reportiori.ge - გივი თარგამაძეს სამუდამო პატიმრობა ემუქრება?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:49
პრეს-დაიჯესტი
გივი თარგამაძეს სამუდამო პატიმრობა ემუქრება?
ავტორი:
16 დეკემბერი, 2014. 10:31


კგბ-ს აგენტობასა და კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან კავშირში ეჭვმიტანილი ლეონარდო დევდარიანი სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროებს     


...ამას წინათ, ნაციონალმა გივი თარგამაძემ ქართული ,,კოზა ნოსტრა'' ,,გაშიფრა'', ტენდერების სკანდალის უკან, ესა და ეს ადამიანი დგას და, საერთოდაც, ქვეყანა ასეთი რუსეთუმეებისგან იმართებაო. აბა, ამ შანსს ხელიდან ხომ არ გავუშვებდი და ერთ-ერთ ,,მხილებულს'' შეხვედრაზე შევუთანხმდი... ზუსტად 12 საათზე დათქმულ ადგილას ვარ... ოთახში ორი მამაკაცია. გუმანით ვხვდები, ,,სამიზნე'' ისაა, ფეხზე რომ დგას _ ბლანჟე, ჯინსები... გივი თარგამაძის ლოგიკას თუ გავყვები, ჩემს წინ კგბ-ს აგენტი თუ არა, მინიმუმ, მაფიოზი დგას. ბუნებრივია, შევეკითხები, ყველაფერი, რასაც თქვენზე ამბობენ, სიმართლეა თუ არა-მეთქი, თუმცა... მიბოდიშებს, პრემიერის, მთავარი პროკურორის, პარლამენტისა და ომბუდსმენის სახელზე გასაგზავნ განცხადებაში ბოლო დეტალებს ვაზუსტებ და იქნებ, ორ საათში შეხვდეთო. ვთანხმდები... ორი საათი მალე გადის... ვსაუბრობთ ყველაფერზე, მათ შორის, იმაზეც, მეგობრები ლეონარდოს ეძახიან თუ ლეოს. ახლობლები ლეონარდოს მეძახიან, შვილიშვილები _ ლეოს და შენ როგორც გინდა, ისე მომმართეო, _ მეუბნება. ფამილარობაზე უარს ვამბობ და თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს, რუსეთში საქართველოს ყოფილ სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენელს, ლეონარდო დევდარიანს ათწლეულით უკან ვაბრუნებ და იმ პერიოდს ვახსენებ, ასლან აბაშიძემ საგანგებო დავალებათა მინისტრად რომ დანიშნა.      


_ ბატონო ლეონარდო, გივი თარგამაძე, მგონი, რევოლუციამდეც ვერ გიტანდათ... ეს კი არადა, ასლან აბაშიძემ განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრად რომ დაგნიშნათ, პეტრე მამრაძემაც, რომელიც მაშინ კანცელარიის უფროსი იყო, კრიმინალებთან კავშირში გამხილათ...


_ სიმართლე გითხრათ, მინისტრად რომ დავინიშნე, არც მახსოვს, თარგამაძე არეალზე ჩანდა თუ არა...


_ გივიც ჩანდა და პეტრეც...


_ პეტრე მამრაძემ ეს სად თქვა?


_ იმდროინდელ პრესაში... საერთოდ, თქვენს გამინისტრებას თბილისში დიდი აჟიოტაჟი მოყვა...


_ მამრაძე ვინაა? _ მისი აზრი სულ არ მაინტერესებს, მაგრამ ჩემო ვანო, შენ ყველაფერს ორი სიტყვით გეტყვი... მინისტრობამდე რუსეთში საქართველოს სავაჭრო წარმომადგენელი ვიყავი.


_ ამ პოსტზე ვინ დაგნიშნათ?


_ 1993 წლის დეკემბერში, აფხაზეთის ომის შემდეგ, შევარდნაძემ დამნიშნა.


_ ომის დროს სოხუმის კომენდანტის პირველი მოადგილე იყავით, არა?


_ დიახ... ესე იგი, მთელი ჩემი ასავალ- დასავალი გინდათ?


_ ცხადია... ალბათ, იცით, რომ უხერხული კითხვებიც უნდა დაგისვათ...


_ კი ბატონო... ისეთი საინტერესო ამბებია, რომ ჩემი ბიოგრაფიით განცვიფრდები...


_ ბატონო ლეონარდო, ჩემი განცვიფრება ძნელია _ 20 წელში ბევრ თქვენნაირს შევხვედრივარ!..


_ მოდი, ასე მოვილაპარაკოთ: ჩემს ცხოვრებას მოგიყვები, თან პროკურატურაში შეტანილ განცხადებასაც გამოაქვეყნებ.


_ კი ბატონო, ამაზე ხომ უკვე შევთანხმდით?! ასე რომ, გისმენთ...


_ 1993 წელს, აფხაზეთში ომი შევარდნაძემ დაიწყო...


_ საკუთარ ქვეყანაში პრეზიდენტს ომი როგორ უნდა დაეწყო?


_ მომისმინე, ჩემო ძმაო... აფხაზეთში ომი შევარდნაძემ დაიწყო.


_ ალბათ, გინდოდათ, გეთქვათ, ომი კიტოვანმა დაიწყოო...


_ ცდები. კაცო, კიტოვანი ვინ იყო?.. მოკლედ, მე იმას გეუბნები, რაც ვიცი: შევარდნაძემ ომი იმიტომ დაიწყო, რომ ხელმძღვანელობისგან დავალება ჰქონდა მიღებული, საქართველო რუსეთისგან მოეწყვიტა. საქართველოს და რუსეთის მთელი კომუნიკაციები აფხაზეთზე გადიოდა. საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, დასავლეთი ცდილობდა, ამიერკავკასიის რესპუბლიკები, ირანი და თურქეთი რუსეთისთვის მოეწყვიტა.


_ საქართველო რუსეთს არ უნდა გამოყოფოდა?


_ ამაზე ვინ დავობს, მაგრამ იმ მიზეზებს გეუბნები, რატომაც ომი დაიწყო _ რუსეთისთვის იზოლაცია რომ გაეკეთებინა, შევარდნაძეს დაავალეს, აფხაზეთში ომი დაეწყო და ამის საბუთებიც მაქვს ნანახი.


_ თუ იცოდით, რომ ომი შევარდნაძემ დაიწყო, აბა, კომენდანტის მოადგილეობაზე რატომღა დათანხმდით?


_ მაშინ არ ვიცოდი...


_ ჩვენც და აფხაზებსაც იარაღით რუსები გვამარაგებდნენ და ცხონებულმა შევარდნაძემ ომი შიშველი ხელებით დაიწყო?


_ თითქოს რკინიგზის დასაცავად ტანკები გამოუშვა... ომი, ფიქტიურად, კიტოვანმა დაიწყო, თორემ ბრძანება შევარდნაძემ მისცა. საერთოდ, შევარდნაძეს შეეძლო, თავისი ფარული აზრები და მიზნები სხვისთვის, მით უმეტეს, კიტოვანისთვის მოეხვია... სამი დღე შევარდნაძე ტელევიზიით ამბობდა, არ ვიცი, კიტოვანი და ჯარი სადააო, მაგრამ ამას მთავარსარდალს ვინ დაუჯერებდა? იქ ყაჩაღობა მართლა ხდებოდა, მაგრამ ამის აღსაკვეთად ტანკები არ იყო საჭირო. საამისოდ შეეძლო, სპეცრაზმი გაეშვა, მაგრამ... ბევრი რამ ვიცი, თუმცა ამაზე ლაპარაკი არ მინდა. მოკლედ, დაიწყო ომი და შემოვიდა აფხაზეთში საქართველო.


_ აფხაზეთიც საქართველოა და რას ნიშნავს, ,,საქართველო შემოვიდა''?


_ საქართველო იურიდიულად იყო, თორემ იურისდიქცია არ ვრცელდებოდა, მაგრამ ამ ტერიტორიას არძინბა სად წაიღებდა? ბოლოს და ბოლოს, 250 ათასი ქართველი ვცხოვრობდით.


_ ლეონარდო ბატონო, ამ ქართველების ნაწილი, როგორც ვიცი, ქართულადაც არ ლაპარაკობდა...


_ ქართულად მე ვლაპარაკობ?


_ კი, ოღონდ რუსული აქცენტით და ბევრი რუსული სიტყვის გამოყენებით...


_ 20 წელია, რუსეთში ვარ და ქართული კი არა, ადამიანს შეიძლება, ის დაგავიწყდეს, გუშინ რა ჭამე... იქ საერთო ენა რუსული იყო, რაც ოდითგან მოდიოდა...


_ ოდითგან ანუ ბაგრატიონების დროსაც აფხაზეთში რუსულად ლაპარაკობდნენ?


_ ორი საუკუნეა, რუსეთის იმპერიაში ვართ და ეს ოდითგან არაა?


_ არც ესაა ოდითგან და აღარც რუსეთის იმპერიაში ვართ!


_ აფხაზეთი დავით აღმაშენებელმა მაშინ შემოიერთა, როცა საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გააერთიანა. 21 საუკუნის განმავლობაში, საქართველო ერთიანი ორჯერ იყო _ დავითისა და საბჭოთა კავშირის დროს.


_ ბატონო ლეონარდო, ამ თემაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, თუმცა რომ არ ვთქვა, გული გამისკდება: საბჭოთა კავშირი ჩვეულებრივი დამპყრობელი იყო და ასეთი ერთიანობა არ გაიშვა!


სწორედ ამ დროს, ოთახში ახალგაზრდა ქალბატონი შემოვიდა. გუმანით მივხვდი _ ლეონარდო დევდარიანის ადვოკატი უნდა ყოფილიყო... მომხდურმა კომპიუტერში რაღაც სირბილ- სირბილით ნახა და გავარდა, სასამართლოში მივდივარო. მასპინძელმა შემომჩივლასავით, ერთი წელია, უკანონო ტენდერებს ვებრძვიო. ლეონარდო დევდარიანი: _ გივი თარგამაძემ ის დამაბრალა, რასაც მხოლოდ მე კი არა, პროკურატურაც ებრძვის... ,,ნიუ კონსტრაქშენში'' წილის ნაწილი კანდიდ კვიციანმა მომყიდა, რომელიც თარგამაძის მეგობარია...


_ აფხაზეთზე ვსაუბრობდით...


_ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილე ვიყავი. იმ დღეს, სოხუმში კიტოვანის ე.წ. ჯარი რომ შემოვიდა, ცოლთან ერთად, უცხოეთში მივდიოდი. ტანკები კელასურში შემხვდნენ. მივხვდი, ომი იწყებოდა და წასვლა გადავდე, რადგან არავის ეთქვა, გაიქცაო... ორი-სამი დღის შემდეგ დამიძახეს. მართალია, შევარდნაძეს არ ვიცნობდი, მაგრამ გაიკითხ- გამოიკითხეს, თან გია გულუა ნაღდი კაცი იყო, მაროდიორებს ებრძოდა და გვერდში დავუდექი.


_ ამ დროს რუს გენერლებთან უკვე მეგობრობდით?


_ არა, კაცო... მხოლოდ გრაჩოვს ვიცნობდი, თუმცა არ ვიცოდი, ვინ იყო.


_ თუ იცნობდით, როგორ არ იცოდით, ვინ იყო?


_ საბჭოთა ჯარი ოდესაში მოვიხადე... ერთხელ, საბჭოთა შეიარაღებული ძალების სპორტული შეჯიბრი ჩატარდა და გრაჩოვიც ჩამოვიდა, მაგრამ მაშინ არავინ იცნობდა. ლონდონურ სასტუმროში, გოგოების გულისთვის, ჩხუბი მოხდა და მაშინ გავიცანი... ახალგაზრდობაში მეც მოკრივე ვიყავი...


_ ცხვირზე გეტყობათ!.. ისე, ბატონო ლეონარდო, ძალიან უცნაური იმიჯი გაქვთ _ მაგალითად, ბლანჟეს ატარებთ. ამით ხელს იმ ხმას უწყობთ, რომ ამბობენ, დევდარიანი მაფიოზიაო?


_ (იცინის) ბლანჟეს ნახევარი წელია, ვატარებ... სხვათა შორის, ქურდებისა და კრიმინალების პირველი მტერი ვარ. ქურდები მტრები მყავს!.. ქურდები საზოგადოებაში მიღებული რომ იყვნენ, პირველი ქურდი ვიქნებოდი! სახალხოდ ვამბობ: მიშას ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახურება ისაა, ბავშვს რომ ჰკითხო, ვინ გინდა გამოხვიდეო, აღარ იტყვის, კანონიერი ქურდიო. მიშა სააკაშვილის წინაშე ქუდს იმიტომ ვიხდი, რომ საქართველოში ,,ქურდული გაგება'' აღმოფხვრა. ,,ქურდული გაგების'' რომ ვიყო, ეს გამიხარდებოდა?


_ რა ვიცი, გივი თარგამაძე სულ ,,კრიმინალების ბარონს'' გეძახით...


_ მისი გჯერათ და ჩემი _ არა?


_ არც მისი მჯერა და არც _ თქვენი!


_ ჩემი უნდა გჯეროდეთ.


_ ერთი საათია, რაც გიცნობთ და ვერ დაგიჯერებთ!.. მოკლედ, ბატონო ლეონარდო, მხოლოდ გივი თარგამაძე გებრძვით თუ მთელი ნაცმოძრაობა?


_ მთელი ნაცმოძრაობა.


_ თუმცა, ნაციონალებმა არ დაგიჭირეს...


_ საქართველოში 2006 წლამდე ვერ ჩამოვდიოდი.


_ ე.წ. 2006 წლის მერე, ურთიერთობა დაალაგეთ...


_ მოვითხოვე, თუ დასაჭერი ვარ, დამიჭირეთ- მეთქი... მიშა, ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ბრძანება გასცა, ეს და ეს დაიჭირეთო და მეც დამასახელა. რუსეთში მცხოვრები ხალხი ჩვენი მტერიაო და ჩემი გვარიც ,,შეტენეს''...


_ მაინც, ვინ ,,შეტენა''?


_ კახა ლომაიამ, რომელიც ერთი პერიოდი, მოსკოვში, საქართველოს საელჩოში იყო, მაგრამ არ ვიცი, რა დავუშავე... ჟვანიამ გამაფრთხილა, რომ საქართველოში არ ჩამოვსულიყავი.


_ ჟვანიასთან მეგობრობდით?


_ არა. მთავრობაში ერთი მეგობარი მყავდა, სახელმწიფო მინისტრი ჯამბულ ბაკურაძე, რომელიც ჟვანიასთან ახლოს იყო. ჯამბულს დავურეკე და ვუთხარი, შევარდნაძის დროს ანუ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში დავიბარე, ათი წელი საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი და ახლა რა ვქნა-მეთქი... ჟვანიას ვკითხე და ასე თქვა, მაგის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვსო, მომიგო ბაკურაძემ. მეორე დღეს კი, უთენია, ისევ დამირეკა, ჟვანია შუაღამისას სახლში დამადგა და მითხრა, სააკაშვილს ვკითხე, ლეონარდოზე ხომ არაფერი გაქვსო და მიპასუხა, დაჭერაზე ბრძანება გავეციო. ლეონარდოს უთხარი, არ ჩამოვიდესო. მოკლედ, ჟვანია კაცურად მოიქცა.


_ მოსკოვში მაშინ ბიზნესი გქონდათ?


_ არა...


_ არც კახა ლომაიას?


_ არა და არ ვიცი, ლომაიამ მიშას ,,პადაჩა'' რატომ მიაწოდა... როცა მართალი ვარ, მიკიბ- მოკიბული ლაპარაკი არ მიყვარს. ბაკურაძესთან საუბრიდან რამდენიმე წლის შემდეგ, პრეზიდენტის კანცელარიაში დავრეკე და ხელმძღვანელს, გიორგი არველაძეს დაველაპარაკე.


_ იცნობდით?


_ არა... ავუხსენი, ვინც ვიყავი და რა პრობლემაც მქონდა. მითხრა, რამდენიმე დღეში დამირეკეო. დავრეკე და მითხრა, მიშასთან ერთად მთაში ვიყავი, ღამე კარავში დავრჩით და ვკითხე, მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს ჩამოსვლისკენ მოვუწოდებთ და ლეონარდო დევდარიანთან რა პრეტენზია გვაქვსო. მიშამ მიპასუხა, დაჭერის ბრძანება რამდენიმე წელია, გავეცი, მაგრამ არ ვიცი, რა ხდებაო და პროკურატურაში დამარეკინა, ყურმილი გამომართვა და აგინა, ამდენი წელი პასუხს რატომ არ მეუბნებითო. მერე, მომიტრიალდა და მითხრა, თქვენთვის გადმომეცა, რომ საქართველოში ჩამოსვლა შეგიძლიათო.


_ მიშამ საქართველოში ჩამოსვლის ნებართვა დაგრთოთ და აგვისტოს ომშიც ეხმარებოდით, ახლა კი ამბობთ, ნაცმოძრაობა ჩემზე შურს იძიებსო. გამაგებინეთ, რა ხდება?


_ მოდი, ხუთწუთიანი შესვენება გავაკეთოთ და ის განცხადება წაიკითხე, რომელიც პროკურატურაში შევიტანე.


_ ვიდრე შევისვენებთ, ის მითხარით, თამაზაშვილთან რა კავშირი გაქვთ ანუ ადამიანი, რომელიც, თარგამაძის თქმით, თამაზაშვილის თანასაკნელია, თქვენი ძმისშვილია?


_ არა, ეს მუკბანიანი, რომელიც ჩემი ნათესავის ქმარია და არაა იმის ღირსი, საერთოდ მასზე ვილაპარაკო, წელიწადნახევარია არ მინახავს და გაწყვეტილი მაქვს ყოველგვარი ურთიერთობა. რაც შეეხება ქურდებზე, მამაძაღლებსა და ,,პადლეცებზე'', ჩემი განწყობა ხომ გითხარი.


_ ესე იგი, თქვენი ნათესავის ქმარი თქვენს წინააღმდეგ ნაციონალებს შეეკრა?


_ ნაციონალებთან კი არა, ,,ნიუ კონსტრაქშენთან'' თანამშრომლობს, სადაც კანდიდ კვიციანმა წილი მომყიდა.


_ ბატონო ლეონარდო, გივი თარგამაძე ამტკიცებს, რომ ,,კაგებეშნიკი'' ხართ. ფაქტია, რუსულ გენერალიტეტს იცნობთ...


_ ელცინსაც ვიცნობდი, მერე, რა მოხდა?


_ პუტინიც გეცნობებათ...


_ არა...


_ მე კი ვიფიქრე, ამ ორიგინალურ საათს ვლადიმერი აჩუქებდა- მეთქი...


_ (იცინის) ბუშმა მაჩუქა... ისე, ექსკლუზიური საათია _ მხოლოდ ერთია გამოშვებული და ხომ ხედავ, რა აწერია _ ,,ლეონარდო''...


_ რუსულ სპეცსამსხურებთან რა საერთო გაქვთ?


_ რა სპეცსამსახური?.. გრაჩოვია სპეცსამსახური?..


_ რუსი გენერალი იყო!


_ მისი შვილის ნათლია ვარ... გრაჩოვის წყალობით, მთელი გენერალიტეტი გავიცანი და, თაღლითმა თარგამაძემ ახალგორი რომ ჩააბარა, მე დავაბრუნებინე, მაგრამ უარი მითხრეს.


_ უარი ვინ და რაზე გითხრათ?


_ ახალგორის დაბრუნებაზე უარი თარგამაძემ და სააკაშვილმა მითხრეს.


_ რატომ?


_ ახალგორი გაყიდეს.


_ რამდენად?


_ დასავლეთიდან სამ მილიარდზე მეტი გრანტი გამოყვეს, რომ დევნილებისთვის სახლები აეშენებინათ, მაგრამ მერაბიშვილმა ეს სახლები ადგილობრივ ბიზნესმენებს უფასოდ ააშენებინა. ამიტომ, პროკურატურისგან ვითხოვ, სააკაშვილის, თარგამაძის, ლომაიასა და უგულავას მოღალატეობრივი საქმიანობა გამოიძიოს.


_ მათ ღალატს როგორ ამტკიცებთ?


_ 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების დროს, როგორც საქართველოს ერთგული შვილი, აფხაზეთის ომის დროს სოხუმის სამხედრო კომენდანტის მოადგილე და პატრიოტი, მოსკოვიდან საქართველოში სპეციალურად ჩამოვედი, იმ ავადმოსაგონარ მოვლენებში ჩავერთე და ჩემი თვალით ვნახე ნაცმოძრაობის უმაღლესი თანამდებობის პირების, პირველ რიგში, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის, გივი თარგამაძის მოღალატური ბრძანებები და ქმედებები... სააკაშვილის ხელისუფლებამ და, ცხადია, თარგამაძემაც არათუ ცოცხალი, მიცვალებული თანამოქალაქეებიც დაივიწყა და მხოლოდ მოპარული ფულისა და საკუთარი ოჯახების გახიზვნით იყვნენ დაკავებულნი, თან რუსთაველზე საკუთარ სამარცხვინო „გამარჯვებას" ზეიმობდნენ. ამიტომ, ჩემი ავტორიტეტითა და რუსეთის არმიის გენერალიტეტთან მეგობრული კავშირებით, დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გადმოსვენებისა და 80-ზე მეტი დატყვევებული ქართველი მეომრის რუს სამხედროებზე გაცვლის ორგანიზება გავაკეთე. გორიდან, ტელეფონით, იმჟამინდელ სახელმწიფო მინისტრ ჯამბულ ბაკურაძეს მიცვალებულების გადმოსასვენებლად საჭირო რეფრიჟერატორები ტელეფონით ვთხოვე და საპატრიარქოს შევატყობინე, რუსული მხარე მზადაა, დაღუპული ჯარისკაცები გადმოგვცენ- მეთქი. მეორე დღეს, გორში ერის სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი ილია მეორე ჩამობრძანდა, რომელსაც მე და გენერალი ბორისოვი შევხვდით. პატრიარქმა ლოცვა- კურთხევა მოგვცა და ჯვრებით დაგვასაჩუქრა. დაღუპული ჯარისკაცები უწმინდესმა თბილისში გადმოასვენა... დილის 11 საათზე კი, ჩემს მიერ ორგანიზებული და დანიშნული ტყვეთა გაცვლა გივი თარგამაძემ ჩაშალა და რუსეთის არმიის სარდლობას, რომელიც საქართველოს ტერიტორიას უკვე იგოეთამდე აკონტროლებდა, ულტიმატუმი წაუყენა.


_ მაინც, რა ულტიმატუმი?


_ პირველი: ახალგორის რაიონი, საიდანაც ნაციონალური ხელისუფლება და პოლიცია გამოიქცა, საქართველოს იურისდიქციაში დაებრუნებინათ. იქ შევიდნენ ოსური ბანდფორმირებები და მაროდიორები, დაიწყო თარეში და განუკითხაობა... გორში, საოკუპაციო ჯარის სარდალთან, გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვსა და რუსეთის არმიის გენერალიტეტ- სარდლობასთან ჩემი კომუნიკაციით, გენერალმა ბორისოვმა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, არმიის გენერლის, ნიკოლოზ მაკაროვისაგან მიიღო ბრძანება, ახალგორში რაზმი გაეგზავნა და რაიონი ბანდიტური დაჯგუფებებისა და მაროდიორებისგან გაეწმინდა, ახალგორი საქართველოს იურისდიქციაში დაებრუნებინა და იქ ქართული დროშა აღმართულიყო, თუმცა პირადად გივი თარგამაძის მითითებით, გადმომცეს ბრძანება, ახალგორის რაიონის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება სასწრაფოდ უკან „გადამეთამაშებინა" და რუსეთის სარდლობისათვის უარი მეთქვა. ჩემს გაოგნებულ კითხვაზე, რატომ უნდა „გადამეთამაშებინა" ახალგორის დაბრუნება, აღშფოთებულმა ერეკლე კოდუამ მითხრა, რომ პოლიტიკოსებმა, კერძოდ, თარგამაძემ გადაწყვიტეს, ახლა ასეა საჭირო და ეს ჩვენ გვჭირდებაო. მეტიც, ახალგორის რაიონის ოსი ბანდიტებისაგან გასაწმენდად გაგზავნილ რუსულ რაზმს, სოფელ ლამისყანის გადასახვევთან, გივი თარგამაძის ბრძანებით, საპატრულო პოლიციის მანქანებმა გზა ჩაუხერგეს, რათა მათივე ულტიმატუმი არ შესრულებულიყო... ამ სახელმწიფოს ინტერესების ღალატის ორგანიზატორი პირადად გივი თარგამაძე და სააკაშვილის ხელისუფლება იყო. დიახ, ძირძველი ქართული მიწა _ ახალგორის რაიონი ე.წ. ეროვნულმა მოღალატე ხელისუფლებამ არ დაიბრუნა! სამაგიეროდ, აშშ-ს მთავრობისა და ევროსტრუქტურებისგან მიიღეს 3 მილიარდ დოლარამდე. ვსვამ კითხვებს: ამ თანხიდან რამდენი მოხმარდა ახალგორიდან 30 ათასი დევნილის სოციალური პრობლემების გადაწყვეტას? რა თანხა ჩაიდეს გივი თარგამაძემ და სხვებმა ელიტური კორუფციის სახით? რამდენად გამდიდრდა პირადად გივი თარგამაძე და ნაცმოძრაობის ბოსები ახალგორის გაყიდვით? ნათლად ჩანს, რომ თარგამაძემ, სააკაშვილმა და მათმა ხროვამ საქართველოს ტერიტორიების და ათიათასობით გაუბედურებული ადამიანის _ დევნილების ხარჯზე, თავისი ბინძური ბიზნესი გააკეთეს. მათი ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს: 1. საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ _ ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. საქართველოს ფუნდამენტალური ინტერესების წინააღმდეგ, სააკაშვილის, თარგამაძის, ლომაიას, უგულავას და სხვათა დანაშაულებრივ ქმედებებზე, 2012 წლის 5 ნოემბერს, ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში, საჯაროდ მივმართე მთავარ პროკურორს, კბილაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილს და იუსტიციის მინისტრ წულუკიანს, დავეკითხე და დაეწყოთ გამოძიება, მაგრამ ამაოდ _ 2 წელზე მეტია, ამ ფაქტებს ყურად არავინ იღებს, რამაც ,,თარგამაძესა და კომპანიას'' გაუჩინა პატიებისა და დაუსჯელობის სინდრომი. მეტიც, გათამამებული თარგამაძე ცილისწამების, ბინძური ჭორებისა და ცრუ დასმენების რუპორი გახდა. ამ სიბინძურეს, სამწუხაროდ, პასუხი დღემდე ერთმა ადრესატმაც არ გასცა და დაუსჯელობის ეიფორიით გათამამებულმა, ჩემზე _ მათი მოღალატური ქმედებების გამსაჯაროებელზე და ცოცხალ მოწმეზე შურისძიება გადაწყვიტეს, რა მიზნითაც, 2014 წლის 7 დეკემბერს, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2''-ის საღამოს ეთერში, პარლამენტარმა თარგამაძემ საჯაროდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული _ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურში ყოფნა დამაბრალა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 311-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15-წლამდე ითვალისწინებს. 2014 წლის 9 დეკემბერს, გივი თარგამაძემ იგივე ,,რუსთავი 2''-ის გადაცემა „არჩევანში" გაიმეორა, ვიდრე ფესბ შეიქმნებოდა, თითქოს ,,კაგებეშნიკი'' ვიყავი. თარგამაძის ქმედება, ჩემი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის საჯაროდ შელახვის გარდა, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით (ცრუ დასმენა ანგარებით და პირადი მოტივით) და ითვალისწინებს სასჯელს, ვადით 4-დან 6-წლამდე. მინდა, ცრუ და ბინძური ბრალდებების ავტორ თარგამაძეს ვკითხო: თუ ამ უწყების „ღია კადრი" ვარ, რატომ თანამშრომლობდა ჩემთან თვითონ, როგორც პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის იმჟამინდელი თავმჯდომარე, ასევე მისი პრეზიდენტი სააკაშვილი, შს მინისტრი მერაბიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ლომაია და სხვები? რატომ მეხვეწებოდნენ რუსეთის არმიის გენერალიტეტთან დაკავშირებას და მათ მიერ მიტოვებულ- მიყრილი და რუსული არმიის მიერ ხელში ჩაგდებული ას ერთეულზე მეტი მძიმე სამხედრო ტექნიკისა თუ სხვა უამრავი შეიარაღების დასაბრუნებლად განუსაზღვრელი რაოდენობის ფულს რატომ მთავაზობდნენ?.. მათი თხოვნით, გენერალ ბორისოვს მივატოვებინე არმია და წამოვიყვანე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მცხეთაში, მერაბიშვილთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ჩამოსვლამ გამოიწვია სააკაშვილის მიერ მერაბიშვილის სასწრაფოდ უკან გაწვევა. გენერალ ბორისოვს ჯარის მიტოვება და მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადასვლა კარიერის ფასად დაუჯდებოდა და სამხედრო ტრიბუნალი გაასამართლებდა, მაგრამ ეს ჩემი პატივისცემითა და ნდობით გააკეთა და არა _ მოღალატე თარგამაძის. რომ არა მერაბიშვილის უკან გაწვევა, გენერალ ბორისოვთან მოლაპარაკებული ვიყავი, ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, მხარეების დაშორიშორებასა და რუსული არმიის უკან დაბრუნებაზე, რაზეც მას უფლებამოსილება ჰქონდა. ეს რომ მომხდარიყო, სარკოზის ჩარევა და საქართველოსთვის წამგებიანი, კაბალური შეთანხმების დადება საჭირო აღარ გახდებოდა, მით უმეტეს, სააკაშვილმა შეთანხმებიდან ამოაღებინა მე-6 პუნქტი, რაც ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსზე მოლაპარაკების გაგრძელებას ითვალისწინებდა. მე-6 პუნქტის ამოღებამ განაპირობა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. თარგამაძემ ჩემი „კაგებეშნიკობა" მაშინ არ იცოდა თუ მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების გარანტი ვიყავი და ბუჩქებში შემალულები ამის გამო მელაქუცებოდნენ? ან თუ იცოდა, რატომ დაუმალა ხელისუფლებას, რატომ არ გააფრთხილა პრეზიდენტი და სხვები, რომ ჩემთან ურთიერთობა არ შეიძლებოდა?! ამ ბინძური ცრუ ბრალდების გარდა, თარგამაძემ დაასახელა ჩინოვნიკები, რამდენიმე სავარაუდო კორუფციული სქემა წარმოადგინა და ერთ-ერთ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ,,ნიუ ქონსთრაქშენთან'' ერთად მომიხსენია, ყოფილ და მოქმედ ჩინოვნიკებთან, კერძოდ, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ბესო დევდარიანსა და ზაზა მუკბანიანთან კორუფციულ გარიგებებში დამდო ბრალი. მუკბანიანი მოიხსენია როგორც პრემიერის სიმამრის თანამოსაკნე, ხოლო ბესო დევდარიანს საერთოდ არავითარი შემხებლობა არა აქვს ტენდერებთან. 2013 წლის 19 მარტს, ნაცმოძრაობის ყოფილი დეპუტატის, კანდიტ კვიციანისაგან შპს „ენგური- 2006''-ში წილის ნაწილი ვიყიდე. ეს შპს მოგვიანებით გახდა შპს ,,ნიუ ქონსთრაქშენი''. ამავე საწარმოში 47,5 % წილი ეკუთვნის პარტნიორსა და დირექტორს, რეზო ჭკადუას, 5% _ მესამე პარტნიორს, კ. კვიციანის დისშვილ ადილარ ჩართოლანს. მე კი წილობრივ უმცირესობაში ვარ. როგორც გავარკვიე, შპს ,,ენგური 2006''-ის (ამჟამად შპს „ნიუ ქონსთრაქშენი") ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, 2012 წლის ნოემბრიდან, ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების დამზადებისა და მითვისების ფაქტებზე, დაწყებულია გამოძიება და დღემდე მიმდინარეობს. დირექტორ ჭკადუას, წერილობით, დაუყონებლივ მოვთხოვე საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაცია, რათა სიტუაციაში გავრკვეულიყავი და სავარაუდო კანონდარღვევები აღმომეფხვრა _ შევიტყვე, რომ საწარმოში ნაღდი ფული ტრიალებდა და დივიდენდებს მიმალავდნენ. პარტნიორები ჩემს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციას დღემდე მალავენ. მეტიც, ჩემს წინააღმდეგ მოაწყვეს დომინანტური შეთქმულება და გაურიგდნენ ზაზა მუკბანიანს, კანდიტ კვიციანსა და ჩემი მოშორება გადაწყვიტეს _ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, მოითხოვეს ჩემი გარიცხვა და წილის წართმევა, ასევე, წილის ნასყიდობის ბათილად ცნობა, რის გამოც გამოვიყენე მეწარმეთა კანონით მონიჭებული უფლება და 2014 წლის 24 ივლისს, მოვიწვიე პარტნიორთა კრება და დირექტორი ჭკადუა თანამდებობიდან გადავაყენე, რაც გაასაჩივრეს და ამჟამად დავა სასამართლოში მიმდინარეობს. თარგამაძემ, მისი თანაგუნდელის, კვიციანის კვალის დაფარვის მიზნით, შპს „ენგური- 2006"-ს მაგიერ, გადაცემაში არ არსებული შპს „ეგრისი- 2006" ახსენა. საინტერესოა, რამდენი მიიღო თარგამაძემ ისრების ჩემკენ გადმოსროლაში და თანაგუნდელების კვალის დაფარვაში, რომლებსაც პროკურატურა ორი, მე და სასამართლო კი ერთი წელია, ვებრძვით? ვადასტურებ, რომ მე თვითონ გამოვდივარ ნებისმიერი კორუფციული გარიგებების წინააღმდეგ, მსგავს ქმედებებში მონაწილეობა არასდროს მიმიღია და მსგავსი ფაქტების მიმართ ვარ შეურიგებელი... საქართველოს პარლამენტის წევრმა, თარგამაძემ საჯაროდ დამაბრალა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ჯგუფურად კორუფციულ დანაშაულში მონაწილეობა და უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურში ყოფნა, რის გამოც პროკურატურისგან მოვითხოვ: 1. მიმართოთ კანონით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის წევრს გივი თარგამაძეს მოეხსნას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი და პასუხი გასცეს გამოძიების შეკითხვებს, რათა გამოძიებას საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში ხელი არ შეეშალოს. 2. თარგამაძის, სააკაშვილისა და სხვათა მიმართ, საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე, დაიწყოს გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა და მიეცეს პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას. 3. დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება, ,,რუსთავი 2''-ის ეთერში თარგამაძის მიერ დასახელებულ ფაქტებზე, ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება, დადგინდეს, რა კავშირი მაქვს ხსენებულ ზაზა მუკბანიანთან, ტენდერებთან ან სხვა თანამდებობის პირებთან მაშინ, როცა ერთი წელია, პარტნიორები ახლოსაც არ მაკარებენ საწარმოს საქმიანობას, ცდილობენ, გამრიცხონ საზოგადოებიდან, წამართვან და მიისაკუთრონ ჩემი წილი და ამ გზით მომიშორონ თავიდან, როგორც მათ საქმიანობაში ხელის შემშლელი პერსონა... 4. თარგამაძე ჩემს წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების გამო, მიეცეს პასუხისგებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით, ცრუ დასმენისათვის, რასაც თან ერთვის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაბრალება, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლის სახით, რომელიც სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 15 წლამდე. 5. სასწრაფოდ ჩაუტარდეს თარგამაძეს სასამართლო- ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ვინაიდან მისი განცხადებები და ქცევები მის შერაცხადობაზე სერიოზულ ეჭვს ბადებს. 6. გთხოვთ აღნიშნულთან დაკავშირებით დაკითხოთ იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გენერალური შტაბის უფროსი ზაზა გოგავა, შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ჯამბულ ბაკურაძე, სოდ-ის უფროსი გენერალი ერეკლე კოდუა, გენერალი ანზორ მარგიანი, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჯუღელი, კასპის პოლიციის იმჟამინდელი უფროსი დიმიტრი დარბაისელი, ახალგორის პოლიციის უფროსი და უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია. ზემოხსენებული განცხადება, როგორც ,,ვერსიას'' უთხრა, ლეონარდო დევდარიანმა მთავარ პროკურატურაში უკვე შეიტანა. ამასთან, დევდარიანი მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელებისგან გაერთიანებული სამთავრობო- საპარლამენტო კომისიის შექმნასაც ითხოვს, რომელიც აგვისტოს ომს პოლიტიკურ- სამართლებრივ შეფასებას მისცემს. ,,ეს ყველა მომდევნო ხელისუფლებისთვის მაგალითი იქნება, რომ მსგავს ცდუნებას აღარ აყვეს'', _ აცხადებს დევდარიანი.  



(წყარო: ვერსია, ვანო პავლიაშვილი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016