სოხუმის ე.წ. ლიდერის რაულ ხაჯიმბას თქმით, რუსეთ-აფხაზეთის ახალი შეთანხმება რუსეთთან სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობას განაახლებს. ხაჯიმბამ დღეს აფხაზეთის ეკონომიკურ მდგომარეობას საკმაოდ მძიმე უწოდა. მისი განმარტებით, მწვავე პრობლემებია ენერგომომარაგებისა და კომუნალური მეურნეობის საკითხებშიც.
"ფაქტობრივად, ეკონომიკის არც ერთი დარგი არ ფუნქციონირებს მათ შორის, არც მინიმალურ რეჟიმში. სოციალური ობიექტების მშენებლობა, რომელიც აფხაზეთში მიმდინარეობდა, არავითარი ეკონომიკური ეფექტის მომცემი არ არის შორეული პერსპექტივის კუთხით. ჩვენ რუს კოლეგებს გააჩნიათ სერიოზული უნდობლობა აფხაზური მხარისადმი, რაც რუსული დახმარების ათვისების სამწუხარო გამოცდილებას უკავშირდება", - განაცხადა ხაჯიმბამ.
მისივე ინფორმაციით, რუსეთში მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2015 წლიდან რუსეთის ფინანსური დახმარების ნაწილი აფხაზეთის ეკონომიკის რეალურ სექტორში პროექტების რეალიზაციისკენ იქნება მიმართული.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)