reportiori.ge - რატომ გაახსენდა „ოცნებას“ მხოლოდ შსს და არ ახსოვს სხვა დაპირებები?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:28
პრეს-დაიჯესტი
რატომ გაახსენდა „ოცნებას“ მხოლოდ შსს და არ ახსოვს სხვა დაპირებები?
ავტორი:
12 დეკემბერი, 2014. 13:00


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, შს სამინისტროდან უსაფრთხოების გამოყოფის საკითხს გამოეხმაურა: „მივესალმები, რომ საქართველოს პრემიერი არის საპროგრამო დაპირების ერთგული. უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სამინისტრო,  რომელიც წარმოიშვება შინაგან საქმეთა სამინისტროს წიაღიდან,  ფუნქციონალურად სხვა დატვირთვა ექნება,  იზრუნებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე და არა საზოგადოებრივ წესრიგზე ან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე".

 

რატომ არის შსს-დან უშიშროების გამოყოფა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სოციალური დაპირებები? რატომ არ სრულდება სოციალური ფონის გაუმჯობესების დასაქმების დაპირება?

 

„ალიას" ზაქარია ქუცნაშვილი ესაუბრა:

 

- ბატონო ზაქარია, საქართველოს პრემიერი საპროგრამო დაპირების ერთგულიაო, ამბობთ. შსს-ს გაყოფას სხვა მიზეზი არ აქვს?


- ეს განცხადება გავაკეთე, 2012 წლის საარჩევნო დაპირებებიდან გამომდინარე. ჩვენ მოვედით დაპირებებით, კონკრეტული საარჩევნო პროგრამით და სწორედ ეს პროგრამა ითვალისწინებდა უშიშროების სისტემის გამიჯვნას შს სამინისტროსგან და დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბებას. პრემიერის განცხადება, სრულ თანხვედრაშია ჩვენს საპროგრამო დაპირებასთან.

 

- როგორ გგონიათ, ასეთ მძიმე სოციალურ პირობებში, ხალხს ის აინტერესებს, უშიშროება შს სამინისტროს შემადგენლობაში დარჩება, თუ ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდება? ის დაპირებები რატომ არ გახსენდებათ, რაც უშუალოდ მოსახლეობაზე აისახება და დღემდე შეუსრულებლად რჩება?


- კერძოდ, რომელ დაპირებას გულისხმობთ?

 

- თუნდაც პენსიების საკითხი. პროგრამაში გიწერიათ, რომ პენსიონერებს ღირსეული ცხოვრების პირობებს შეუქმნიდით.


- ჩვენს საპროგრამო დაპირებებში წერია, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პენსია იქნება საარსებო მინიმუმის ტოლი, 2012 წლის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი იყო 150 ლარი, ხოლო 2014 წელს საარსებო მინიმუმი გახდა 161 ლარი. ასე რომ, პენსია მომავალ წელს იქნება 160 ლარი და ასე შესრულდება ჩვენი საპროგრამო დაპირება. სხვა თემაა ის, რამდენადაა ეს 160 ლარი საარსებო მინიმუმი. ანუ ჩვენ პენსია საარსებო მინიმუმის ტოლი 2013 წელსავე გავხადეთ.


- მერე, 160 ლარით იცხოვრებს პენსიონერი ღირსეულად? მთავრობის შენახვაზე რომ ათობით მილიონი ჩაიდო მომავალი წლისთვის ბიუჯეტში, ის მიგეცათ პენსიონერებისთვის. ისედაც პენსიონერებზე ათჯერ და ოცჯერ მეტი ხელფასები აქვთ.


- 10 ლარით პენსიის ზრდა, ეს ნიშნავს 84 მილიონით ხარჯების გაზრდას, მგონი, არაა ცოტა.

 

- სხვათა შორის, დაპირება იყო პენსიის 220 ლარამდე გაზრდა. გუბაზ სანიკიძე 2012 წელს ამომრჩეველს ჰპირდებოდა, მომავალი პენსიები გადაისინჯება და საარსებო მინიმუმს გაუტოლდება, მინიმუმი 160 ლარია, მაგრამ გადაიხედება და 220 გახდებაო. ამას რომ თავი დავანებოთ, „ქართული ოცნების" დაპირებები იყო მძიმე სოციალური ფონის გამოსწორება, ახალგაზრდების დასაქმება... რომელი ერთი ჩამოვთვალო?!

 

- უმუშევრობა და გაჭირვება, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ვინც ფიქრობს, რომ უმუშევრობისა და გაჭირვების დამარცხება ამ ეკონომიკითაა შესაძლებელი, ის ან თავს იტყუებს, ან ხალხს ატყუებს. ამ ეკონომიკით, უმუშევრობისა და გაჭირვების დამარცხება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად სამართლიანად გადავანაწილოთ ის მცირედი რესურსები, რაც ჩვენს ეკონომიკას გააჩნია. ამიტომ დავიწყეთ მუშაობა განათლებისა და ჯანდაცვის საკითხებზე და მგონია, რომ რაღაც შედეგს მივაღწევთ. ჩვენ მრავალწლიანი შრომა მოგვიწევს, რათა შევქმნათ ძლიერი ქართული ეკონომიკა.

 

- მერე რა გიშლიდათ ხელს, რომ ეკონომიკა სწორი მიმართულებით წაგეყვანათ? გამოდის, როცა ამომრჩეველს ჰპირდებოდით სოციალური ფონის გამოსწორებას და ახალგაზრდების დასაქმებას, ფუჭი იყო.

 

- ჩვენ ვპირდებოდით, რომ ყველაფერს გავაკეთებდით, რათა ეკონომიკისთვის თავისუფლება მიგვეცა, საფუძველს ჩავუყრიდით ქართული ეკონომიკისა და ქართული ბიზნესის განვითარებას. ჩვენ ეს საფუძველი შევქმენით, საფუძველი ჩაყრილია, მაგრამ ამ შენობის მშენებლობა ჯერ არ არის დასრულებული და შეუძლებელია მშენებლობა დაიწყო მეათე სართულიდან. ქართული ეკონომიკის გამოსწორებას 6-8 წელიწადში თუ შევძლებთ და სიღარიბეს დავამარცხებთ, ეს იქნება ძალიან დიდი პროგრესი. ჩვენ არ გვითქვამს, რომ პირველივე წელს იქნებოდა კეთილდღეობა, დავამარცხებდით უმუშევრობასა და გაჭირვებას. წერია ეს სადმე?


- თუმცა, ექსპრემიერი ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ ყოველი წელი ერთმანეთზე უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქითაა, დამძიმდა სიტუაცია, ხალხს ძალიან გაუჭირდა.


- ჩვენ არ უნდა შევუქმნათ მოსახლეობას ცრუ მოლოდინები. ოთხი წელი, შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად, შეიძლება საკმარისი არ იყოს, მაგრამ შეიტანს გარდატეხას.

 

 

 

(წყარო: ალია, დიანა ლიპარტელიანი)

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016