reportiori.ge - სააკაშვილის ახირებას შეეწირა 10 წლის ბავშვის სიცოცხლე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:22
პრეს-დაიჯესტი
სააკაშვილის ახირებას შეეწირა 10 წლის ბავშვის სიცოცხლე
ავტორი:
16 დეკემბერი, 2014. 13:04


ეს ამბავი ზუსტად ხუთი წლის წინათ მოხდა. მაქსიმუმ ნახევარი წლის განმავლობაში იყო განსჯის, ვიშვიშის, ქულების ჩაწერისა თუ თავის მართლების საგანი, მაგრამ შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, მხოლოდ იმ ოჯახის ტრაგედიის ჩარჩოებში დარჩა, რომელმაც სააკაშვილის ახირების გამო ორი წევრი დაკარგა - 10 წლის ნინო ჯინჭარაძე და მისი დედა, 37 წლის ეკა ცუცხვაშვილი.


დარწმუნებულნი ვართ, ჩვენს მკითხველს დღესაც აინტერესებს, რა გაგრძელება ჰქონდა ისტორიას, რამაც საკუთარი სახლის ეზოში მდგარი პატარა გოგონას სიცოცხლე შეიწია, რომელიც საკუთარი მობილური ტელეფონით სახლთან ახლოს მდებარე მემორიალის აფეთქებას იღება. სწორედ იქ დამთავრდა, კადრიც და პატარა „ოპერატორის" სიცოცხლეც, როცა „ობიექტივის" მიმართულებით უზარაზარი ქვების გროვა გამოემართა...


„პრაიმტაიმი" დაინტერესდა, ვინ აგო პასუხი მაშინ დედა-შვილის გარდაცვალების გამო და შეცვალა თუ არა ტრაგედიამ მაშინ რამე პრეზიდენტის მორალში, რომელმაც, როგორც ჩვეოდა, გარეგნულ „ფანდებს" მიმართა - დანიაში ვიზიტი შეწყვიტა და მკაცრი ბრძანება გასცა, დასჯილიყო ყველა, ვისაც ამ ტრაგედიაში წვლილი მიუძღოდა.

 

მაშ ასე, ვინ და რა დოზით აგო პასუხი 10 წლის გოგონას სიცოცხლის მოსწრაფების გამო?


სად არიან რეალური დამნაშავეები და როგორ აგრძელებს ცხოვრებას უდანაშაულო მსხვერპლის გარეშე დარჩენილი ოჯახი?


თუმცა მანამდე ვნახოთ, რას წერდა მაშინდელი პრესა ცხელ კვალზე: „ტრაგედიის ადგილზე მოსული გარდაცვლილის მამა, სოსო ჯინჭარაძე შველას ითხოვდა, - „შვილი მომიკლეს, ხალხო, რა მეშველება?"


... „ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას წინ ვერავინ დაუდგება", - ამბობს ქუთაისში პარლამენტის გადატანის ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის (მაშინდელი უმრავლესობის. - მ.ნ.) წევრი აკაკი ბობოხიძე, რომელიც ტრაგედიაში მოსახლეობის ბრალეულობაზეც ამახვილებს ყურადღებას.


ისტორია კი ასეთია, 19 დეკემბერს, დაახლოებით 16.00 საათზე, ქუთაისში, ავტოქტარხნის დასახლებაში მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი გამარჯვების მემორიალი ააფეთქეს. ქალაქში მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ადგილზე დაიღუპა მცირეწლოვანი ნინო ჯინჭარაძე, ხოლო მოგვიანებით საავადმყოფოში დედამისი - ეკა ცუცხვაშვილი.


სხეულის დაზიანებები მიიღო მემორიალის სიახლოვეს მცხოვრებმა კიდევ რამდენიმე ადამიანმა, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადები ადგილზე დაეხმარნენ.


მემორიალის დემონტაჟი კი 12 დეკემბერს დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი პარლამენტი უნდა აშენდეს, მაგრამ, როგორც მედიასაშუალებები ადგილობრივ მუშებზე დაყრნდობით იუწყებოდნენ, საბოლოოდ მემორიალი 21 დეკემბერს, პრეზიდენტის დაბადების დღეზე უნდა აეფეთქებინათ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკურმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მემორიალთან ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება განიზრახეს, სავარაუდოდ, ამიტომ დაჩქარდა დემონტაჟის პროცესი.


...ავტოქარხნის დასახლებაში სამართალდამცავები 19 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე გამოჩნდნენ. ისინი აფრთხილებდნენ მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ მათ სასწრაფოდ დაეცალათ საცხოვრებელი სახლები. 16:00 საათზე შპს „საქფეთქმრეწვმა" 27-მეტრიანი ბეტონის კონსტრუქცია (რაც  „გამარჯვების მემორიალის" ერთკვირიანი დემონტაჟის შედეგად დარჩა) ააფეთქა. აფეთქებისას ბეტონის ნამსხვრევები რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, საცხოვრებელი სახლების მიმართულებით გადაცვივდა. სწორედ ამან გამოიწვია იქ მცხოვრები მოსახლეობის დაშვება და მსხვერპლი.


„ევაკუაცია რომ დაიწყეს, გამოგვიყვანეს ბინიდან, აფეთქება მოხდებაო და გამოვედით გარეთ - ქუჩაში, მოგვაშორეს ბინას და გავრბოდით „ბარაკებისკენ". ამ დროს მოხდა აფეთქება. ეს საწყლები, ეზოში ყოფილან, სახლთან და ბავშვს ქვა მოხვედრია თავში და დაიღუპა. კმაყოფილია ახლა ჩვენი მთავრობა? რა ენაღვლებათ მაგათ? მაგათი შვილები არ მომკვდარან და! ეს არის მავნებლობა. რას აშავებდა ის ძეგლი იქ?" - აცხადებდნენ თვითმხილველები...


„მე ქალაქიდან მოვედი იმ წუთში და პოლიცია არ მიშვებდა სახლში, ვიფიქრე, რაღაც ნივთებს მაინც გამოვიტან-მეთქი სახლიდან. ამ დროს მოხდა აფეთქება და ადგილზე რომ მივედი, დასისხლიანებული ხალხი ეყარა ძირს, თურმე ჩემი მეუღლეც იქ ყოფილა", - ამბობს ერთ-ერთი დაშავებულის, ირაკლი ჯინჭარაძის მეუღლე. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.


დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თავდაპირველად ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით - დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში. ნინო ჯინჭარაძე კი ბავშვთა საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.


ასევე, ადგილობრივი ჟურნალისტები თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ აფეთქების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მათ ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვებას სთხოვდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მეორე აფეთქებაც მოსალოდნელი იყო. თვითმხილველების ვარაუდით, ასეთ მოწოდებას პოლიციელები ბავშვის ცხედრის გადამალვის მიზეზით აკეთებდნენ.


ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალის აფეთქების შედეგად დარღვეული უსაფრთხოების ნორმების გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია".


ცხელ კვალზე „საქფეთქმრეწვის" 10 თანამშრომელი დააკავეს, მათ შორის ტექნიკური დირექტორი, ავთანდილ დარსაველიძე.


გენერალური პროკურორის მაშინდელი მოადგილე, დავით საყვარელიძე აცხადებდა, რომ სწორედ დარსაველიძე იყო უშუალოდ პასუხისმგებელი სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული.


ოპოზიციონერებმა ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს ვანდალური საქციელი უწოდეს და სასტიკად დაგმეს. მათ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს, გუბერნატორის გარდა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა იმ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ აფეთქებას პირადად ხელმძღვანელობდნენ.


რა თქმა უნდა, ძალოვნებს არავინ შეხებია...


„პრაიმტაიმი" ამ შემთხვევიდან ზუსტად 5 წლის შემდეგ გარდაცვლილის მამა, სოსო - ჯინჭარაძეს დაუკავშირდა. ჩვენს მკითხველს სწორედ მასთან ინტერვიუს შევთავაზებთ:

 

- ამ ტრაგედიამ მაშინ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია... მერე როგორ გაგრძელდა ეს ამბავი? ვინმე დაისაჯა თქვენი ცოლ-შვილის გარდაცვალების გამო?

 

- მე როგორც ვიცი, ყველაზე ქვედა რგოლიდან დასაჯეს, მგონი, სამი კაცი. ერთი წლითა და წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაქსიმუმი ორი წელი იყო. ესენი იყვნენ ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ მემოიალის აფეთქებაში.

 

- თქვენ, ალბათ, გამოძიების პროცესში დაზარალებულ მხარედ იყავით ცნობილი...


- დიახ...


- ესწრებოდით სასამართლო პროცესებს?

 

- მხოლოდ ერთხელ დავესწარი...


- რას ამბობდნენ განსასჯელები?

 

- ამბობდნენ, სასწრაფო დემონტაჟის ბრძანება მივიღეთ და დროის ამ მცირე მონაკვეთში ჩვენ ვერ მოვახერხებდით უსაფრთხოების ყველა წესის დაცვასო.


- ამბობთ დაბალი რგოლი დაისაჯაო... თქვენ სხვა მოლოდინები გქონდათ გამოძიებისგან?

 

- იქ რაც მოხდა, დაახლოებით ვიცით, მაგრამ ამის დევნის თავი ფიზიკურად არ მქონდა.


- რა მოხდა რეალურად? ვინ უნდა დასჯილიყო?

 

- უნდა დასჯილიყო ის, ვინც მემრიალის აფეთქება დააჩქარა. ის განსასჯელები ამბობდნენ, უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფისთვის ჩვენ კიდევ სამი დღე გვჭირდებოდაო. ის სამი დღე არ დააცადეს...

 

- თქვენი ოჯახი მართლა გააფრთხილეს, რომ იქაურობას უნდა გასცლოდნენ და სახლი დაეცალათ?


- ჩემები მაშინ სახლში იყვნენ. ჩემი ცოლი ბავშვს საჭმელს აჭმევდა. პოლიციამ ისინი სახლიდან გამოიყვანა და ეზოში დააყენა. სახლი თუ იყო საშიში, ეზოში დგომა არ იყო საშიში? მერე სხვა კუდები მოაბეს ამას, თითქოს თვითონ მოსახლეობა არ გავიდაო. ხომ იცით, როგორც წესი, დაბალზე ტყდება ჯოხი ყოველთვის.


- იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი გამოძიებას არ დაუყენებია?

 

- არა. არადა, ზუსტად პოლიციებელმა გამოიყვანეს. სახლში რომ დარჩენილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა. პოლიციელებს მათი ტერიტორიიდან გაყვანა რომ ნდომებოდათ, ვინ აღუდგებოდათ წინ?..

 

- თუმცა, პრეზიდენტმა ამ ამბის გამო გუბერნატორი გაათვისუფლა თანამდებობიდან...


- გუბერნატორზე მეტად თვითონ იყო ყველაფრის საქმის კურსში...


- ბრძანება ვინ გასცა დემონტაჟის დაჩქარებაზე, იცით?

 

- ეს მე არ ვიცი, ვინ მეტყვის ამას? მაგრამ ვისაც არ უნდა გაეცა ეს ბრძანება, ზუსტად ის უნდა დასჯილიყო, რადგან, დაგეგმილ დროში რომ მომხდარიყო აფეთქება, მოესწრებოდა მიწაყრილების გაკეთება საცხოვრებელი სახლების მხარეს და ეს ამბავიც არ მოხდებოდა.

 

- მგონი, თქვენი მეორე ქალიშვილიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მაშინ რვა წლის იყო... ის როგორ გადარჩა?

 

- ანი ჩემს დასთან ერთად იდგა სხვა ადგილას. მათაც მოხვდათ ნამსხვრევები, მხოლოდ მცირე რაოდენობის. ჩემს ცოლსა და ნინოს კი - ნამსხვრევების მთელი გროვა...

 

- აღარ გიფიქრიათ ამ საქმის განახლებაზე თუნდაც ახალი ხელისუფლების პირობებში?

 

-  არ აქვს აზრი...


ამ შემთხვევის შემდეგ „ქრიტიან-დემოკრატები" ინიციატივით გამოვიდნენ, რომ ტრაგედიის ადგილზე პარლმენტის ნაცვლად ტაძარი აშენებულიყო მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა და მემორიალის დემონტაჟის დროს დაღუპული დედაშვილის სულების მოსახსენებლად.


„პრაიმტაიმი" ამ ისტორიისა და მისი სამართლებრივი გაგრძელების შეფასებისთვის, გიორგი ახვლედიანს დაუკავშირდა:


- როცა ეს ტრაგედია მოხდა, ბათუმში გვქონდა შეხვედრა. მაშინვე წამოვედით და მივედით იმ ოჯახში... ჩვენ თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდით ქუთაისში პარლამენტის გადმოტანას. ხელისუფლება ამბობდა, რომ ამ პროცესით განვითარდებოდა ქუთაისი. თუმცა, ჩვენ სხვა პროექტს ვთავაზობდით, თუნდაც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევას, რაც გაცილებით მეტ სიკეთეს მოუტანდა ამ ქალაქს. თუმცა, სააკაშვილის ამ ახირების მთავარი და რეალური მიზეზი რეგიონის განვითარება კი არ იყო, არამედ ის, რომ ის დაიღალა თბილისში ოპოზიციის აქციებით პარლამენტის შენობასთან. თვლიდა, რომ სწორედ ამას აერიდებოდა პარლამენტის ქუთაისში გადატანით. აი, ამ ახირებას შეეწირა 350 მილიონი ლარი და დედა-შვილის სიცოცხლე. სიმართლე გითხრათ, როცა ეს საშინელი ტრაგედია მოხდა, იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლება ამის შემდეგ მაინც მოეგებოდა გონს და მიხვდებოდა თავის არასწორ პოლიტიკას. თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა. პირიქით, გაათმაგებული ძალით შეუდგნენ ამ იდეის განხორციელებას...

 

- ალბათ, ამიტომაც ამბობდა კაკო ბობოხიძე - პარლამენტის ქუთაისში გადატანას ვერაფერი შეაჩერებსო...

 

- მეტსაც გეტყვით. ეს იდეა სწორედ აკაკი ბობოხიძის სახლში დაიბადა, როცა ქუთაისს სტუმრობდა სააკაშვილი. ბობოხიძის სახლში სუფრასთან, მათ გარდა, რამდენიმე ნაციონალი გოგონაც იმყოფებოდა. ქუთაისი პატარა ქალაქია და ასეთი ამბები არ იმალება. სწორედ ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა გადაწყვიტეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ ქალაქში გადაიტანდნენ პარლამეტს. აი, ეს იყო მთელი მოტივაცია სააკაშვილისთვის. სხვა არაფერი. ამისთვის გამოყვეს 350 მილიონი ლარი. ამის გარდა, მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთკომუნიკაცია თვეში დაახლოებით 10 მილიონი ჯდებოდა. ეს კი ხდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილს უნდოდა თბილისიდან ეს საპროტესტო მუხტი გაეტანა...

 

- თუ გახსოვთ ტრაგედიის კონკრეტული დეტალები. ამბობენ, რომ მემორიალის დემონტაჟი დაჩქარდა იმიტომ, რომ დაგეგმილ დროს, სააკაშვილისა და სტალინის დაბადების დღეს, 21 დეკემბერს, არასამთავრობოები მემორიალთან ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას აპირებდნენ. სწორედ ამიტომაც დაჩქარდა პროცესი და დემონტაჟი მოხდა სამი დღით ადრე, რის გამოც უსაფრთხოების წესების სრულად დაცვა ვერ მოხერხდა...


- ამ ვერსიის გარდა, სხვაც იყო: სააკაშვილს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ამ მემორიალის აფეთქებით სიმბოლურად აეფეთქებინა საბჭოური, რუსული წარსული... ეს ხომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი იყო... კარგად მახსოვს, როდესაც აფეთქების დროს დედა-შვილი დაიღუპა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში თავს იმართლებდნენ, აფეთქება კი არ გვინდოდა, მემორიალის აგურ-აგურ დაშლას ვემხრობოდითო... ამას, ალბათ, მეტი დრო სჭირდებოდა. სააკაშვილს კი საგარეო კურსის ასეთი სახით დემონსტრირება ძალიან ეჩქარებოდა... ამ მისწრაფებას შეწირული პატარა ბავშვის სიცოცხლემაც ვერ გადააფიქრებინა სააკაშვილს თავისი ახირების განხორციელება. არადა, მახსოვს ის საშინელი კადრები. ეს გოგონა საკუთარი სახლის ეზოდან თვითონ იღებდა აფეთქების პროცესს. იმ კადრებში კი ჩანს, როგორ ხვდება მობილურს შავი მასა... ეს შემზარავი რამ იყო. მხოლოდ 6 თვე ახსოვდა ქვეყანას ეს ტრაგედია. ხელისუფლებისთვის პასუხის მომთხოვნი ვინ იყო?


- პასუხი აგეს კონკრეტულად „ამფეთქებლებმა"... სულ ცოტა, მორალური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას არ უნდა აეღო?


- ბუნებრივია, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის უნდა ეგოთ პასუხი კონკრეტულ პირებს. თუმცა იმის იქით გამოძიება არ წავიდოდა. მემორიალის დემონტაჟის დროს ჩადენილი დანაშაული ისევეა იმ ხელისუფლების კისერზე, როგორც 26 მაისის, 7 ნოემბრის, გირგვლიანის, რობაქიძისა და სხვათა საქმეები. ისინი რომ ამ საქმეებს არ გამოიძიებდნენ, ცხადი იყო. საკუთარ დანაშაულს არავინ გამოავლენდა. მაგრამ რასაკვირველია, ეს რომ არ ხდება ახალი ხელისუფლების პრობებში. ეს ხომ ერთ-ერთი ის საქმე იყო, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენდა?!


სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პატარა გოგონასა და მისი დედის სიცოცხლე, რომელთა ფოტოებსაც ახლა ჩვენი გაზეთის ფურცლებზე უყურებს მკითხველი, ყოფილი პრეზიდენტისა და მისი „ძალიან მონდომებული" ხელქვეითების ახირებებს შეეწირა. ამ ახირების ავტორებს კი დღეს იქნებ არც კი ახსოვდეთ, რომ ამ ქვეყანაზე ცხოვრობდა 10 წლის ნინო ჯინჭარაძე, რომელმაც თავად გადაიღო საკუთარი სიკვდილი, რომელიც თავისი ქვეყნის ხელისუფალმა ქვების გროვის სახით გაუგზავნა.

 

მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016