათ და თქვეს, ჩვენც მარგველაშვილთან ვართო. რესპუბლიკელების პოზიცია თავიდანვე გასაგები იყო, რადგან მათ პარლამენტში კანონპროექტის სხვა ვარიანტი შემოიტანეს, მაგრამ საბოლოოდ, ისინიც ამ ფლანგს შეუერთდნენ და დაჯგუფდნენ. როცა უმრავლესობის წევრი გქვია, მოგწონს თუ არა, უმრავლესობის პოზიციასა და პრინციპს უნდა დაემორჩილო! პარლამენტში ერთდროულად ორი კანონპროექტი რომ არ შემოსულიყო და პრეზიდენტს მათი განხილვის ვადები ვეტოთი არ შეეზღუდა, კოლეგების მიმართ ასეთი რბილი და ლიბერალური არ ვიქნებოდი. მათ შორის, არც რესპუბლიკური პარტიის და არც თამარ კორძაიას მიმართ, რომელიც ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' წევრია. უმრავლესობიდან მათი გამიჯვნა თავადვე იმით გავამართლე, რომ დროის სიმცირის გამო, ორი კანონპროექტის შეჯერება ვერ მოვასწარით. ამიტომ კამათი პირდაპირ სესიაზე დავიწყეთ.



_ ანუ ახლა აფრთხილებთ კოლეგებს, რომ, თუ მომავალში უმრავლესობის მხარდაჭერილ კანონპროექტს გაემიჯნებიან, კოალიციის რიგების დატოვება მოუწევთ?



_ იმედი მაქვს, ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო. აბსოლუტურად სხვა პოზიციას დავიკავებდი, მსგავსი მსჯელობა სულ სხვა კანონპროექტზე რომ დაწყებულიყო და დროში შეზღუდულები არ ვყოფილიყავით. ბუნებრივია, უმრავლესობას სხვა პრინციპი და დებულება აქვს. შესაბამისად, თუ უმრავლესობის აზრს არ ეთანხმები, მარტივად შეგიძლია, მისი რიგები დატოვო. ამ შემთხვევაში მხოლოდ ფრაქცია რესპუბლიკელების პოზიციას არ ვგულისხმობ, თამარ კორძაიაც უმრავლესობას გაემიჯნა. თუ არ მოგწონს და შენივე ფრაქციის პოზიციას არ ეთანხმები, მაშინ, წესით, უნდა გახვიდე, არა?



_ ამ დონეზე საუბარი უკვე გქონდათ უმრავლესობის შიგნით?



_ არა, ცაიტნოტის გამო კოალიციაში საუბრისთვის დრო აღარ გვქონდა. თანაც არ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც ვიღაცას პოზიციის შეცვლას აიძულებს. ღმერთმა დაგვიფაროს! ამიტომ მოვლენებს ტრაგიკული ელფერი არ უნდა შევძინოთ.


 

_ თუ თავადვე ამბობთ, რომ ურჩი კოლეგების მიმართ ლიბერალური არ იქნებით, უკვე გასაგებია, რომ უმრავლესობაში თანამშრომლობის პრობლემა დღის წესრიგში დადგა.



_ ამ ეტაპზე, უმრავლესობაში წინააღმდეგობებს პირადად მე ვერ ვხედავ. ეს იმას აწყობს, ვისაც ერთი სული აქვს, არიქა, უმრავლესობა დაიშალოს და შესაბამისად მმართველ გუნდს პარლამენტში დასაყრდენი არ ჰქონდესო. გამიკვირდა, როცა რამდენიმე მოწვევის პარლამენტარმა, გამოცდილმა პოლიტიკოსმა კაკო ბობოხიძემ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის არსებობა აუცილებელი არ არისო. სასაცილოზე სასაცილოა! ყველა ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში უმრავლესობა არსებობს და როცა ის იშლება, სწორედ მაშინ დგება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი. მსგავსი პრობლემის წინაშე დღეს ბულგარეთი დგას და უკრაინაც ასეთ დღეში მუდმივად იყო. უმრავლესობა რომ დაშლილიყო, ეს სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევდა. მადლობა ღმერთს, ეს არ მოხდა და ყველას დავამშვიდებ, რომ არც მომავალში მოხდება.



_ და ნაციონალების, რესპუბლიკელებისა და ,,თავისუფალი დემოკრატების'' ერთ პოზიციაზე ყოფნას მომავალში გამორიცხავთ?



_ არ ვიტყვი, რომ რესპუბლიკლელებსა და ნაციონალებს საერთო მიზნები და პოლიტიკური ამოცანები აქვთ, მაგრამ: არასოდეს თქვა _ არასოდეს, მით უმეტეს, ჩემ ასაკში და ჩემი პოლიტიკური სტაჟით, არასოდეს ვამბობ _ გამორიცხულია რომელიმე პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ- მეთქი. ახლაც არ გამოვრიცხავ, ნაციონალები და რესპუბლიკელები რაღაც პერიოდში დაჯგუფდნენ. დარწმუნებით მხოლოდ საკუთარ თავზე შემიძლია გითხრათ _ ნაციონალურ მოძრაობასთან არც ერთ კოალიციაში, არასოდეს დავჯგუფდები! ამას გამოვრიცხავ, თორემ ,,თავისუფალ დემოკრატებთან'' ერთად შესაძლებელია ბევრი რამ ერთობლივად ვაკეთოთ. გული მწყდება, რომ დღეს სხვადასხვა ფლანგზე ვართ. _ თქვენ პოლიტიკურ მომავალს ირაკლი ალასანიას გუნდს უკავშირებთ?



_ არა, გამოვრიცხავ... ჩემი აზრით, რაც ახლა ირაკლი ალასანიას ირგვლივ ხდება დიდი გაუგებრობაა. არც ალასანიას ვეთანხმები, რომ თავდაცვის სამინისტროში დაწყებული გამოძიება კონკრეტულად მის მიმართ დაწყებული პოლიტიკური შურისძიებაა. ვფიქრობ, მან შეფასებების გაკეთება იჩქარა.


 

_ არადა, როცა ირაკლი ალასანია კოალიციას ტოვებდა, ერთ-ერთი პირველი აცხადებდით, საქმეში კორუფციული სქემები აშკარააო.



_ უდანაშაულობის პრეზუმპციას არ დავარღვევ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, გასაჯაროებული მასალების მიხედვით საქმე სერიოზულ კორუფციულ სქემასთან გვაქვს! მეორე მხრივ, შინაგანად აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მასში ირაკლი ალასანია ჩართული არ იყო. სამწუხაროა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის ნაცვლად, რაც მისი პირდაპირი მოვალეობა იყო, განაცხადა არავინაა დამნაშავე, დაკავებულებს თავდებში დავუდგები და ეს პოლიტიკური ზეწოლააო. არათუ უზარმაზარ სისტემაში, ზოგჯერ ოჯახშიც ხდება გაუგებრობა. მაინც მინდა ვიფიქრო, რომ ეს გამიზნული ქმედება კი არა შეცდომა იყო.    



(წყარო: ვერსია, რუსუდან შელია


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016