reportiori.ge - როგორ და რატომ ჩააბარა 2012 წლის არჩევნებზე სამეგრელო ირაკლი ალასანიამ ახალაიებს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:26
პრეს-დაიჯესტი
როგორ და რატომ ჩააბარა 2012 წლის არჩევნებზე სამეგრელო ირაკლი ალასანიამ ახალაიებს?
ავტორი:
10 დეკემბერი, 2014. 17:07


„ბატონმა ბიძინამ, ხელი დაადო ალასანიას და თქვა: ეს იქნება პირველი კაცი საქართველოში, ამიტომ მან უნდა გაიმარჯვოს სამეგრელოშიო".


„საერთო გაზეთს" „ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი დაუკავშირდა, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. მან ალასანიას მიერ 2012 წელს სამეგრელოში ჩატარებულ წინასაარჩევნო პერიოდზე სკანდალური ინფორმაციები მოგვაწოდა.


- თავიდანვე გეტყვით, ირაკლი ალასანიას სამეგრელოში არჩევნების მოგება არ უნდოდა, ვიმეორებ, არ უნდოდა! 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ბიძინა ივანიშვილს შევხვდით მე და რამდენიმე ადამიანი. ამ შეხვედრას ჩვენს გარდა კიდევ რამდენიმე კაცი, მათ შორის, ირაკლი ალასანია და მისი მარჯვენა ხელი ირაკლი მამფორია ესწრებოდნენ. ბატონმა ბიძინამ, ხელი დაადო ალასანიას და თქვა: ეს იქნება პირველი კაცი საქართველოში, ამიტომ მან უნდა გაიმარჯვოს სამეგრელოშიო. დიახ, ეს კაცი უნდა გავხადოთ ლიდერი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვისო. მერე ჩვენ მოგვიბრუნდა და გვითხრა: აი, ეს უნდა გააკეთოთ, უნდა ამოუდგეთ ამ კაცს გვერდითო. ასეთი კეთილგანწყობა ჰქონდა ივანიშვილს ალასანიას მიმართ. ივანიშვილმა ისიც გვითხრა, შეეხმიანეთ ჩემი სახელით გურამ აბსანძეს და სთხოვეთ დახმარება, ჩემი მხარდაჭერა იქნება ირაკლის მხარდაჭერაო. ყველაფერი გააკეთოს თავის ხალხთან ერთად, ზვიადისტებთან, ამასთან იმასთან, ვისთანაც გავლენა და კავშირები აქვს, რათა ამ კაცმა გაიმარჯვოს სამეგრელოშიო. „ყველაზე მეტად სამეგრელოში გვიჭირსო, იმეორებდა ბიძინა. შეხვედრის შემდეგ ლაშა გვასალიამ და სხვებმა დაურეკეს გურამ აბსანძეს, ესაუბრნენ მის ვაჟს ვალიკოს, რომელმაც ყველაფერი დატოვა (დიდი ბიზნესი ჰქონდა მოსკოვში), ჩამოვიდა საქართველოში და დადგა ამ ხალხის გვერდით. გურამს უთქვამს, უნდა დავუდგეთ ბიძინას გვერდითო და მისი შვილიც სასწრაფოდ ჩამოვიდა საქართველოში. ამ ადამიანებმა, მათ შორის, მეც, შევკრიბეთ ხალხი, ჩავატარეთ დიდი შეკრება, დავიწყეთ მუშაობა.


შევქმენით შტაბი და ჩავებით თავიდან ბოლომდე საარჩევნო სიტუაციაში, მაგრამ რა მოხდა, იცით? ალასანიას გუნდიდან არავინ დაგვკავშირებია. ჩვენი მონაწილეობის გარეშე, ჩვენი იგნორირების ფონზე იქმნებოდა სამეგრელოში კომისიები, მოიყვანეს კოორდინატორები, ნაცკოორდინატორები ძირითადად, და ჩვენ, ფაქტობრივად, თამაშგარე მდგომარეობაში დავრჩით. სიტუაციის გასარკვევად ალასანიას ოფისში მივედით. იქ პირველივე კართან დაგვხვდა ირაკლი ჩიქოვანის მამა, რომელიც მთლიანად ხელმძღვანელობდა ყველაფერს. მან გვკითხა რა გნებავთო, პრაქტიკულად დაკითხვა მოგვიწყო, რის შემდეგაც, როგორც იქნა, დაგვრთო ნება, რომ მისი შვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გვენახა. მეორე ოთახში შევედით თუ არა, მისი ვაჟი, ირაკლი ჩიქოვანის ძმა (ლოჯისტიკის ხელმძღვანელი იყო, თავად ირაკლი კი შტაბის უფროსი), შემოგვხვდა, მანაც დაკითხვის შემდეგ დაგვრთო ირაკლის ნახვის უფლება, მესამე ოთახში შესვლისთანავე შეგვხვდა ვიღაც გოგონა, რომელიც ირაკლი ჩიქოვანის მეუღლე აღმოჩნდა, ახლა მან მოგვიწყო დაკითხვა და ასე, როგორც იქნა მივაღწიეთ ირაკლი ჩიქოვანამდე. ისეთი ცივი და ყრუ კედელი დაგვხვდა, რომ ისიც კი ვთქვით, დასახმარებლად მოვედით, თქვენი არაფერი გვინდა და რა ხდება-თქო. ჩიქოვანმა აუცილებლად დაგიკავშირდებითო, თუმცა გაიარა ერთმა, ორმა, სამმა, ოთხმა, ხუთმა დღემ და არავინ შეგვხმიანებია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვმუშაობდით, ყველგან დავდიოდით, მთელ საქართველოში. ვმუშაობდით, მაგრამ, მთავარი რა არის იცით, საწვავიც კი არ მოგვცეს,  სამუშაო პირობები, პრაქტიკულად, არ შეგვიქმნეს. გურამის ბიჭი, ვალიკო ფულით იყო ჩამოსული, საკუთარი სახსრებით მოაგვარა საწვავის საკითხი, დიახ, თავისი ჯიბიდან დადო თანხა. გიკვირთ? უკან დახევა არ შეიძლებოდა, ქვეყანა ინგრეოდა, თანაც ბიძინას დავალებას ვასრულებდით.


- კი მაგრამ, თანხები არ იყო გამოყოფილი?


- თანხები, რა თქმა უნდა, იქნებოდა გამოყოფილი, მაგრამ ჩვენთვის არაფერი მოუციათ. დაბალ ზონაში, სადაც ჩვენ ვიყავით, მე პირადად, არც ერთი შტაბი არ მინახავს, რომ საკმარისი საწვავი ჰქონდა. იქ უსაქმურად იყო ალასანიას ხალხი, აგიტატორების 60 % ისეთი ხალხი იყო, რომელიც საერთოდ არ იყო საქართველოში, ზოგი თურქეთში იყო სამუშაოდ წასული, ზოგი რუსეთში, ზოგი სუფთა ნაციონალი იყო, 30 % კი ჩანერგილი იყო. სია მიაწოდეს ვალიკოს ვინ იყო ჩანერგილი და ვინ არა, და რომ მივიდა ხელმძღვანელობასთან ამ ინფორმაციის მისაწოდებლად, შეატყო, რომ მათ არ მოეწონათ ეს სიტუაცია. ხვდებით, ალბათ, რატომაც. ვიმეორებ, საწვავი ხომ არ იყო და არ იყო, და ფულსაც საერთოდ არ აძლევდნენ ხალხს.


- საწვავი და ფინანსები, რომ არ იყო რით ხსნიდნენ ამას?

 

- ველოდებით, ახლა არ გვაქვსო, ეს იყო მათი პასუხი. არჩევნებამდე 28 დღეა დარჩენილი და თათბირზე ალასანიას ვუთხარით, საწვავი თუ არ იქნა, ვერ გავიმარჯვებთ-თქო, მაგრამ ყურად არ იღო. შემდეგ ლაშა ჟვანია ჩამოვიდა ზუგდიდში და როგორც ვიცი, ლაშა გვასალიას შეხვდა, რომელმაც უამბო რა სიტუაციაც იყო. ლაშამ უთხრა მას, რომ იღუპებოდა ყველაფერი და ვაგებდით არჩევნებს. უთხრა, კომისიებში „ნაცები" რომ ჰყავდათ ჩასმული, ხალხთან შეხვედრები რომ არ ტარდებოდა. ჟვანიას უთქვამს, შევხვდები, დაველაპარაკები ალასიანიასო. მხოლოდ ამის შემდეგ მოისურვა ალასანიამ ლაშა გვასალიასთან შეხვედრა და როგორც ვიცი, შეხვდა კიდეც. გვასალიამ ალასანიას ყველაფერი, რაც ხდებოდა უთხრა, ისიც უთხრა, ნაცები სად და როგორ აყალბებდნენ არჩევნებს და მათ რა უნდა გაეკეთებინათ, რა საპირისპირო ღონისძიებები უნდა გაეტარებინათ, ალასანიამ მოუსმინა მას, თავი დაუქნია, თუმცა არაფერი გაკეთებულა  ამის საწინააღმდეგოდ. ჩემი ინფორმაციით, მათი შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ალასანიამ უთხრა გვასალიას პრობლემები გვაქვს და კარგი იქნება, ბატონი გურამ აბსანძე, რომ ჩამოვიდესო. ბევრი ადამიანი გადასულია მოწინააღმდეგის მხარეს და ბატონი გურამი თუ მოაგვარებს ამ საკითხს, ჩაფრინდით, დაარწმუნეთ, რომ ჩამოვიდესო, უთქვამს ალასანიას. გვასალია ჩაფრინდა გურამთან, დაელაპარკა, ალასანიაც დაალაპარაკა გურამს და შეთანხმდნენ. გურამმა დარეკა თბილისში, მოაგვარა ტრანსპორტის საკითხი, დაურეკა თავის ხალხს, უზენაეს საბჭოს წევრებს, ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, არ დაუტოვებია არავინ, მოკლედ, დიდი შეკრება დაიგეგმა. ჰოდა, მოდიოდა ბატონი გურამი საქართველოში, თუმცა წამოსვლის წინა საღამოს დაურეკა ალასანიამ გვასალიას და უთხრა, ბატონი გურამი, არ წამოვიდეს, სიტუაცია შეიცვალა, შემდეგ აგიხსნითო, თუმცა მას არაფერი აუხსნია, დატოვა ეს საკითხი ღია. დღემდე არ ვიცით იქ რა მოხდა. როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა ალასანიას, რომ გურამის ჩამოსვლა ცუდად წაადგებდა ნაცებს და კარგად წაადგებოდა მას, რა გამოდის? საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ წავიდა ალასანია, რატომ, ალბათ ნათელია.


არადა, გურამი იქ რომ ყოფილიყო, ფეხს ვერ შემოდგამდა ახალაია ზუგდიდში. დამთავრებული იყო ყველაფერი. 19 დღე იყო დარჩენილი არჩევნებამდე და ალასანიამ უთხრა გვასალიას, ლაშა, წადი შტაბის ხელმძღვანელადო. ლაშამ უთხრა ეს თავიდან უნდა გაგეკეთებინა, ახლა 19 დღეა დარჩენილი არჩევნებამდე, კომისია, კოორდინატორები არჩეულია, ყველა თანამდებობა დაკავებულია, მე ახლა უნდა დავხსნა ესენი, რომ შევიდე შტაბში და არ გამოვაო. ალბათ ხვდებით რომ ეს შეთავაზება სერიოზული არ იყო. ალასანიას თბილისელები ჰყავდა ჩამოყვანილი, შტაბში მუშაობდნენ ვითომ, მატრაბაზები, ყავის დალევის მეტს არაფერს აკეთებდნენ. მითხარით, თბილისელმა რა იცის რა ხდება სოფელ კოკში? კოკში თბილისელი მიგყავს კოორდინატორად, რომელიც აზრზე არ არის რა ხდება იქ, მითხარით, ეს სად წერია? და იცით რა მოხდა? არჩევნების დღეს ვალიკოს დაურეკა ერთმა გორელმა კაცმა, ჩქარა ჩამოდი, თარჯიმანი მომიყვანე, მეგრულად საუბრობენ და ვერაფერი გავიგე, მგონი გვატყუებენ რაღაცასო. აი, ასეთი ბითურობები ხდებოდა. მთავარი კიდევ რა არის იცით, ტეევიზიით რომ აჩვენეს ციხის კადრები, მაშინ ვიფიქრე ავშენდით, ეს თუ გვიშველიდა-მეთქი. გვასალაიამ და აბსნაძემ იმ საღამოს სასწრაფოდ ნახეს ალასანია და უთხრეს, 10 მანქანა მოგვეცი თავის საწვავით და ჩვენ არ შემოვუშვებთ ზუგდიდში ახალაიებსო. ახალაიები პანიკაში იყვნენ, სახლი დაკეტეს, გაქცეულები იყვნენ. და რა თქვა ალასანიამ, იცით? გამორიცხეთ, ასეთი მოგება არ მინდაო. რას ნიშნავს ასეთი მოგება არ გინდა, აბა, როგორი მოგება გინდა? ეს არ გინდა, ის არ გინდა, აბა, რა გინდა, ჩვენ თუ ახლა დავკარგეთ ეს შანსი ხალხი ჩვენს უნიათობას დაინახავსო, ვუთხარით ალასანიას, მაგრამ არა, არ მინდა, ასეთი მოგებაო, გვიპასუხა. აი, ეს იყო. გამარჯვება არ უნდოდა მას, და რა ექნა, რა გაეკეთებინა სხვა იმ ხალხს. მიდიოდა ამათი უაზრო ქეიფები, კუნტრუში, დაუსრულებელი ლაყბობა, 6 საათზე შტაბი  დაკეტილი იყო ხოლმე, ალასანიას ცოლი და მისი დაქალები ყველას ზევიდან უყურებდნენ. ხალხი აჯანყდა, მომხრეები აღარ დადიოდნენ შტაბში, ესენი ვინ არიანო, იძახდნენ. წავიდა ხალხი, მიატოვა შტაბი და დამთავრდა ყველაფერი. კოორდინატორებმა შუა არჩევნების დროს მიატოვეს ყველაფერი. კომისიის წევრები არ მივიდნენ არჩევნების დღეს. ბოლო დღეს რა მოხდა იცით, ეგზიტპოლები აცხადებენ, რომ გამარჯვებულები ვართ, არადა ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ ასე არ იყო. გვასალია ამბობდა, ჩვენი წევრები არსად არ არიან, ვიცი სადაც აყალბებენ არჩევნებს და იქ ჩავშალოთ, თუ როგორ, ეს მე ვიციო. ირაკლი მოგება არ გინდაო, კითხა გვასალიამ, არა, მე ასეთი მოგება არ მინდაო, იმეორებდა ალასანია. ხალხი მოდიოდა, ტიროდა, ამბობდა, გაგვიყალბეს, გაგვყარეს გარეთ, ჩაყარეს ბიულეტენებიო, ხედავო, უთხრა გვასალიამ, ამას დამტკიცება უნდაო. როგორ დაამტკიცონ, გეუბნებიან, ტელეფონით გადაღებულ სურათს გაჩვენებს ქალი და მეტი რა გინდაო, კითხა გვასალიამ, კამერით გადაეღოო, სად ჰქონდა გადასაღები, მიეცი რამეო? მოკლედ, მაშინ ალასანიამ საბოლოოდ თქვა უარი გამარჯვებაზე. ყველა უბანზე, სოფელში, ადგილზე ვაფიქსირებდით დარღვევას და არც ერთ კამერას ფაქტი არ მოქონდა. რატომ? დააკავეს კამერები, ფაქტი არ მოუტანიათ, თუ მოიტანეს და დამალეს არ ვიცი. კომისიის შემადგენლობას ვინ ადგენდა? ჩიქოვანის მამა, ყოფილი პარტმუშაკი, კაცი, რომელიც არაფერს წარმოადგენდა. ზუგდიდში ვერავინ ვნახე, რომ მასზე კარგი თქვას, აქებდეს, მაგრამ, რადგან ირაკლის მამა ხელმძღვანელობდა ყველაფერს, ფული მაგათ ხელში გადიოდა. ვიმეორებ, ეს კაცი გონზე არ იყო არჩევნების. საარჩევნო გეგმა არ გააჩნდათ, არ იცოდნენ რა ეკეთებინათ, საზოგადოება დარჩა შტაბის გარეთ.


- სხვებს თუ აძლევდნენ ფულს? შტაბიდან ფული დაიკარგაო რატომ ითქვა?

 

- ყველა წუწუნებდა, ყველას საწვავის და ტელეფონების პრობლემა ჰქონდა. ამბობდნენ, მთელი დღე დავდივართ და „ბულკის" ფული არ გვაქვსო. შტაბიდან ფული როგორ უნდა დაიკარგოს? ვის ეკიდა ფულზე ხელი? ეს ფაქტი გააჟღერა ჩიქოვანმა, მას შემდეგ, რაც იქ აჯანყდა ხალხი ფული არ არისო. მაშინ ბიგვავა ჩამოვიდა თბილისიდან ვიღაც კაცთან ერთად, ის კაცი გაგიჟდა, ფული როგორ არ არის, 600 ათასი გამოაგზავნესო, სად წავიდა ეს ფულიო. მეორე დღეს გავარდა ხმა, ფული დაიკარგაო. ბოლოს თვითონ მიაჩუმათეს ეს ფაქტი, რადგან იქ, ოფისში იყო ერთი გოგონა, გარეთ იჯდა, რომელმაც თქვა, წყნარად იყავით, ყველაფერი არ მათქმევინოთო. ამის მერე მიჩუმათდა ეს, მაგრამ თბილისში როგორი გაგრძელება ჰქონდა ამას, მე  არ ვიცი. ხობს და წალენჯიხას არ მისცეს ფული, აბაშა სულ წუწუნებდა და ჯუჯღუნებდა, მარტვილი სულ ტიროდა. 10 დღე იყო დარჩენილი არჩევნებამდე და მაშინაც არ ჰქონდათ ფული. ერთი კვირაა დარჩენილი და მოდის ზონის უფროსი გეგეჭკორი, ტირის, ერთი ლიტრა საწვავი არ მაქვსო. აი, ასეთი სიტუაცია იყო, აი, ასე ჩაფლავდა ყველაფერი. ვინც ბიძინამ გაგზავნა თბილისიდან, არც ერთისთვის ხელფასი არ მიუციათ. სახელფასო ფონდი უკვე ათვისებული იყო. თბილისელებს უხდიდნენ მხოლოდ. აი, ასე დამარცხდნენ, ასე სამარცხვინოდ.

 

- ისიც გვითხარით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს „თავისუფალი დემოკრატები" როგორ იქცეოდნენ?

 

- უარესად, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე. იქ მაშინ „თავისუფალი დემოკრატების" ხელმძღვანელი იყო გია ალასანია, ირაკლი ალასანიას ბიძაშვილი. ეს არის ნაძირალა, ვიმეორებ ნაძირალა, ვირთხა, არამზადა, რომელიც დღე და ღამე აგინებს ივანიშვილს. ერთ კაცს არ უყვარს ის. ის არის მასწავლებელი, იქაურია, რომ დაინახა ირაკლიმ ასეთი ცუდი სახელი ჰქონდა გადააყენა და სხვა დანიშნა. დავალება არ ჰქონდა ხალხს, რომ ემუშავა, შენში უნდა ხედავდნენ მოგების ჟინს და მაშინ იმუშავებს კაცი. მართალია, მოვიგეთ არჩევნები, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ზუგდიდი იყო მიცემული ნაციონალებისთვის. კაციშვილი არ ელოდა მოგებას, მოვიგეთ 3 %-ით.


რაც შეეხება ბოლო არჩევნებს, ადგილობრივს, ყველაზე რთული იყო, რადგან შიდა არჩევნებია. აქაც გვასალიასა და მის ხალხს სთხოვეს დახმარება. ჩავიდნენ, დაიწყეს მუშაობა, შტაბი გახადეს არა სალაყბო, არამედ მუშა ორგანოდ. იქ ერთ ადამიანსაც ვერ დაინახავდით, რომელსაც საქმე არ ჰქონდა. მაშინაც აბსოლუტურად უფულოდ იმუშავა ამ ხალხმა და მოიგო არჩევნები. და კიდევ ერთი, საპარლამენტო არჩევნებისას მანქანები უყიდეს თბილისიდან ჩამოყვანილ ხალხს თავისუფალმა დემოკრატებმა. ბიძინა ივანიშვილის ხალხს კი არაფერი მისცეს. თუ გაინტერესებთ დეტალების სიზუსტე ამ ადამიანებს დაელაპარაკეთ. ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ მათგან.


პოლიციაში ისეთი ხალხია დასაქმებული, გადაირევი კაცი, ისევ ის ზონდერები, ისევ ის ყოფილი „კუდელები"... რა, მარტო ახალაია და მერაბიშვილი იყო პრობლემა? დანარჩენი არავინ შეცვლილა აბა სამეგრელოში.


დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს, არც ადრე და არც ახლა, სწორ ინფორმაციებს არ აწვდიან.


თუმცა ვინ უნდა უთხრას მას სიმართლე, როცა თითქმის ყველა საკვანძო პოსტებზე (პოლიციას ვგულისხმობ) ყოფილი „ნაციონალები" მუშაობენ.


ამოიღონ პოლიციის თანამშრომლების პირადი საქმეები და ნახონ, რა წერია - რეკომენდატორი - მეგის ქარდავა, რეკომენდატორი - ბაჩო ახალაია. ესენი მიზანმიმართულად დასდევენ ჩვენს აქტივისტებს, ამწარებენ და აჯარიმებენ, თავიანთები კი, ნასვამები თუ არიან, აჩერებენ და სახლამდე აცილებენ. პარტია „ქართულ ოცნებას" და იმ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების" გამარჯვებითვის იბრძოდნენ, ყოველმხრივ ავიწროებენ. ეს ის საქართველო არ არის, რომელიც ქართველ ხალხს და ბიძინა ივანიშვილს უნდა.


P. S. ჩვენ შევეცდებით ამ ინფორმაციების გადასამოწმებლად იმ ადამიანებს დავუკავშირდეთ, რომელზეც ჩვენი რესპოდენტი საუბრობდა და „საერთო გაზეთი"-ს მომდევნო ნომერში მათი ინტერვიუები შემოგთავაზოთ.

 

ქეთი ხომერიკი

გაზეთი „საერთო გაზეთი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016