სანამ ამ მასალას გაეცნობით, იქამდე ორიოდე სიტყვით უნდა აგიხსნათ, რატომ გადავწყვიტეთ, ეს სტატია მაინცდამაინც ახლა დაგვებეჭდა. ეს სკანდალური ფაქტი ეხება სუპერმარკეტების ქსელის "ფრესკოს" (რომელიც ჩვენ აქეთ გვედავება, ტყუილებს წერთ და ჩემი ქათამი სულაც არ იყო აყროლებულიო!!!) მფლობელ მილიონერ, შესაძლოა, მილიარდერ ვასილ სოფრომაძის "დაბრუნებას" "მშობლიურ" ქვეყანაში. ერთი შეხედვით დიდი ფულის პატრონი კაცი რომ ქვეყანაში ჩამოდის და ბიზნესის კეთებას იწყებს, გასახარია. თუმცა, აქ არსებობს მედლის მეორე მხარე. ამ დღეებში ექსპლუატაციაში ჩაეშვება სახლი, რომლის აშენებასაც კარგი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაშიც ბრალს სწორედ ვასილ სოფრომაძეს სდებენ. სწორედ ამიტომ ვიხსენებთ იმ ამბავს, რაც დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინათ დაიწყო... ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა კარგად უნდა იცოდეს, ვინ არის ის დიდი ფულის პატრონი კაცი, ვინც "ალიასა" და "ქრონიკას", შესაბამისად, სიტყვის თავისუფლებას ებრძვის. მაშ ასე:
დამპალი ქათმებით მოვაჭრე სუპერმარკეტ "ფრესკოს" მფლობელი მილიონერი ვასილ სოფრომაძის მორალური პორტრეტის აღსაქმელად ერთი შტრიხიც კმარა, რაც შემდეგი კონკრეტული ფაქტით გამოიხატება: სოფრომაძემ თბილისში, სოლოლაკში "პოეზიის სასახლე" - "არტისტული ყვავილების" სამი თეთრი თაიგულის ფორმის უნიკალური შენობა დაანგრია, რამაც შენობის არქიტექტორი შეიწირა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მივყვეთ თანმიმდევრობით:
2013 წლის 20 იანვარს ქალაქში ხმა გავარდა, "პოეზიის სასახლეს" ანგრევენო. შენობა სრულიად უნიკალური იყო განსხვავებული არქიტექტურითა და მშენებლობის ტექნოლოგიით, რადგანაც ავტორმა ის საკუთარი ხელით გამოძერწა. ჯერ კიდევ დაუსრულებელმა "პოეზიის სასახლემ" სამი საერთაშორისო ჯილდოს აღება მოასწრო, მათ შორის 2006 წელს არქიტექტურის საერთაშორისო ტრიენალეს ვერცხლის მედალი და პრემია "მაღალი ხუროთმოძღვრული ოსტატობისთვის" მიიღო, მისი ავტორი კი იყო სახელმწიფო პრემიის ლაურეატი შოთა ბოსტანაშვილი.
2012 წელს "პოეზიის სასახლე" შეიძინა "ენჯეეს გრუპმა", რომელმაც 2012 წლის ბოლოს შეტანილი განცხადების (#1101780) მიხედვით მოითხოვა სასახლის დანგრევა, მერიაში ამ განაცხადის შემტანი არის სუპერმარკეტების "ფრესკოს" დირექტორი, ნათია აბსანძე, რომელმაც აქ ბევრი ფულის შემომტანი მრავალსართულიანი "ელიტური ბინის" აშენება გადაწყვიტა... მერე რა, რომ მრავალსართულიანი სახლი დაარღვევს ძველი სოლოლაკის ერთიან არქიტექტორულ ქსოვილს? მერე რა, რომ ეს საფუძველს ჩაუყრის ამ უბნისთვის უცხო მაღალი კორპუსების შენებას? ეს თანამედროვე მეჯღანუაშვილებს რაში ადარდებთ? "ფრესკომ" და მისმა დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ კანონის მათთვის სასარგებლოდ შებრუნებისკენ დიდი მუშაობა გასწიეს და ეს ის შემთხვევა გახლდათ, როცა თავად კანონი იყო დამნაშავე არქიტექტორის წინაშე (შეგახსენებთ, რომ ამ დროს მერი კვლავაც უგულავა გახლდათ და შესაბამისად, მერიაში "ნაციონალები" მუშაობდნენ), როცა შემოქმედის საავტორო ნაწარმოებს მხოლოდ და მხოლოდ საქონლის სტატუსი აქვს და ეს მარტო იმ ქვეყანაში ხდება, სადაც ჯაყო-ყვარყვარეების მწირი მენტალიტეტი ბოგინობს.
შენობის ბულდოზერებით დანგრევას ვერ გაუძლო არქიტექტორმა შოთა ბოსტანაშვილმა და გული გაუსკდა. დოკუმენტური კადრები არსებობს: სახეწაშლილი არქიტექტორი დგას, ცრემლიანი უყურებს ამ უბედურებას და თან იმეორებს, "ეს რა ჰქენი გუდუნა?"
"ქრონიკა" ესაუბრა აწ გარდაცვლილი შოთა ბოსტანაშვილის მეგობარს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს:
- მაგ სიტყვებს შოთა ტყუილად არ იმეორებდა, "პოეზიის სასახლის" დეტალები მან თავისი ხელით დაამზადა. შენობას სანამ დაანგრევდნენ, აქ აქციები იმართებოდა, ეგ ვასილ სოფრომაძე მოგრიალდა თავისი "ჰამერით", ფეხებზე დაგვიკიდა, გადაგვიარა და წავიდა და წაიყოლა ეს კაცი. 25 თებერვალს დაანგრია სოფრომაძემ ეს შენობა, იმ დღეს გამწარებულმა დავწერე "ფეისბუკის" კედელზე, რომ ეს დღე სიმბოლურად აღნიშნა "ფრესკოს" მეპატრონემ და დაგვინგრია ქართული "პოეზიის სასახლე". სოფრომაძე - ესაა მკვლელი, რომელმაც მეგობარი მომიკლა-მეთქი. მაგრამ ჯერ გეტყვით, ვინ იყო შოთა ბოსტანაშვილი. ამ ადამიანს, თუ რამე პრემია არსებობდა არქიტექტურაში, ყველა ჰქონდა მიღებული: იყო სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიების პროფესორი. განათლებული? საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია მსგავსი ადამიანები, იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეგობარი იყო, შვილებს ვფიცავ, ზეპირად იცოდა გალაკტიონი, ოთარ ჭილაძე, მთლიანად პოეზია, ეს იყო ფილოსოფოსი და მისი ნაწერები რომ წაიკითხოთ, ნახავთ, რომ ეს იყო მსოფლიო დონის უდიდესი მოაზროვნე. ეს შენობა კი იყო უნიკალური, რადგანაც შოთამ თავისი ხელით გამოძერწა ის ქანდაკებები, რაც ბულდოზერით დაანგრიეს ამ ვანდალებმა! ის სამი არტისტული ყვავილი, გალაკტიონის მიხედვით გააკეთა და ყველა ყვავილი იყო, ვიმეორებ, ხელით გამოძერწილი, ამაში გულისხმობდა ქართული პოეზიის სამ ეტაპს. ეს იყო უნიკალურზე უნიკალური შენობა მსოფლიოში, რომელმაც, ჯერ კიდევ დაუსრულებელმა, სამი საერთაშორისო პრემია აიღო და, რომ დასრულებულიყო, მსოფლიოს დაამშვენებდა.
- ვისი დაკვეთით აშენდა სასახლე?
- იყო მოსკოვში მოღვაწე მილიონერი ქარჩავა, სახელი არ მახსოვს, რომელსაც დასაწყისში, ესაა 1999 წელი, ჩაფიქრებული ჰქონდა აქ ცენტრის აშენება: აი, ივანიშვილს რომ აქვს, მსგავსის და შოთამ ნელ-ნელა დამკვეთი გადაიყვანა თავის ჭკუაზე და "პოეზიის სასახლის" იდეა შესთავაზა, ასე რომ, ის კაციც დააინტერესა და დააავადა პოეზიით. მაგრამ შემდეგ ხდება ის, რომ რუსეთში ამ ქარჩავას იჭერენ, ესაა დაახლოებით 2004 წელი და ეს შენობა გაჩერდა, არადა, შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები იყო მხოლოდ დარჩენილი. ამ ტერიტორიაზე თავიდანვე დიდი ბრძოლა იყო ფულიანი ხალხის, რადგანაც მათ კორპუსების მშენებლობისთვის უნდოდათ ეს მიწა, რომ აქ ფული გაეკეთებინათ, ამიტომ, სულ დისკრედიტაციას ეწეოდნენ შენობის. შენობის უკან ვიღაცებმა კორპუსების აშენების ნებართვა მიიღეს და შოთა ამას ებრძოდა, რომ არ დამახინჯებულიყო ლანდშაფტი და მოკლედ, სულ ბრძოლა მიდიოდა, რადგანაც ქართველებს პოეზიის სასახლეს ხომ ფული და კორპუსი ურჩევნიათ? ამის შემდეგ ხდება ის, რომ ქარჩავამ, ეტყობა, დაყარა ფარ-ხმალი და გაყიდა ეს ადგილი, სამაგიეროდ ეს იყიდა ვინმე ვასილ სოფრომაძემ, რომელსაც, ჩემი აზრით, რუსეთში ნაძარცვი მილიარდები აქვს, რადგანაც ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ იქ იშოვო მილიარდები წესიერი გზით. მანამდე, სანამ შენობას დაანგრევდა, მან მოსახლეობაში დაიწყო მუშაობა.
- ეგ რას ნიშნავს? რა მუშაობა?
- ადგილობრივებს ეუბნებოდნენ, რომ აქ საშინელი ნაგვის ბუდეა და მოსახლეობამაც დაუჯერა, რომ სოფრომაძე ააყვავებდა აქაურობას.
- შეიძლება, მათ ვასილ სოფრომაძე თანხასაც შეჰპირდა?
- ცხადია, რადგანაც ზოგიერთი მეგობარი დამიპირისპირდა კიდეც, აქ ნაგვის ბუდეა და ის კაცი აქაურობას მოუვლისო. მოკლედ, 2013 წელს ეს კაცი შეტევაზე გადმოვიდა.
- სოფრომაძე ამასობაში დაელაპარაკა შოთა ბოსტანაშვილს?
- ზუსტად არ ვიცი, მგონი, დაელაპარაკა, მაგრამ შოთა ის კაცი იყო, რომლისთვისაც ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ადამიანი მშენებლობის პროცესში იწვოდა, მისთვის არაფერი სხვა არ არსებობდა და სოფრომაძემ რომ დაუნგრია ეს ნაძერწი, ფაქტობრივად, იმ დღეს მოკვდა შოთა: სულ მალე ლოგინად ჩავარდა და ამ ამბავს გადაჰყვა. მახსოვს, მაშინ ხმამაღლა ვაცხადებდი, რომ ეს რუსეთიდან ჩამოსული ვანდალი, მილიონები კი არა, ტრილიონები რომ ჰქონდეს, ვანდალია, ფული ვერ უშველის, იმ ვანდალმა ვანდალურად დაანგრია სასახლე და მომიკლა მეგობარი-მეთქი! ჩემთვის ეგ კაცი, ვასილ სოფრომაძე არის მკვლელი, რომელმაც საქართველოს მოუკლა უნიჭიერესი და მოაზროვნე არქიტექტორი! ნეტა გენახათ, როგორ ხდებოდა პოეზიის სასახლის ნგრევა! ეს იყო საშინელება: ბულდოზერებიც მიაყენა და ისე ანგრია!
- მოსახლეობიდან არავინ გამოვიდა, არავინ გააპროტესტა ეს ფაქტი?
- მე არ ვიცი, როგორ შეიძლება, ფულით ასე დააბრმავო ხალხი და გააჩუმო. მაშინ დავწერე სოციალურ ქსელში: ფურთხის ღირსი ხართ, ქართველებო, ასეთ შენობას გინადგურებენ და ხმას როგორ არ იღებთ-მეთქი. არქიტექტორებს მივმართავდი, როგორ შეეგუენ ამას? წეღან ვამბობდი და გავაგრძელებ: ამ შენობამ, ჯერ კიდევ დაუმთავრებელმა, 2003 წელს აიღო საერთაშორისო დათვალიერება-კონკურსის პირველი პრემია, ასევე, სოფიაში არქიტექტორთა ხუროთმოძღვრული ოსტატობისთვის 2006 წელს მედალი და მეტი რა უნდა ექნა?
- კი, მაგრამ სოფრომაძეს, ასეთ მდიდარ ადამიანს, ხომ შეეძლო, ეს სასახლე შეეძინა და დაესრულებინა? ფული საჭიროზე მეტი აქვს და "ელიტარული სახლი" სხვაგან აეშენებინა, არა?
- სოფრომაძისნაირი ადამიანებისთვის მთავარია ფული, მაგათთვის ადამიანობა ხომ არ არსებობს? არ არსებობს ხელოვნება, არ არსებობს სამშობლო, მაგათთვის არის მარტო ფული! შოთას მდგომარეობას ვერ აგიწერთ, ლოგინად ჩავარდა, მას შემდეგ ძალიან ცუდად იყო, რადგანაც არიან ადამიანები, რომლებიც ხელოვნებისთვის შეწირულები არიან, შოთასთვის ეს ყველაფერი იყო, სოფრომაძისთვის კი - მილიარდები! შოთასთვის ეს შენობა შვილი იყო და თან როგორი შვილი? ამხელა გრანდიოზულ ქათქათა ყვავილებს რომ ხელით გამოძერწავ, მთელ სულსა და გულს რომ ჩადებ შიგნით, რა დღეში უნდა იყო მისი დანგრევის შემყურე? მე დამემართა კინაღამ ინფარქტი, რადგანაც ჩემს თვალწინ გაიარა მთელმა ამ პროცესმა და შოთას გული გაუძლებდა მაგას? ამიტომ ვიმეორებ, სოფრომაძე მკვლელია, ჩვეულებრივი მკვლელი, ჩემთვის ასეა, რადგანაც უსაყვარლესი მეგობარი მომიკლა, საქართველოს კი უდიდესი არქიტექტორი მოუკლა. მაშინ ვთქვი ასეთი სიტყვები და გავიმეორებ: ასეთმა მკვლელმა არ უნდა გაიხაროს თავისი შთამომავლობით.
- ასე დაწყევლეთ?
- არმად შეერგოთ მას და მის შთამომავლობას ყველაფერი ეს, მაგან ბავშვობა მომიკლა და დავწყევლი და მეტი არა?! რასაც მაგ ადგილას იშოვის, არ მოხმარდეს, არმად შეერგოს... რაც სოფრომაძემ შოთას გაუკეთა, ამას ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი ვერ გადაიტანდა. საქართველოს ჯერ არ გაუღვიძია და არ იცის, რა უყვეს: დადგება დრო, ქართველებიც გაიღვიძებენ, სულ ასე ხომ არ იქნებიან პირდაღებულები და ამ ფულების შემყურე? და ერთხელაც მაგათ ეს სიმწარე, ყველაფერი ძმრად ამოედინებათ! სხვათა შორის, დემონტაჟის პროექტის ავტორი, რომლის პოზიციასაც ახალი მფლობელი იზიარებდა, პოეზიის სასახლის დანგრევას პატრიოტულ მოვალეობად მიიჩნევდა, რასაც მერიის მაშინდელი არქიტექტურის სამსახურმაც შეუწყო ხელი...
ამის შემდეგ უკვე ადგილზე მივდივართ სოლოლაკში და ვიგებ, რომ "ელიტარული სახლი" თურმე ორშაბათს, 27 ოქტომბერს უნდა ჩაბარდეს შემკვეთს და შემკვეთი ვინაა? - ვეკითხები ტაქსების ბირჟაზე მდგარ კაცებს.
- (ტყავის ქურთუკიანი) აბა, რა ვიცი? "ფრესკო" ეწერა ღობეს. რა ღირს იცი, მანდა? 2 500-3 000 დოლარი წინა მხრეს რაცაა ბინები, უკან - ცოტა ნაკლები. თან შავი კარკასი! მარმარილოებია შიგნით, მარტო "ლუსტრა" ჰკიდია 30-მეტრიანი, როიალი იდგება შესასვლელში და რამე.
- როიალი რად უნდათ შესასვლელში?
- ელიტარული სახლია. მილიონრები გადმოვლენ, ჩავლენ გარაჟში და მაგათ ვერც მე დავინახავ, ვერც შენ. მანდ სასახლე იყო და ის დაანგრიეს, მაგის არქიტექტორს ვიცნობდი, ტიროდა კაცი, ამას რომ ანგრევდნენ.
- რატომ არ გამოხვედით და არ გააპროტესტეთ იმ შენობის დანგრევა?
- ჩვენ ვინ გვკითხა? აიღეს და დაანგრიეს.
ამის შემდეგ ვუკავშირდებით შოთა ბოსტანაშვილის ვაჟს, თავადაც არქიტექტორს, დავით ბოსტანაშვილს:
- ძალიან ცუდად იყო ამ ყველაფრის შემდეგ მამა, ფაქტობრივად, ამ ამბავს შეეწირა. დანგრევიდან ცოტა ხანში გულის შეტევით გარდაიცვალა და დარწმუნებული ვარ, ამ შენობის დანგრევის გამო ნერვიულობის ნიადაგზე ვერ გაუძლო ამას.
პირველი კოშკი რომ წააქცია ბულდოზერმა, იქ იყო და განადგურებული მოვიდა, სახეზე ემჩნეოდა ყველაფერი.
- თანხის შეთავაზებას "ფრესკოს" მხრიდან მართლა ჰქონდა ადგილი?
- ერთ კოშკს დავტოვებთო, ასეთი ბუნდოვანი შეთავაზება იყო და ეს იყო სასაცილო. თანხაზე არ იყო ლაპარაკი, არ მახსოვს.
- რა შეიძლება, "ფრესკოს" ამ ადგილზე გაეკეთებინა, იყიდა მიწა და მერე რა?
- სავარაუდოდ, ჩემი აზრით, პირველი დამკვეთის ბრალეულობაც არანაკლებია, ქარჩავას ვგულისხმობ, რომელმაც არ დაამთავრა და არ მოუარა შენობას. ახალ დამკვეთს კიდევ უნდა დაეფასებინა შენობაც და არქიტექტორიც და არ უნდა შეხებოდა შენობას, ეს უნდა შეენახა ქართული კულტურისთვის, რასაც მამამ მთელი ცხოვრება მიუძღვნა. კულტურის სამინისტროს მივწერეთ, მახსოვს, ნგრევის შესახებ და პასუხი მოგვივიდა, მივიღეთ თქვენი წერილიო.
- ვინ აწერდა ხელს, თუ გახსოვთ?
- თუ არ ვცდები, მიზანდარი. არ მახსოვს ზუსტად.
ვურეკავთ მარინა მიზანდარს, რომლის ტელეფონიც გამორთული დაგვხვდა, ამის შემდეგ ვურეკავთ გურამ ოდიშარიას, რომელიც ამ დროს კულტურის მინისტრი გახლდათ, არ გვპასუხობს. ვწერ მესიჯს, ვინ ვარ, საიდან ვრეკავ და რა გვინდა, მაგრამ არც მესიჯზე მეხმიანება. მერიისა და კულტურის სამინისტროს ხალხი, ვისაც ამ საქმესთან შეხება აქვს, დღეს იმ ადგილებზე აღარ არიან, ამიტომ დარწმუნებულები არიან, არაფერი მოეკითხებათ. მათ იოლად გაყიდეს ადგილი და, ის ფაქტი, რა ბედი ეწეოდა ან შენობას, ან მის ამშენებელს, დაიკიდეს. დაიკიდეს ისიც, რომ ამ ნგრევას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა...
ამ ტრაგიკული ისტორიის მოსმენის შემდეგ, ალბათ, მკითხველსაც უამრავი კითხვა გაუჩნდა... "ქრონიკა" აგრძელებს ამ მიმართულებით ჟურნალისტურ გამოძიებას და უახლოეს ნომრებში დამატებით ინფორმაციებს შემოგთავაზებთ.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"