reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: შორიდან მაყურებლის პოზაში დიდხანს დარჩენას არ ვაპირებ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:32
ინტერვიუ
ბიძინა ივანიშვილი: შორიდან მაყურებლის პოზაში დიდხანს დარჩენას არ ვაპირებ!
ავტორი:
22 დეკემბერი, 2014. 19:07



ამ ბოლო დროს არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, პოლიტიკაში ღიად დაბრუნდეს. „ქრონიკამ" კიდევ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა იმის შესახებ, რომ ივანიშვილი ძალიან სერიოზულად ფიქრობს პოლიტიკაში მობრუნებაზე და ეს შესაძლოა, მალე მოხდეს...


ამ დღეებში ბიძინა ივანიშვილი საკუთარ სასახლეში რამდენიმე ქართველ ემიგრანტს შეხვედრია. ეს ის ადამიანები არიან, ვინც წლების მანძილზე ოპოზიციის სხვადასხვა საპროტესტო აქციების დაფინანსებაში მონაწილეობდა, ვიდრე ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდებოდა, შემდეგ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" სასარგებლოდ ძალიან ბევრი იმუშავეს იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობდნენ და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც მოახდინეს გარკვეული გავლენა. საბოლოოდ, ივანიშვილის გუნდის არჩევნებში გამარჯვებისთვისაც ბევრი გააკეთეს და საერთოდ, ამ ხალხმა დიდწილად განაპირობა მთლიანად ქართველ ემიგრანტთა მხარდაჭერა კოალიციისთვის. ეს ადამიანები დღემდე გვერდით უდგანან ივანიშვილის მიერ დატოვებულ პოლიტიკურ გუნდს. მოკლედ, ამ დამსახურებული ხალხის წინაშე ივანიშვილი ერთგვარად დავალებულიც არის. ამიტომაც გადაწყვიტა, რომ მათ შეხვედროდა, მათი პრეტენზიები მოესმინა და კონკრეტული  პასუხებიც გაეცა.


წყარო, ვინც „ქრონიკას" ეს ინფორმაცია მოაწოდა, თავად არ ესწრებოდა ამ შეხვედრას, თუმცა, თავადაც ემიგრანტია და იმ დღეებში, როცა ეს შეხვედრა გაიმართა, თბილისში იმყოფებოდა. შეხვედრაზე კი იყო მოწვეული, მაგრამ სუბიექტური მიზეზების გამო, ვერ შეძლო მასზე დასწრება, თუმცა, დეტალურად არის საქმის კურსში, რის შესახებ ისაუბრეს ივანიშვილმა და ემიგრანტთა ერთმა ჯგუფმა.


ემიგრანტებს  ბიძინა ივანიშვილთან მრავალი პერეტენზია ჰქონიათ. უპირველესად, მისი პოლიტიკური გუნდის შესახებ, რომელიც, ემიგრანტთა აზრთ, მეტად უუნაროა და ვერ ამართლებს, ვერ ასრულებს იმ დაპირებებს, რაც წინასაარჩევნოდ გასცა „ქართულმა ოცნებამ". ივანიშვილს ამაზე უპასუხია, რომ პოლიტიკური გუნდი, როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი, ერთგულებისა და პატიოსნების ნიშნით შევარჩიე, რადგან სააკაშვილის რეჟიმთან საბრძოლველად და შემდეგ, მისი ნარჩენებისგან გასაწმენდად, სწორედ ასეთი ხალხი მჭირდებოდაო. თუმცა, იქვე აღუნიშნავს, რომ ამ გუნდმა მართლა ვერ გაამართლა მისი იმედები, ბევრი მათგანი არც ერთგული აღმოჩნდა და არც პატიოსანი, ხოლო ვინც ასეთად დარჩა, მათ უმეტესობას საქმის კეთების უნარი არ აღმოაჩნდაო. ყოფილი პრემიერი უკვე უკმაყოფილო ყოფილა თბილისის მერის დავით ნარმანიას მუშაობით და ისიც კი უთქვამს, გიორგი მარგველაშვილის მერე, ეგ ჩემი მეორე და დიდი შეცდომააო. ნარმანიასთან ივანიშვილს კონკრეტული პრეტენზიები ჰქონია. ჯერ ერთი, მეხუთე თვეა, რაც მაგის გუნდი ჩაუდგა სათავეში თბილისს და რამდენიმე ათასი ხე დარგეს, მეტი არაფერი გუკეთებიათ. თუ მართლა გამწვანების განხრით უნდოდა მუშაობა, ეთქვა მაგ დალოცვილს, საკუთარი სანერგე მაქვს და იმის დირექტორად დავნიშნავდი, ანდა მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ჩასდგომოდა სათავეშიო. გარდა ამისა, თბილისში მრავალი ისეთი მონოპოლისტი კომპანიაა, რომლებიც გიგი უგულავას დროს მერიასთან დადებული ხელშეკრულებებით გახდნენ მონოპოლისტები და ვერც ერთს ვერ მოერია, ვერც ერთთან კონტრაქტი ვერ გააუქმა და ამ სფეროებში კონკურენტული გარემო ვერ შექმნაო. ივანიშვილი მერიაში არსებული კორუფციური სქემების შესახებაც საქმის კურსში ყოფილა, ამის შესახებ თავად ემიგრანტებს წამოუწყიათ ლაპარაკი. ივანიშვილი ამ ხალხს დაჰპირებია, რომ, თუ დავით ნარმანია არ დაქოქავს მერიას, იმ პროექტებს არ განახორციელებს, რასაც საარჩევნოდ შეჰპირდა ხალხს და საამისოდ ყველა პირობა აქვს - კადრების შერჩევაში სრული თავისუფლება, საკრებულოს მხარდაჭერა და ბიუჯეტი, საკრებულო უნდობლობას გამოუცხადებს მერს და ახალი არჩევნები ჩატარდებაო. ნარმანიას მიმართ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა ჰქონია. ინფრასტრუქტურის სამინისტროში საქმეს რიგიანად გაუძღვა და ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა, მაგრამ თბილისის მერიას აშკარად ვერ აუღო ალღო, რადგან რადიკალურად განსხვავებული სისტემაა კადრების შერჩევაში და ისეთი ხალხი ბრუნდება მერიის სტრუქტურებში სამუშაოდ, ადრე კორუფციაში რომ ბანაობდნენ და დასაჭერად ჰქონდათ საქმეო.


ემიგრანტები მიხეილ სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობასაც" შეხებიან და ივანიშვილისთვის მათი ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე შეუხსენებიათ. ისიც უთქვამთ, რომ ეს საფრთხე სერიოზულია და დასავლეთის მხარდაჭერით, შესაძლოა, ერთ დღესაც, რევოლუციური გზით კვლავ დაბრუნდნენო. მასპინძელს უთქვამს, რომ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა" ვერასდროს ვეღარ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში მმართველებად, რადგან პოლიტიკურად გაკოტრებულნი არიან და აღარანაირი მხარდაჭერა არ აქვთო. ასევე, ბიძინა ივანიშვილს ემიგრანტებისთვის შეუხსენებია ის კატასტროფა, რაც ბოლოს გადაიტანეს სააკაშვილმა და „ნაციონალებმა" - წელიწად-ნახევარში 3 არჩევნები წააგეს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის თანხმობის გარეშე ამბულატორიის ექიმი და სკოლის მასწავლებლებიც ვერ ინიშნებოდა, დღეს არც ერთ რაიონულ საკრებულოში უმრავლესობა არ ჰყავს, პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გავლენა არ აქვს, აღარანაირი ბერკეტი ხელისუფლებზე ზემოქმედებისა აღარ გააჩნია და შესაბამისად, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენსო. ივანიშვილს ემიგრანტები დაუმშვიდებია, აგერ, სააკაშვილი დარტყმულივით დადის წინ და უკან, მაგრამ ვერანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, „რუსთავი 2"-სა და „ტაბულას" კი ნუ უჯერებთ, თითქოს სერიოზულ პოლიტიკოსებს ხვდება და ძველებურად ანგარიშს უწვევენ, მე დამიჯერეთ, რადგან დეტალურად ვიცი, რომ მას არც ერთი წონიანი პოლიტიკოსი არ შეხვედრია და არც შეხვდებაო. ივანიშვილს კონკრეტული ფაქტებიც მოუყვანია, სააკაშვილს რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, რომ შეხვედროდა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს, ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის, მაგრამ ახლოს არავინ გაიკარა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ლობისტი და მძიმეწონოსანი პოლიტიკოსი შეაწუხა, რომ მათ შეხვედროდა. ანგელა მერკელი ისე გაბეზრებულა სააკაშვილის ამ მუდმივი თხოვნით შეხვედრის თაობაზე, რომ მისთვის თანაშემწის პირით შეუთვლია დაახლოებით ასეთი ტექსტი - ჩემი სახელი საერთოდ დაივიწყე და აღარავის არ დაარეკვინო ჩემთან შეხვედრის თხოვნითო. ივანიშვილი ამ საკითხში მეტად არხეინად ყოფილა, მიშა მარტო იმ დონის პოლიტიკოსებს ხვდება, „რუსთავი 2"-ს რომ ჰყოფნის მის გასაპიარებლად და ხალხის მცირე ნაწილის მოსატყუებლად, ვითომ ის კიდევ ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსია და საერთაშორისო გავლენა ისეც აქვს, თუმცა, მალე მასზე ინტერპოლი ძებნას გამოაცხადებს და უარეს შემთხვევაში, იძულებული იქნება, რომელიმე ქვეყანას სთხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი, იქ დარჩება, ლექციებს წაიკითხავს და ამით დასრულდება მისი პოლიტაქტიურობა, უკეთეს შემთხვევაში კი, უცხოეთში დაიჭერენ, საქართველოს გადმოსცემენ  და ქართული მართლმსაჯულების წინაშე აგებს პასუხს თავისი დანაშაულებისთვისო. სტუმრების ინტერესები კი ფაქტებით გაუმყარებია ბიძინა ივანიშვილს. მიშას აუცილებლად დაიჭერენ, მალე ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე წაუყენებენ ბრალს და საკუთარი პრემიერ-მინისტრის მკვლელს, პოლიტიკურ დევნილად არავინ შერაცხავს, გარდა ამისა, ამერიკის ხელისუფლებას, ნატო-ს წევრ ქვეყნებსა და ცალკე, ნატო-ს შესაბამის სტრუქტურებს, ქართულმა მხარემ უკვე გადასცა უტყუარი მტკიცებულებები, ნატო-ს მიერ საქართველოსთვის გადმოცემული სხვადასხვა იარაღით როგორ ვაჭრობდა სააკაშვილი და ამ იარაღს ტერორისტულ ორგანიზაციებს გადასცემდაო. ივანიშვილს უთქვამს, რომ ამ საქმეში სააკაშვილის ხელისუფლების ათზე მეტი მაღალჩინოსანი იყო ჩართული, ასევე, სხვადასხვა ქვეყნების სერიოზული პოლიტიკოსებიც იყვნენ გარეულნი და მალე დიდი საერთაშორისო აყალმაყალი ატყდებაო. ივანიშვილი ძალიან მშვიდად უყურებს სააკაშვილის აქტიურობას და მისი და მისი გუნდის ხელისუფლებაში დაბრუნების მცირეოდენ შანსსაც კი არ უშვებს. ემიგრანტთათვის უთქვამს, რომ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით მიდის, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს დაგეგმა, როცა პოლიტიკაში მოვიდა.


ემიგრანტებს ბიძინა ივანიშვილისთვის უთქვამთ, რომ ამ ეტაპზე მისი პოლიტიკაში დაბრუნება აუცილებელია, რადგან მისი დატოვებული გუნდი ვერ ართმევს თავს ქვეყნის წინაშე დასმულ საკითხებს და ასევე, ხალხს მისი ნდობა აქვს და არა მის მიერ დანიშნული პოლიტიკოსების. ივანიშვილს ამის პასუხად კიდევ შეუხსენებია ემიგრანტთათვის, რომ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით მიდის, მართალია, არის ცალკეული ხარვეზები, მაგრამ ეს ყველაფერი გზადაგზა აღმოიფხვრება და შეეცდება, ეს მისმა გუნდმა გააკეთოს. თუმცა, იქვე უთქვამს, რომ შორიდან მაყურებლის პოზაში დიდხანს დარჩენას არ აპირებს. თუ უახლოეს 6 თვეში ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები არ დაჩქარდა და სერიოზული რეფორმების გატარება არ დაიწყო, ის აუცილებლად დაბრუნდება პოლიტიკაში. ივანიშვილს ნახევრად ხუმრობით უთქვამს, რომ პოლიტიკაში დაბრუნება, როგორც ვატყობ, გარდაუვალია, რადგან 2016 წლის არჩევნებს „ქართული ოცნება" ჩემს გარეშე დამაჯერებლად ვერ მოიგებს და ცხადია, საკუთარ პარტიას ზურგს ვერ შევაქცევ და ვერ ვუღალატებო. იქვე ისიც დაუყოლებია, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, მაშინ აუცილებლად მომიწევს დაბრუნება, რადგან ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას" მცირედი კაპიტალი აქვს, ვიდრე ეს 2016 წლისთვის ექნება პარტიას ბევრი იმედგაცრუებული ადამიანი ჩამოსცლიდა და მათი მობრუნება და იმაში დარწმუნება, რომ ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას"  ალტერნატივა არ გააჩნია, ასევე მე მომიწევსო. რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ამის შესახებ წყარომ მხოლოდ ის გვითხრა, რომ ამის შესაძლებლობას ივანიშვილი თეორიულად არ გამორიცხავს, მაგრამ არარეალურად მიაჩნია - საქართველოში პოლიტიკური პროცესები არ არის იმდენად აქტიური, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა იყოს, პოლიტიკურ სიმწვავეს გაისად, შემოდგომისთვის ველოდები და იმ დროისთვის, 1 წელიღა იქნება დარჩენილი არჩევნებამდე, ამ დროს კი არჩევნების ჩატარებას, იმ 1 წლის გადაგორება და არჩევნების ლეგიტიმურ ვადებში ჩატარება ემჯობინებაო.


ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების შესახებ კრიტიკა არ დაუშურებია, ეს ის ხელისუფლება არ არის, რომელიც დღეს ჩვენ გვჭირდება, მაგრამ სხვა რესურსი არ გაგვაჩნია, უკეთესი მეც მინდა, მაგრამ არ არისო. გარდა ამისა, ივანიშვილს ემიგრანტებისთვის უთქვამს, როცა ამ ხალხს ვტოვებდი, მეც ძალიან კარგად ვიცოდი, რის გამკეთებლები იყვნენ და სად გადიოდა თითოეული მინისტრის შესაძლებლობის ზღვარი, სასწაულებს არც ერთი მათგანისგან არ ველოდიო. ბოლოს კი, მეტად საყურადღებო რამ უთქვამს. მე ვიცოდი, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგების შემდეგ, ქვეყანაში თავისთავად დადგებოდა გარდამავალი პერიოდი და ასეც მოხდა, „ქართული ოცნების" საპარლამენტო სია და მაჟორიტარები ისეთი ხალხით დავაკომპლექტე, რომლებიც არჩევნებსაც მოიგებდნენ და ასევე, ამ გარდამავალ პერიოდს შეეფერებოდნენ. აქედან გამომდინარე, მთავრობაც შესაფერისი მივიღეთ. მოკლედ, ეს ის ხელისუფლება არ არის, რომელიც კარდინალურად შეცვლის ქვეყანას. ამ ხელისუფლებსს საფუძვლების შემზადება ევალებათ იმ  ხელისუფლებისთვის, რომელიც 2016 წელს მოვა ქვეყანაში და რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ და დემოკრატიულ აღმშენებლობას დაიწყებსო.


ცხადია, საქმე ემიგრანტთა საქართველოში დაბრუნებისა და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმების საკითხსაც შეხებია. ივანიშვილს ამ თემის წამოჭრის შემდეგ, იქით შეუტევია ამ ხალხისთვის. მე უამრავ ემიგრანტს შევხვდი, მაგრამ მინისტრის მოადგილეობაზე და გუბერნატორობაზე ნაკლებ თანამდებობაზე არც ერთი არ დამთანხმდა, კონკრეტული სამინისტროს დეპარტამენტის უფროსობასაც თაკილობენ, არადა, რამდენიმეს ასეთი სამსახური შევთავაზე. ნუ გგონიათ, თუ 10 წელი ევროპაში ცხოვრობდით, ქვეყნის მართვის გამოცდილება ავტომატურად შეიძინეთ, არც ერთი ემიგრანტი უცხოეთში სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობს, სახელმწიფო სისტემის მენეჯერის არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ და ყველას მაღალ-მაღალი თანამდებობა უნდაო. ივანიშვილს კონკრეტული ფაქტიც გაუხსენებია. როცა პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ემიგრანტთა ერთმა ჯგუფმა გარემოს დაცვის მინისტრად ერთი ახალგაზრდის კანდიდატურა შემომთავაზა, რომელიც ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ექსპერტად მუშაობდა. გავიკითხე და მისი მენეჯერობის მთელი გამოცდილება ის იყო, რომ 2-წლიანი გარემოსდაცვითი პროექტის ხელმძღვანელი იყო, სადაც 74 ადამიანი მუშაობდაო. ივანიშვილი წინააღმდეგი არ არის, ემიგრანტთა ნაწილი სამშობლოში სტრუქტურებში დასაქმდეს,  მაგრამ მიაჩნია, რომ მათ მუშაობა შედარებით დაბალი საფეხურიდან უნდა დაიწყონ და როცა საქმის კეთებას ისწავლიან, მერე, ნელ-ნელა, თავისთავად მოექცევიან სახელმწიფოს მართვის სათავეებთან, რადგან მიზანდასახული და ნიჭიერი ხალხია. ამ თემაზე დიდხანს უმსჯელიათ  და ბოლოს შეთანხმებულან, რომ ემიგრანტთა ეს ჯგუფი, კონკრეტულ მინისტრებს კონკრეტულ პოსტებზე შესთავაზებს რამდენიმე შესაფერისი ემიგრანტის კანდიდატურას და ყინულიც დაიძვრება.


საქმე არასამთავრობო სექტორიდან სახელმწიფო სამსახურებში ხალხის გადაყვანასაც შეხებია. ემიგრანტების არგუმენტი ის ყოფილა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მენეჯერები უუნარო ხალხია და არასამთავრობო სექტორში ძალიან ბევრია ისეთი, რომლებიც კონკრეტულ სფეროებს გაუძღვებიან, თუ, ცხადია, მათ სამართავად მიუშვებენ. ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ ამ ნაწილში ეთანხმება ემიგრანტებს, არასამთავრობო სექტორში მართლა ბევრი ნიჭიერი და წარმატებული ადამიანია, ისინი სახელმწიფო სამსახურსაც გააძლიერებენ, მაგრამ ამას მაინც არ გავაკეთებო. მისი არგუმენტი ის ყოფილა, რომ არასამთავრობო სექტორს დაასუსტებს სახელმწიფოს გაძლიერების ხარჯზე, ეს მთლიანად სამოქალაქო სექტორს დაასუსტებს და ამით სახელმწიფოზე სამოქალაქო კონტროლი შესუსტდება, ეს კი, დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება და საბოლოო ჯამში, ქვეყანა დაზარალდებაო;


ბიძინა ივანიშვილს თავად უღიარებია, რომ წინასაარჩევნოდ მართლა ბევრი ისეთი დაპირება გასცა, რომელთაც სხვა, ნორმალურ ვითარებაში ხალხს არ დაჰპირდებოდა. ჩვენ ყველა ჩვენს დაპირებას შევასრულებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, 5 წელი საამისოდ არ გვეყოფა, მინიმუმ 6-7 წელი უნდა ამ ყველაფრის გაკეთებასო. ემიგრანტთათვის შეუხსენებია, რაც „ქართულმა ოცნებამ" საქმეებს მოაბა თავი და დაუმშვიდებია, ძალიან მალე სერიოზული პროცესები დაიწყება ქვეყანაში და ბევრ ბიზნესმენს საქმის კეთების საშუალება მიეცემაო. კერძოდ, მალე მოეღება ბოლო მონოპოლიებს ნავთობპროდუქტების, ფარმაცევტულ, სადაზღვევო, ენერგეტიკის, სატრანსპორტო გადაზიდვებისა და სხვა მსხვილ ბიზნესებშიო. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ამასწინანდელი განცხადება, რომ ნავთობპროდუქტების სფეროში მონოპოლიებია და ეს საქმე მისახედიაო, სავარაუდოდ, ამ პროცესის დასაწყისია. ბიძინა ივანიშვილის ამ ნათქვამს თუ დავეყრდნობით, სხვადასხვა სახის ბიზნესსფეროში მალე დიდი წიოკი უნდა ატყდეს. სახელმწიფო თუ დაერია მონოპოლისტებს და კარტელურ გარიგებებს ბოლო მოუღო, ამ სფეროებში ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან და კონკურენცია გაჩაღდება. შესაბამისად, იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე, რაც ზემოთ ვახსენეთ, ფასები დაეცემა. ბიძინა ივანიშვილი ამ ხალხს შეჰპირებია, რომ 2015 წელი მონოპოლიებთან ბრძოლის წელი იქნება და ემიგრანტთათვის უთხოვია, ვისაც საშუალება გაქვთ, თავად ჩადეთ გამოთავისუფლებულ ბიზნესსეგმენტებში ფული და ვისაც სანდო და კეთილსინდისიერი ინვესტორები გეგულებათ, მოიზიდეთ და ამით ქვეყანას დიდად წაადგებაო...


ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016