reportiori.ge - საქართველო ავტომობილების წარმოებას იწყებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:33
პრეს-დაიჯესტი
საქართველო ავტომობილების წარმოებას იწყებს!
ავტორი:
12 დეკემბერი, 2014. 19:21


პარლამენტმა საერთაშორისო შეთანხმების „სატრანსპორტო საშუალებების რეგულირების შესახებ" რატიფიკაცია მოახდინა, რითაც საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, მის ტერიტორიაზე წარმოებული თვლიანი სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები, მისაბმელები, ავტობუსები, მოტოციკლები და სხვა თვითმავალი მანქანები და მექანიზმები და მათი სათადარიგო ნაწილები ავტომატურად იქნეს აღიარებული შეთანხმების წევრი 48 ქვეყნის მიერ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველოში ავტომობილების წარმოება არ ხორციელდება, რამდენიმე კომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი, საქართველოში დაიწყოს აღნიშნული პროდუქციის წარმოება.


როდიდან დაიწყება ქართული ავტომობილის წარმოება? რომელი ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული ინვესტორები? რა ეტაპია დარჩენილი და რატომ ასაიდუმლოებენ საავტომობილო ბრენდს, რომელიც საქართველოში იწარმოება?


„ალიას" ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე ესაუბრა:


- რომელი კომპანიები აპირებენ შემოსვლას?


- კომპანიების კონკრეტულ დასახელებებზე ჯერ თავს შევიკავებთ, თვითონ მათი ინტერესებიდან გამომდინარე.

 

- დასამალი რა არის, პირიქით, მისასალმებელია, თუკი ჩვენთან წარმოების დაწყება გადაწყვიტეს.


- სანამ ამ კომპანიების წინადადებები დამუშავდება, მანამდე თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან. თავად შეთანხმებაზე გეტყვით ორიოდ სიტყვას, ძირითადი არსი ამ შეთანხმების არის შემდეგი: შეიძლება სურვილი მიერთებისა აქამდეც კი იყო გამოთქმული, მაგრამ მანქანების აქ აწყობისა და მათი სათადარიგო ნაწილების საქართველოში გადმოტანის საშუალება არ გვქონდა, რადგანაც ეს რომ გააკეთო, ამისთვის ქვეყანას უნდა ჰქონდეს მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი. ჩვენი შეთანხმება ამას უზრუნველყოფს და ეს გზა ჩვენ უკვე გაგვეხსნა. უკვე ორი წელია ამ თემაზე ვმუშაობთ და მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენთან იყვნენ ჩამოსული წარმომადგენლები ჰოლანდიური და ასევე, შვედური კომპანიებიდან, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს ურთიერთობის.


- შვედური კომპანიიდან „ვოლვოს" წარმომადგენელი იყო?


- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კომპანიების დასახელებისგან თავს შევიკავებ ამ ეტაპზე. მოვა დრო და, როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით წინ გადადგმული ნაბიჯი გვექნება, აუცილებლად დავასახელებ. მოკლედ, ამ კომპანიებს სურთ, საქართველოში დაიწყოს ავტობუსების წარმოება, მათ სურთ, აქ ჩამოიტანონ თავისი ქარხანა და საქართველოში დაიწყონ წარმოება. ასევე, საუბარია სათადარიგო ნაწილების წარმოებაზეც, ანუ შეიქმნება ბაზა, რომ იყოს ადგილობრივი ქარხნები. ეს არის პირველი ნაბიჯი გადადგმული ამ საქმეში და შემდეგ უკვე გამოჩნდება სხვა დანარჩენი კომპანიებიც.


- თქვენ ამბობთ, ადგილზე უნდა მოხდეს ავტომანქანების აწყობაო, მაგრამ ჩვენ ხომ შესაბამისი სპეციალისტები არ გვყავს და საიდან მოვიყვანთ მუშახელს? ეს უცხოური კომპანიები თავისას ჩამოიყვანენ?

 

- არა, რა თქმა უნდა. ჩვენი მთავარი პირობა ის არის, რომ აქ დასაქმდეს სწორედ ქართველი მუშახელი. თუ ისინი გვეტყვიან, რომ ჩვენ არ გვყავს შესაბამისი მუშახელი და სპეციალისტი, მაშინ ვეუბნებით, რომ თქვენ გადაამზადეთ, ეს თქვენ უზრუნველყავით ან ადგილზე, ან თქვენს ქვეყნებში შეასწავლეთ.


- როდიდან დაიწყება ეს საქმე?

 

- ვერც დროს გეუბნებით კონკრეტულად, მე ვიცი, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს ტერიტორიისა და ფართის შერჩევის პროცესი, რადგანაც ამ ქარხნებს საკმაოდ დიდი ტერიტორია დასჭირდებათ.


- მე ვიცი, რომ ერთი ასეთი ფართი დიდ დიღომშია შერჩეული, სადაც ავტობუსები უნდა დამზადდეს, ამაზე ვწერდით.

 

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. შესაძლებელია, არ გამოვრიცხავ, რომ დიდი დიღომიც იყოს. ჩვენ მიერ ნაწარმოებ მანქანას უნდა მივანიჭოთ გარკვეული კვოტები და საერთაშორისო სტანდარტით იყოს ის აღიარებული და მალე ჩვენ გვექნება ჩვენ მიერ წარმოებული ტრანსპორტი.

 

- ანუ ჩვენ შეგვეძლება ისეთი ტრანსპორტის წარმოება, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე სტანდარტებს დააკმაყოფილებს?


- რა თქმა უნდა. ნამდვილად ეს იქნება ევროპული დონის ტრანსპორტი და არა კუსტარული თვითმავლები. ეს იქნება სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო დონეს. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ინვესტორს კომფორტულ გარემოს ვთავაზობთ: გათვალისწინებული იქნება საგადასახადო რეჟიმი, დასასაქმებელი ხალხი და სხვა კომპონენტები. ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვარ და ვერ წარმომიდგენია, მსგავსი შეთანხმება აქამდე რატომ არ დაიდო ამ ქვეყნებთან? რატომ არ შეიძლება, ჩვენ გვქონდეს ქართული მანქანა, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის ნაწილი იქნება? მოკლედ, მალე ჩვენ გვეყოლება ქართული ავტომობილის ბრენდი და აუცილებლად ვაწარმოებთ მათ სათადარიგო ნაწილებსაც.

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016