კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა "ნაციონალების" პოლიტიკურ კუბოს ჩაქუჩით დასდევს და სადაც წაეწევა, ლურსმანს ურტყამს. ფაქტობრივად, ხაინდრავამ საერთაშორისო მაწანწალას, მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკური ტურნე გამოუცხადა. უკრაინაში ხაინდრავას პრესკონფერენცია იყო მეორე რაუნდი სააკაშვილისა და მისი საძმოს წინააღმდეგ. ამ შეხვედრამდე გოგა ხაინდრავამ მსოფლიო მასხარა გახადა შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი, რომელიც კორუფციაში ამხილა და დოკუმენტები ააფრიალა, საიდანაც იკვეთებოდა ფაქტი, რომ კარლ ბილდტს სააკაშვილის რეჟიმი ფულს უხდიდა იმისთვის, რომ სააკაშვილი და მისი პარტია დასავლეთში გეპიარებინა. საქართველოს ინტერესი ამ შემთხვევაში ორივე მათგანს ფეხზე ეკიდა. რაც შეეხება უკრაინაში ხაინდრავას ტურნეს, მან „ალიას" მკითხველს საინტერესო დეტალები გაუმხილა.
თუმცა მანამდე, როგორც ჟურნალისტს, მინდა საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო და თქვა, რომ, სამწუხაროა, რასაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინაშე სჩადის. ქართველი ხალხი სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას ითხოვს, ეჭვმიტანილ პირებს კი უკრაინა პოსტებს სთავაზობს. მინიმუმ უხერხულია. რა გამოდის, 44-მილიონიან ქვეყანას მოაზროვნე ადამიანები არ ჰყავს?
აი, რას ყვება ჩვენთან ინტერვიუში გოგა ხაინდრავა:
- უკრაინის რიგიც მოვიდა, მთელ რიგ ქვეყნებში მაქვს ნაჩვენები ჩემი ფილმი „დემოკრატიის შუქურა", სადაც კარგად ჩანს „ნაცმოძრაობის" რეჟიმის დანაშაულები. პრესკონფერენციაზე ყველაზე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ციხის სკანდალური კადრების ჩვენება, მე მათ ავუხსენი, რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა მიიღეს სრული შოკი, როცა ნახეს ციხის კადრები. მითი სააკაშვილის რეფორმატორობის შესახებ, საკმაოდ გავრცელებულია უკრაინაში. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ კვიტაშვილის კანდიდატურა, რომელიც ახლახან დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრად, უკრაინულ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგანაც ჯანდაცვის მინისტრს უნდა ჰქონდეს სამედიცინო განათლება, მინიმუმ ამ სფეროში საკანდიდატო დისერტაცია უნდა ჰქონდეს დაცული. კვიტაშვილის შემთხვევაში ასე არ არის. საერთოდ, გაუგებარია, რატომ უნდა ყოფილიყო ჯანმრთელობის მინისტრი ადამიანი, რომელმაც ისტორიული ფაკულტეტი დაამთავრა. ეს არის პირდაპირ კანონდარღვევა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს დანიშვნები არის ნაჩქარევად გაკეთებული. ძალიან რთულად არის ვითარება, კვიტაშვილის კანდიდატურის დანიშვნამ ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია უკრაინის სამედიცინო წრეებში. უკრაინაში არის უამრავი კვალიფიციური ექიმი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ექიმებს შორის არიან და მათ თავზე დაასვეს კვიტაშვილი, რომელსაც საქართველოში არავითარი რეფორმა არ ჩაუტარებია, გარდა იმისა, რომ გაყიდა საავადმყოფოები. ამას გარდა, უკრაინაში კონსტიტუციის მიხედვით ყველა მაღალი თანამდებობის პირს ევალება, ისაუბროს უკრაინულად და მიმოწერა განახორციელოს მხოლოდ უკრაინულ ენაზე. რა გაუჭირდა უკრაინას ისეთი, რომ მაინცდამაინც საქართველოდან იყოს ჩამოყვანილი ჯანდაცვის მინისტრი. უკრაინელ ჟურნალისტებს ვუთხარი, კვიტაშვილისთვის ეკითხათ, დაასახელოს ერთი რეფორმა, რომელიც მან საქართველოში განახორციელა, თუ არ ჩავთვლით იმ რეფორმას, რომლის შედეგადაც, როგორც გითხარით, ყველა საავადმყოფო გაიყიდა. ნათქვამია, - უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო და ასეა უკრაინაში საქმე. ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ქალბატონ მაია ფანჯიკიძესთან, ევროპასა და ამერიკაში სიარული, „შალახოს" შეკვეთა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამდენი ხნის მანძილზე უკრაინასთან მუშაობა რატომ არ მიდიოდა ამ მიმართულებით, უკრაინულმა საზოგადოებამ და უკრაინის ხელმძღვანელობამ რატომ არ იცოდა არაფერი რეალურად იმის შესახებ, რას წარმოადგენდა სააკაშვილის რეჟიმი საქართველოში. რამდენი დანაშაული და ბოროტმოქმედება აქვს ჩადენილი, ეს ბევრად საინტერესოა, იმიტომ, რომ რეალურად ამ თვალსაზრისით ორი წლის განმავლობაში იქ ამ კუთხით მუშაობა არ ჩატარებულა და სრული სიბნელეა.
როდესაც საკითხი დადგა ადეიშვილის ანტიკორუფციული სამსახურის შესაძლო ხელმძღვანელობაზე, რაც თავისთავად ცინიზმია იმიტომ, რომ ელიტარული კორუფციის მამაა ეს ბნელეთის მოციქული, რომელმაც ქართული ბიზნესის ტერორი განახორციელა საქართველოში, რომელიც მამამთავარი იყო იმ უბედურების, როცა სასამართლოში საქმეების 99% უდანაშაულო მოქალაქეების წაგებით მთავრდებოდა. პროკურატურა, როგორც ძალადობისა და ყაჩაღობის იარაღი იყო ადეიშვილისთვის. ასეთი ადამიანისთვის ანტიკორუფციული სამსახურის შეთავაზება აბსოლუტური ცინიზმია. უკრაინელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს საბუთები იმასთან დაკავშირებით, რომ ინტერპოლით იძებნება ადეიშვილი. მიმართეს ხელისუფლებას და უთხრეს, რომ სირცხვილია, ადამიანი, რომელიც ინტერპოლით იძებნება, წარდგენილი იყოს უკრაინაში მსგავსი ტიპის თანამდებობაზე, იგივე ეხება ეკა ზღულაძეს, რომელიც თითქოსდა შს მინისტრის მოადგილედ განიხილებოდა, რაც ასევე სიმართლეს არ შეეფერება. არანაირ მოადგილედ ის არ განიხილება.
- თქვენ ამბობთ, რომ ეკა ზღულაძის შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნა ტყუილია?
- ზღულაძე არის საფრანგეთის მოქალაქე, ალექსანდრე კვიტაშვილისგან განსხვავებით, რომელმაც დათმო საქართველოს მოქალაქეობა და მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, სხვა შემთხვევაში ის ჯანდაცვის მინისტრად ვერ დაინიშნებოდა, ეკა ზღულაძე საფრანგეთის მოქალაქეობას არ დათმობს, არც ერთი იდეალის გამო და ბუნებრივია, ვერ დაინიშნება შს მინისტრის მოადგილედ, ამიტომ ლაპარაკია, რომ ის იქნება კონსულტანტი, თუმცა უკრაინელები გავაფრთხილე, ეკა ზღულაძე შს მინისტრს კონსულტაციებს გაუწევს იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება მამაკაცების ციხეში გაუპატიურება ხელკეტებითა და ცოცხებით. ციხის სკანდალური კადრების ჩვენების შემდეგ უკრაინელ ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ სწორედ ეს ქალბატონი ბრძანდებოდა ზუსტად იმ მინისტრის პირველი მოადგილე, რომელმაც ეს ყველაფერი საქართველოში განახორციელა, 7 ნოემბრით დაწყებული, ყველა საშინელი მოვლენა სწორედ მათ უკავშირდებათ. მათ ავუხსენი, რომ ვანო მერაბიშვილი სწორედ თავისი ჩადენილი დანაშაულების გამო იხდის სასჯელს. ასე რომ, წინასწარ გავაფრთხილე, რა კონსულტაციებს ჩაიტანს ის, რომ აღარაფერი ვილაპარაკოთ სააკაშვილზე, რომელიც ასევე ძებნილია და ის იძებნება უმძიმეს დანაშაულზე და თუ მას საერთაშორისო კონიუნქტურა იცავს, უფრო სწორად საერთაშორისო ბნელი ძალები, ეს არის მსოფლიოს უბედურება და არა, ჩვენი... მე ძალიან დიდ პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, სააკაშვილისა და მისი დამქაშებისგან განსხვავებით, არ ვაპირებ ბნელი საქმეების პლაცდარმად უკრაინას ქცევას, როგორც ეს მათ გააკეთეს საქართველოში. სააკაშვილს საქართველოზე არასოდეს შესტკიოდა გული და ახლა, უკრაინაზე როგორ შესტკივა გული, ჩვენ კარგად ვიცით. ისიც ვიცით, რისთვის უნდა უკრაინა, რას ახორციელებს და ვინ ეხმარება...
- უფრო დეტალურად მითხარით, რა ინფორმაცია მიიღეთ უკრაინელებისგან, ვის დავალებასასრულებს და რისთვის სჭირდება მას უკრაინა, როგორც პლაცდარმი?
- უკრაინა სხვადასხვა ძალების ბრძოლის პლაცდარმს წარმოადგენს. ასეთ რევოლუციურ დროს, როცა ერთი ფორმაციიდან მეორე ფორმაციაზე გადადის ქვეყანა, იანუკოვიჩის ხელისუფლება რა იყო, ყველამ კარგად ვიცით, ახლა უკრაინა ევროპული ხედვის ჩამოყალიბებას იწყებს, თუმცა მათ ძალიან ბევრი ხელშემშლელი პირობა აქვთ, პირველ რიგში სააკაშვილისნაირი ავანტიურისტების მხრიდან. ჩვენ ვნახეთ, სააკაშვილმა როგორ წააგო ომი დღე-ნახევარში და ამის გაკეთებას უკრაინა არ აპირებს, იქ სერიოზული ომია. მე ვგულშემატკივრობ უკრაინელ ხალხს და ვწუხვარ, რომ პროვოკატორი სააკაშვილი უკრაინას პრობლემებს შეუქმნის. მე უკრაინელ ჟურნალისტებს ვუთხარი, თუ სააკაშვილი და მისი ბანდა რამეში წაგადგებათ, შეგიძლიათ ყველა წაიყვანოთ, ეს ჩვენი პრობლემა არ არის, უბრალოდ, აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ წინასწარ ჩაგაყენოთ საქმის კურსში, რის გამოწვევა შეუძლიათ მათ და ეს რისკები დაგანახოთ, თორემ ჩვენთვის სააკაშვილი უკრაინაში იქნება, ჩინეთში თუ მონღოლეთში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უკრაინა იმდენად გვიყვანს, გულწრფელად შეშფოთებულები ჩამოვედით, თორემ თუ გინდათ დედიან-ბუდიანად, მთელი „ნაცმოძრაობა" წაიყვანეთ, რა თანამდებობაზეც გინდათ დანიშნეთ, ჩვენ ამით მხოლოდ სულს მოვითქვამთ. ჩვენ ავუხსენით, რომ არ ვერევით მათ შიდა საქმეებში, უბრალოდ, ვიძლევით მეგობრულ რჩევებს, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელიც რას სჩადიოდა დონეცკში არჩევნების დროს, უკრაინელ ჟურნალისტებს შევახსენე და ისიც ვუთხარი, რომ ვანო მერაბიშვილი 2000 კაცამდე ზონდერებს აგზავნიდა არჩევნების წინა პერიოდში, ქვეყანა აურ-დაურიეს და პრაქტიკულად იანუკოვიჩს თავის დროზე არჩევნები მოაგებინეს. გავახსენე, როგორ ერეოდა პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინის შიდა საქმეებში, როცა გამოქვეყნდა ტიმოშენკოსა და სააკაშვილის ფარული საუბრები, სადაც სააკაშვილი ეუბნებოდა, რომ ის იყო ტიმოშენკოს გვერდით და იანუკოვიჩის წინააღმდეგ არჩევნებში. ამ ჩანაწერმა თავის დროზე ძალიან გააღიზიანა უკრაინელი ხალხი, რადგან დაინახეს, რომ სააკაშვილი მათ შიდა საქმეებში უხეშად ერეოდა და სწორედ სააკაშვილისა და მისი ბანდის დამსახურებაა ის, რომ იანუკოვიჩმა თავის დროზე არჩევნები მოიგო. ასევე შევახსენე გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრები კანონიერ ქურდებთან, სადაც ის დონეცკის გაუპატიურებით იმუქრებოდა, თუ ტიმოშენკოს სასარგებლოდ ხმებს არ წამოიღებდნენ. ავუხსენი, რომ მათ აი, ამ ხალხთან აქვთ საქმე. სწორედ ამ ხალხმა განაწყო ელექტორატი მაშინ დემოკრატიული ძალების საწინააღმდეგოდ და იანუკოვიჩის სასარგებლოდ. ასეთი დავალებით მოქმედებდნენ მაშინაც და იგივე დავალებით იმოქმედებს ახლაც სააკაშვილი, იმიტომაც დაბრძანდება უკრაინაში ბიძამისთან ერთად და უკრაინელები გავაფრთხილე, ეს თქვენთან აქვს სააკაშვილს პროდასავლური ლიდერის იმიჯი, თორემ მთელი თავისი ცხოვრება ემსახურებოდა რუსულ ინტერესებს და დღესაც ამ ინტერესების განხორციელებას განაგრძობს.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „ალია"