„ალიას" ინფორმაციით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის" მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ხელისუფლება ემზადება რიგგარეშე არჩევნებისთვის, სახელისუფლებო კულუარებში თითქმის დასტურდება, ხელისუფლება საგანგებო მუშაობის რეჟიმზეა გადასული, ეს ინფორმაცია არასაპარლამენტო პარტიებისთვისაც უკვე ცნობილია, ამიტომაც ისინი წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში ჩადგნენ. ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის" მიერ მოწყობილი ღონისძიებაც სწორედ რიგგარეშე არჩევნების სამზადისის სტარტია. „ალიასთვის"" ასევე ცნობილი ხდება, რომ ხელისუფლებაში იქმნება ანალიტიკოსთა ჯგუფი. ვინაიდან ხელისუფლება სუსტია და მას აქვს ბევრი ჩავარდნა, ეს ჯგუფი უზრუნველყოფს პროექტების დადებას და ხელისუფლების ნაკლოვანებების გამოსწორებას. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ხელისუფლებას მონიტორინგსაც კი გაუწევენ და იზრუნებენ ხელისუფლების ეფექტურ მუშაობაზე.
რატომ აფორიაქდნენ „ნაციონალები"? ინიშნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები და ვინ დარჩება ამით მოგებული? რა ხდება რეგიონებში? ვინ არის „მესამე ძალა" და ვინ შეიყვანა კახა კალაძე ჩიხში?
„ალიას" კითხვებს ექსპერტი მამუკა არეშიძე პასუხობს:
- საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერია" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხელისუფლებამ გუბერნატორებსა და ადგილობრივ გამგეობებს დავალება მისცა და ისინი გადასული არიან რიგგარეშე არჩევნების სამზადისზე. „ნაციონალები" ისტერიკაში არიან ჩავარდნილები, რადგან იციან, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში 40%-ს ვეღარ აიღებენ. რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
- მე ვნახე ეს განცხადება, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს არის ერთგვარი პრევენცია „ნაციონალების" მხრიდან. მე ვარ გარდაბანში საკრებულოს დეპუტატი, ასეთი ბრძანება რეგიონებში რომ მოსულიყო, ამ ამბავს აუცილებლად გავიგებდი. თუ 9 გუბერნატორის დონეზეა ეს საკითხი გადაწყვეტილი, მაშინ მაგრად შეინახონ. ასე რომ, მე არ მგონია, ასე იყოს, ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას აპირებს, ამ წუთში არ მაქვს. მოდით, ახლა განვიხილოთ ვარიანტი, თუ მართლა აპირებს ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, რატომ აკეთებს ამას? არის ეს საზოგადოების დაკვეთა, თუ ხელისუფლების სურვილი, თავი გადაირჩინოს? მე მაინც მგონია, რომ ეს უფრო საზოგადოების დაკვეთაა, რადგან საზოგადოება განაწყენებულია იმ დეპუტატთა კორპუსით, რომელიც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი. ეს არ ეხება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს. ახლა განვიხილოთ, აწყობს თუ არა ხელისუფლებას არჩევნების ჩატარება, მე ვთვლი, რომ ხელისუფლებას მაინცდამაინც არ უნდა აწყობდეს რიგგარეშე არჩევნები, რადგან მზად არ არის, არ შეუსრულებია თავისი დაპირებების დიდი ნაწილი, რაც მთავარია, ისეთი პერსპექტივები არ არის შექმნილი, რაც არჩევნების წინ ხალხს დაანახებს, რომ ხელისუფლებამ იმუშავა. ჯერჯერობით ხელისუფლებას მაინც აქვს ისეთი ელექტორალური რესურსი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" საპირწონედ გამოდგება. თუმცა ობიექტურად უნდა ითქვას, რომ გამოჩნდებიან სხვა პარტიებიც, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ და მანდატების გარკვეულ რაოდენობასაც აიღებენ.
- „ოცნების" რამდენიმე ლიდერი პრივატულ საუბრებში არ მალავს, რომ ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან, რამდენიმე თვეში პოლიტიკური სურათი აუცილებლად შეიცვლება და რიგგარეშე არჩევნებსაც არ გამოვრიცხავთო. მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზეც მიდის საუბარი და ამბობენ, რომ კახი კახიშვილის მსგავსი ფიგურებისგან შეიქმნება ახალი პოლიტიკური პარტია, რომელსაც სათავეში ლევან ვასაძე ჩაუდგება და სწორედ ის გახდება ბიძინა ივანიშვილის საპირწონე... ეს რეალურია?
- ვიდრე ამ კითხვაზეც გიპასუხებთ, მე ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩანს, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი" და ნინო ბურჯანაძის პარტია. ისინი თავის ასაღებს აუცილებლად აიღებენ, პროცენტებს შეგნებულად არ დავასახელებ და არც იმას ვამტკიცებ, რომ მათი მანდატი იქნება ბევრი, მაგრამ გარკვეული რაოდენობის ხმებს რომ აიღებენ, ეს აჩვენა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა. ეს კი არა, ვეტერანთა პარტიამ 9 დეპუტატი გაიყვანა საქართველოს სხვადასხვა რაიონში. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ხმების გადანაწილება უფრო ფართო მასშტაბით მოხდება. ეს ხმები კი დააკლდება „ქართულ ოცნებას" და რასაკვირველია, „ნაციონალურ მოძრაობასაც". თუ ხელისუფლება აპირებს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას იმიტომ, რომ მსოფლიოს დაანახოს, „ნაცმოძრაობას" ელექტორალური რესურსი არა აქვს, მაშინ ეს გასაგებია, მაგრამ, თუ ატარებს იმიტომ, რომ ვიდრე ავტორიტეტი აქვს, მანამდე მოასწროს არჩევნების ჩატარება, რომ ისევ უმრავლესობით მოვიდეს, აბსოლუტურად სხვა საკითხია. ახლა ვილაპარაკოთ მესამე ძალაზე, რომელიც აუცილებლად გამოჩნდება. ეს ძალა შეეცდება, ერთი მხრივ, ახალი დაპირებებისა და მეორე მხრივ, ახალი კრიტიკის ფორმატის შექმნას და ეს იქნება ძალა, რომელიც დღეს საზოგადოებაში ცალ-ცალკე ჩანს, მაგრამ გაერთიანდებიან. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ლევან ვასაძეც, მაგრამ მაინცდამაინც თავს ვერ დავდებ, რომ ის იქნება ლიდერი, არ არის გამორიცხული, რომ ის იყოს ამ პარტიის წევრი. რაც შეეხება კახი კახიშვილს, მის მსგავსად საზოგადოებაში პოპულარული არის რამდენიმე, კახის პირადად ვუთხარი კიდეც, რომ მისი წასვლით პენიტენციარულ სისტემაში, შეიცვლებოდა საზოგადოების მისდამი დამოკიდებულება, ჯერჯერობით ასე არ ხდება, ეტყობა, კახი კახიშვილი კარგად მუშაობს. გიდასტურებთ, რომ, თუ ასეთი ტიპის ადამიანებით მოხდება მესამე ძალის გაძლიერება, კონკრეტული გვარ-სახელების დასახელებას ნუ მომთხოვთ, კახი კახიშვილი ვახსენე იმიტომ, რომ თავად დაასახელეთ. ექსპერტებისა და ინდივიდუალურად მოთამაშე ადამიანთა რიცხვი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება ამ პოლიტიკურ ძალაში.
- პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის წასვლიდან საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, აღმასრულებელი მდივნის კანდიდატურა პარტიისთვის და საზოგადოებისთვის წარედგინა. ხომ არ იცით, კულუარებში ვინ მოიაზრება?
- ჯერჯერობით კანდიდატურა არ ჰყავთ, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი ამ კანდიდატურას ძალიან ვიწრო წრეში იხილავს, რომელიმე დეპუტატის აღმასრულებელი მდივნის პოსტზე დანიშვნა იქნება კონტრპროდუქტიული, რადგან არც ჰყავთ მათ ბევრი ლიდერი, ვინც ამ საქმეს წარუძღვება, ხოლო ვისაც ავტორიტეტი აქვს და რაღაცას წარმოადგენს, ისეა დატვირთული, რომ ნამდვილად ვერ გაუძღვება ამ საქმეს. კახი კალაძე ისეთი დატვირთული იყო, რომ აღმასრულებელი მდივნის ფუნქციის თავის თავზე აღება ძალიან გაუჭირდა...
- კახი კალაძესთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები არსებობს და ამბობენ, რომ ივანიშვილის შემდგომი სამიზნე სწორედ ის იქნება. მე მესმის, სუბიექტური მიზეზის გამო შეიძლება ბევრი ვერაფერი თქვათ, რადგან მისი მეუღლე, ქალბატონი არეშიძე თქვენი ახლობელია და მაინც, გამორიცხავთ, რომ კალაძის კლანზეც მიიტანოს იერიში ივანიშვილმა?
- მიუხედავად იმისა, რომ კახი კალაძის მიმართ მე მართლაც სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს, ჩემთვის ამ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მეც გამიგია ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ ზოგიერთმა ადამიანმა კახი კალაძე შეიყვანა მძიმე ჩიხში, მასთან ფსევდოპარტნიორობით, თუ ფსევდომეგობრობით. არ მინდა ამაზე მეტი ვთქვა, მაგრამ ვიცი, ვისთანაც კახი კალაძე მეგობრობს, ამათი ნდობა ერთ ნაბიჯზე არ შეიძლება. მათ მიერ წამოწყებული ბიზნესსაქმიანობა ყოველთვის ორიენტირებული იყო საკუთარი ჯიბის გასქელებაზე და არა, ქვეყნის კეთილდღეობაზე...
- „კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სათაურით „ივანიშვილის შემდეგი სამიზნე ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე იქნება!" ენერგეტიკის სამინისტროდან რეაქცია მოჰყვა და მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ „ნაციონალების" ყოფილი მინისტრი ხეთაგური ძალიან ხშირად ჩნდება ენერგეტიკის სამინისტროში და ის სტუმრობს კახი კალაძეს. მეტიც, ხეთაგურის ცოლი ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია და სამინისტრო კალაძემ „ნაციონალებით" გაძეძგაო...
- ეს თუ მართალია, როგორ შეიძლება? ჩვენ ხშირად ვსაყვედურობდით სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელებს ამ თემაზე, შეგახსენებთ, როცა კახი მივიდა სამინისტროში, არც ერთი მოადგილე არ შეუცვლია, იქ იყო ხალხი, რომლებსაც სულ მცირე „ენერგო-პრო ჯორჯიას" მაქინაციებში აქვს მიღებული მონაწილეობა და ის მოადგილე ადგილზე დარჩა. ის ხელმძღვანელი პირებიც კი ადგილზე არიან, ვისაც მონაწილეობა აქვთ მიღებული მაშინდელი ენერგოსისტემის ამორალურ ქმედებებში.
- როგორ ფიქრობთ, კახი კალაძე დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს წამოიწყებს? როგორც ინფორაციები ვრცელდება, ის ემზადება დამოუკიდებელი თამაშისთვის.
- არ მგონია, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ კალაძე მარტივი ადამიანია, მაგრამ ეს ასე არ არის, კახი კალაძე ერთადერთ შემთხვევაში წამოიწყებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს, თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აღარ იქნება. ვიდრე ბიძინა ივანიშვილი საქართველოშია და მისი პარტიის წევრად ითვლება, ის არავითარ შემთხვევაში არ წავა „ქართული ოცნებიდან".
- „ნაციონალი" ირმა ნადირაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყველა რეგიონში კრიმინალური პოლიციის უფროსმა გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა. უცნაურია, რომ ნადირაშვილის ინფორმაციები ხშირად მართლდება, თანაც ხდება კაზუსი, როცა ოფიციალური პირები ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამ დროს, პარალელურ რეჟიმში განთავისუფლების შესახებ ჩინოვნიკები განცხადებას წერენ. რასთან გვაქვს საქმე?
- საქმე გვაქვს მეხუთე კოლონასთან, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან პრაქტიკულად ასე ხდება, ინფორმაცია კი არ ჟონავს სამთავრობო და ძალოვანი სტრუქტურებიდან, არამედ ინფორმაცია ზღვა ნაკადით გაედინება, მოსმენებზე რომ იყო ამისთანა ამბავი ატეხილი, მეცინებოდა, პრაქტიკულად, ჩვეულებრივი ადამიანისთვის აღარ არის პრობლემა, სახელმწიფო საიდუმლო გაიგოს. თუ სახელმწიფო საიდუმლო შეიძლება გაიგოს საშუალო გაქანების ადამიანმა, რატომ არ შეიძლება გაიგოს ასეთი მარტივი ინფორმაცია? „ნაციონალებს" ჰყავთ ინფორმატორთა მთელი გუნდი, შს სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის სამინისტროში. ირმა ნადირაშვილი ამას არ უნდა ლაპარაკობდეს, თორემ იქ რაც ხდება, თავისთავად არის სამარცხვინო ამბავი, გაუთავებელი გადაყენებები, თვეზე მეტი არ არის გასული, რომ ტოვებენ თანამდებობას. კომიკური სიტუაცია შეიქმნა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის შემთხვევაშიც, ის მხოლოდ 14 დღე იყო მოადგილე. იცით, ამასობაში რა მოასწრო? საკუთარი კაბინეტის გარემონტება. აბა, თუ გამოიცნობთ, ვის კაბინეტში იჯდა? მინისტრი შავლიაშვილი არ დაჯდა მისი წინამორბედის, დავით ნარმანიას კაბინეტში, კოპაძე კი შევიდა ნარმანიას კაბინეტში, მაგრამ რემონტი დაუწუნა ნარმანიას, იქაურობა გაარემონტა და მოხსნეს კიდეც. რაც შეეხება კრიმინალური პოლიციის უფროსების გადადგომის საკითხს, ვიცი, რომ რამდენიმე მათგანის მიმართ არსებობდა პრეტენზიები, მაგრამ, თუ ყველა გადააყენეს, ეს ნამდვილად არ ვიცი.
- როგორ ფიქრობთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო წმენდა დასრულდება თუ არა მინისტრ ჭიკაიძის გადაყენებით?
- საქმე ის არის, რომ შსს ძალიან დასუსტდა, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, შეადგინონ ახალი ვერტიკალი, სადაც, ბუნებრივია, იქნება ახალი ხალხი, ხოლო ამ ახალი ხელმძღვანელობის ვერტიკალში იქნება თუ არა ჭიკაიძე, ამ საკითხში ეჭვი მეპარება. მე მაინც ვვარაუდობ, რომ ეს მოხდება გაზაფხულზე, ეს ყველაფერი კი მაინც მიბმულია თქვენს მთავარ თემასთან - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან. თუ გადაწყვიტეს, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, მაშინ უფრო დიდი ალბათობაა, შეიცვალოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
„ალია" უმრავლესობის წევრს და ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს ესაუბრა, რამდენად შესაძლებელია ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და ემზადებიან თუ არა ისინი ამისთვის?
კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებზე მისთვის ცნობილი არაფერია, რომ თუმცა შეგიძლიათ, ჰიპოთეზურ დონეზე ეს თემა განიხილოთო.
რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, როგორც გიორგი ახვლედიანმა „ალიას" განუცხადა, ისინი ემხრობიან რიგგარეშე არჩევნებს, ოღონდ იმ პირობით, რომ ჯერ საარჩევნო კოდექსი უნდა შეიცვალოს.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „ალია"