reportiori.ge - "თუ მართლა უყვართ გურამი, წაიკითხონ წიგნები და ამით დაეხმარებიან" - დოჩანაშვილის მეუღლე მწერლის სიდუხჭირეზე ხმებს პასუხობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:30
პრეს-დაიჯესტი
"თუ მართლა უყვართ გურამი, წაიკითხონ წიგნები და ამით დაეხმარებიან" - დოჩანაშვილის მეუღლე მწერლის სიდუხჭირეზე ხმებს პასუხობს
ავტორი:
11 დეკემბერი, 2014. 10:39



ბლოგერ ბექა ბერულავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მწერალი გურამ დოჩანაშვილი უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება, დიდი რეზონანსი მოჰყვა. Ambebi.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია გურამ დოჩანაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ ნათელა სეფიაშვილთან გადაამოწმა:


- არ ვიცი, ეს ჭორები და სისულელეები საიდან, ან რატომ ვრცელდება. მეც და გურამიც ვართ პენსიონერები (სხვათა შორის, გულწრფელად მიკვირს, საიდან აქვს სახელმწიფოს ამდენი საშუალება, რომ ამდენ ხალხს პენსიას აძლევს. ზოგჯერ სახელმწიფო კიო მგონია, ხოლმე) და ვიღებთ იგივე პენსიას, რასაც სხვები. ვიცი, რომ ეს ბევრი არაა, მაგრამ ამ ფულით 3-4 კილო ლობიოს და ერთ ჩაის კოვზ შაქარს თუ იყიდი, ადამიანი მშიერი არ დარჩები. რაც შეეხება ჩვენ ეკონომიურ მდგომარეობას, მოგეხსენებათ, მწერლების ამბავი და ეგრეა გურამიც; მილიონი რომ მისცეთ, მეორე წუთში ცარიელ-ტარიელი იქნება. ერთხელ დიდი კუპიურა აჩუქეს, გავიდა ჯიხურში, იქ მოატყუეს და არასწორად გადაუხურდავეს. ხელოვანი ხალხი ფულს არ უნდა მიაკაროთ. დიდი მადლობა ყველას, რომ მოგვიკითხეთ და ჩვენი ამბით შეწუხდით, მაგრამ ჩვენ არ გვიჭირს.



- ანუ სტატიაში რაც ეწერა, არ შეესაბამება სიმართლეს?


- არ ვიცი, ოჯახში ვის გულისხმობენ. მე ვარ მეუღლე და არასოდეს არავისთან შემიჩივლია, მიჭირს და მიშველე-მეთქი. არც მე და არც გურამს ეს არ გაგვიკეთებია და მაინტერესებს, ამ ხალხმა საიდან გაიგო, რომ გვიჭირს?!


ერთ ისტორიას მოგიყვებით: 90-იანებში, როდესაც პურზე დიდი რიგები იყო, ვაჟა-ფშაველას დასაწყისში იყო ცეკავშირის მაღაზია და იქ ვნახე რაღაც იდო ტომრებით, რომელსაც არავინ ყიდულობდა. ვიყიდე და ყოველ დილით გურამს ვუკეთებდი ფაფას და ისე მიდიოდა ხოლმე გარეთ. მერე გავიგეთ, რომ ეს ყოფილა კომბიკორმი. საბედნიეროდ, არაფერი არ დაგვემართა. ქუჩაში რომ გაიხედო, ამდენი მანქანაა, ტანსაცმელია, საჭმელია და სხვა... როგორ შეიძლება რამეზე წუწუნი?! ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. რეალურად გურამს ფული კი არ სჭირდება, მას სჭირდება, რომ რასაც წერს, ის დაიბეჭდოს. მაგალითად, ახლა დაახლოებით ოთხი წიგნი აქვს გამოსაცემი. თუ ვინმეს გურამის დახმარება უნდა, დაეხმაროს გამომცემლობას, რათა მათ წიგნები დაბეჭდონ.



საბჭოთა კავშირის დროს ყველა მწერალს ჰქონდა ჰონორარი, მაგრამ ამავე დროს სამსახური და ჰონორარი როცა ეძლეოდათ, სახლამდე არც მოდიოდა და გზაში ამღერებდნენ ხოლმე. ჰონორარების რაოდენობა განსხავევებული იყო, სამწუხაროდ, გურამს ყოველთვის ცოტა ჰონორარი ჰქონდა ხოლმე. 90-იანებში მწერალი თავად გახდა საკუთარი ნაშრომის ავტორი და ამან ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო. წიგნს დააწერდნენ - გამოდის ავტორის ხარჯით (არადა ამ დროს გურამს ასანთი და სანთელიც არ ჰქონდა სახლში და რისი გამომცემელი იყო), ავტორს აჩუქებდენ 10-20 ან 30 წიგნს და ეგ იყო და ეგ.



- ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა თქვენი დახმარების სურვილი....

- ხალხს თუ მართლა უყვარს გურამი, წაიკითხონ წიგნები და ამით ყველაზე მეტად დაეხმარებიან. გურამს არ უნდა ფული, მას ერთი ტომარა ფული რომ მისცეთ, გავა ქუჩაში და დაარიგებს. ერთხელ ვანიკო ზოდელავა და დავით ოქიტაშვილი იყვნენ ჩვენთან, წასვლისას კონვერტი დატოვეს, ეს თბილისის მერიისაგან საჩუქრადო. აიღო ეს


კონვერტი გურამმა, გავიდა გარეთ და მართლა დაარიგა. ზოგადად, ქართველებმა ფულის ყადრი არ ვიცით. თუ ვინმეს ადამიანის დახმარება უნდა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე დგას ჩასარიცხი აპარატები, გამოართვას ამ ადამიანს შუქის ან გაზის ქვითარი და ჩაურიცხოს. დახმარება არაა?! ფული წყალში იყრება. დღეში 4-5-ჯერ მოდის ნაგვის მანქანა და გააქვს ნაგავი. ყველა წუწუნებს და ამდენი ნაგავი საიდან გვაქვს, ვერ ვხდები. იმდენი ნაგავი გვაქვს, ხუთი სახელმწიფო აშენდებოდა. ღმერთმა უწყის, როდის გვეცოდინება ქართველებს, რომ ქვაბში როცა რაღაცაა, წყალი არ უნდა ჩავასხათ და ნაგავში არ უნდა გადავაგდოთ. სხვათა შორის, 90-იანებში, როდესაც ძალიან ჭირდა ცხოვრება, ყველაზე სუფთა ნაგავი იყო ავლაბარში. იცით რატომ? იმიტომ, რომ იქ სომხები ცხოვრობენ და ყველაფრის ფასი იციან. აბა გაგევლოთ ვაკეში, ლამის ნახევარი კარტოფილები იყო გადაყრილი, მერე ეს ხალხი იტყოდა, გვიჭირსო. ყველაფერს უნდა აზრიანი ქმედება. ჩემს გურამს ფულთან საქმე არ აქვს, მისთვის მთავარია მელანი, ცარიელი ქაღალდი და მშვიდი გარემო. იცით, როგორი სიმშვიდე უნდა? როცა სიყვარულის ახსნითაც არავინ აწუხებს. ვისაც უნდა გურამს დაუდგეს გვერდში, დაეხმარონ გამომცემელს, რომ წიგნები დაბეჭდონ და მკითხველს მიეცეს წიგნის წაკითხვის საშუალება. ქართველებს ერთ დღეში გვინდა მილიონერობა და ასეთი მიდგომით იმდენს ვიზამთ, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩებათ სხვებს.



(წყარო: AMBEBI.GE, ლადო გოგოლაძე)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016