კოსმოსურმა სატელიტურმა გადამცემმა შირაქში უძველესი ნაქალაქარი დააფიქსირა. არქეოლოგიური სამუშაოების პირველი ეტაპი უახლოეს დღეებში დასრულდება და ცნობილი გახდება, შეიძენს თუ არა კვლევა ფართო მასშტაბებს.
ექსპედიციის ხელმძღვანელის, ილიას უნივერსიტეტის პროფესორის კოტე ფიცხელაურის განცხადებით, ვარაუდის დადასტურების შემთხვევაში, აღმოჩენა უნიკალური იქნება, რადგან ის ქვეყნის ისტორიას მთლიანად შეცვლის.
პირველადი ვერსიით, ნაქალაქარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე XII-X საუკუნეების პერიოდს ეკუთვნის და ის შესაძლოა, უძველესი სახელმწიფოს დედაქალაქი ყოფილიყო, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული არ არის.
სპეციალისტებს ეჭვის საფუძველს სასახლის მასშტაბები, ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნასახლარები და სამარხები აძლევს.
მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ რა დასკვნა გაკეთდება ე.წ. დიდნაურის ტერიტორიაზე ჩატარებულ კვლევებზე.