რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, მოსკოვი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების გამო საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს "აბსოლუტურად გამოგონილს" უწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
"აბსოლუტურად გამოგონილს ვუწოდებთ იმ ატეხილ ხმაურს, რომელიც თბილისსა და დასავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში ატეხეს აფხაზეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე. ამდენი წლის განმავლობაში, რაც გავიდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მომენტიდან, დროა, ყველა მიეჩვიოს, რომ ჩვენი ქვეყნები თანდათანობით ამყარებენ სხვადასხვა მხრივ საერთაშორისო ურთიერთობებს. ეს პროცესი არავის უშლის და ბუნებრივია, არ მოითხოვს მესამე ქვეყნების მხარდაჭერას", - განაცხადა კარასინმა.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)