გაზაფხულზე, ქართული პოლიტიკა კიდევ ერთხელ დადგება თავდაყირა, ამის ყველა მონაცემი არსებობს, თუმცა მოვლენები ისეთი სისწრაფით ვითარდება, გამორიცხული არ არის, რომ მანამდე გავხდეთ არაორდინალური გადაწყვეტილებების მომსწრენი. ერთი რამ ნათელია, ბიძინა ივანიშვილს რჩება ერთი გზა, მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილება და რა იქნება ეს გადაწყვეტილება, რა გზით წავა, ამას დრო გვიჩვენებს. ექსპერტები, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ვარაუდობენ, თუმცა ნაწილი ფიქრობს, რომ ივანიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში კარდინალურ ცვლილებებს გაატარებს.
ექსპერი მამუკა არეშიძე ჩვენთან ერთად განიხილავს მიმდინარე პროცესებს და „ქრონიკის" კითხვებს პასუხობს:
- თქვენი აზრით, ტოტალური შეტევა რატომ მიდის ირაკლი ღარიბაშვილის კადრებზე, ისინი თავისი ნებით ტოვებენ პოსტებს. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი, რამდენიმე გუბერნატორი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, სუს-ის უფროსი, გენინსპექციის უფროსი... რამდენიმე დღეში ყველამ გადაწყვიტა განცხადება დაეწერა და პოსტიდან წასულიყო რა ხდება? არის თუ არა ეს ირაკლი ღარიბაშვილზე შეტევა?
- ეს არ არის ირაკლი ღარიბაშვილზე ფუნქციონალური დარტყმა იმისთვის, რომ ღარიბაშვილი დასუსტდეს. ეს არის პასუხი იმ რთულ მდგომარეობაზე, რომელიც შეიქმნა ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. რასაკვირველია, ეს მძიმე დარტყმაა პრემიერის მდგომარეობაზე, მაგრამ პირადად მასზე ამ დარტყმას მე მაინც არ აღვიქვამდი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისუფლად შეეძლო, მოეთხოვა ირაკლი ღარიბაშვილისთვის გადადგომა, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიდა. მაგრამ როგორც ჩანს, ეს საჭიროდ არ ჩათვალა.
- თქვენი აზრით, რა მოხდა ჯანყარაშვილის შემთხვევაში, ის ხომ მხოლოდ ორი თვე იყო პარტიის აღმასრულებელი მდივანი? ითამაშა თუ არა გადამწყვეტი როლი ჯანყარაშვილზე ბიზნესინტერესების გამო შეტევამ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" წამოიწყო და დააგვირგვინა „რუსთავი 2"-მა? რა ინფორმაციები მივიდა ბიძინა ივანიშვილამდე?
- არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილთან ინფორმაციები ახალი მისული იყო, ბიძინა ივანიშვილის ხასიათის თვისებაა, რომ ის ინფორმაციებს აგროვებს გარკვეული დროის განმავლობაში და შესაძლოა, თუნდაც მცირე ინფორმაცია მას გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს. ეს მისი ხასიათის თვისებაა, გარკვეული დრო მასთან გატარებული მაქვს და მის ხასიათს ვიცნობ. ამიტომ ვთვლი, რომ ინფორმაციები გარკვეული პერიოდის მანძილზე გროვდებოდა. კულუარული თვალსაზრისით, ბევრი ისეთი რამ ხდებოდა ხელისუფლებაში, რაც მიუღებელი იყო ჩვენთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც „ქართული ოცნების" გამარჯვებაში ვმონაწილეობდით. სხვათა შორის, არ იფიქროთ, კორუფციას ვგულისხმობდე, არა, მე ვგულისხმობ პასუხისმგებლობისგან დისტანცირებას ჩინოვნიკთა ძალიან დიდი გუნდის მხრიდან. ადამიანების დიდმა ჯგუფმა, რომელიც ხელისუფლებას წარმოადგენს, ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, პასუხისმგებლობა რომ აიცილოს, სჯობს არაფერი აკეთოს. ამან გამოიწვია ის უმძიმესი მდგომარეობა, რაც დღეს არის. ამის შესახებ ცოტა ქვემოთ, რაც შეეხება ჯანყარაშვილს, ზვიად ჯანყარაშვილზე გადატყდა ჯოხი იმიტომ, რომ ზემონახსენები ჩინოვნიკების ძალიან დიდი ნაწილი იყო მისი კრეატურა (ანუ პირი, რომელიც დაწინაურებულია არა თავისი პირადი ღირსება-დამსახურების მიხედვით, არამედ გავლენიანი წრეების წყარობით. - ნ.ს.). მე არ შემიძლია ახლა ყველაზე პიროვნულად ვილაპარაკო, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების უდიდესი ნაწილი, როგორც ჩანს, ასე იყო დანიშნული. როცა არ ვარგა ჩინოვნიკი, გამოდის, არ ვარგა მისი რეკომენდატორი. ბიძინა ივანიშვილთან საუბრისას იყო ბიზნესის შევიწროების თემაც, ამიტომ გაათავისუფლეს კოპაძე და იქ იყო ლაპარაკი კორუფციულ ელემენტებზე ბიზნესთან დაკავშირებითაც. ეს საუბრები ნამდვილად იყო და ასე გაჟღერდა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ რეპრესიების მეორე შემადგენელი ნაწილი. ეს არის აბსოლუტური უპასუხისმგებლობა და ამ ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობამ, პრინციპში, გამოიწვია ის, რაც დღეს არის, ანუ კოლაფსი ლარის კურსში, უფრო სწორად საფინანსო სისტემაში. საქმე ისაა, რომ პრაქტიკულად, ბევრმა ჩინოვნიკმა აბსოლუტურად დაკარგა მუშაობის სურვილი, გადავიდნენ ხელფასების, პრემიების მომატებაზე, საკუთარი სიკეთეების მოწყობაზე და ის სამეურნეო საქმიანობა მიატოვეს, რაც ქვეყანაში იყო გასაკეთებელი. ეს ხდებოდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. საბოლოო ჯამში, ეს გამოიხატა იმაში, რომ უამრავი თანხა დაგროვდა წლის ბოლოს, რომელიც ბიუჯეტიდან იყო გასახარჯი. ეს თანხები დარჩა აუთვისებელი. როდესაც მათ მოსთხოვეს პასუხი თავის მოქმედებაზე, ფართხა-ფურთხით დაიწყეს საქმის კეთება. თქვენს გაზეთშიც იყო ნათქვამი, რომ ორ-სამდღიან ტენდერებს აწყობდნენ სასწრაფო წესით, როგორმე ფული რომ ათვისებულიყო. ამან კი ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა ლარის კურსს. კი, ლარის კურსის შერყევა სხვა მდგომარეობამაც განაპირობა, ჩვენ ხომ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე გვაქს ლაპარაკი, ამ ჩინოვნიკების ასეთმა მოქმედებამ ლარის დევალვაციაში საკმაოდ დიდი როლი შეასრულა. ახლა მოდით ვთქვათ, რა მოხდა შემდგომ. როგორც ჩანს, პასუხის მოთხოვნის პროცესი გაგრძელდა, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში კითხვები ისმოდა, თუ რატომ არ სრულდება ეს სამუშაოები. როგორც ჩანს, ამ კითხვებზე ბიძინა ივანიშვილმა პასუხი ვერ მიიღო და ამას მოჰყვა ის მძაფრი რეაქცია, რაც იყო 1-ელ დეკემბერს. ეს რეპრესიები გრძელდება დღემდე და როდემდე გაგრძელდება, ჯერჯერობით ამაზე ვერავინ ვერაფერს იტყვის. ისტერიკაში ჩავარდნილი ზოგიერთი ჩინოვნიკი ყვება, რომ ივანიშვილმა ამის გამო „შუშის სასახლეში" სერიოზული „რაზბორკა" მოაწყო. ბიძინა ივანიშვილმა ამ ქმედებით აბსოლუტური ნიველირება მოახდინა იმ ფაქტის, რომ კულუარებიდან იმართება სახელმწიფო და ა.შ.
- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ის კულუარებიდან მართვას სახელმწიფოს...
- რასაკვირველია, ეს თემა ყველაზე საინტერესოა მთელ ამ საქმეში. მე არ მაინტერესებს ვინ რა ფორმით მართავს ქვეყანას, ამის პრეცედენტები არსებობს და თქვენთან ინტერვიუში არაერთხელ ჩამომითვლია. დღეს ამაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ და პირდაპირ ვიტყვი, რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი გარკვეული ფორმით მონაწილეობს ქვეყნის მართვაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას აქვს პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მაგივრადაც, ვინც ხელისუფლებაშია დღეს და იმ ადამიანების წინაშეც, ვისაც მან პირობა მისცა და დაპირებები გასცა არჩევნების დროს. აქედან გამომდინარე, ამ პასუხისმგებლობას ის არ გაურბის, ყოველი შემთხვევისთვის, ასე ჩანს. საბოლოო ჯამში, როგორც ჩინოვნიკები და მედია ყვება, ქვეყნის ხელმძღვანელები დაბარებულები თუ მოწვეულნი იყვნენ, კონკრეტულ ადგილს ვერ გეტყვით, „შუშის სასახლე" იყო თუ სხვა ადგილი, მაგრამ ფაქტია, მოხდა ამ საქმის გარჩევა. ბიძინა ივანიშვილს ხომ ვიღაცამ მიაწოდა ინფორმაცია. არ ვიცი, ვინ არიან ეს პიროვნებები, ვისაც მასთან მიაქვს ინფორმაციები, არ გამოვრიცხავ, რომ ყველა უწყებაში იყვნენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ინფორმაციის შეგროვებაზე და ბიძინა ივანიშვილთან მიტანაზე. არ გამოვრიცხავ, იყვნენ კონკრეტული პირები, ვისაც დავალებული აქვთ მაღალ დონეზე ამ ინფორმაციის მიტანა. ამას ღიად იმიტომ ვამბობ, რომ გარდა იმისა, წაიკითხავენ ამ ინფორმაციას და ვიღაცები აღშფოთდებიან ამ ფაქტის გამო, მათ გარდა, ამ ინფორმაციას წაიკითხავენ, ალბათ, ის ადამიანებიც, ვინც თანამდებობებზე დარჩნენ და მათ უნდა გაიგონ, რომ საჭიროა მუშაობა, ხელფასების, პრემიების გამოწერა და ჯიბეში ბიუჯეტის ფულის ჩადება კი არ არის მთავარი, არამედ მათ თავდაუზოგავად უნდა იმუშაონ, ღამეები უნდა ათენონ, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს. იქნებ, ახლა მაინც გაიგონ, რა უნდა აკეთონ.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ბიძინა ივანიშვილი მოიაზრებს ღარიბაშვილის შემცვლელად, ხოლო თავად ღარიბაშვილს - საქართველოს განვითარების ბანკის პრეზიდენტად. ეს რამდენად რეალურად გეჩვენებათ?
- მეც მაქვს ასეთი ტიპის ინფორმაცია, მაგრამ ბიძინა ივანივშილს ამ ტიპის გადაწყვეტილება რომ არ აქვს მიღებული, ეს ვიცი. ვითარება ისეთია, რომ წლის ბოლომდე დარჩა ცოტა დრო. ეკონომიკური თვალსაზრისით ვითარება სასწრაფოდ საშველია, ახლა ამის დრო არ არის, რომ პრემიერისგან იყოს პასუხი მოთხოვნილი. თანაც, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცოდა, რომ სამეურნეო საქმიანობაში პრაქტიკულად გამოუცდელ ადამიანს ნიშნავდა პრემიერად. ახლა მდგომარეობა არის საშველი, რეპრესიები უნდა დასრულდეს. მართალი გითხრათ, არც მინდა გამოიკვეთოს პრემიერის განსაკუთრებული დანაშაული. ძალიან კარგად იცოდა ივანიშვილმა, ვის ნიშნავდა. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანს ხელებიც გახსნილი უნდა ჰქონოდა და ისეთი გუნდი უნდა ჰყოლოდა გვერდით, ვინც მის გამოუცდელობას შეავსებდა, მაგრამ არ მოხდა ასეთი რამ, მის გარშემო მოგროვდნენ ადამიანები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში არაპროფესიონალები არიან, ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი. ახლა პრემიერის შეცვლის დრო არ არის, შეიძლება მოვიდეს 2015 წლის გაზაფხულზე, მაგრამ ჯერჯერობით ეს ნაადრევია.
- ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კოპაძემ დაწერა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით და მის ადგილზე დაინიშნა „ქართუ ბანკის" პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი. მოსალოდნელია თუ არა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმაც დატოვოს პოსტი?
- ჩათვალეთ, რომ მინისტრი იქ ჯავახიშვილია. ნოდარ ჯავახიშვილის ხასიათიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, რომ ის ძალიან ახლოსაა ბიძინა ივანიშვილთან, დარწმუნებული იყავით, ჯავახიშვილი იქნება მინისტრი, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის შავლიაშვილის ბედი ამ შემთხვევაში გადაწყვეტილია, მე ასე მეჩვენება. თუ ჩემს რჩევას მიიღებს, მას ურჩევნია თავისი ნებით წავიდეს თანამდებობიდან.
- თანამდებობა დატოვა გენინსპექციის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა, რომელიც მოიაზრება „ნაციონალების" კადრად. მეტიც, გეტყვით, რომ ლუკა კურტანიძეზე თვალთვალი, მიყურადღება და პროვოკაციები მისი დაგეგმილი იყო, ის სახელდება იმ ფიგურად, რომელმაც ობსტრუქცია მოუწყო ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, რასაც საბოლოოდ შეეწირა კურტანიძე. ასევე, პოსტი დატოვა სუს-ის უფროსმა, ორივე მათგანი ჯანყარაშვილის კადრად მოიაზრება, მაინც ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო ტრიალებს საკადრო კარუსელი. როგორ გავიგოთ, ჯანყარაშვილის გუნდი წავიდა ხელისუფლებიდან, თუ ღარიბაშვილის გუნდი?
- რასაკვირველია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რა თქმა უნდა, ტოლობის ნიშანია ამ ორ გუნდს შორის, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი მაინც ფართო ცნებაა. აქედან გამომდინარე ლაპარაკი იმაზე, რომ ღარიბაშვილის გუნდი წავიდა, არ შეიძლება.
- გუბერნატორმაც დატოვა პოსტი, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხენკელმა, მისმა ძმამ როინ ჩხენკელმა, რომელიც ეკონომიკური მრჩეველი იყო პრემიერის.
- გუბერნატორები ზუსტად ის რგოლია, რომელთაც მოეთხოვებათ პასუხი იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩავარდნის გამო, რაც მოხდა რეგიონებში. ახლა აქ მარტო ჯანყარაშვილის გუნდთან ბრძოლა კი არ არის, არ მინდა ასე იყოს აღქმული საზოგადოების მხრიდან, მასშტაბი და მიზეზია სხვა. მიზეზი არის ის, რომ სამთავრობო გუნდის რიგმა წევრებმა თავისი უმოქმედობით ქვეყანა მიიყვანეს ასეთ მდგომარეობამდე. ჯანყარაშვილის გუნდია ეს თუ პავლიაშვილის, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
- რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდს, ხადურს, კვირკაშვილს, მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას? როგორც ცნობილია, ნოდარ ხადურის მოხსნა დღის წესრიგში იყო, თუმცა ირაკლი ალასანიას სკანდალურმა მოვლენებმა მისი გადაყენება დროებით შეაფერხა...
- რასაკვირველია, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დგას, განსაკუთრებით, ფინანსთა მინისტრის. თუ ფინანსთა მინისტრი ხედავდა, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო და აქეთ მიდიოდა ქვეყანა და ბიუჯეტის ხარჯვა სწორად არ ხდებოდა, მას ეკისრება პასუხისმგებლობა. დღეს საერთოდ დგას ყველას ჯგუფური პასუხისმგებლობა. ეკონომიკის მინისტრს, ენერგეტიკის მინისტრს, ფინანსთა მინისტრს, ყველას კისერზეა პასუხისმგებლობა, თუმცა გააჩნია, რა ხარისხით. ამ შემთხვევაში ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობა უფრო მაღალი ხარისხის მიმაჩნია. თუმცა განგაშის ზარები ყველას დროულად უნდა დაერეკა. ამიტომ შეეწირა ეკონომიკის დარგში მრჩეველი ჩხენკელი და მისი ძმა მეორე ჩხენკელიც, რადგან ის რეგიონებს კურირებდა. ჯერ ერთი, რა უბედურებაა ეს, რომ თანამდებობებზე ინიშნებიან ძმები. რაც შეეხება შს სამინისტროს, რამდენჯერმე ვთქვი, რომ არსებობს მე-5 კოლონა, რომელიც არის შსს-სა და პროკურატურაში. არ შეიძლება ამის ასე გაგრძელება, უნდა გადაიხედოს კადრები და მოხდეს სერიოზული ფილტრაცია. შეიძლება ყველას ვერ მოერიო, მაგრამ „ნაცმოძრაობის" გუნდში აქტიურად რომ თამაშობდა და დღეს მას თანამდებობაზე ნიშნავ, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მათზე ხომ წინა ხელისუფლებას კომპრომატები აქვს და შეუძლია მათი მართვა. ამიტომ ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო ამ ხალხის გამოყენება. ახლა თქვენგან გავიგე, რომ გენინსპექციის უკვე ყოფილი უფროსი სამყურაშვილი ლუკა კურტანიძის ამბავთან კავშირში იყო.
- შეიძლება რომელიმე მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?
- აუცილებლად აგებენ ისინი პასუხს. როგორც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციიდან გამოვიდა ინფორმაცია, სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი, რომ თითოეულ მათთგანს პასუხი მოეკითხება იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს ბიზნესის თუ ქვეყნის წინაშეო. მათი დანაშაულის ხარისხს, ბუნებრივია, შესაბამისი სტრუქტურები განსაზღვრავენ. ამ შემთხვევაში მე ვარ გვერდიდან მაყურებელი და ვხედავ, რა საგანგაშო მდგომარეობაშია ეკონომიკა.
- ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს ვადამდელი არჩევნები?
- არ გამოვრიცხავ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დადგეს დღის წესრიგში და ეს არის სწორედ საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვა, მაგრამ ერთხელ თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, რატომაც ბიძინა წავიდა პრემიერის პოსტიდან. ივანიშვილს წასვლის უფლება ამ ეტაპზე არ ჰქონდა, რადგან მას უნდა შეექმნა მძლავრი ბაზა, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და შემდეგ შეეძლო, ბუნებრივია, წასულიყო. ეს იყო ჩემი აზრი და სხვათა შორის, ამან გამოიწვია გაღიზიანება თვითონ ბიძინა ივანიშვილისა და თუ გახსოვთ, სატელევიზიო ეთერში ამის თაობაზე კამათიც მოხდა. ზუსტად ეს ბაზა რომ არ არის შექმნილი, ამიტომაც არის დღეს ეს ვითარება. ახლა ქვეყანას სჭირდება ძალიან ძლიერი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც არჩევნებამდე დარჩენილ დროში ვითარებიდან გამოსვლას შეძლებს და მძლავრი სოციალური ეკონომიკური განვითარების ბაზას შექმნის. მიაქციეთ ყურადღება, რამდენი წარმატება აქვს ამ მთავრობას, რამდენი ფონდი შეიქმნა იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესი, მაგრამ ეს ყველაფერი სისტემაში ვერ მოექცა. არადა, ამ ყველაფერს სჭირდება სისტემა. ამის დეფიციტი იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და შესაბამისად, იზრდება ანტაგონიზმი მმართველი ძალის მიმართ. თქვენ იცით, რომ მე მართლა გულზე მხვდება ეს ანტაგონიზმი, რადგან „ქართული ოცნების" გამარჯვებაში მეც მივიღე მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხში არის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებისა, ვფიქრობ, რომ ვადამდელი არჩევნები მაინც ვერ შედგება, იმიტომ, რომ ის სისტემა, რომელზეც მქონდა საუბარი, შექმნილი არ არის. აქედან გამომდინარე, მმართველმა ძალამ იცის, რომ ვადამდელ არჩევნებს წააგებს. ყოველ შემთხვევაში იმ შედეგს ვერ დადებს, რა შედეგიც სჭირდება. გამოსავალია ის, რომ მოხდეს სასწრაფოდ საკადრო ცვლილებების მთელი კასკადი, შეიქმნას პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც დღეს საქართველოში უამრავია, არ იტრიალონ თავის საახლობლო-სანათესაოში, მხოლოდ ისინი არ მიიყვანონ სამსახურში, ვინც არის მათი პირადი ერთგული და იმ პროექტის ხორცშესხმა დაიწყონ, რომელსაც თვითონ ჩაუყარეს საფუძველი, მაგრამ მერე ფუნდამენტი ვეღარ შექმნეს.
- როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი ღიად ჩაებმება პოლიტიკაში?
- ფაქტობრივად, 1-ლი დეკემბრის ინფორმაციის ღიად გაჟონვა მაფიქრებინებს, რომ ის ღიად ჩაერთვება პოლიტიკაში. ეს მანიშნებელი იყო იმისა, რომ ივანიშვილი გამოვიდა ჩრდილიდან.
- სუს-ის უფროსი, მირიან მჭედლიშვილი, რომელმაც შეცვალა მალხაზ ჩიკვილაძე, ამბობენ, რომ „ქართუ ჯგუფის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსია. მისი დანიშვნა მიანიშნებს თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ კადრებს ნიშნავს, ვინ არის ის პიროვნება?
- ეს არის უაღრესად წესიერი და სუფთა ბიოგრაფიის მქონე ადამიანი და ნამდვილად მუშაობდა „ქართუ ბანკში".
ნინო სამხარაძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა"