reportiori.ge - ვის დაექვემდებარება შსს-დან გამოყოფილი სპეცსამსახურები და ვის ხელში გადავა მოსმენის „გასაღები“?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:38
პრეს-დაიჯესტი
ვის დაექვემდებარება შსს-დან გამოყოფილი სპეცსამსახურები და ვის ხელში გადავა მოსმენის „გასაღები“?
ავტორი:
12 დეკემბერი, 2014. 19:10


ირაკლი ღარიბაშვილმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს დავით სუჯაშვილს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა, რომლის შემადგენლობაში მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები შევლენ და შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის საკითხზე იმუშავებენ. მომზადდება ანალიზი და მაქსიმალურად მოხდება ყველა რისკის გათვლა. ამ რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის გახლავთ, რომ შსს-ს უსაფრთხოების სამსახურები გამოეყოფა და ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდება.


როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ზვიად გამსახურდიამ ცალკე სტრუქტურად შეინარჩუნა არსებული უშიშროების სამინისტრო. ედუარდ შევარდნაძემ კი, ეს სამინისტრო საინფორმაციო-ანალიტიკურ ბიუროდ გადააკეთა, შემდეგ ისევ სამინისტრო დაარქვა, თუმცა, ხელისუფლებიდან ისე გაუშვეს, მისი შს სამინისტროსთვის დაქვემდებარება არც უფიქრია. „ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში მოვიდა თუ არა, უშიშროების სამინისტრო გააუქმა, მისი ყველა სტრუქტურა შს სამინისტროს შეუერთა და ამას რეფორმა დაარქვა. მიხეილ სააკაშვილის მთავარი არგუმენტი მაშინ ის იყო, რომ მან საბჭოური მონსტრის, „კგბ"-ს პირმშო სამინისტრო გააუქმა და იძახდა, რომ ამით დემოკრატიისკენ გადადგა ნაბიჯი, შევარდნაძის უშიშროება ხელისუფლების ხელში პოლიტიკური იარაღი იყო, პოლიტიკურ ოპონენტებს უსწორდებოდა და ახლა, შსს-ს დაქვემდებარებული უშიშროების სამსახურები ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს დაიცავენ და დეპოლიტიზებულნი იქნებიანო.


სააკაშვილმა შსს-ში შექმნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი (კუდ-ი), მას დაუქვემდებარა უშიშროების სამსახურები და რაც ამ სამსახურმა დააწია ხალხს, ყველამ ვიცით. კუდ-ი იყო სააკაშვილის მთავარი პოლიტიკური იარაღი და პოლიტიკური ოპონენტების დევნის საშუალება. მან შექმნა მონსტრი უშიშროების სამსახური, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის გარდა, ყველაფერს აკეთებდა. მართალია, დღეს ამ კუდ-ს სუს-ი ჰქვია, მაგრამ სახელის შეცვლით სისტემა არ შეიცვლება. ღარიბაშვილის ინიციატივა დროულია და იმედია, შსს-დან სპეცსამსახურების გამოყოფა საბოლოოდ მოახდენს მათ დეპოლიტიზებას და იმ საქმეს გააკეთებენ, რაც მხოლოდ კონსტიტუციით დაევალებათ.


„ალია" ამ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა:

 

- ბატონო ირაკლი, თქვენი ინფორმაციით, კონკრეტულად რომელი სამსახურები უნდა გამოეყოს შს სამინისტროს?

 

- ჩვენ უნდა გავმიჯნოთ, რა არის წმინდა პოლიციური საქმიანობა და რა არის უშიშროების სამსახურები. ნაადრევია დეტალებში შესვლა. როგორც კი ხელისუფლება საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, ეს ხელს შეუშლის კონსოლიდირებული გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირდება, არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, არსებობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც საჭირო რჩევებს მოგვცემენ. ვფიქრობ, უნდა შევარჩიოთ ნატო-ს რომელიმე წევრი ქვეყნის მოდელი და ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, ამ მოდელს უნდა მივუსადაგოთ ეს ახალი სამსახური. თუ ნატო-ს ქვეყნების პრაქტიკას გავითვალისწინებთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შსს-ს გამოეყოფა კონტრდაზვერვა, ანტიტერორისტული ცენტრი, სპეციალური ოპერატიული სამსახური და არის კიდევ უშიშროების პროფილის სხვა სამსახურები. თუმცა, არ უნდა მოხდეს ამ სამსახურების ხელოვნურად გამოყოფა სამინისტროდან, უნდა გავითვალისწინოთ ყველა საგარეო რისკი და გამოწვევა და იმის მიხედვით უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი. რაც მთავარია, როცა ეს სამსახურები ჩამოსცილდებიან სამინისტროს და ცალკე სტრუქტურაში გაერთიანდებიან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანის უფლებების დაცვას. ეს სამსახური მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რომ საფრთხედ არ ექცეს საზოგადოებას.

 

- სახელმწიფო დაზვერვა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში და ცალკე სტრუქტურად არის. ეს ასე დარჩება თუ დაზვერვაც ამ ახალ სამსახურს შეუერთდება?

 

- მაგაზე არც არის ლაპარაკი, სახელმწიფო დაზვერვა ისევ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იქნება.


- რა იყოს ის მთავარი არგუმენტები, რომლებმაც ხელისუფლება დააყენა ამ გადაწყვეტილების მიღების წინაშე? საგარეო საფრთხეებმა იმატა, იმის საფრთხე გაჩნდა, რომ შსს ისევ იმ მონსტრად არ გვექცეს, როგორიც წინა ხელისუფლების დროს იყო თუ სხვა მიზეზებმა დააჩქარა ეს პროცესი?

 

- აქ არის რამდენიმე ფაქტორი. ნებისმიერი რეფორმა უნდა ემსახურებოდეს ამ სისტემების გაძლიერებას. ეს რეფორმა კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, გაძლიერდეს შსს და გაძლიერდნენ სპეცსამსახურები. ასევე, ეს იყო საზოგადოებრივი დაკვეთა, ხალხის ობიექტური პრეტენზია იყო, შსს ისევ რომ ითავსებს სპეცსამსახურებს. ჩვენ წინასაარჩევნოდ დავპირდით ხალხს, რომ მოხდებოდა შსს-დან ამ სამსახურების გამოყოფა და მათი დეპოლიტიზება და ამას ვაკეთებთ კიდეც. დღეს შს მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა, უშიშროების სამსახურებს თუ გამოვიყვანთ და მათ ბაზაზე დამოუკიდებელ სამსახურს შევქმნით, მისი ხელმძღვანელი უკვე არ იქნება პოლიტიკური ფიგურა.

 

- თუმცა, ეს ვერ იქნება გარანტია, რომ ახალი და დამოუკიდებელი უშიშროების სამსახური პოლიტიზებული არ იქნება. კონტროლის მკაცრი მექანიზმების გარეშე, შეუძლებელი იქნებ ამის მიღწევა.

 

- კი, კონტროლის მექანიზმები უნდა გაძლიერდეს, გარედან სამოქალაქო სექტორმა უნდა გააკონტროლოს, ეს ბუნებრივია, პარლამენტს აქვს კონსტიტუციით კონტროლის მექანიზმები. სხვა მაკონტროლებელ ინსტრუმენტებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით.

 

- პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის როლი ხომ არ გაიზრდება? სწორედ მისი პრეროგატივა იქნება ამ ახალი სამსახურის კონტროლი.

 

- ვერ გეტყვით, ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ მოდელზე, მერე კონტროლის მექანიზმზე. არ გამოვრიცხავ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის როლი გაიზარდოს კონტროლის გაძლიერების გამო.

 

- ექსპერტთა ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ, თუ სპეცსამსახურები გამოეყოფიან შსს-ს, პარლამენტის ამ კომიტეტში მათი კონტროლის მიზნით, სპეციალური ქვეკომიტეტი უნდა შეიქმნას და მაგალითად სწორედ ნატო-ს ქვეყნები მოჰყავთ.

 

- არც ეგ არის გამორიცხული, მაგრამ ჯერ დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი. უცხოელი ექსპერტების ჩართვა სწორედ იმიტომ გვინდა, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი საკითხები ერთად შევისწავლოთ და მერე მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება.

 

- ეს სპეცსამსახურები „ნაცმოძრაობის" იმ კადრებით არის გატენილი, რომლებიც თავის დროზე პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ, ხალხს საქმეებს უკერავდნენ და ჯაშუშობის ბრალდებით ასამართლებდნენ. ამ სამსახურის ამ ხალხისგან გაწმენდის დროც ხომ არ მოვიდა ამ რეფორმის პარალელურად?


- ვინც დანაშაული ჩაიდინა, მან უნდა აგოს სასამართლოს წინაშე პასუხი. ამ მიმართულებით შსს-ს გენინსპექციამ აქტიურად უნდა იმუშაოს და ასეთი ხალხის გამოვლენას, დასჯას არ სჭირდებოდეს ლოდინი, როდის ჩამოყალიბდება ახალი სამსახური. მეორეც, თუ ვინმე წინა ხელისუფლებაში მუშაობდა, პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდა, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, ასეთი ხალხის მიმართ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბევრს აიძულებდნენ იმის გაკეთებას, რაც არ სურდა. ვინც რეჟიმის მსხვერპლი იყო, პროფესიონალია და დღეს შეუძლია, ემსახუროს ქვეყანას, მათ შანსი უნდა მივცეთ. თუ ვინმე ხალხს აწამებდა, საშინელებებს სჩადიოდა, ასეთმა ადამიანებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი.

 

- ვის უნდა დაექვემდებაროს უშიშროების ახალი სამსახური, პრემიერ-მინისტრს თუ სხვას?


- დღევანდელი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი კი არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, მაგრამ ქვეყნის საგარეო და საშინაო საფრთხეებზე პასუხისმგებელი პრემიერ-მინისტრია და ის არის მთავრობის მეთაური. პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, უშიშროების საბჭოს ფორმატში განიხილოს საფრთხეები. რაც შეეხება ინფორმაციის მიწოდებას, უშუალოდ პრეზიდენტსაც, უშიშროების საბჭოსაც დროულად მიეწოდებათ ნებისმიერი ის ინფორმაცია, რაც უნდა მიეწოდებოდეთ. ვერც პრეზიდენტსა და ვერც უშიშროების საბჭოს უშიშროების სამსახური ვერ დაექვემდებარება, რადგან კონსტიტუცია ამის ნებას არ აძლევს მათ. ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა, მაგრამ შევიკავებ თავს. ვნახოთ, ვინ რას შემოგვთავაზებს, ჩვენ საუკეთესოს ავირჩევთ.


- დღეს ფარული მიყურადების ერთი გასაღები შს სამინისტროს აქვს და ამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი თქვენ ბრძანდებით. ვის დარჩება ეს გასაღები, თუ შსს ორად გაიყოფა, შსს-ს თუ უშიშროების ახალ სამსახურს?!

 

- არ ვიცი წინასწარ, ვის დარჩება გასაღები.

 

- ვატყობ, ჩვენ მალე ახალი არჩევანის წინაშე დავდგებით, შსს-ს დარჩეს გასაღები თუ უშიშროების ახალ სამსახურს და კიდევ ერთი დავიდარაბის გადატანა მოგვიწევს.

 

- ვერ გეტყვით, იგივე მოდელი დარჩება თუ ახალ ვარიანტს შევიმუშავებთ. თუ ის გაინტერესებთ, უნდა ჰქონდეს თუ არა გასაღები შსს-ს ოპერატიული სამძებრო ღონისძიების ეფექტურად გასატარებლად, ვიტყვი, რომ კონტროლის მექანიზმის თანხლებით, უნდა ჰქონდეს, თუმცა, ახალი რეალობიდან გამომდინარე, მიჭირს ამ თემაზე კონკრეტული საუბარი. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ეს პრობლემა თუ დადგება, გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ.


ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016