reportiori.ge - რისთვის შეხვდა და რაზე ელაპარაკა ლუკა კურტანიძე ივანიშვილსა და ღარიბაშვილს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:46
ინტერვიუ
რისთვის შეხვდა და რაზე ელაპარაკა ლუკა კურტანიძე ივანიშვილსა და ღარიბაშვილს?
ავტორი:
11 დეკემბერი, 2014. 17:49

 

 

 

 

ვინ იდგა ლუკა კურტანიძის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადაყენების სპეცოპერაციის უკან? ვინ მართავდა იმ მოჭიდავეებს, ვისაც 9 წლის მანძილზე ხმაც კი არ ამოუღიათ დამანგრეველი რეჟიმის წინააღმდეგ? დღეს ისინი ჭიდაობის ფედერაციას ოჯახს ეძახიან, მაგრამ, როცა ლუკა კურტანიძე სააკაშვილის რეჟიმმა წიხლქვეშ გაიგდო, მსოფლიო ჩემპიონის დასაცავად არც ერთ მათგანს ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. 


ამ ყველაფრის შემდეგ, დავინტერესდი ერთი მნიშვნელოვანი დეტალით, ნოემბრის ბოლოს ლუკა კურტანიძე ირაკლი ღარიბაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე იყო მისული. მთავარი აქ ის არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენინსპექციის უკვე ყოფილი უფროსი ირაკლი სამყურაშვილი ხელმძღვანელობდა ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ სპეცოპერაციას და სამყურაშვილი წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლადო ვარძელაშვილის მარჯვენა ხელს, მისი ბეგრაუნდის შესახებ ბევრი რამ ივანიშვილისთვის ცნობილი არ იყო. ივანიშვილთან საქმის გარჩევის შემდეგ, ჯანყარაშვილის გადადგომას ირაკლი სამყურაშვილის გადადგომაც მოჰყვა. 


მიაწოდა თუ არა ლუკა კურტანიძემ ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალი" სამყურაშვილის „ვაჟკაცობების" შესახებ ინფორმაცია? „ალია" ამ თემაზე ლუკა კურტანიძეს დაუკავშირდა: 


- გადადგომამდე ერთი დღით ადრე თქვენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ბრძანდებოდით. ჩემთვის ცნობილია, რომ გენინსპექციის ყოფილი უფროსი ირაკლი სამყურაშვილი თქვენს წინააღმდეგ ობსტრუქციას ახორციელებდა, გიჯანყებდათ მოწინააღმდეგეებს და თითიც კი არ გაუნძრევია პოლიციას თქვენს დასაცავად. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ბრძანდებით. ადასტურებთ ინფორმაციას, ივანიშვილი საქმის კურსში ჩააყენეთ, რომ სამყურაშვილი გებრძოდათ? 


- ნინო, არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ბატონი ბიძინა და ბატონი ირაკლი ჩამთვის უძვირფასესი ადამიანები არიან და თუ აქამდე ვითმენდი, ვითმენდი მათ გამო. დიახ, ბიძინა ივანიშვილს ავუხსენი შექმნილი მდგომარეობა და ვუთხარი, რომ ამ ეტაპზე საჭირო იყო, ჭიდაობის ფედერაციიდან წავსულიყავი. ის წინააღმდეგი არ წასულა და მითხრა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემდა. ის კამპანია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ დაიწყო, აუცილებლად ღია და საჯარო გახდება ხალხისთვის, კონკრეტულად ვინ რატომ მებრძოდა და ვინ იდგა ამის უკან. უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს და როცა ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელად ამირჩიეს, მთელი ჩემი გული და სული ჩავდე ამ საქმეში. 


ვიმუშავეთ მსოფლიო ფედერაციასთან და 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოვიპოვეთ, ძველი მწვრთნელები ახალი მწვრთნელებით ჩავანაცვლე, რომლებიც ტიტულებით იყვნენ მსოფლიო ჩემპიონები, ისევ იმ სფეროში ჩავაბი, რომლის პროფესიონალებიც არიან. ადამიანებმა, ვინც ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, მათ მიმართ, ბუნებრივია, პრეტენზიები იყო. განაწყენებული ადამიანების უკან კი დადგა რევანშისტული ძალა და დაიწყო ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა. 


- ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას, რომ თქვენს წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზატორი იყო გენინსპექციის ყოფილი უფროსი, ირაკლი სამყურაშვილი. 


- ვერც უარვყოფ და ვერც ვადასტურებთ ამათუ იმ კონკრეტული ადამიანის ჩართულობას. 22 სექტემბერს, როცა კვერცხები მესროლეს, კარი ამიჭედეს და პირდაპირ დამამცირებელი ტალღა ააგორეს ჩემი მისამართით, ცხადია, ეს მართული იყო. მიპასუხონ, რა ვერ გავაკეთე? პირველად საქართველოს ისტორიაში, ქვეყანამ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება, ჩამოვა 70 ქვეყანაზე მეტი, ყველა პირობა შევუქმენი სპორტსმენებს, რომ საუკეთესო მდგომარეობაში ყოფილიყვნენ. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, შეცდომები არ მქონდა, მაგრამ 20 წლის განმავლობაში რაც არ გაკეთებულა, ის შევძელი ორი წლის განმავლობაში, მაგრამ მე კითხვები მაქვს, რატომ დადგა ლუკა კურტანიძის დამამცირებელი გზით ჩამოცილების საკითხი?.. ვინ შეუწყო ამას ხელი? რატომ არ იმოქმედა პოლიციამ, როდესაც მე, ლუკა კურტანიძეს, პოლიციის მაღალჩინოსანს შეურაცხყოფას მაყენებდნენ? ხომ ფაქტია, რომ ცალსახად ხულიგნურ საქციელს ჰქონდა ადგილი? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს და გაძლევთ პირობას, რომ საკადრის პასუხს გავცემ, ვამხელ და ექსკლუზივს აუცილებლად თქვენ მოგცემთ და თქვენი დახმარებით ვამცნობ საზოგადოებას. 


თქვენ კარგად იცით, რომ მე გამოვიარე ძალიან დიდი განსაცდელი, პოლიციელები, ვინც ჩემს წინააღმდეგ სისასტიკე ჩაიდინა, ბევრი მათგანი პატიებისთვის ჩემთან მოვიდა, მაგრამ დარჩა რაღაც ნაწილი, რომლებსაც მიეცათ შანსი, სხვადასხვა ადგილებზე გადანაცვლებულიყვნენ. მათ კი, როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ, მართული გახადეს სიტუაცია. ახალი ხელმძღვანელის დახმარება მინდოდა დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად, მაგრამ ამ ემოციას აყოლილმა ხალხმა გააკეთა ის, რომ სახელდახელო პრეზიდიუმი მოიწვიეს და გადამაყენეს. ამით მათ ჰქონდათ ჩემი დამცირების მცდელობა, მაგრამ გეუბნებით, ბუმერანგივით შემოუბრუნდებათ. 


- ბატონო ლუკა, თქვენ ბრძანდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირი, არ გიჩნდებათ ეჭვი, რომ ნაციონალური მოძრაობის" ჩანერგილი პოლიციელები ცდილობდნენ თქვენს ბოლომდე განადგურებას? მე გისახელებთ კონკრეტულ პირს, გენინსპექციის ყოფილ უფროსს ირაკლი სამყურაშვილს, რომელზეც თქვენ კონკრეტულად არ მპასუხობთ. იყო თუ არა ის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი. 


- მტკიცებულების გარეშე მე ამ კითხვაზე კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ, თუმცა მეც გამიგია ამის შესახებ და საქმის კურსში ვარ. კერძოდ, იმის შესახებ, რომ ბატონი სამყურაშვილი იყო ლადო ვარძელაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე. მე ვიცი მისი ე.წ. ბეგრაუნდები, მაგალითად, სად იყო 2012 წლის აგვისტოში, ის იმყოფებოდა სამტრედიაში, ნამგალაურთან, ლადო ვარძელაშვილთან ერთად, გაჩერებულები იყვნენ სასტუმრო „ცისკარში", სადაც იმყოფებოდა მათ მიერ ჩაყვანილი უამრავი სპორტსმენი. სამყურაშვილი კურირებდა სპორტსმენების ჩაყვანას, ალბათ, ყველას კარგად მოგეხსენებათ 2012 წლის აგვისტოში რა უნდოდათ სამყურაშვილს, ვარძელაშვილს, ნამგალაურს, ისინი მობილიზებული იყვნენ არჩევნების წინ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. რასაც თქვენ ამბობთ და მეც მსმენია, რომ სამყურაშვილი ხელმძღვანელობდა ჩემს წინააღმდეგ აქციებს, თუ ეს სიმართლეა, ძალიან შემცდარა, სამყურაშვილს მიეცა საშუალება, რომ შეცდომების მიუხედავად, განეგრძო მუშაობა ახალ ხელისუფლებაში და გამოესწორებინა დაშვებული შეცდომები. ალბათ, ამიტომაც დაუბრუნდა ბუმერანგივით მისი მოქმედებები, ხომ იცით, ცეცხლი უკვალოდ არ ჩნდება, რადგან ითქვა, რომ ამ ადამიანს რაღაც წვლილი მიუძღვის ლუკა კურტანიძის დამცირებაში, ადამიანმა, რომელმაც უამრავი ტრაგედია გამოვიარე, ომი, „ნაცმოძრაობის" რეჟიმის მხრიდან დამცირება და თუ საჭირო იყო, ლუკა კურტანიძის ჩამოცილება და მე პრობლემას წარმოვადგენდი, რა საჭირო იყო ამდენი დამცირება, ერთი სიტყვაც კი საკმარისი იქნებოდა, ადამიანურად რომ დამლაპარაკებოდნენ და ეს უფლებამოსილება უფრო ლამაზად გადაეცათ. არ იყო საჭირო ამდენი დამცირება, დაპირებისამებრ, მე თქვენ მოგცემთ ინტერვიუს, სადაც კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით მოგაწვდით ინფორმაციებს.

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016