reportiori.ge - ნინო ბურჯანაძე: ერთადერთი გამოსავალია, რომ მე და ჩემი თანაგუნდელები მოვიდეთ ხელისუფლებაში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:34
პრეს-დაიჯესტი
ნინო ბურჯანაძე: ერთადერთი გამოსავალია, რომ მე და ჩემი თანაგუნდელები მოვიდეთ ხელისუფლებაში!
ავტორი:
10 დეკემბერი, 2014. 15:40


პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ყოფილი ქართველი ჩინოვნიკების თანამდებობებზე დანიშვნა ძალიან ძვირად დაუჯდება და იმედს გამოთქვამს, რომ საქმე მართლა სააკაშვილის ან ადეიშვილის დანიშვნამდე არ მივა. ასეთ შემთხევაში, ქალბატონი ნინოს აზრით, როგორც სუვერენულ და თავმოყვარე ერს, სხვა გზა არ დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდეც მივიდეთ:


- მარტო ის ფაქტიც კი, რომ სააკაშვილი ადასტურებს მისთვის ვიცე-პრემიერის პოსტის შეთავაზებას, ჩვენი ქვეყნის თავის მოჭრაა. როდესაც სუვერენული სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტი ხარ და ვიღაცას შეუძლია, გამოგიძახოს, თათბირი ჩაგიტაროს, დავალება მოგცეს და საყვედურიც გითხრას, თავმოყვარე ერისთვის რამდენად მისაღებია, მკითხველმა განსაზღვროს. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ განგვიხილავენ არა სუვერენულ სახელმწიფოდ, არამედ პროექტის ნაწილად. ვერ ვიხსენებ მსოფლიო პრაქტიკაში პრეცენდენტს, რომ რომელიმე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, სხვა ქვეყანაში რაიმე თანამდებობაზე დანიშნულიყო, ანუ გვაგუებენ აზრს, რომ ჩვენ ქვეყანა კი არა, ერთი დიდი პროექტის ნაწილი ვართ.


- რა პროექტის, იქნებ დავაკონკრეტოთ?

 

- საუბარია გავლენის სფეროების გადანაწილებაზე, ანუ პროექტზე, რომელიც საქართველოში ნაწილობრივ განხორციელდა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა მის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა დაიწყო, რაც 2012 წლის არჩევნებით დასრულდა. ახლა ამ პროექტის გაგრძელება და განხორციელება უკრაინაში ხდება. მე პირადად უკრაინელი ხალხის ნაცვლად, ძალიან შეურაცხყოფილი ვიქნებოდი. 50-მილიონიან ქვეყანაზეა ლაპარაკი, უაღრესად განათლებული, კულტურული ხალხით, მსოფლიოში ცნობილი უმაღლესი სასწავლებლებით, უმდიდრესი ტრადიციებით და ამ ხალხს ეუბნებიან, რომ მათ შორის, თურმე, შესაბამისი კომპეტენციისა და განათლების მქონე ოცი კაცი ვერ მოიძებნა. მე გავაფრთხილე იქაური ხელისუფლება და თქვენც დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა - უკრაინაში ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება. ნახეთ უკვე, რა შედეგია - ყირიმის საკითხი გადაწყვეტილია, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო გაღრმავდება, მთლიანად ქვეყნის შიგნით უაღრესად ცუდი პროცესები მიმდინარეობს, უკრაინა, უბრალოდ, ქვეყნად კიდევ წლების განმავლობაში ვეღარ შედგება.


ზემოთ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესაძლებლობაზე მკითხეთ. არადა, თუ მოხდება სააკაშვილის ან ადეიშვილის თანამდებობაზე დანიშვნა, სხვა გზა ნამდილად არ გვექნება. საერთოდ, ყველაფერი, რაც ხდება, ჩვენი დღევანდელი მთავრობის „დამსახურებაა". როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ საელჩოებს სხვაგვარად უნდა ემუშავათ. პირდაპირ ვაცხადებ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთოდ არ გვყავს და ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა თუნდაც უკრაინის მაგალითზე. ამ უწყებამ მეგობარი უკრაინისთვისაც კი ვერ შეძლო იმის ახსნა, რა მოხდა რეალურად საქართველოში 2012 წელს. პიროვნულად უკლებას ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორ შეიძლებოდა, უკრაინელი ხალხისთვის ხმა ვერ მიგვეწვდინა, რომ სააკაშვილი დამნაშავეა!

 

- ქალბატონო ნინო, მართლაც რა ხდება რეალურად, რა არის ამ დანიშვნების ნამდვილი მიზეზი?


- როგორც გითხარით, ხდება ის, რაც ხდებოდა საქართველოში, მიდის პროექტის განხორციელება, უკრაინის გამოყენება უნდათ პლაცდარმად, პროდასავლური პლაცდარმისთვის, მაგრამ ამას შეეწირება უკრაინა. უფრო სწორად - უკვე შეეწირა! რა თქმა უნდა, უკრაინის ინტერესში შედის ევროპასთან  ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, მაგრამ დააკვირდით - იანუკოვიჩი იმის გამო ჩამოაგდეს, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სულ რაღაც ექვსი თვით გადადება მოითხოვა. ეს ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა, უკრაინა კი დაიქცა.

 

- თქვენ განაცხადეთ, უკრაინაში საქართველოდან ის ბირთვი მიდის, რომელსაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებებიდან მოყოლებული იქ უზარმაზარი ბიზნესი აქვსო...


- ყველა ბიზნესი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ამარაგებდა, დღესაც მათ ხელშია. ასეა უკრაინაშიც. უფრო მეტიც, თავდაცვის სამინისტროში თუ სხვა უწყებებში ტენდერებს დღესაც ის ორგანიზაციები იგებენ, რომლებიც ნაციონალების ჯიბის ბიზნესმენები იყვნენ. ისიც ვერ მოახერხა ამ ხელისუფლებამ, რომ ნაციონალებისთვის უკანონო ფინანსური წყაროები გადაეკეტა და ეს ძალიან ძვირად დაუჯდება!

 

- ამბობთ, რომ სააკაშვილი პროექტის ნაწილია, რომელიც დავალებას ასრულებდა საქართველოში და ასრულებს დღეს უკრაინაშიც. ამაზე მისი კომენტარი გამახსენდა - გაუხედნავი ცხენივით ვარ, რომელსაც პატრონი და უფროსი არასდროს ჰყოლია, ჩემით არასდროს არცერთი სპეცსამსახური არ დაინტერესდება, რადგან, საიდუმლოს შენახვა არ შემიძლიაო...

 

- რატომ დასჭირდა ამის განმარტება, „ქურდს კუდი ეწვისო", ეს ამბავი ხომ არ არის? რატომ დასჭირდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს იმის ახსნა, რმ რომელიმე სპეცსამსახური მას რამეს ვერ დაავალებს. თქვენ მოგსვლიათ აზრად, ვინმესთვის გემტკიცებინათ, რომ არცერთი სპეცსამსახურის აგენტი არ ხართ? ჩემი კომენტარი ეს არის.

 

- ხედავთ თუ არა ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე საფრთხეს უკრაინაში ნაციონალებისა და სააკაშვილის მოღვაწეობაში?


- მე აღარ ვიცი, კიდევ რა ენაზე ველაპარაკო დღევანდელ ხელისუფლებას. ახლა, სააკაშვილისა და ნაციონალების ჩასვლით რომ უკრაინაში კორუფცია არ მოკვდება, ეს ცხადია. უზარმაზარი კორუფციული სქემებია აგებული ჯერ კიდევ იუშჩენკოს დროიდან, რომელიც იანუკოვიჩმა შეინარჩუნა და ახლაც შენარჩუნებული აქვს სააკაშვილსა და მის ჯგუფს. ისინი კიდევ უფრო მეტ ფულს იშოვიან, ნაცმოძრაობა უკრაინაში ფნანსური თვალსაზრისით კიდევ უფრო გაძლიერდება და ეს რესურსები საქართველოში წამოვა ხელისუფლების შესაცვლელად. მე გამიფრთხილებია „ოცნება" და ვინც კი ოდესმე ჩემი გაფრთხილება არ გაითვალიწისნა, ყველაფერი წინ დახვდა.

 

- დღეს პარლამენტსა თუ მთავრობაში არიან ადამიანები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, ხელში სააკაშვილის დროშა აიღონ და იმავე პროექტის ნაწილი გახდნენ, რომელი პროექტის ნაწილიც სააკაშვილი იყოო. ვის გულისხმობთ კონკრეტულად?


- პირველ რიგში, ირაკლი ალასანიას, რომელიც ამას ღიად და დაუფარავად ცდილობს. მე ვამბობ, რომ ძალიან დიდწილად სწორედ ალასანიაზეა ის ხელშეკრულება, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა.


- რატომ ქალბატონო ნინო?

 

- გაიხსენეთ, როდესაც მან გააკეთა განცხადება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით, რუსეთმა მომენტალურად განაცხადა, ჩვენ ამას საფრთხედ აღვიქვამთ და შესაბამისად ვიმოქმედებთო. ამის მიუხედავად, ცოტა ხანს გაჩერდნენ, სიტუაციას დააკვირდნენ. მერე ისევ ალასანიამ გააკეთა განცხადება, საქართველოში NATO-ს ბაზა იხსნებაო, საწვრთნელი ცენტრი კი არა, NATO-ს ბაზაო. რუსეთმაც მყისვე გააკეთა განცხადება, ჩვენ ამაზე რეაგირებას მოვახდენთო და გადმოაგდო ეს ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, ისევ გაკეთდა განცხადება NATO-ს ბაზასთან დაკავშირებით და რუსეთმაც დაიწყო ამ ხელშეკრულების ფორსირება. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც რუსეთს გაეხარდება. მე ვამბობ იმას, რომ ტყუილად ნუ გავაღიზიანებთ, როცა არც ბაზა იხსნება და არც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებაზე ლაპარაკობს ვინმე. მოხარული ვიქნებოდი, რომ შემეძლოს, მოვკიდო ამ ჩემს ქვეყანას ხელი და გადავიტანო სადმე ევროპის შუაგულში, მაგრამ რომ არ გამოგვდის? მეტი რა ენაზე უნდა გვითხრან, რომ არ მიგვიღებენ არც NATO-ში და არც ევროკავშირში, ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში. აი, ამაზეა საუბარი, თორემ მეც ვიყავი საქართველოს  NATO-ში გაწევრიანების მომხრე...


- ახლა აღარ ხართ?


- ვიყავი, სანამ ამის შანსი არსებობდა. ახლა შანსი აღარ არსებობს და აღარც მე ვარ ამის მომხრე. მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც 2008 წელს, სააკაშვილის წყალობით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ბაზები დაბრუნდა. NATO-სა და ევროკავშირში გიჟები არ არიან, რომ თავის რიგებში ჩვენი ტერიტორიული პრობლემებით მიგვიღონ. არ გვიღებენ ბატონებო ამ NATO-ში. ეს თავის დროზე რომ მომხდარიყო, კარგი იქნებოდა. მაშინ სხვა რუსეთი იყო, ელცინის რუსეთი. მოვასწრებდით ალიანსში შესვლას და გაძლიერებას. დღეს NATO-ში ჩვენ შესვლა მხოლოდ საფრთხის მატარებელია და არა - დაცვის.

 

- თქვენი თანამოაზრის ლევან ღირსიაშვილის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნა ნაციონალებმა გააპროტესტეს - რუსეთთან ასოცირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს ქვეყნის თავდაცვაში რა უნდაო?

 

- ნაციონალები შემთხვევით იმას რატომ არ იხსენებენ, რომ გიორგი მარგველაშვილიც ჩემთან იყო?


- რატომ, თქვენი აზრით?

 

- არ აწყობთ, რადგან ცდილობენ, მარგველაშვილთან თავიანთი ურთიერთობა ააწყონ და თანამოაზრედ გაიხადონ. იმედია, ეს არ გამოუვათ!

 

- ნაციონალებისთვის თქვენ რუსეთთან ასოცირდებით, თავად ეს პოლიტიკური ორგანიზაცია რასთან ან ვისთან ასოცირდება?

 

- ძალიან ცდილობენ, რომ პროდასავლურ ფასულობებზე დამყარებულ ძალად წარმოაჩინონ თავი, მაგრამ, რეალურად არიან ნეობოლშევიკები. ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა ნეობოლშევიკების ყველაზე საძაგელი თვისებები გადმოიღეს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაკვეთა, რომელიც აქვთ მიღებული, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, შეასრულონ.

 

- რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებას ახალი ინიციატივით მიმართეთ - რუსეთსა და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა შესთავაზეთო. თქვენ ამ ინიციატივას ისტორიული შანსი უწოდეთ...


- გაოცებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ  ჩემს შეთავაზებას აბსოლუტური იგნორირება გაუკეთა. რადა, ვთვლი, რომ ამ იდეას ალტერნატივა არა აქვს და ეს მართლაც ისტორიული შანსია. რატომ მოიკლა თავის დროზე თავი შევარდნაძემ, რომ როგორმე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი საქართველოს ტერიტორიაზე გასულიყო? ამ პროექტმა ძალიან სერიოზული როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და 2008 წლის ომის დროსაც მნიშვნელოვნად დაიცვა ქვეყანა. მის სიახლოვეს ერთ ყუმბარაც არ ჩამოვარდნილა. მეკითხებიან - რუსეთი შეასრულებს ვალდებულებებს, თუკი ჩვენ გაზსადენს გავატარებინებთო? რუსეთი უნდა დააინტერესო და ხელშეკრულებაში ისეთი პირობები ჩაუდო, რომ მისი დარღვევის შემთხვევაში თავად დარჩეს წაგებული. ამხელა სანქციები დაუწესა მას ამერიკამ თუ ევროპამ, ხომ შეიძლებოდა, ერთ მშვენიერ დღეს რუსეთსაც მოსვლოდა თავში აზრად იდეა და ევროპისთვის გაზი გადაეკეტა? მაგრამ ეს არ გააკეთა იმიტომ, რომ მის ინტერესში არ შედის. აი, აქედან უნდა ამოვიდეთ და ისეთი ხელშეკრულება შევთავაზოთ, რომ მისი დარღვევა თავად მისთვისვე იყოს წამგებიანი.


რუსეთს გაზსადენის საქართველოზე გაყვანა სამჯერ იაფი დაუჯდება, ვიდრე მისი წყალქვეშ გატარება. იმავროულად, ამ გაზსადენმა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გაიაროს საქართველოს ტერიტორიის აფხაზეთის ნაწილზე. როგორ ფიქრობთ, ეს აფხაზებისთვის საინტერესო არ იქნება? სამწუხაროდ, ამ ყველაფრის უგულებელყოფით, მრჩება შთაეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებისთვისაც პარიზში უვიზოდ წასვლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სამაჩაბლო და აფხაზეთი.


სხვა შემთხვევაში, ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ დაიწყოს ამ პროექტზე საუბარი. ოდნავი ჭკუა რმ ჰქონდეთ, ამ პროექტზე საუბრის დაწყებას იმისთვის მაინც გამოიყენებდნენ, რომ რუსეთისა და თურქეთის ხელისუფლებებთან სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც მიაღწიონ დიალოგს. უკრაინაში ომი მიდის, მაგრამ ამის ფონზე პოროშენკო მერამდენედ შეხვდა პუტინს, ხელიც ჩამოართვეს და სასაუბროდაც დასხდნენ. ერთადერთი ქვეყანა, რომლის ხელისუფლებაც გაბუტულია და პუტინს არ ელაპარაკება, ჩვენ ვართ. იმიტომ, რომ ერთადერთი ჩვენი ხელისუფლებაა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარი მილიარდების გადარჩენაზე და, რაც შეიძლება დიდხანს სკამის შენარჩუნებაზე ფიქრობს. ეს უკვე ნათლად ჩანს მათ ქმედებებში და სწორედ ამიტომ, დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი შანსი აღარ დარჩა, ხალხის ნდობა დაიბრუნოს. ეს არის შეშინებული ხელისუფლება, რომელმაც დამნაშავე რეჟიმიც კი ვერ დასაჯა და ახლა იმ რეჟიმის წარმომადგენლები თითის ქნევით ელაპარაკებიან. პარლამენტში უმრავლესობა აღარ არსებობს. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ხმას აძლევს უმრავლესობის ინიციატივის საწინააღმდეგოდ, ეს სინამდვილეში კრიზისია და არა დემოკრატია, როგორც ამას უსუფაშვილი ამბობს. დღეს პარლამენტს მართავენ „რესპუბლიკელები", არადა, ქარველ ხალხს ბიძინა ივანიშვილისთვის იმის მანდატი არ მიუცია, რომ ქვეყანა „რესპუბლიკელებისთვის" ჩაებარებინა! ხალხი მას ენდო და არა „რესპუბლიკელებს". გადამწყვეტი ძალა პარლამენტში დღეს სწორედ მათ და ნაციონალებს აქვთ. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ერთადერთი გამოსავალია, რომ მე და ჩემი თანაგუნდელები მოვიდეთ ხელისუფლებაში, რადგან არც კომპეტენცია გვაკლია, არც ცოდნა და გამოცდილება, არ ვიქნებით არავის მონა, ურთიერთობებს კი ნამდვილად დავალაგებთ. რაც მთავარია, გვაქვს გამბედაობა იმისთვის, რომ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმი დაუსჯელი არ დარჩეს!

 

ესაუბრა ნონა ბენდელიანი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016