reportiori.ge - ელიზბარ ჯაველიძე ასლან აბაშიძეზე: კაცი ტიროდა – საქართველო ენატრება, თავისი მეუღლის, ქალბატონი მაგულის საფლავი ენატრება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:37
ინტერვიუ
ელიზბარ ჯაველიძე ასლან აბაშიძეზე: კაცი ტიროდა – საქართველო ენატრება, თავისი მეუღლის, ქალბატონი მაგულის საფლავი ენატრება!
ავტორი:
10 დეკემბერი, 2014. 15:28


დიდი მემედ-ბეგ აბაშიძის შვილიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ასლან იბრაჰიმის ძე აბაშიძე საქართველოში უნდა დაბრუნდეს! დიახ, ასლან აბაშიძეს სრული უფლება აქვს, ათწლიანი დევნილობის შემდეგ მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვიდეს და კრძალვითა და ცრემლით მოიყაროს მუხლი თავისი დიდებული მეუღლის, ქალბატონი მაგული გოგიტიძის საფლავთან. უფრო მეტიც, ასლან აბაშიძე, რომელსაც ქართული მიწის ერთი გოჯიც კი არ გაუყიდია, სამშობლოში დიდებით უნდა დაბრუნდეს!


ლეგენდარული ბერძენი სარდალი, ათენის მონათმფობელური დემოკრატიის ერთ-ერთი ავტორი თემისტოკლე (ძვ. წ. 524-459) ბერძნებმა ერთხანს მოიძულეს და შეურაცხყვეს. თემისტოკლემ ხელისუფლება დატოვა... გამოხდა ხანი, ათენელებმა, როგორც იქნა, დაინახეს თემისტოკლეს  უდიდესი ღვალწი და ხელისუფლების სადავეების ხელში აღებას ეხვეწებოდნენ თავდადებულ მამულიშვილს, რომელმაც თანამემამულეებს შემოთავაზებაზე უარი ამ სიტყვებით უთხრა - „იმ ხალხს, რომელიც ერთსა და იმავე ჭურჭელს ხან ღამის ქოთნად ხმარობს და ხან - სასმისად, ვერ მოვიწონებ!"


ერს, რომელმაც ილია ჭავჭავაძე და ზვიად გამსახურდია მოკლა, ასლან აბაშიძე ქვეყნიდან განდევნა, ხოლო მსოფლიოს 7 წამყვანი ფსიქიატრიული კლინიკის მიერ „ტანსაცმელიან გიჟად" გამოცხადებულ მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ტახტი უკურთხა და „მიშა, მიშას!" ბღავილით ქვეყნიერება შეძრა, ალბათ, გმირთაგმირი და ლეგენდარული თემისტოკლეს სიტყვები ყველაზე უკეთ შეესატყვისება, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, სულმნათმა მერაბ კოსტავამ რომ წარმოთქვა 1989 წლის 9 აპრილის წმინდა ღამეს - „საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წუთები და ეს წუთი ერთ-ერთი უდიდებულესია სხვა წუთებს შორის!"


ასლან აბაშიძის მეგობარი და თანამებრძოლი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, მიიჩნევს, რომ დიდი მემედბეგ აბაშიძის ღირსეული შვილიშვილი, რომელსაც ამ რამდენიმე დღის წინათ ტელეფონით ესაუბრა, სამშობლოში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს და მისი ხელშეუხებლობა დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს!

 

- ბატონო ელიზბარ, სამშობლოში დაბრუნების შესახებ თავად აბაშიძეს ესაუბრეთ? რა გითხრათ, რას გეგმავს, რას აპირებს ბატონი ასლანი?


- უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ასავალ-დასავალს" იმისთვის, რასაც ის ეროვნული იდეალების დაცვის საქმეში აკეთებს. აქ მარტო იმას არ ვგულისხმობ, რომ „ასავალ-დასავალი" მხარს უჭერს და გულით და სულით უერთდება ბატონი ასლანის სამშობლოში დაბრუნების იდეას... დღეს ასლან აბაშიძე დევნილი და გაძევებულია თავისი სამშობლოდან და მე ძალიან კარგად ვიცი, რას გრძნობს და რას განიცდის მამულიშვილი ამ დროს. წლების წინათ, როცა ემიგრაციაში წავედი, მომცეს გაეროს პასპორტი, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში მაძლევდა წასვლის უფლებას, მაგრამ იქ გერმანულად გარკვევით ეწერა - „Ohne Georgien!" ანუ საქართველოს გარდა, ყველგან შემეძლო წასვლა და სწორედ ამის შეგრძნება იყო საშინელება. სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ „მიწის ყივილი" არ არის ლიტერატურის თემა და ეს გახლავთ გენეტიკური, ქართული განცდა, რადგან, როგორც ვაკვირდები, სხვა ერებში ეს შეგრძნება ნაკლებად არის გამოხატული. არცერთ ერს არ შევურაცხყოფ, მაგრამ, მაგალითად, სომხები და ებრაელები, ყველგან მშვენივრად გრძნობენ თავს, ხოლო ქართულ მიწას მოწყვეტილი ბედნიერი ქართველი არ მინახავს! 18 წლის შემდეგ ჩამოვიდა ემიგრაციიდან ჩემი მეგობარი და შესანიშნავი პოეტი ენვერ ნიჟარაძე. ემიგრაციაში ყოფნისას, როცა გერმანიაში ვიყავით და ტელევიზორში საქართველოს მთებსა და ხედებს მოვკრავდით თვალს, მე და ენვერს ცრემლი გვდიოდა, ვტიროდით!

 

- ბატონო ელიზბარ, ასლან აბაშიძესაც ხომ არ უტირია, როცა ტელეფონით გელაპარაკათ?


- ამ რამდენიმე დღის წინათ ვილაპარაკეთ მე და ბატონმა ასლანმა ტელეფონით და მივხვდი, რომ სამშობლო-ქვეყნის უნახაობით გამოწვეული ნაღველი და სევდა ყელში ბურთივით ჰქონდა მომდგარი. პირდაპირ გეტყვით: კაცი ტიროდა - საქართველო ენატრება, თავისი მეუღლის, ქალბატონი მაგულის საფლავი ენატრება! მითხრა - არც ეკონომიურად მიჭირს, არც არაფერი მაკლია, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლა მინდა, სადაც ვარ, აქ ყველაფერი სულერთია ჩემთვისო!  საშინლად განვიცადე ეს ამბავი... დღეს რომ აჭარა საქართველოს შემადგენლობაშია, განა ასლანის პაპის მემედ აბაშიძის დამსახურება არ არის? მართალია, ის მუსლიმანურ ტრადიციებს იცავდა, მაგრამ ხომ ცნობილია, როგორი ქართველიც იყო! ერთ-ერთ თავყრილობაზე მემედ აბაშიძემ წყლით შესვა ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელო. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ილიაც თითქოს დაიბნა თავიდან, რადგან წყლით სადღეგრძელოს თქმა, ცოტა არ იყოს, უჩვეულო და წარმოუდგენელია ჩვენთვის, მაგრამ მემედ აბაშიძემ ისე ადღეგრძელა ილია, საქართველოს უგვირგვინო მეფე წამოდგა და მემედ აბაშიძეს ეამბორა. ასლან აბაშიძე პაპამისის - დიდი მემედ აბაშიძის ცნობიერების მატარებელი კაცია და მისი პოლიტიკური ინტერესი ყოველთვის დაკავშირებული იყო საქართველოსთან, ეროვნულობასთან და ქართველობასთან. მახსოვს, ერთხელ, მე და ცხონებულმა მუხრან მაჭავარიანმა ვთხოვეთ - აჭარის შავიზღვისპირეთში ჩვენთვის პატარა ნაკვეთები გამოეყო, სადაც სააგარაკო სახლებს ჩავდგამდით. ძალიან ახლო მეგობრობის მიუხედავად, უარი გვითხრა - ეს რომ გავაკეთოთ, მეც გავილანძღები და თქვენც, მიწა აქაური მოსახლეობისაა და ეს მიწა არ იყიდებაო! მე და მუხრანს, იმის საფლავს ვენაცვალე, ხმა აღარ ამოგვიღია! კაცი ასე უფრთხილდებოდა ქართული მიწის თითო გოჯს და ასეთი ადამიანი სამშობლოდან გააძევა ნაძირალა სააკაშვილმა, რომელმაც მთელი აჭარა თურქებს მიჰყიდა. საქართველოს დაუძინებელი მტერი - სააკაშვილი დღეს გამოცხადებულია „დემოკრატიის შუქურად". ხოლო მამულიშვილი და ქვეყნის მოჭირნახულე ასლან აბაშიძე - „მარგინალად?" ასლან აბაშიძის უდიდესი „დანაშაული" ის არის, რომ მას ძალიან უყვარს საქართველო! გურამ შარაძე ქუჩაში იმიტომ დახვრიტეს, რომ მასაც ძალიან უყვარდა საქართველო! ბატონ ასლანს ძალიან სერიოზული და დიდი კავშირები ჰქონდა. თურქეთში ერთ-ერთი ვიზიტის დროს მას შესთავაზეს „აჭარის ტელევიზიით" კვირაში რამდენჯერმე გასულიყო ათწუთიანი გადაცემა თურქულ ენაზე, სადაც საუბარი იქნებოდა აჭარის თურქეთთან კავშირისა და აჭარაში თურქული კულტურის კვალის შესახებ. სანაცვლოდ თურქები ასლანს სთავაზობდნენ 10 მილიონ დოლარს. ასლანი მოიქცა ისე, როგორც ღირსეული ქართველი და მსგავსი გადაცემის ეთერში გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. წარმოიდგინგეთ ასლანის ადგილზე სააკაშვილი, - არც დაფიქრდებოდა და ფულის გულისთვის ყველაფერს გაყიდდა! ეტყობა, მიშა 10 მილიონზე ბევრად მეტი გადაუხადეს და მთელი საქართველო იმიტომ გაყიდა.

 

- ბატონო ელიზბარ, მეც მსმენია, რომ ასლან აბაშიძის დროს აჭარაში ე.წ. საპასპორტო მაგიდის  გამგეები საგანგებოდ იყვნენ გაფრთხილებულები, რათა უცხოელებზე მიწა არ გაეყიდათ!


- შეიძლება, არ უნდა ვამბობდე, მაგარმ აჭარაში ნებისმიერ უცხოტომელს ჩაწერა ეკრძალებოდა და საკუთრებას ვერ შეიძენდა. ვინც ამას გაბედავდა და უცხოტომელს აჭარაში საკუთრებას დაუკანონებდა, არა მარტო თვითონ, არამედ თავისი ოჯახის წევრებიანად აგებდა პასუხს.  დღეს რა ხდება აჭარაში? დაახლოებით 32-33 ათასი უცხო თესლის ოჯახია ჩაწერილი აჭარაში, ანუ, სულ მცირე, 150 ათასი საკუთრების მქონე უცხოელი ცხოვრობს და ეს არის ჩვენი ერის უდიდესი ტრაგედია! ძირითადად, ესენი არიან თურქები... მე თურქეთის ისტორიას პატივს ვცემ, უამრავი თურქი მოაზროვნის ნაწარმოები მაქვს თარგმნილი, გულით ვაკეთებ ამ საქმეს, რადგან მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ, როდესაც პოლიტიკური ექსპანსია ხდება, ამას ვერ მოვითმენ და ყოველთვის გავაპროტესტებ. სააკაშვილმა ბათუმი დაამსგავსა თურქულ ქალაქს - ტრაპიზონს... აბსოლუტურად იდენტური არქიტექტურაა ორივეგან. გაიხსენეთ თურქი პოლიტიკური მოღვაწის დევით-ოღლუს განცხადება - თუ ევროპაში ბიზანტიის იმპერიის აღდგენას ცდილობენ, თურქეთიც შეეცდება, აღადგინოს თავისი იმპერია; ჩვენი საზღვრები დამასკოსა და ბათუმის მერიდიანზე გადის და ჩვენ ამას ეკონომიკური ბერკეტებით მოვახერხებთო! 80-მილიონიან გერმანიას უქმნის სერიოზულ პრობლემას ის 5 მილიონი თურქი, რომელმაც გერმანიაში საზოგადოებრივი ცხოვრების პირველი სართული უკვე აითვისა და პატარა აჭარა და დანარჩენი საქართველო შეაჩერებს ამ საშინელ საფრთხეს?


- ასლან აბაშიძეს მოქკავშირ-ნაციონალების გაერთიანებული ხროვა იმას ედავებოდა და ედავება, რომ თითქოს მან აჭარა დანარჩენ საქართველოს მოწყვიტა!

 

- ასლანმა აჭარა გადაარჩინა ბანდიტების თარეშს. როცა დანარჩენი საქართველო ავაზაკების მიერ იყო აწიოკებული, აჭარაში ღამით თავისუფლად გამოხვიდოდი ქუჩაში და კაციშვილი არ შეგეხებოდა. ასლან აბაშიძის დროს აჭარა ქრისტიანდებოდა... პირადად მე და ცხონებულ მუხრან მაჭავარიანს არაერთი ოჯახი გვყავს მონათლული. წარმოიდგინეთ - ოჯახებში ბავშვები იყვნენ ქრისტიანები, ხოლო უფროსები - მაჰმდიანები! ახლა პირიქით ხდება - ბავშვები არიან მაჰმადიანები, ხოლო უფროსები - ქრისტიანები, რადგან აჭარიდან ყოველწლიურად 3 ათასი ქართველი ბავშვი თურქულ მედრესეებში მიჰყავთ სასწავლებლად!


- ბატონო ელიზბარ, ასლან აბაშიძე გულგატეხილია?


- ძალიან გულგატეხილია, რადგან აიძულეს, გაქცეულიყო! ძაღლი „ბასმაჩი" დარჩა მისი ერთგული, დანარჩენებმა უღალატეს! თქვენ შეიძლება, არ იცით, მაგრამ ეს ნარკომანები და ნაძირლები, რომლებმაც თბილისში „ვარდების რევოლუცია" კი არა, სინამდვილეში „შპრიცების რევოლუცია" მოაწყვეს, ბათუმის დაბომბვას აპირებდნენ როგორც ჰაერიდან, ისე ზღვიდან! ნინო ბურჯანაძემ მითხრა და მე მჯერა მისი... ამ ნაძირლებისთვის უთქვამს - წყალში გადავხტები ახლავე, ეს საშინელება არ ჩაიდინოთო! - და ხელი აუღიათ ბათუმის დაბომბვაზე ნაძირლებს. ბათუმში რუსული სამხედრო ბაზა იდგა და, თუ ეს ნარკომანები ბათუმს დაბომბავდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რა მოჰყვებოდა?

 

- ემზარ კვიციანი ჩამოვიდა და ხელი სტაცეს, ციხეში შეაგდეს და, როგორ ფიქრობთ, ასლან აბაშიძე რომ დაბრუნდეს, მას ვინმე დაინდობს?

 

- კვიციანს დღეს ასამართლებენ იგივე მოსამართლე და პროკურორი, რომლებიც მას ადრე დევნიდნენ და ეს არის სამარცხვინო. კვიციანი დაჭერილია იმიტომ, რომ დალის ხეობას იცავდა! ახლა დაიწყება დიდი მოძრაობა როგორც აჭარაში, ისე დანარჩენ საქართველოში და ჩვენ შევაგროვებთ ხელმოწერებს, სადაც ხალხი მოითხოვს ბატონი ასლანის საქართველოში დაბრუნებას! გასაგებია, რომ ძმები ბერძენიშვილები და მათი მსგავსი ძალები ასისინდებიან, მაგრამ ეს საქმე უნდა მივიდეს ბოლომდე. როგორც ვალერი გელბახიანმა თქვა, აქ ორი გზა არსებობს ასლან აბაშიძის დაბრუნებისა - ხალხის მოთხოვნის საფუძველზე ჩვენმა ე.წ. „მთავარსარდალმა" - პრეზიდენტმა ის შეიწყალოს, ანდა ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო ასლან აბაშიძე გამართლდეს!

 

- ბატონო ელიზბარ, როგორია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ასლან აბაშიძის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით?

 

- რამდენადაც ვიცი, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ასეთია - „რადგან ასლან აბაშიძეს არანაირი პოლიტიკური მიზნები არა აქვს და მხოლოდ სამშობლოში დაბრუნება უნდა, მისი ჩამოსვლა არანაირი პრობლემა არ არის!" ბატონი ასლანისადმი ასეთივე დამოკიდებულებაა სახელმწიფო ინსტიტუტებშიც... ასე ვიცი და ასე მსმენია, მაგრამ არსებობს ძალები, რომლებსაც ასლან აბაშიძის დაბრუნება ხელს რა აძლევთ და მათ გასაგონად ვაცხადებ: ვისაც ასლან აბაშიძის სამშობლოდან გარიყვა უნდა, ის საქართველოს მტერია! ასლანს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არანაირი დანაშაული არ მიუძღვის და ის ხიდებიც რომ ააფეთქეს მაშინ ჩოლოქზე, ეს იყო პროვოკაცია, რაშიც  სააკაშვილის მსტოვრები მონაწილეობდნენ... ასლან აბაშიძე რომ საქართველოს მტერი ყოფილიყო, ბათუმში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზას თავისი კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებდა და კაცმა არ იცის, ამ შემთხვევაში როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ასლანმა ეს არ გააკეთა და გაეცალა. ვიმეორებ: დიდი მემედ აბაშიძის შვილიშვილი პირნათელია სამშობლოს წინაშე და ის უნდა დაბრუნდეს!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016