reportiori.ge - ეროსი კიწმარიშვილის საქმის უცნობი დეტალები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:41
ინტერვიუ
ეროსი კიწმარიშვილის საქმის უცნობი დეტალები
ავტორი:
15 დეკემბერი, 2014. 14:03


ალბათ, ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ არა ზურაბ კიწმარიშვილი, პროკურატურას დიდი ხნის წინ ექნებოდა გამოცხადებული ეროსი კიწმარიშვილის საქმე გახსნილად, რაღა თქმა უნდა, მისი თვითმკვლელობის დადასტურებით...


თუმცა, ის შთაბეჭდილებაც ლეგიტიმურია, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილის ოჯახის ინტერესშია გამოძიების გაჭიანურება...


ერთი კვირის წინ საქმე იქამდეც მივიდა, რომ ქალაქის პროკურორმა მასალების გასაჯაროება და დასკვნის დადება დააანონსა. ამ განცხადებას, რაღა თქმა უნდა, ზურაბ კიწმარიშვილისა და მისი ადვოკატების ვიზიტი მოჰყვა პროკურატურაში ასეთი განმარტებით, - „გვაქვს კითხვები, რომელსაც პროკურატურას წარვუდგენთ". ამ ვიზიტის შემდეგ საგამოძიებო ორგანომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ოჯახთან შეთანხმების გარეშე მასალები აღარ გასაჯაროვდებოდა...


ჩვენი მკითხველი, ალბათ, მიგვიხვდება, რომ ეს დინამიკა მას გარკვეული მოსაზრებით შევთავაზეთ და რაღა თქმა უნდა, იკვეთება კითხვა - რაზე შეთანხმდა პროკურატურა კიწმარიშვილის ოჯახთან და რატომ შეიკავა თავი დაანონსებული გასაჯაროებისგან?


იმ ფონზე, როდესაც ზურაბ კიწმარიშვილი აცხადებს, რომ აქვს კითხვები, რომლებიც ჯერაც არ ამოწურულა, „პრაიმტაიმმა" მას საკუთარი კითხვებით მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რესპონდენტი ყოველთვის ცდილობს, ზოგადი პასუხებით შემოიფარგლოს, ამჯერად შევეცდებით, მისგან მეტ კონკრეტიკას მივაღწიოთ.


მაშ ასე, რა არის ახალი უკანასკნელი პერიოდის ყველაზე სკანდალური საქმის გამოძიებაში?


რა კითხვები დარჩა პასუხგაუცემელი და ვის მიმართ არ მოხსნილა ჯერაც ეჭვები?


რა პრეტენზიები არსებობს გამოძიების მისამართით?


რა თემები დატოვა პროკურატურამ უყურადღებოდ?


ვისი დაკითხვის ოქმებით დარჩა უკმაყოფილო ოჯახი?


რომელი ვიდეოჩანაწერები დარჩა კვლევის გარეშე?


რატომ ჩქარობს პროკურატურა დასკვნას და აჭიანურებს ოჯახი?


ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ კითხვებისა, რომლის გარშემოც დღეს ჩვენს მკითხელს ზურაბ კიწმარიშვილთან საუბარს წარმოვუდგენთ. რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც, როგორც მანამდე, რესპონდენტი თემების განზოგადებას ცდილობს. თუმცა დაკვირვებული თვალი ქვეტექსტებშიც საკმაოდ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ამოიკითხავს:

 

- პროკურატურა გამოძიების მასალების გასაჯაროებას აპირებდა. თქვენი მათთან ვიზიტის შემდეგ კი გადაიფიქრა... რამე შეთანხმება შედგა თქვენ შორის?


- ჩვენ შევხვდით ერთადერთი მიზნით - გაგვეცნო ჩვენი მოსაზრებები მათ ანალიზთან და ვერსიებთან დაკავშირებით. ისინი დაგვეთანხმნენ, რომ რაღაც საკითხებში კვლევა-ძიება უნდა გაგრძელებულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებდნენ დასკვნას. ანუ დასკვნა დაიდება, მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჩვენი შეხედულებების გაზიარებაც მოხდება.


- ანუ, როცა თქვენი კითხვები ამოიწურება?!

 

- კითხვები გაცილებით მეტი გვქონდა, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რომელიც ნივთიერი მტკიცებულებების ფარგლებს ცილდება და ამიტომ ისინი არ არიან მზად,  მას პასუხი გასცენ. მაგრამ რაც საქმეს შეეხება - კვლევებს, ექსპერტიზებსა და ა.შ. ამას კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან და კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ. თუ მაინც დარჩება საკითხები, რომელზეც პასუხი მაღალ ხარისხში არ ექნება გაცემული, რაღა თქმა უნდა ვიტყვით ამის შესახებ. მერე უკვე დეტალებზე ვისაუბრებთ...


- თვალშისაცემია, რომ დღემდე დეტალებზე არ საუბრობთ...

 

- ესეც ჩვენი შეთანხმების ფარგლებშია. რამდენჯერმე, როცა დეტალებში წავედით, მათ დაგვარწმუნეს, რომ საქმისთვის ეს კარგი არ არის. რაკი ამდენი მოვითმინეთ, ცოტაც მოვითმინოთ...

 

- თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ პროკურატურა, რამდენ ხანსაც არ უნდა მოვითმინოთ, საბოლოოდ მაინც თვითმკვლელობას დაადასტურებს... მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჯერაც მკვლელობის ვერსიაზე რჩებით...


- მუ სრული უფლება მაქვს, ჩემი ვერსია მქონდეს და ვამტკიცო, რომ სწორედ ეს არის რეალური. პროკურატურას კი არ აქვს უფლება, რომ მყარი არგუმენტის გარეშე რაიმე ვერსია წარმოადგინოს სინამდვილედ და საქმე გახსნილად გამოაცხადოს. თუმცა, გვარწმუნებენ, რომ ყველა მიმართულებით ჩატარდა სამუშაოები. ალბათ, ამასაც წარმოადგენენ საბოლოოდ თავის ანგარიშში - რა მიმართულებით იმუშავეს, ვისთან მივიდნენ, რა ამოიღეს და ა.შ.

 

- თქვენ გაქვთ წვდომა საქმის მასალებთან. ამდენად , აქამდეც უნდა იცოდეთ ამ ანგარიშის დეტალები... ამ მასალების მიხედვით, თქვენ ვერ ხედავთ, რა მიმართულებით უფრო სრულფასოვნად იმუშავა გამოძიებამ?

 

- ვხედავ... ჩვენი კრიტიკა და მოსაზრებები ამიტომაც წარვუდგინეთ. მათ ეს ყველაფერი ჩაინიშნეს და ისინი ამას გააკეთებენ...

 

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყოველი პასუხის შემდეგ საუბრის დასრულებას ცდილობთ... მოდი, დავუშვათ გამონაკლისი და ყველა კითხვაზე მიპასუხეთ...

 

- რა პრობლემაა, სადაც ამდენი მოგიყევით... თუმცა, არის ადგილები, რომლის იქითაც ინფორმაციას ვერ გავცემ.


- თქვენს ბოლო განცხადებაში ითქვა, რომ გაქვთ კითხვები ექსპერტიზასთან, ვიდეომასალებთან და დაკითხვის ოქმებთან დაკავშირებით. მოდით, მივყვეთ თითოეულს ცალ-ცალკე: დავიწყოთ ექსპერტიზით...

 

- ამ მიმართულებით გეტყვით, რომ გამოძიებამ დაკითხა ექსპერტები. მოგვეჩვენა, რომ მათთვის კიდევ დამატებითი კითხვები იყო დასასმელი.

 

- რომელ ექსპერტებზე საუბრობთ? ვიცით, რომ უამრავი სახის ექსპერტიზა ჩატარდა...

 

- აქცენტი გავაკეთეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე და მიკრონაწილაკებზე, რაც მანქანიდან იყო აღებული.


- სხვათა შორის, ჩვენ გვაქვს კითხვა, რომლის დასასმელად თქვენ არასწორი ადრესატი არ იქნებოდით: თავის დროზე, როდესაც თქვენი ძმა მანქანაში გარდაცვლილი ნახეს, პირველმა მოწმემ, გია ხევიაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებას ბუნებრივად შეიძლება ჰქონდეს მისი მისამართით ეჭვი და არაფერია გასაკვირი, რომ მისი და მისი მეგობრების ტანსაცმელი დაიტოვეს გამოსაკვლევად. თქვენთვის ცნობილია ამ გამოკვლევის შედეგი? ან ჩატარდა თუ არა ის საერთოდ?

 

- დაგიზუსტებთ. ვინც შემთხვევის ადგილთან პოლიციის მოსვლამდე იმყოფებოდა, ყველა დააკავეს დროებით. მათ შორის იყო გია ხევიაშვილიც. მათგან აიღეს არამარტო ტანსაცმელი, დეენემის ჩატარებისთვის საჭირო ნიმუშები - თმა და ა.შ. ასევე თითების ანაბეჭდებიც. დეტალურად შეამოწმეს ისინი. ეჭვი მათ მიმართ რომ იქნებოდა, ეს ბუნებრივია. ამ ყველაფერს მოყვა ბევრი საექსპერტო დასკვნა სხვადასხვა მიმართულებით.


- რა დადგინდა ამ დასკვნებით? ფაქტია, რომ „სუფთები" იყვნენ, რაკი გამოძიება ამ მიმართულებით აღარ გაგრძელებულა...

 

- სხვათა შორის, აქ არის რაღაც ნიუანსები, რაზეც გვქონდა ცალკე საუბარი და კითხვები.


- ეს კითხვები ამოიწურა?

 

- ნაწილი ამოიწურა, მაგრამ არის სხვა ნაწილი კითხვებისა, რომლის გარშემოც გამომძიებლებმა ვერ ჩამოაყალიბეს ახსნა-განმარტებები. შესაძლოა, მათ ეს არ მიაჩნდათ მნიშვნელოვნად. ამის გამო პროკურორისგან მიიღეს მითითება, რომ ამ ნაწილში ჩვენს კითხვებზე პასუხი უნდა იქნას ბოლომდე გაცემული. ასე რომ, მომდევნო შეხვედრის დროს, როდესაც ისინი წარმოგვიდგენენ შემაჯამებელ ოქს, ეს თემაც იქნება ამოწურული.


- გამოდის, რომ ეჭვები არ არის მოხსნილი ამ ეტაპზეც?


- მინდა გითხრათ, რომ მე ჯერ არ მინახავს დოკუმენტი, რომელიც ამა თუ იმ ვერსიას ეჭვების გარეშე დაადასტურებდა. ვფიქრობ, ეს გამოძიებას არ აქვს.


- თქვენ კითხვები გქონდათ ცნობილ საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით, სადაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მანქანაში მესამე პირი ვერ იქნებოდა, თქვენ კი აღმოაჩინეთ ორი ადგილი, საიდანაც არაბუნებრივ მდგომარეობაში მესამე პირს შეეძლო გასროლის განხორციელება. ამ ნაწილში ამოიწურა თქვენი კითხვები?

 

- მე ამასთან დაკავშირებით პროკურატურასთან კითხვები არ მაქვს, ვინაიდან ექსპერიმენტს მეც ვესწრებოდი და შესაძლოა, დავეთანხმო მათ პოზიციასაც, რომ მანქანაში მესამე პირი ბუნებრივ მდგომარეობაში ვერ იქნებოდა. რადგან თუ თემას ჩავუღრმავდები, მივდივართ ფანტაზიაში. ფანტაზიებით კი მე გამოძიებასთან კამათი ვერ მექნება.


- გადავიდეთ თქვენი ეჭვების მომდევნო ნაწილზე, ვიდეოჩანაწერებზე...

 

- პრეტენზიები ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მაქვს, რადგან ის ობიექტი სათვალთვალო კამერებით კარგად აღჭურვილი ვერ აღმოჩნდა. არის, ასე ვთქვათ, შავი ხვრელები, სადაც ვერ ხერხდება ვიზუალური დაკვირვება. არის დისტანციებიც, რის გამოც პიროვნებისა და მანქანების იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება.


- ეს პრეტენზიები ნაკლებად უნდა ეკუთვნოდეს გამოძიებას...

 

- რა თქმა უნდა... გამოძიებამ მაინც მოახერხა ამ მანქანების დადგენა და დაიკითხნენ მისი მფლობელებიც. თუმცა ჩვენ გვქონდა კონკრეტული რეკომენდაციები, რის შედეგადაც ისინი კვლავაც განაგრძობენ მასალების სრულყოფილად შესწავლასს.


- თქვენ თავად ხომ არ შეგინიშნავთ ვინმე საეჭვო ამ კადრებში?

 

- მე რაც ვნახე, იყო მხოლოდ მანქანების მოძრაობები, რაც გამოძიებისთვის იმ ეტაპზე აღმოჩნდა საინტერესო. თუმცა იყო ისეთი მასალაც, რომელიც ბოლომდე არ იყო შესწავლილი. არადა შესაძლოა, მათზე მუშაობით უფრო მეტი შედეგი მიეღო გამოძიებას.

 

- რაც შეეხება დაკითხვის ოქმებს, ვისი დაკითხვა არ მოგეჩვენათ ამომწურავად? სხვათა შორის, პროკურატურაში თქვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ არაერთი მოწმე ხელახლა დაკითხა პროკურატურამ. ეს პროცესი თქვენ გიკავშირდებათ?


- არსებობს რამდენიმე პიროვნება, რომელიც გამოძიებას რამდენჯერმე ჰყავდა დაკითხული. ჩვენ მოგვეჩვენა, რომ ზოგიერთის მიმართულებით გამოძიებას უფრო მეტი უნდა ემუშავა. მეტი ინფორმცია უნდა მიეღო მათგან. ასეთი მოწმეები ყვებოდნენ, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდნენ მას... ის აპირებდა რაღაცის გაკეთებას... და ა.შ. გვინდოდა, რომ ასეთი მოწმეებთან გამოძიება ზოგადი თემებით არ შემოფარგლულიყო და უფრო კონკრეტული კითხვები დაესვათ. რადგან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა, ოპერატიულად დამუშავებულიყო და რამე საგულისხმო ძაფიც გამოჩენილიყო.

 

- ადამიანებისთვის, რომლებიც კატეგორიულად აცხადებენ, რომ ეროსი კიწმარიშვილი თავს არ მოიკლავდა, ყველაზე მყარი არგუმენტია მისი მატერიალური მდგომარეობა, რომ ის იყო მილიონერი. გამოძიებამ იმუშავა ამ მიმართულებით? გამოიკვლია მისი ფინანსური შესაძლებლობები?


- მას, რა თქმა უნდა, აქვს სამუშაოები ჩატარებული ამ მიმართულებით, აქვს ბანკებიდან ამონაწერები, დაკითხვის ოქმებშიც მუსირებს ეს კითხვა. შესაბამისად, მას არ გაუჭირდება, სწორი სურათი წარმოადგინოს გარდაცვლილის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუმცა, მეორე საკითხია, რა ადგილს დაიკავებს ეს ინფორმაცია ვერსიების ჩამოყალიბების პროცესში.


- რა ირკვევა საბანკო ამონაწერებით? თქვენს ძმას ბევრი ვალი ჰქონდა?


- გამოიკვეთა, რომ არის პოზიტივიც, ნეგატივიც. ეს მასალები სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა წარმოდგენას შეუქმნის. გამოძიება, ვფიქრობ, ამ მოცემულობაზე ვერ გაჩერდება, რომ ვიღაცას რაღაც საფიქრალი მისცეს. მისი მოვალეობაა, რომ მან დაადასტუროს კონკრეტული საკითხები.


- გამოძიებამ ის დეტალი მაინც თუ შეისწავლა, მართლაც გაქრა თუ არა თქვენი ძმის მანქანიდან 20 ათასი ლარი მისი გარდაცვალების დღეს, რომლითაც მისი შტაბის წევრების დავალიანება უნდა გადახდილიყო?

 

- ამ მიმართულებით საქმის მასალებში არავითარი ინფორმაცია არ არსებობს. არადა, მართლაც იყო საუბრები დაკარგულ თანხაზე. ეს ჭორიც რომ ყოფილიყო, ალბათ, უნდა მომხდარიყო რეაგირება. საქმის მასალებში კი ამაზე შენიშვნის სახითაც არაფერია.


- ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების პირველ დღეებში უამრავი ინფორმაცია ვრცელდებოდა მისი ბიზნესინტერესების შესახებ. გამოძიებას აქვს თუ არა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ამ მიმართულებით და დაადგინა თუ არა მისი ინტერესები თუნდაც გადაზიდვებში, რომლის შესახებაც საუბრები ინტენსიურად მიდიოდა? ან დაკითხული ჰყავს ის ადამიანები, ვინც ამ ვერსიას საჯაროდ აჟღერებდნენ? ვგულისხმობ თუნდაც მალხაზ გულაშვილს...

 

- არანაირი მსგავსი ტიპის სამუშაოს ჩატარების დამადასტურებელი საბუთი არ მინახავს საქმეში. არც მალხაზ გულაშვილის დაკითხვის ოქმი მინახავს სადმე. იქ დევს დოკუმენტაცია გარდაცვლილის იმ საქმიანობის შესახებ, სადაც ისედაც ოფიციალურად იკვეთებოდა მისი გვარი და რომლის ნახვაც ნებისმიერს შეუძლია რეესტრის მონაცემებში. სხვა დამატებითი სამუშაოები ჩატარებული არ არის. ასე რომ, ეს საკითხი ღიაა...

 

მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016