ალბათ, გახსოვთ, სააკაშვილის ისტორიული თუ ისტერიული შეძახილი - „ასლანი გაიქცა! აჭარა თავისუფალია!" ეს იყო 2004 წლის 6 მაისს, როცა „ვარდების რევოლუციით" მოსულმა ავაზაკების ხელისუფლებამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მინი-რევოლუცია მოაწყო და ასლან აბაშიძის მთავრობა დაამხო. ცნობილი იურისტი ვალერი გელბახიანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი პოლიტიკური დანაშაული, რომელსაც სამართლებრივი შეფასება აქამდეც უნდა მისცემოდა და მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაყენებოდა:
- რაც 2004 წლის 6 მაისს მოხდა, ეს იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების გადატრიალება არაკონსტიტუციური გზით!
დიახ, არათუ პრაქტიკულად, თეორიულადაც კი წარმოუდგენელი რამ მოხდა - ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა და პარლამენტმა თავისივე ქვეყნის ტერიტორიაზე არაკონსტიტუციური გადატრიალება მოაწყვეს და დროებითი რევოლუციური საბჭო შექმნეს! სააკაშვილისთვის ამაზე მძიმე ბრალდება რა შეიძლება იყოს?! მთავარ და ყველაზე მძიმე პოლიტიკურ დანაშაულში რატომ არ სდებენ ბრალს?!
- ალბათ, იმიტომ, რომ ე.წ. აჭარის რევოლუცია დადებით მოვლენად არის შერაცხული!
- რას ჰქვია, დადებით მოვლენად არის შერაცხული?! აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება აჭარის მოსახლეობის მიერ იყო არჩეული და ასლან აბაშიძე ვინმეს მოსწონდა თუ არა, არავის ჰქონდა უფლება, არაკონსტიტუციური გზით დაემხო!
მკითხველმა სიტუაციის პარადოქსულობა ნათლად რომ აღიქვას, კიდევ გავიმეორებ: 2004 წლის იანვარში საქართველოს პრეზიდენტად არჩეულ იქნა სააკაშვილი, იმავე წლის მარტში არჩეული იქნა ახალი პარლამენტი, სულ რაღაც თვე-ნახევარში კი ამ არჩეულმა პრეზიდენტმა და პარლამენტმა, ანუ ქვეყნის ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოახდინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების არაკონსტიტუციური გადატრიალება და შექმნა დროებითი რევოლუციური საბჭო 12 თუ 16 კაცის შემადგენლობით, რომელიც ახორციელებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მართვას ვადამდელი არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე! ე.ი. საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავისივე ქვეყნის ტარიტორიაზე მოაწყო არაკონსტიტუციური გადატრიალება! ე.ი. საქართველოს ტერიტორიაზე ერთდროულად არსებობდა არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლება და დროებითი რევოლუციური საბჭო!
ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული! ეს იყო კლასიკური ანტიკონსტიტუციური გადატრიალება და ამაში სააკაშვილს ბრალი აქვს წასაყენებელი!
- მერედა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეს არ იცის?
- სააკაშვილს ბრალი წაუყენეს ბიუჯეტის ფულის გაფლანგვაზე, დეპუტატის ცემის ფაქტზე, გირგვლიანის საქმეზე, მაგრამ ეს ყველაფერი იმასთან შედარებით, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, იცით, რა არის? სასწორის ერთ პინაზე რომ დავდოთ 2-კილოგრამიანი გირი, მეორეზე კი - 10-კილოგრამიანი!
არ ვიცი, რისი ბრალია ეს - პროკურატურის არაკომპეტენტურობის თუ სხვა რამის?!
- თუ არაკომპეტენტურობის ბრალია, მაშინ, იქნებ ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მაინც დაფიქრდეს პროკურატურა ამ საკითხზე?
- როდის იყო საქართველოს რომელიმე ხელისუფლება კრიტიკულ შენიშვნებს იზიარებდა? ამ ინტერვიუს შემდეგაც ალბათ, იტყვიან, რა სისულელეებს გვთავაზობენო, თუმცა, პრესას დიდი გავლენა და მნიშვნელობა აქვს!
მთავარი, მაინც პოლიტიკური ნებაა, რომ ქვეყანაში ნამდვილად სამართლიანობა დამკვიდრდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ნებას ვერ ვხედავთ, მხოლოდ რაღაც ფასადურ წარმოდგენებს გვთავაზობენ, ვითომ რაღაცას იძიებენ, მაგრამ ჩემნაირი კაცი ამით ვერ მოტყუვდება!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"