reportiori.ge - „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი: „იძულებული ვიყავი, ხუთლარიანი ჯარიმაც გადამეხადა და 75-ლარიანიც! - ახალი აფიორა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:27
პრეს-დაიჯესტი
„საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი: „იძულებული ვიყავი, ხუთლარიანი ჯარიმაც გადამეხადა და 75-ლარიანიც! - ახალი აფიორა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე!
ავტორი:
15 დეკემბერი, 2014. 13:19


„საქართველოს ბანკის" მომხმარებლები ჩასარიცხი აპარატების „აფიორულ ხრიკებზე" ხმამაღლა ალაპარაკდნენ. მთელი ქალაქის მასშტაბით თითქმის ყველა მომხმარებელმა იცის, რომელ აპარატს არ უნდა გაეკაროს. ძალიან ბევრი ისტორიაა, როდესაც ადამიანები ჩასარიცხი აპარატების მეშვეობით იხდიან კომუნალურ გადასახადებს და მათ შუქს, გაზს სწორედ გადაუხდელობის გამო უჭრიან... ასევე, ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როდესაც ჯარიმის გადახდის შემდეგ სახლში მისდით შეტყობინება, რომ ჯარიმის გადაუხდელობის გამო გაორმაგებული და ხშირად გაათმაგებული თანხის გადახდა დაეკისრათ...



„საშიში აპარატები" თავად მომხმარებლებმა გამოავლინეს და ასეთებია, მაგალითად, ვაკეში, თამარაშვილის სამ ნომერში, ასევე ვაკის პარკთან დამონტაჟებული აპარატი, პეკინზე არსებული აპარატების უმრავლესობა, როგორც ირკვევა, თითქმის ყველა გამოსულია მწყობრიდან. „პრაიმტაიმმა" ჩაწერა დაზარალებული მომხმარებლები, რომელთა უმრავლესობა აღიარებს, რომ მინიმალური თანხის გამო არც აპარატზე მითითებულ ცხელ ხაზზე რეკავენ და არც მათ დასაბრუნებლად „იბრძვიან", თუმცა არის შემთხვევები, როდესაც თანხა საკმაოდ კოლოსალურია და ასეთ შემთხვევაში ისინი იძულებულები არიან, ცხელ ხაზზეც დარეკონ და იმ კონკრეტულ საბანკო ოფისსაც მიაკითხონ. დაზარალებულების უმრავლესობა აცხადებს, რომ რეაგირება ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება, ისიც მაშინ, როდესაც ჩეკს წარადგენ მტკიცებულების სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში არც დარეკვას აქვს აზრი და მით უფრო არც ბანკში მისვლით დროის ფლანგვას. ჩეკის პრობლემა კი ცალკე თემაა, რადგან აპარატების უმრავლესობა ჩეკს, უბრალოდ, არ იძლევა.



სალომე კარანაძე, „საქართველოს ბანკის" მომხმარებელი:



- „საქართველოს ბანკის" აპარატმა მეც ჩამიყლაპა ორჯერ თანხა, პირველად რამდენიმე დღის წინ და მეორედ - გუშინ, თანაც არცთუ ისე ცოტა...  მაშინვე დავრეკე ცხელ ხაზზე, მაგრამ ჯერაც არ მიუღიათ ზომები. კიდევ რომ ჩამიყლაპოს თანხა, რა ვქნა, ტკბილ მოგონებებად ვაქციო ეს ფული, თუ როგორ მოვიქცე?



- ცხელ ხაზზე რა გიპასუხეს მიზეზად?



- ცხელ ხაზზე მითხრეს, ის აპარატი, რომელმაც თქვენი თანხა ჩაყლაპა, დროებით გათიშულია  და შემოწმება ვერ ხერხდება, ნამდვილად ჩარიცხეთ თუ არა თანხა. როგორც კი აპარატი ამუშავდება, მაშინვე დაგირიცხავთ თანხას ანგარიშზეო, მას შემდეგ ოთხი დღე გავიდა და არც თანხა ჩაურიცხავთ და არც დაურეკავთ.



- დრო არ უთქვამთ, რამდენ ხანში ჩაირთვებოდა აპარატი, ან რატომ არის გათიშული?


- ამის დადგენა არ შეგვიძლია, როდის ჩაირთვებაო, ასეთი იყო პასუხი.


- შეგიძლიათ მითხრათ, რომელ ქუჩაზე იყო ის აპარატი, რომელმაც თქვენი თანხა ჩაყლაპა?


- პეკინზე.


სალომე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ბევრჯერ „აჩუქა" ხურდა ფული აპარატს გაპროტესტების გარეშე, თუმცა როდესაც საქმე გადასახადის „ჩაყლაპვას" შეეხო, მან ცხელ ხაზი გამოიყენა. „საქართველოს ბანკში" კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევიან, რამდენი დღის ან თვის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს შემოწმების პროცესი და როდის დაუბრუნდება კონკრეტულ მომხმარებელს დაკარგული ფული. სალომესგან განსხვავებით, გადასახადის ორჯერ გადახმა მოუწია მარი თოდაძეს, რომელმაც გაზის გადასახადის სახით აპარატით 70 ლარი შეიტანა.



მარი თოდიძე:



- ჩასარიცხი აპარატით გადავიხადე გაზის გადასახადი - 70 ლარი, მაგრამ არ დაირიცხა და გაზი გაგვითიშეს. როდესაც ბანკში მივედი, თან მქონდა ჩეკიც, მაგრამ ბანკში მითხრეს, ეს თანხა თქვენ უკან დაგიბრუნდათ, ბარათზე დაირიცხაო... ადვოკატის აყვანა უფრო ძვირი დამიჯდებოდა, ამიტომ იძულებული გავხდი, გაზის გადასახადი ხელახლა გადამეხადა. არაფერს ვამბობ, ტელეფონზე დარიცხულ თანხას რომ „ყლაპავს" აპარატი ძალიან ხშირად.

გადასახადებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები ყველაზე ხშირია, შესაბამისად, ყველაზე მეტად დიასახლისები ზარალდებიან, როდესაც დენის, გაზის ან წყლის გარეშე რჩებიან ხოლმე...



ნინა ტარიელაშვილი, „საქართველოს ბანკის" მომხმარებელი:



- ქუჩიდან არ მისარგებლია, უკვე იმდენი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც თანხა იკარგება, რომ სპეციალურად შევედი „საქართველოს ბანკში" და იქ გადავიხადეთ აპარატიდან. თანხა მიიღო, თუმცა ელექტროენერგიის გადახდა არ დააფიქსირა, არც ქვითარი არ მომცა აპარატმა. ჩავთვალე რომ თანხა მაინც ჩაირიცხებოდა და წამოვედი. თუმცა მეორე დღეს, მოულოდნელად სახლში გაგვეთიშა დენი და ჩართვისთვის ისევ ჩვენ გადავიხადეთ ჯარიმა.



თუმცა ყველაზე მწარე გამოცდილება, ალბათ, ნონა ორმოცაძეს აქვს, რომელმაც ავტობუსში მიღებული ჯარიმა დროულად გადაიხადა, მაგრამ აპარატის შეცდომის გამო მას გაზრდილი ჯარიმის გადახდაც მოუწია...



ნონა ორმოცაძე:



- ავტობუსში დამაჯარიმეს, გადავიხადე აპარატით, მაგრამ ქვითარი არ მომცა, მიუხედავად იმისა, რომ მოვითხოვე. რამდენიმე თვის შემდეგ ფოსტის მეშვეობით მივიღე წერილი, რომ ხუთლარიანი ჯარიმა არ მქონდა გადახდილი და ჯარიმის გადაუხდელობის გამო, უკვე 75 ლარი უნდა გადამეხადა. ბუნებრივია, მივედი ბანკში, მაგრამ არსად არაფერი არ მოიძებნა, რომ თანხა ნამდვილად მქონდა გადახდილი. იძულებული გავხდი, აპარატის გაუმართაობის გამო, ხუთლარიანი ჯარიმაც გადამეხადა და 75-ლარიანიც. ეს თანხა რომ არ გადამეხადა, კიდევ გაორმაგდებოდა.



აპარატების გაუმართაობას მორიგი და ბევრად სერიოზული პრობლემა დაემატა. თანხების „ჩაყლაპვის"  შემთხვევაში, თუ შეიძლება მათი გაუმართაობა ვივარაუდოთ, აპარატების მიზანმიმართულად დაბლოკვის შემთხვევებზე ნამდვილად ვეღარ ვიტყვით, რომ შემთხვევითია. არადა  ერთი და იგივე ფაქტი უკვე ბევრჯერ დაფიქსირდა, როდესაც აპარატში კონკრეტულ მომხმარებელს თანხა შეაქვს და ის მითითებულ ნომერზე ან ანგარიშზე არ ირიცხება... „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით, პირადად შეესწრო, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი აპარატს „ამუშავებდა":  „როდესაც საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის ერთი აპარატი გაჭედილი დამხვდა, მეორესთან მივედი. ჩემს წინ დაახლოებით თვრამეტი-ოცი  წლის ბიჭი იდგა და რომ მორჩა „გადარიცხვას", შემოტრიალდა და ჩუმად გამაფრთხილა, ახლა აპარატი გავჭედე და არ ჩარიცხო, ფულს გადაგიყლაპავსო. ცოტა დაბნეულმა ვუთხარი, რატომ-მეთქი. ფული მჭირდება და აბა, რა ვქნაო... უცებ გამცილდა, სადღაც შორს დადგა და იქიდან დაიწყო აპარატზე დაკვირვება. როგორც ჩანს, ახალი მაქინაცია შემოვიდა მოდაში".



როგორც ირკვევა, აპარატის დაბლოკვაც ძალიან ხშირად ხდება და, შესაბამისად, დაზარალებულების რიცხვიც იზრდება. „საქართველოს ბანკი" ადასტურებს ინფორმაციას და დახმარებას მოსახლეობას სთხოვს - იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მსგავს შემთხვევას დააფიქსირებს, დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს: „სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც არაკეთილსინდისიერი მოქალაქეების მიერ ხდება ტერმინალის ხურდა ფულის მიმღები ნაწილის მიზანმიმართული დაბლოკვა. კომპანია ყველა შესაძლო გზას მიმართავს იმისთვის, მათ შორის თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან, რომ აღკვეთოს ეს დანაშაულებრივი ქმედება. კომპანია არც ერთი წუთით არ ადუნებს ყურადღებას ამ თემის მიმართ და ყოველმხრივ მოწოდებულია იმისთვის, რომ უზრუნველყოს მომხმარებლისთვის შეუფერხებელი, კომფორტული და სწრაფი მომსახურების მიწოდება".



(წყარო: პრაიმტაიმი, ხათუნა მგალობლიშვილი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016