reportiori.ge - მიხეილ ხუბუტია: მოსკოვსა და თბილისს შორის საფრენი ამინდია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:50
პრეს-დაიჯესტი
მიხეილ ხუბუტია: მოსკოვსა და თბილისს შორის საფრენი ამინდია!
ავტორი:
17 დეკემბერი, 2014. 00:04


გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს „რუსეთში ქართველთა კავშირის ხელმძღვანელთან", ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიასთან, რომელიც პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირია და ის ე.წ. მესიჯები, რასაც იგი წინამდებრე ინტერვიუში ახმიანებს, ვფიქრობ, ქართული პოლიტიკური სპექტრისა და საქართველოს მოსახლეობისათვის საგულისხმო უნდა იყოს.

 

- ბატონო მიხეილ, ცოტა ხნის წინათ რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებამ ქართველი და საერთაშორისო საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. ახლა რუსეთთან იმავე ტიპის ხელშეკრულების დადებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობაც აპირებს და ცხინვალის თვითაღიარებული ლიდერი თიბილოვი კიდევ უფრო შორს მიდის - რუსეთის შემადგენლობაში პირდაპირ უნდა შევიდეთო. როგორია თქვენი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით?.


- ჩემი პოზიცია ისეთივეა, როგორიც ყველა პატრიოტი ქართველის! დიახ, მეც, ჩემი პირველი სამშობლოს - საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერ მხარს და მიმაჩნია, რომ სანამ ცოცხლები ვართ, მის აღსადგენად ყველაფერი უნდა ვიღონოთ!


საქართველოს ხელისუფლება რაც უფრო მალე დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, მით უკეთესი იქნება! დიახ, უნდა დაიწყოს პრაგმატული დიალოგი და გაირკვეს - რა გვინდა ჩვენ და რა უნდა რუსეთს?!


პირადად მე, ძალიან კარგად მესმის, რა უნდა რუსეთს!


- მაშ პირდაპირ გკითხავთ - რა უნდა რუსეთს და რა უნდა პუტინს?

 

- მე შემიძლია გამოვხატო ჩემი მოსაზრება, რომელიც იმას ემყარება, რაც რუსეთის ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლებისაგან მესმის!

 

პირველ რიგში, ქართველებმა აფხაზებსა და ოსებს უნდა შევხედოთ არა როგორც ეთნიკურ უმცირესობებს, არამედ, როგორც ჩვენს ძმებს! ისინი დაინტერესებულნი უნდა იყვნენ, რომ ჩვენ ერთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, მაგრამ დღესდღეობით ეს არ ხდება, იმიტომ, რომ საქართველოში შიდაპოლიტიკური კრიზისია!


სააკაშვილმა თავის დროზე ქარქაშიდან ხმალი დააძრო და ამ გზით უნდოდა საქართველოს გაერთიანება, მაგრამ ასეთი ენით რუსეთთან საუბარი გამორიცხულია!


დღეს, როცა საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, რუსეთს უნდა ესაუბროს, გამოდის ამერიკის ელჩი საქართველოში და აცხადებს, საქართველოსა რუსეთის ხელისუფლებებს შორის შეხვედრა მაშინ შედგება, როცა ამას საქართველო ჩათვლის საჭიროდო!


აშშ-ის ელჩის ეს სიტყვები მე ასეთნაირად გავიგე - საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ მაშინ დაიწყებს რუსეთთან დიალოგს, როცა ამას ამერიკელები ეტყვიან!


არადა, რაც უფრო დაგვიანდება რუსეთთან დიალოგის დაწყება, საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართები უფრო გადმოიწევს!


- ანუ კრემლი გააგრძელებს საქართველოს მცოცავ ოკუპაციას?


- რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს - არ უნდა, რომ ნატო-ს ჯარი მიუახლოვდეს მის საზღვრებს. არ უნდა, რომ საქართველოში გუანტანამოს ციხიდან პატიმრები გადმოჰყავდეთ, არ უნდა, რომ საქართველოდან ჩასული ახალგაზრდები იბრძოდნენ თუნდაც უკრაინაში!


- თავად რუსეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისათვის?

 

- რა თქმა უნდა, მზად არის! პირადად მე საქართველოს ხელისუფლებას შევთავაზე ფორმატი, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობასთანაც იყო შეთანხმებული - თუ ჩატარდებოდა ქართული დიასპორის ყრილობა არა მაინცდამაინც მოსკოვში, არამედ, თუნდაც, სოჭში და იქ ჩამოვიდოდა საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩამოვიდოდა რუსეთის ხელმძღვანელობაც და ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის შეხვედრა შედგებოდა!


მე, როგორც რუსეთში  ქართული დიასპორის ხელმძღვანელი და ქართველი კაცი, ვცდილობ, რაც შეიძლება დროულად შედგეს დიალოგი საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის, რაც, პირველ რიგში, საქართველოსათვის იქნება კარგი!


- ცნობილია, როგორი იყო პუტინისა და მთლიანად რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება სააკაშვილისა და მისი მთავრობის მიმართ, მაგრამ, საინტერესოა, როგორ უყურებს კრემლი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და როგორია პირადად პუტინის განწყობა?

 

- მე მაქვს გარკვეული ურთიერთობა და კონტაქტები პირადად ვლადიმირ პუტინთან და შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ მას საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი სურს!


მეტსაც გეტყვით, პრეზიდენტი პუტინი მზად იყო, შეხვედროდა საქართველოს სპორტის მინისტრსაც კი, თუ იგი სოჭის ოლიმპიადაზე ჩამოვიდოდა!


შევთავაზე კიდევაც საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, რომ სოჭში გაკეთებულიყო ქართული სახლი, მაგრამ უარი მივიღე, რადგან საქართველოს ხელისუფლებას დღესდღეობით ეს არ აწყობს!


- ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ პუტინი ისეა მოწადინებული საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგს, მზად არის, მასზე თანამდებობრივად ბევრად დაბალი რანგის ქართველ ჩინოვნიკსაც შეხვდეს?

 

- რომ გითხრათ, პუტინი ამაზე ოცნებობს-მეთქი, არ იქნება მართალი! მას დღეს ბევრი სხვა საფიქრალი აქვს, მაგრამ, კიდევ გიმეორებთ, სოჭის ოლიმპიადაზე თუნდაც საქართველოს სპორტის მინისტრი რომ ჩამოსულიყო, პუტინი მას შეხვდებოდა! მე მქონდა ამაზე საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან და ვიცი!


პირადად მე ძალიან მინდა, რომ პუტინისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა შედგეს!


დიახ, ძალიან დიდი სიმპათიებით ვარ განწყობილი და ძალიან იმედიანად ვუყურებ საქართველოს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა პოლიტიკოსია!


პუტინისა და ღარიბაშვილის ხასიათებს შორის ბევრ დამთხვევას ვხედავ - ორივენი ძალიან „მიმწოლი" ტიპები არიან და ორივე თავ-თავისი სამშობლოს დიდი პატრიოტია!


დარწმუნებული ვარ, პუტინი ღარიბაშვილს შეხედავს, როგორც უმცროს მეგობარს, ძალიან თავაზიანად დაელაპარაკება და რუსეთ-საქართველოს შორის დაიწყება ძალიან კარგი დიალოგი!

 

- საქართველოს პრეზიდენტ მარგველაშვილს არ დაელაპარაკება რუსეთის პრეზიდენტი?

 

- მე რუსეთის პრეზიდენტისათვის არ მიკითხავს, ვის დაელაპარაკება და ვის - არა! მარგველაშვილი ჩემი სამშობლოს პრეზიდენტია და მის მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, მაგრამ, თუ ჩვენ გვინდა, რომ პრაგმატული დიალოგი შედგეს, ერთმანეთს უნდა შეხვდნენ პუტინი და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი!


დიახ, მთავარია, დიალოგმა შედეგი გამოიღოს, თორემ, ისე, ზურაბ აბაშიძე და კარასინიც ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ამ შეხვედრებმა არაფერი მოგვიტანა, გარდა იმისა, რომ მავთულხლართები ისევ მიიწევს საქართველოს ტერიტორიაზე!


- ბატონო მიხეილ, ერთი მხრივ, ასე თუ ისე, გასაგებია, რომ რუსეთს აღიზიანებს საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა, რადგან ეს არის სამხედრო ბლოკი და პუტინს არ უნდა, საკუთარ საზღვრებთან ნატო-ს ჯარების ხილვა, მაგრამ, მეორე მხრივ, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება კრემლი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ეს ხომ არანაირი სამხედრო-მილიტარისტული გაერთიანება არ არის?

 

- რუსეთის ხელისუფლების პირველი პირებისაგან მე არასოდეს მომისმენია, რომ ისინი საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების წინააღმდეგნი არიან! პირდაპირ გეტყვით, პუტინი არ არის წინააღმდეგი, რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს!


ერთადერთი, რაც პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას არ უნდა, არის ის, რომ ამერიკამ და ევროპამ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ბრმა იარაღად გამოიყენოს!


ძალიან კარგი იყო, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭირა დასავლეთის მიერ რუსეთისათვის სანქციების დაწესებას. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასეთი ნაბიჯები ახარებს არამარტო რუსეთის ხელისუფლებას, არამედ რუსეთის მთელ მოსახლეობას!

დიახ, რუსეთში დღესდღეობით 160 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ჩვენთვის - რუსეთის მოსახლეობის 95 პროცენტისათვის - პუტინი ეროვნული ლიდერია! რუსეთის მოქალაქეებს იმის წარმოდგენაც კი არ უნდათ, რომ პუტინი, შეიძლება, ოდესღაც ხელისუფლებიდან წავიდეს!


ღმერთმა აშოროს რუსეთს პუტინის წასვლა, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, მან უკვე შექმნა ისეთი სისტემა, რომელიც თავისთავად გააგრძელებს მუშაობას! დიახ, პუტინის მიერ შექმნილი სისტემა მუშაობს ისე, როგორც თავის დროზე სტალინმა აამუშავა!


- თქვენ პუტინსა და სტალინს ერთმანეთს ადარებთ?

 

- დიახ, პუტინს სტალინს ვადარებ! იგი ისეთივე პატრიოტია, როგორიც სტალინი იყო, მაგრამ პუტინი აღარ დაუშვებს. ისეთ შეცდომებს, როგორიც თავის დროზე სტალინმა დაუშვა!


- ბატონო მიხეილ, მოდით, პირდაპირ გკითხავთ - არსებობს თუ არა თუნდაც მიზერული შანსი, რომ რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო მშვიდობიანად, ყოველგვარი ომის გარშე დააბრუნოს საქართველოს იურისდიქციაში?

 

- ამის თეორიული შანსი, შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ ამ შანსს პრაქტიკაში როგორ გამოვიყენებთ, ეს ჩვენზე - ქართველებზეა დამოკიდებული!


ფიგურალურად რომ ვთქვათ, მოსკოვში არსებობს მოედანი, სადაც ქართველები, აფხაზები და ოსები ერთმანეთთან მეგობრობენ. ამას გამოყენება უნდა! რუსეთის ხელისუფლებას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ერთად ცხოვრება შეგვიძლია.


დიახ, ჯერ ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა სახალხო დონეზე, საზოგადოებრივ დონეზე უნდა გამოვნახოთ საერთო ენა, ისევ დავძმობილდეთ, დავმეგობრდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, ველაპარაკოთ რუსეთის ხელისუფლებას და მის პირველ პირს, რომ ჩვენ ერთმანეთთან თანაცხოვრება გვინდა!

 

- ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით რა პოზიცია გაქვთ?

 

- მე ჯერ არ ვიცი, რა გეგმები და მომავალი აქვს ევრაზიულ კავშირს!


თუ ევრაზიული კავშირი საბჭოთა კავშირის განმეორება იქნება, მაშინ მე არ მინდა, რომ საქართველო მასში გაწევრიანდეს, ხოლო, თუ ეს იქნება ევროსაბჭოს ან ევროკავშირის მსგავსი ევროპული ტიპის გაერთიანება, კი ბატონო, შევიდეს იქ საქართველო, ოღონდ, ეს უნდა მოხდეს ყველა სახელმწიფოსთან თანაბარუფლებიანობის საფუძველზე!

 

- ბატონო მიხეილ, თქვენ ზემოთ პარალელი გაავლეთ სტალინსა და პუტინს შორის. ალბათ, იცით, რომ არსებობს ვერსია, თითქოს პუტინი კასპის რაიონის სოფელ მეტეხში დაიბადა და 10 წლის ასაკამდე იქ იზრდებოდა, ხოლო მისი ბიოლოგიური დედა დღესაც ამ სოფელში ცხოვრობს. საინტერესოა, თავად პუტინს რა რეაქცია აქვს ამ მოარულ ხმებთან დაკავშირებით, ანდა პირადად თქვენ თუ გისაუბრიათ მასთან ამ თემაზე?

 

- ის, რომ პუტინი თითქოს, საქართველოში, კასპის რაიონში დაიბადა, სასაცილო თემაა! ეს არის ვიღაცის მიერ გამოგონილი ზღაპარი!


ერთი რამ მინდა გითხრათ - პუტინს ძალიან უყვარს ქართველები, დიდ პატივს სცემს ქართულ ტრადიციებს და ვაჟკაცურად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მიმართ არანაირი ანტაგონიზმი არა აქვს!

 

- თუმცა, მისი საქმეები საქართველოსთან მიმართებაში ამაზე ნამდვილად არ მეტყველებენ, ბატონო მიხეილ!

 

- მე კარგად ვიცი, თავის დროზე რა საუბრები იყო პუტინსა და სააკაშვილს შორის და რამდენ რამეს შეჰპირდა რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილს!


- მაინც რას შეჰპირდა?

 

- პუტინი სააკაშვილს შეჰპირდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიის ერთ ნაწილზე - ოჩამჩირემდე - დევნილებს დააბრუნებდა! ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მეორე დღეს ამ ინფორმაციამ გაზეთ „კომერსანტში" გაჟონა და ყველაფერი ჩაიშალა!


- ვისგან გაჟონა ამ ინფორმაციამ?


- დარწმუნებული ვარ, ქართული მხრიდან გაჟონა!

 

- გასულ კვირას  ინტერვიუ ჩავწერე კახა კუკავასთან და მან განაცხადა, რომ თქვენ სურვილი გქონდათ, საქართველოში ინვესტიცია შემოგეტანათ, თუმცა, ხელისუფლებამ ამის საშუალება არ მოგცათ. ადასტურებთ ამ ფაქტს?

 

- არამარტო მე, რუსეთში ათეულობით ადამიანი ფიქრობს საქართველოში ინვესტიციების ჩადებაზე, თუნდაც, სოფლის მეურნეობის სფეროში ან ფაბრიკა-ქარხნების გახსნაზე!


ცოტა ხნის წინ ჩემთან მოვიდნენ უკრაინელი ბიზნესმენები და შემომთავაზეს, საქართველოში ბოთლების მწარმოებელი ქარხანა გავხსნათო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემის გამო ეს საქმე ჩაიშალა!


პირადად მე მინდოდა, ჩემი 30 მილიონი ჩამედო საქართველოში და სამეგრელოსა და სვანეთს შორის სამონადირეო მეურნეობა გამეკეთებინა. ეს არანაირ მოგებას არ მომიტანდა, მაგრამ რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდებოდა, თანაც საქართველოში ჩამოვიყვანდით მდიდარ ხალხს, რომელთაც ვაჩვენებდით ჩვენს ქვეყანას, მის საოცარ ბუნებას, სტუმარ-მასპინძლობას და ისინი ინვესტიციებს ჩადებდნენ საქართველოში!


სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას ამის სურვილი არა აქვს, არადა, ქვეყანაში მცირე ბიზნესი თუ არ განვითარდა, ეკონომიკა წინ ვერ წავა. წარმოიდგინეთ, გერმანია რომ გერმანიაა, მისი ბიუჯეტის 75-80 პროცენტი მცირე ბიზნესის მეშვეობით ივსება.


- დაბოლოს, ქართულმა ავიაკომპანია „აირზენამ" ძალიან მწვავე პროტესტი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვის მიმართულებით შეუზღუდავი ფრენის უფლება მიანიჭა რუსულ ავიაკომპანიებს. როგორ ფიქრობთ, ბატონო მიხეილ, არის დღეს თბილისსა და მოსკოვს შორის საფრენი ამინდი?

 

- მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და რუსეთის ხელისუფლებასაც, რომ რუსული და ქართული ავიაკომპანიები თანაბარუფლებიან პირობებში ჩააყენონ და პრიორიტეტი არცერთ მხარეს არ ჰქონდეს.


რაც შეეხება საფრენ ამინდს, მე კარგად ვხვდები, თქვენ რასაც მეკითხებით და პირდაპირ გპასუხობთ - დიახ, დღეს მოსკოვსა და თბილისს შორის საფრენი ამინდია! ისეთი ამინდია, როგორიც არასოდეს ყოფილა!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016