reportiori.ge - ვინ გამოასალმა სიცოცხლეს დიდი ილიას მკვლელი – ილიკო იმერლიშვილი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:31
პრეს-დაიჯესტი
ვინ გამოასალმა სიცოცხლეს დიდი ილიას მკვლელი – ილიკო იმერლიშვილი?
ავტორი:
17 დეკემბერი, 2014. 15:37


ამ საკითხის კვლევამ ლეგენდარული აბრაგის ალექსანდრე ცაგურიშვილის კვალზე დაგვაყენა... ეს მამაცი ადამიანი, მეტსახელად ფორია, მე-20 საუკუნის დასაწყისში მართლაც მთელ საქართველოს აფორიაქებდა. სოციალური ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი რაჭველი გლეხი შიშის ზარს სცემდა პოლიციელებს, კაზაკთა რაზმებს, გულქვა ბატონებს... ის მაშინ უამრავ მშრომელ ადამიანს მოევლინა მხსნელად. „ასავალ-დასავალის" სტუმრები არიან ფორიას შვილიშვილები მზაღო (მარინე) და ფორია ცაგურიშვილები:


- პაპა რაჭის მაზრის სოფელ ქვემო თლუღში დაიბადა 1881 წელს, ღარიბი გლეხის ოჯახში. 12 წლისა ზესტაფონში მოხუც მეპურეს შეგირდად მიაბარეს, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ალექსანდრემ მისი ქვრივისგან თონე იყიდა და პატარა დუქანიც გახსნა.


- ბატონო ფორია, რამ აიძულა პაპათქვენი, აბრაგი გამხდარიყო?


- პოლიციელებისაგან დევნილი რამდენიმე ბოროტმოქმედი პაპის დუქანში შევარდა და უკანა კარიდან გაიპარა, რის გამოც დამნაშავეთა ხელშემწობად მიიჩნიეს და რამდენიმე თვით ციხეში ჩასვეს. თავდებით გამოშვებული ალექსანდრე მალე ისევ დააპატიმრეს, ამჯერად - ჩხუბისთვის.


- ვისთან მოუვიდა კონფლიქტი?

 

- იმხანად ზესტაფონში ლელო-ბურთის თამაში ძალიან პოპულარული იყო. ერთ-ერთი მატჩის დროს ალექსანდრემ გადამწყვეტი ლელო გაიტანა. წაგებულებს მოგებულთათვის პურმარილი უნდა გაეწყოთ. უცებ მოედანზე ქალაქში ცნოილი მოჩხუბრები, ძმები ნესტორ და შერმადინ საყვარელიძეები გადმომხტარან და ანგარიში გაუპროტესტებიათ. ერთ-ერთმა ხანჯალიც კი იშიშვლა, მაგრამ ღონიერმა და მოხერხებულმა ალექსანდრემ ჩხუბისთავს იარღი ხელიდან გამოსტაცა და გაწევ-გამოწევის დროს ორივე ძმა მსუბუქად დაჭრა... პაპა ციხიდან ერთ თვეში გამოუშვეს, მაგრამ ზესტაფონელმა თავად-აზნაურებმა ვერ მოინელეს - ვიღაც მეპურემ ძმები საყვარელიძეების დაჭრა როგორ გაბედაო და ალექსანდრეს დუქანს წამდაუწუმ აწიოკებდნენ. პაპა იძულებული გახდა, იქაურობას გასცლოდა და აჯამეთის ტყისთვის შეეფარებინა თავი, თუმცა, წასვლის წინ მომხდურები გვარიანად მიბეგვა. ასე დაიწყო აბრაგი ფორიას ცხოვრება.


 

 

- რატომ ეძახდნენ ამ მეტსახელს?


- სიმონ წვერავა თავის ნარკვევში „ყვიბისის მთებიდან", რომელიც 1970 წელს ჟურნალ „ცისკრის" მეორე ნომერში დაიბეჭდა, წერს: „ალექსანდრე უშიშარი რაინდია. ორგანიზაციის დავალებით, როგორც პარტიზანული რაზმის უფროსი, თავს ესხმოდა საწყობებს, ფოსტას, ბანკს, აფორიაქებდა ყველაფერს და ნადავლს არალეგალურ ორგანიზაციას აბარებდა, თვით პოლიციას მოსტაცა ოცი თოფი და რაზმელებს დაურიგა. ჟანდარმერიას შიშის ზარს სცემდა. ამ აფორიაქებისთვის ფორია დაარქვეს".


- როდის გამოცხადდა ალექსანდრე ცაგურიშვილი კანონგარეშედ?


- პაპას გლეხებმა შესჩივლეს, აჯამეთში მცხოვრები მემამულის მირხან ანონოვის პირადი მცველი, გოლიათური აღნაგობის მელოტი თათარი სასტიკად გვექცევა, სისხლს გვიშრობს და რამე გვიშველეო. ალექსანდრე მემამულის სასახელში შეიჭრა და დესპოტ თათარს ტყვიით შუბლი გაუხვრიტა. ეს მისი პირველი მსხვერპლი იყო. ანანოვის მცველის მკვლელობის შემდეგ პაპა კანონგარეშედ გამოაცხადეს და ძებნა დაუწყეს. ცნობილია, რომ იგი მუდამ უმოწყალოდ უსწორდებოდა გლეხთა მჩაგვრელებს, განსაკუთრებით, არაქართველებს.


- ქალბატონო მარინე, ბანკის გატანა მართლა შეცდომით მიაწერეს კამოს?

 

- 1936 წელს პაპას სანდრო ახმეტელი, ბაჭუა კუპრეიშვილი და მსახიობი პავლე საყვარელიძე ესტუმრნენ. დიდი რეჟისორის თხოვნით, რომელსაც სურდა, „რუსთაველის" თეატრში  სპექტაკლი „ტყის კაცი" დაედგა, პაპამ დაწერა მემუარები, საიდანაც ირკვევა, რომ 1926 წელს იოსებ სტალინი ლიკანში ისვენებდა და ძველი მეგობრის ფორიას ნახვა მოისურვა. პაპა შეხვდა ბელადს და ის დრო გაიხსენეს, როცა მან სტალინისა და კამოს დავალებით ბანკი გაიტანა. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ამ ფაქტს კამოს მიაწერდნენ. ფულის ნაწილი მაშინ ფორიას მემედ აბაშიძისთვისაც გაუგზავნია. პაპა ძალიან ახლოს იყო მემედის ბიძასთანაც, ზია აბაშიძესთან. სხვათაშორის, ჩვენი სახლი სოფელ ვარდგინეთში სტალინის მითითებით აშენდა. დოკუმენტს ხელს კამო აწერს. პაპას 1924 წელს ბუდუ მდივანიც ესტუმრა მეუღლესთან ერთად. ბუდუ ფორიას საქართველოს არწივს უწოდებდა. სწორედ იმ დროს, როცა სტუმრების პატივსაცემად გაშლილ სუფრას თავად ბუდუ თამადობდა, ამ ქვეყანას მოევლინა ბებიაჩემის ოლღა გელაშვილის (ფორიას მეუღლე) ძმისშვილი, რომელსაც ბუდუ მდივანმა დაარქვა სახელად ხვარამზე.

 




 

- ილიას ერთ-ერთი მკვლელი - ილიკო იმერლიშვილი - მართლა ფორიამ გამოასალმა სიცოცხლეს?

 

- ილია ჭავჭავაძის მკვლელობას ბოლო დროს ნოდარ გრიგალაშვილი იკვლევდა. ერთხელ, როცა ვარდგინეთში ვიყავი, დამირეკა და მითხრა, თქვენი დახმარება მჭირდებაო.


- რით უნდა დახმარებოდით?


- მთხოვა, არქივიდან გამომეტანა საიდუმლო მასალები, როგორც ფორიას შვილიშვილს. პაპაშენის საქმეს მე არ მაძლევენ, რატომღაც დღემდე უშიშროების „ვეტო" ადევსო.


- რატომ დაინტერესდა ფორიას საქმით?


- მითხრა, არქივში მოძიებულმა მასალებმა პაპაშენის კვალზე გამიყვანაო; მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და არ დასცალდა საქმის ბოლომდე მიყვანა.


- ბატონო ფორია, პაპისგან თუ გსმენიათ რაიმე იმერლიშვილზე?


- ხელაღებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გადმოცემით ბავშვობიდან გვახსოვს, რომ პაპა პირადად იცნობდა ილიას, მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ძალიან უყვარდა. ისიც ვიცით, რომ ფორია და ილიკო იმერლიშვილი 1905-06 წლებში, ილიას მკვლელობის მერე, ციხეში ერთად ისხდნენ. იმერლიშვილი მაშინ სხვა საქმეზე იხდიდა სასჯელს. პაპა ვერ იტანდა ილიკოს, ციხეში მათ შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა.


- იქ მოკლა იმერლიშვილი?


- არა, პაპა გაიქცა საპყრობილედან და მოგვიანებით, როცა იმერლიშვილი გაათავისუფლეს, მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს. ვიმედოვნებთ, რომ არქივში დაცული გასაიდუმოებული მასალებით სხვებიც დაინტერესდებიან და სიმართლეს ფარდა აეხდება.

 

- კაცი, რომელმაც საქართველოში წითელი დროშა პირველად ააფრიალა ფიქრის გორაზე; კაცი, რომელთანაც ქვეყნის ლიდერები მეგობრობდნენ და ამხელა დამსახურება ჰქონდა სამშობლოს წინაშე, რატომ დახვრიტეს კომუნისტებმა?

 

- ფორია დიდი პატრიოტი იყო. იცოდნენ, რომ საკუთარ სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავიდოდა. ეშინოდათ მისი, რადგანაც მთელ საქართველოში ქუხდა ფორიას სახელი და, არამარტო საქართველოში, თურქეთშიც... იქ მას ბაბა ფორიას ეძახდნენ. „დათა თუთაშხიაშიც" არის ნახსენები. ჭაბუა ამირეჯიბმა მითხრა - პაპათქვენი ლეგენდარული პიროვნება იყო, ჩემს გმირს ვერც შევადარებო. თქვენ წარმოიდგინეთ, ფორიას საქმეს დღესაც „ვეტო" ადევს! გარდა ამისა, პაპაც და ბებოც ფედერალისტები იყვნენ. მამაჩემი ავთანდილი, რომელიც 1914 წლის 14 დეკემბერს კონსტანტინოპოლში დაიბადა, ლეო კერესელიძემ, ნოე ჟორდანიას მოადგილემ მონათლა. ფორიამ და მისმა მეუღლემ გააცილეს საფრანგეთში მიმავალი ჟორდანია და დროებითი მთავრობის სხვა წევრები. პაპასაც ეხვეწებოდნენ, წამოდიო, მაგრამ უარი თქვა. ფორია ახლოს იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილთანაც, მისი რაზმის წევრები „ტყის ძმებთან", ხარებასაა და გოგიასთან ერთად იბრძოდნენ. მემედ აბაშიძის მუზეუმში ინახება ქაქუცასთან ერთად გადაღებული პაპას სურათები. გარდა ამისა, ფორიას არ უყვარდა ბერია, რომელიც 1937 წელს სახლში ესტუმრა და ავტომობილს დაჰპირდა. პაპას უთქვამს, 28 წელი ვიარე ცხენით და მანქანით სიარულს არ ვაპირებო. მოკლედ, არ მიიღო მისი საჩუქარი, რაც ბერიამ თანამშრომლობაზე უარის თქმად მიიჩნია. მოგვიანებით წერეთლის ბიჭმა, რომელიც ფორიამ თურქეთში, ტყვეთა ბაზარზე იყიდა და სამშობლოში ჩამოიყვანა, პაპა თბილისში დაიბარა, - ბერიას შენი ნახვა უნდა სტალინთან შეხვედრაზე მოსალაპარაკებლადო. საქართველოში დაბრუნებული წერეთელი მილიციის რიგებში შევიდა და იმხანად უშუალოდ ფილიპე მახარაძეს ექვემდებარებოდა. პაპა მას ბოლომდე ენდობოდა. ფორიას შეფიცრული სპეცვაგონი გამოუგზავნეს და თბილისში წაიყვანეს. იარაღიც მიჰქონდა თურმე, მაგრამ ბოლო მომენტში ბებომ დაატოვებინა. ოლღაც თან გაჰყა მეუღლეს, მაგრამ ის ბერიას კაბინეტში არ შეუშვეს, მოსაცდელში დარჩა. სამი საათის ლოდინის შემდეგ ოლღა წერეთელთან შესულა: ბიჭო, - ფორია სად არისო? არ ვიცი, რაც დაგშორდით, მას მერე აღარ მინახვსო... ასე გააქრეს კაცი, პირდაპირ ცეკას შენობაში, მისი ასავალ-დასავალი დღემდე უცნობია. ფორია მაშინ 56 წლისა იყო. ბებიაჩემი სამი თვე შეიარაღებული დასდევდა მოსაკლავად იმ თანამდებობის პირებს, ვინც ხელი მოაწერეს პაპაჩემის დაპატიმრებას. თქვენ წარმოიდგინეთ, ვარდგინეთის სახლიდან, რომელსაც ფორიას დახვრეტის მერე კონფისკაცია გაუკეთეს, ბებიაჩემი ცოცხალი თავით არ გამოვიდა. იარაღასხმული გადმოდგა ფანჯრიდან და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მისულ სახელმწიფო მოხელეებს დაემუქრა, ვინც აქ შემოსვლას გაბედავს, მოვკლავო.


- ქალბატონო მარინე, სტალინთან მეგობრობამაც არ უშველა?

 

- ერთხელ სტალინს მოკითხვის დეპეშა გაუგზავნია პაპასთვის. ოლღას უცნობებია, ფორია, როგორც „ხალხის მტერი", გააქრესო. ამ ამბავს ბელადი ძალიან გაუმწარებია, მაგრამ მკვდარს რაღას უშველიდა, სამაგიეროდ, რეაბილიტაცია გაუკეთა. ფორიასან ერთად დაიკარგა მოოქროვილი და ბრილიანტებით მოჭედილი შვიდქიმიანი ორდენი, შუაში თამარ მეფის გამოსახულებით, რომელსაც პაპა მკერდიდან არასოდეს იხსნიდა. ეს იყო ქართველთა ლეგიონის სამახსოვრო ნიშანი, რომელიც 1917 წლის 1 მაისს კონსტანტინოპოლში გადასცეს ლეიტენანტ ალექსანდრე ცაგურიშვილს, სამსახურისათვის. ბებოს წყალობით, ამ ორდენის პასპორტი გადარჩა - ოლღამ იგი გაპოხილ ქაღალდში გაახვია და ჩვენი სახლის ეზოში დამარხა. 1990 წელს გაგვახსენდა მისი დანაბარები, საბუთი მიწიდან ამოვთხარეთ და ზვიად გამსახურდიას ვაჩვენეთ. ფორია მეგობრობდა მამამისთან, ბატონ კონსტანტინესთან და სხვა ქართველ მწერლებთანაც მისი დახვრეტის მერეც ხშირად მოდიოდნენ ბებოსთან სახლში იოსებ ნონეშვილი, ირაკლი და გრიგოლ აბაშიძეები, ბესო ჟღენტი.

 

- როგორც ვიცი, ქალბატონი ოლღაც იარაღასხმული იბრძოდა ქმრის გვერდით...


- ბებიაჩემიც და მამამისი მიხეილიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი რევოლციურ საქმიანობაში 1907 წელს მათ სახლში კამო და ალიოშა ჯაფარიძე ტყვია-წამალს და ხელნაკეთ ბომლებს ამზადებდნენ, ოლღას კი დანიშნულების ადგილამდე მიჰქონდა, ხან თბილისში, ხან ბათუმში, ხანაც ქუთაისში და ა.შ., ავრცელებდა პროკლამაციებს ბორჯომელ გლეხებში. 1912 წელს იგი ტერორისტულ აქტში მონაწილეობისთვის მამამისთან ერთად დააპატიმრეს.


- რომელ ტერაქტზეა საუბარი?

 

- გორის უეზდის ცნობილ ნაჩალნიკ ბლაუზე თავდასხმაში მონაწილეობდა, რომელიც პირადად ფორიამ გამოასალმა სიცოცხლეს. ბორკილებასხმული ქალი კამოს და პაპას რომ არ გაეპარებინათ საპყრობილედან, უთუოდ ჩამოახრჩობდნენ. სწორედ მაშინ შეირთო ფორიამ ცოლად ოლღა და თურქეთში გადაიყვანა, მაგრამ ბებო იქაც დააპატიმრეს რევოლუციური საქმიანობისთვის. 9 თვე იჯდა რიზეში შვილთან ერთად. ციხის უფროსს თავს დაესხნენ სახეშენიღბული ფორია და კოწია ინასარიძე, შუბლზე ნაგანი მიადეს და ტუსაღები გამოაშვებინეს. სამწუხაროდ, მამიდაჩემი თამარი, ოლღას და ფორიას პირველი შვილი სატუსაღოში ისე გაცივდა, რომ ვეღარ უშველეს და მოგვიანებით გარდაიცვალა, მერე გაჩნდა მამაჩემი, რომელიც 7 წლის იყო, სამშობლოში რომ ჩამოვიდა, ქართულად საერთოდ ვერ ლაპარაკობდა, მხოლოდ თურქული იცოდა და ოლღას მამაკას ეძახდა, რაც თურქულად დედას ნიშნავს. ბებოს ჩვენც, მისი წაბაძვით, მამაკას ვეძახდით.


- როდის გარდაიცვალა თამარი?


- საქართველოში დროება შეიცვალა და უკვე სამშობლოში დაბრუნებას აპირებდნენ, როცა ეს უბედურება დაატყდათ თავს. ფორიამ ქალიშვილი ტრაპზონის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის ეზოში დაასვენა და რაც რამ ებადა, ტაძარს შესწირა. როგორც მითხრეს, ის ეკლესია აღარ არსებობს, მაგრამ თამარის მუმიფიცირებული გვამი ქართველების სასაფლაოზე გვეგულება. ძალიან გვინდა, მოვძებნოთ და გადმოვასვენოთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ.

 

- თქვენს სახლთან, სოფელ ვარდგინეთში, რკინიგზის ერთ მონაკვეთს დღემდე „ფორიას პლატფორმას" უწოდებენ. რატომ?

 

- ბებია ოლღამ სწორედ „ფორიას პლატფორმასთან" ააფეთქა ხელნაკეთი ბომბებით ლიანდაგი და მატარებლიდან, რომელსაც დატუსაღებული ფორია გადაჰყავდა, ქმარი ცხენით გაიტაცა. მამაკა 1960 წელს გარდაიცვალა 69 წლისა და სტალინის მითითებით აშენებული სახლის ეზოში დავასაფლავეთ. ცოცხალი აღარც მამაჩემია, რამდენიმე დღის წინ დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა და ისიც მამაკას გვერდით განისვენებს. დედაჩემიც ეზოში, საოჯახო სასაფლაოზე დავკრძალეთ.


- ამჟამად ვინ ცხოვრობს ვარდგინეთის სახლში?

 

- მე, ფორია ცაგურიშვილი, ჩემი ვაჟები - ავთო და ფორია და მათი შვილები: ელენე, სანდრო, ნინო და ავთო, რომელიც ერთი თვის წინათ მოევლინა ამ ქვეყანას.


- სულ რამდენი შვილიშვილი დარჩა ფორიას?


- ვაჟისგან ორი - მე და ფორია; ქალიშვილისგან, მამიდას თინათინი ჰქვია, ერთი - ეთერ ქოჩორაძე, რაც შეეხება ფორიას შვილთაშვილებს, მეც ორი მყავს - ნატო და პაკო ჯაფარიძეები, ეთერისაც - ირმა და თეა ლაზარიშვილები და ჩემს ძმასაც - ავთო და ფორია, რომლებიც მესაზღვრეები არიან და დიდი პაპის მსგავსად, ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს.

 

ესაუბრა ნინო გოძიაშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016