reportiori.ge - ილიაუნის რექტორს თანამდებობას დაატოვებინებენ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:46
პრეს-დაიჯესტი
ილიაუნის რექტორს თანამდებობას დაატოვებინებენ?
ავტორი:
11 დეკემბერი, 2014. 18:14


 

 

სისხლის სამართლის რა დანაშაული ჩაიდინა ილიას სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და რას ჰპირდება მას „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე?

 

- ხუთი დღის წინ, ილიაუნის რექტორმა გიგა ზედანიამ უარი უთხრა მღვდელმსახურ თეოდორე გიგნიაეს ლექციის ჩატარებაზე იმ მოტივით,რომ ამით შეილახება სხვა აღმსარებლობის სტუდენტების უფლებებიო და მაინტერესებს, როდის იყო, მართლმადიდებლობა ვიღაცის უფლებების შელახვად ითვლებოდა? მას შემდეგ, რაც ჩვენ გავავრცელეთ, რომ ეს არის რელიგიური სახის ნამდვილი დისკრიმინაცია, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეს ნამდვილად არ არის არანაირი დისკრიმინაცია, რადგანაცო ჩვენ აბსოლუტურად ყველა რელიგიურ კონფესიას ვუკრძალავთ ჩვენთან ლექციების ჩატარებასო.


ამ დროს ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ უნივერსიტეტში ბაპტისტებს ეძლევათ ამდაგვარი ხასიათის შეხვედრებისა და ლექციების ჩატარების უფლება, მაგრამ იმის გადამოწმება, ვის და როდის უთმობენ ისინი ამ უზარმაზარ უნივერსიტეტში თავის აუდიტორიას, ბუნებრივია, შეუძლებელია, მაგრამ მათ სურთ, წესდებაში შეტანილი ამ დებულებით გადაფარონ ის, რაც ჩაიდინეს დეკანოზ გიგნაძის მიმართ. არადა, ვაცხადებთ, ეს არის ნამდვილად რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო აქტებს, ბოლოს და ბოლოს, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულიცაა, რადგანაც ირღვევა თანასწორუფლებიანობა, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამასთან დაკავშირებით ჩვენმა „უფლებადამცველთა გაერთიანებამ" განცხადება შევიტანეთ სახალხო დამცველის აპარატში, რადგანაც როდესაც მსგავსი რამ ხდება ქვეყანაში, ამაზე პირდაპირ პასუხისმგებელია სახალხო დამველი.


- სხვათა შორის, გიგნაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ეს არ იყო რელიგიური თვალსაზრისით ჩატარებული ლექცია, თან ისინი უკვე შეთანხმებულები ყოფილან უნვერსიტეტში მთელი ციკლის ჩატარებაზე.

 

- მინდა გითხრათ, რომ ეს ნამდვილად არ ყოფილა ქადაგება და რელიგია, ეს იყო რელიგიური ხასიათის საუბარი, თან თვეში ერთხელ ტარდებოდა და ნამდვილად გაუგებარია, ილიას უნივერსიტეტის ამდაგვარი მოქცევა. მაგრამ მანდ სხვა რამაა: დეკანოზის საუბარს დაესწრო 500-ზე მეტი ახალგაზრდა, ანუ ამხელა ინტერესმა შეაშინა ილიაუნის დირექცია. საერთოდ, ძალიან დიდი კამპანია მიდის ეკლესიის წინააღმდეგ, ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა ბენდუქიძის უნივერსიტეტში და ასევე ილიაუნის უნივერსიტეტში. მინდა გითხრათ, რომ „ფეისბუკზე" მთელი გვერდებია საამისოდ შექმნილი. თუ სტუდენტებს აქვთ სურვილი, შეხვდნენ სასულიერო პირს და აუდიტორიაში ესაუბრონ მას, რა არის ამაში ცუდი? სხვათა შორის, მე ვესაუბრე ამ უნივერსიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელ თორნიკე ჩიქოვანს და მან მითხრა, სტუდენტებს ნამდვილად ჰქონდათ ამის სურვილი და ზედანია წინ აღუდგა ჩვენს სურვილსო. ამ საუბრის შემდეგ შევთანხმდით, რომ ჩვენ და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ერთობლივად ვაპირებთ სარჩელის შეტანას რექტორის წინააღმდეგ.


- ანუ ეს იქნება თქვენი ერთობლივი საჩივარი?

 

- დიახ, იმიტომ, რომ მარტო თეოდორე გიგნაძე კი არ არის დაზარალებული, არამედ დაზარალებულია სტუდენტობა, რომელსაც უნდოდა მოესმინა მისთვის, მაგრამ აქ გეტყვით ერთ უცნაურ რამეს: ამ დღეებში ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ჩემდა გასაკვირად, მსგავსი რამ მომხდარა ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც!  ამ დროს ლადო პაპავა მეგონა  ნორმალური ადამიანი, მაგრამ მასაც იგივე გადაწყვეტილება მიუღია, რაც ზედანიამ მიიღო და „ჯავახიშვილსაც" ასევე უთქვამს უარი გიგნაძისთვის... მე საქმე მაინც სახალხო დამცველთან მაქვს: შენ თუ ყველას უფლებას იცავ, უმრავლესობის უფლებას რატომ არ იცავ, როცა ადამიანებს სურვილი აქვთ და ამას ვიღაც ეწინააღმდეგება? რექტორატმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტის კედლებს მიღმა მოხდეს მსგავსი შეხვედრაო და ვერ გავიგე, რატომ, კაცო?! უნივერსტეტში არის ცარიელი აუდიტორია, იმხელა სივრცე და სხვაგან შეხვედრისთვის სტუდენტებმა უნდა იქირაონ დარბაზი და სადაა ამის თანხა? მაგრამ ვიმეორებ, ზედანიასა და პაპავას განცხადებებს ჩვენ არ დავტოვებთ ასე და ვითხოვთ, ამასთან დაკავშირებით ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებაც ჩაერთოს, რადგანაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მარტო მუსლიმანებისთვის და იეღოველებისთვის კი არ არის? რა, ეს კანონი მარტო მათ დასაცავად შეიქმნა და „ლგბტ" საზოგადოებისთვის? უკეთესს გეტყვით: ამას წინათ, ინფორმაცია მომაწოდეს, რომ საქართველოში არსებობს კვაკერების სექტა, 30-კაციანი ჯგუფია. სხვათა შორის, თავად რიჩარდ მაილსიც კვაკერია და ეს ჯგუფი თურმე საკმაოდ კარგად ფინანსდება ამერიკიდან. აი, ამ კვაკერების მიერ ხდება კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტში საკონსტიტუციო სარჩელის შედგენა, რომლის თანახმადაც კვაკერები ითხოვენ საქართველოს ეკლესიისთვის 20 %-იანი საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას, ვინაიდანაც მართლმადიდებლური ეკლესია არ უნდა იყოს გამორჩეულ მდგომარეობაშიო.


- აი, კვაკერებიღა გვაკლდნენ.

 

- ზუსტად, მაგრამ არსებობს საკონსტიტუციო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ეს საკითხი დარეგულირებულია, კვაკერები სწორედ ამიტომ მიდიან საკონსტიტუციო სასამართლოში ამის გასაბათილებლად და გესმით, რამხელა მზაკვრული გეგმაა? ეს ხდება ზუსტადაც ამ უნივერსიტეტის წიაღში და ამაში მინდა გითხრათ, რომ ჩართულები არიან სტუდენტები! ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ და აუცილებლად პასუხს მოვითხოვთ.


- რა, ზედანიას ბოდიშს მოახდევინებთ?

 

- ბოდიშს კი არ მოვახდევინებთ, პირობას გაძლევთ, რომ ის თავის თანამდებობაზე არ დარჩება, ეს მინიმუმ! მაქსიმუმ - მას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივცემთ, რადგანაც მოხდა თანასწორულფლებიანობის დარღვევა, სისხლის სამართალში კი არის შესაბამისი მუხლი. ის, ვინც ქრისტიანებს ავიწროებს, რექტორი არ უნდა იყო!


ინტერვიუს შემდეგ გადავწყვიტეთ, ლადო პაპავას დავკავშირებოდით, რათა გაგვერკვია, ნამდვილად ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტს ადგილი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, მაგრამ რექტორის ტელეფონი გამორთული დაგვხვდა, სამწუხაროდ, ფაქტის გადასამოწმებლად ასევე ვერ დავუკავშირდით დეკანოზ თეოდორე გიგნაძესაც...

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016