აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, "ენგურჰესის" ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. ვახტანგ ყოლბაია აღნიშნავს, რომ "ენგურჰესი" საქართველოს ენერგოსისტემის ნაწილია.
"ეს უნდა გვესმოდეს, რადგან ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს ტერიტორიაზე - გალისა და წალენჯიხის რაიონებში მიმდინარეობდა, რომელიც იმ დროს იყო საბჭოთა კავშირი და შემდგომ კი დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიული ერთეული. რამდენდაც მახსოვს, როცა გადაწყდა ენგურჰესის რეაბილიტაცია ამ სამუშაოების ჩასატარებლად ევროსტრუქტურებიდან 20 მილიონამდე ევრო გამოიყო და მიღწეულ იქნა შეთანხმება გამომუშავებული ენერგიის ნაწილის 40% მოხმარებოდა აფხაზეთის ტერიტორიას, ხოლო 60% დანარჩენ საქართველოს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა წვდომა თუ როგორ აისახებოდა ,,ენგურჰესიდან" მიღებული თანხები აფხაზეთის ბიუჯეტზე, თუმცა ამის გარკვევა არ იქნება რთული საკითხი. სოხუმში ალბათ იციან, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება ხდება ჰიდროაგრეგატების მეშვეობით, რომლის ნაწილი მდებარეობს საბერიოში, ნაწილი კი სოფელ რეჩხში. კაშხალი კი, საიდანაც წყალი გვირაბით ამ ჰესებზე მიედინება, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში, ამ წყლის გარეშე კი ,,ჰიდროსადგური" ვერც ერთ კილოვატ ენერგიას ვერ გამოიუმუშევებს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში საჭიროა ორივე მხარის კეთილი ნება, რომ ჰიდროელექტროსადგურმა გამართულად იმუშაოს და დაცული იყოს ელექტროენერგიის მომხმარებელთა ინტერესები.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)