reportiori.ge - უცნობი ფაქტი: თბილისის ომის დროს თამაზ თამაზაშვილი „კოლხურ კოშკს“ იცავდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 19:08
პრეს-დაიჯესტი
უცნობი ფაქტი: თბილისის ომის დროს თამაზ თამაზაშვილი „კოლხურ კოშკს“ იცავდა!
ავტორი:
22 დეკემბერი, 2014. 19:16



1991 წლის 22 დეკემბერს ქვეყნის დაუძინებელმა მტრებმა თბილისში ომი დაიწყეს, რომელიც დამოუკიდებლობის გზაზე ახალფეხადგმული ქართული სახელმწიფოსთვის სრული კატასტროფითა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული აღსასრულით დასრულდა.


ქვეყანამ დაკარგა სისხლხორცეული ტერიტორიები - აფხაზეთი და სამაჩაბლო...


ავადსახსენებელი 1991 წლის 22 დეკემბრის შემდეგ საქართველო წელში ვერ გაიმართა და ფეხზე ვერ დადგა.


ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის წევრი გოჩა კეკენაძე ის კაცია, რომელმაც საქართველოს პირველ პრეზიდენტს კუბოს კარამდე უერთგულა!


თბილისის ომის დაწყებიდან 23 წლის შემდეგ, გოჩა კეკენაძე იმ არეულ და სისხლიან დროს იხსენებს და „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ექსკლუზიურად აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, გენერალი თამაზ თამაზაშვილი თავის ბიჭებთან ერთად ბოლომდე ერთგულად და ვაჟკაცურად იცავდა „კოლხურ კოშკს", სადაც პუტჩისტების შემოტევა რამდენჯერმე სასწაულებრივად მოიგერიეს!

 

- გოჩა, პუტჩისტები თავის დროზე ნიფხავ-პერანგს იგლეჯდნენ და როცა ამ თემაზე ლაპარაკი ჩამოვარდება, არც ახლა ცხრებიან - პირველად ზვიადმა ისროლაო! თქვენ რას იტყვით?


- ავტომატებით, ზარბაზნებით, „ბეტეერებითა" და ჰაუბიცებით შეიარაღებული ხალხი მთავრობის სასახლეს მიადგა და პირველი ჭურვი ესროლეს იმ სვეტს, რომელიც პრეზიდენტის კაბინეტის ფანჯრებს შორის იდგა. თუ გახსოვთ, ერთ-ერთი სვეტი ყველაზე მეტად იყო დაზიანებული და შუაზე გაგლეჯილი... აი, ის სვეტი იდგა პრეზიდენტის ფანჯრებს შორის, ანუ ამათ თავიდანვე უნდოდათ ბატონი ზვიადის ფიზიკური ლიკვიდაცია, - იცოდნენ, რომ კაბინეტში იყო და ის ჭურვი სწორედ კაბინეტს დაუმიზნეს.


- თავიდან შეგეძლოთ პუტჩისტების განადგურება?

 

- როგორ არ შეგვეძლო, მაგრამ ცხონებულმა ზვიადმა არ ქნა ეს ამბავი!


- ომი აგიკრძალათ თუ რა გითხრათ?

 

- 2-3 წუთის გასულები ვიყავით პრეზიდენტის კაბინეტიდან, პირველი ჭურვი მთავრობის სასახლის სვეტს რომ მოხვდა. ფანჯრიდან გადავიხედეთ და დავინახეთ, რომ ბანდიტები პოზიციებს იკავებდნენ და ზარბაზნებს მოაგორებდნენ... პირადად მე დავიბენი... ავღანეთში ნაომარი ვარ, სამაჩაბლოში ვიბრძოდი, მერე აფხაზეთშიც, ამდენად, ის, რაც რუსთაველზე ხდებოდა, ჩემთვის ნამდვილად არ იყო უცხო, მაგრამ იმან დამაბნია, რომ ვერ წარმომედგინა, თუ ქართველი ქართველის წინააღმდეგ იარაღს აწევდა!

 

- გოჩა, კონკრეტულად რა გითხრათ ზვიად გამსახურდიამ, როცა სროლა ატყდა?

 

- ბატონმა ზვიადმა ერთი კი თქვა - ვინ არიან ეს ოხრები და უსინდისოებიო?! ამის შემდეგ, მართალია, იყო მზადყოფნა, რომ პუტჩისტები დედაბუდიანად ამოგვეხოცა, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ცხონებულმა ზვიადმა არ გაგვიშვა და, ძალიან ბევრი ხალხით გარემოცულმა, ასეთი რამ განაცხადა - მე ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად ამირჩია და არა ჯალათადო! აი, იქ დამთავრდა ყველაფერი... სროლა სულ ახალი დაწყებული იყო, როცა გაიცა ბრძანება, რომ პრეზიდენტის ესკორტი მოემზადებინათ და ჩვენ, პირადი დაცვის წევრები, ქალაქიდან გასასვლელად მოვმზადებულიყავით.


- საითკენ მიდიოდით?


- მაშინ არ უთქვამთ ამის შესახებ, მაგრამ, როგორც ვხვდებოდით, ბატონი ზვიადი აჭარაში აპირებდა წასვლას!


- გადადგომას აპირებდა?


- არა, გადადგომაზე არანაირი ლაპარაკი არ ყოფილა, ბატონი ზვიადი ფიქრობდა, რომ ქალაქიდან გასვლით ომსა და უბედურებას შეაჩერებდა, მსხვერპლი აღარ იქნებოდა, სროლა შეწყდებოდა და დაიწყებოდა მოლაპარაკებები, რათა გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო!


- რამ ჩაშალა პრეზიდენტის აჭარაში ჩასვლა?

 

- კარგად მახსოვს, პრეზიდენტმა როგორც კი ქალაქიდან გასვლის შესახებ განაცხადა, მას ირგვლივ შემოეხვივნენ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები, დეპუტატები, მაღალი თანამდებობის პირები და სთხოვეს - ბატონო ზვიად, ნუ წახვალთ და ბანდიტებს უმოკლეს დროში გავანადგურებთო! ამაზე პრეზიდენტი წინააღმდეგი წავიდა - ქართველები ერთმანეთს ესვრიან, მეორე მხარეს ბანდიტებია, მაგრამ მაინც ჩვენი ძმების სისხლი იღვრებაო! ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტი იმაზე დაითანხმეს, რომ სასტუმრო „თბილისს", რომელიც პუტჩისტების მთავარი შტაბის ფუნქციას ასრულებდა, ბანდიტებისგან უსისხლოდ გაათავისუფლებდნენ!


- უსისხლოდ?!

 

- დიახ, უსისხლოდ, ეს პრეზიდენტის მოთხოვნა იყო! ბატონი ზვიადი, როგორც გითხარით, სისხლისღვრას ძალიან ერიდებოდა...

 

- მერედა, შეძელით, სასტუმრო „თბილისის" გათავისუფლება და თანაც „უსისხლოდ"?

 

- არა, ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელი იყო... პირველი სკოლის სახურავზე იმათი სნაიპერები ისხდნენ, ქაშუეთის ეზოში სამხედრო ბლინდაჟი ჰქონდათ მოწყობილი და ჰაუბიცებს გვესროდნენ. წარმოუდგენელი იყო უსისხლოდ სასტუმრო „თბილისის" გათავისუფლება. 27-28 დეკემბრის შემდეგ ჩვენი მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალო გახდა - პუტჩისტებმა მოახერხეს კრიმინალების ციხიდან გამოშვება, რომლებმაც იარაღი აიღეს და ეროვნულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ... თავი იჩინა ღალატმაც - უამრავი სულგაყიდული აღმოჩნდა ჩვენს გარშემო! რას გავხდებოდით, რუსეთის „ზაკვოს" შტაბში ეძინათ ამ ნაძირლებს. დიახ, სიგუასა და კიტოვანს რუსი გენერლის - სუფთიან ბეპაევის კაბინეტში „ლეჟანკა" ჰქონდთ გაშლილი...


- გოჩა, ამ დროს პრეზიდენტის ოჯახს და „კოლხურ კოშკს" ვინ იცავდა?


- რუსთაველის პროსპექტზე ომი და უბედურება რომ ატყდა, იმ დღესვე გამგზავნეს „კოლხურ კოშკში", სადაც პრეზიდენტის ოჯახი - ქალბატონი მანანა, გიორგი და ცოტნე იმყოფებოდნენ. „კოლხურ კოშკს" იცავდნენ სოხუმის ბატალიონისა და „წმინდა ილიას მართლის საზოგადოების" ბიჭები. არასოდეს მითქვამს და პირველად ახლა ვამბობ: „კოლხურ კოშკს" ასევე იცავდა საქართველოს დღევადელი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, გენერალი თამაზ თამაზაშვილი. რა თქმა უნდა, ბატონი თამაზი მაშინ გენერალი არ ყოფილა, დაბალი ჩინის პოლიციელი იყო...


- ამის შესახებ არ ვიცოდი!

 

- ზვიად გამსახურდიას ნათელი ხსოვნის წინაშე ვაცხადებ, რომ „კოლხური კოშკი" მაშინ შიშით, გამოუცდელობითა თუ ღალატით ბევრმა მიატოვა, მაგრამ ბატონი თამაზ თამაზაშვილი თავის ბიჭებთან ერთად ბოლომდე ვაჟკაცურად იდგა და პოსტი არ მიუტოვებია! ამას რატომ გეუბნებით, იცით? დღეს გამოდიან ეს ნაძირალა ირმა ნადირაშვილი და მისი პარტიული ბოსები - გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე, რომლებიც თავიანთ ნაძირალა მეგობრებთან ერთად მაშინ ჩვენ ტყვიას გვესროდნენ, და უსამართლოდ ლანძღავენ თამაზ თამაზაშვილს, რომელიც იმ გაჭირვების ჟამს, ბატონი ზვიად გამსახურდიას ოჯახს იცავდა! კარგად მახსოვს ბატონი თამაზი, რომელმაც თავის ბიჭებთან - პოლიციელებთან ერთად მაშინ სამ-ოთხჯერ მხედრიონელების შემოტევა მოიგერია და არ შეშინებია. თამაზ თამაზაშვილის ყვირილიც მახსოვს, ნასროლიც მახსოვს და ეგ არის ვაჟკაცი კაცი, პატრიოტი კაცი, რომელსაც შეიძლება ენდო და არ გიღალატებს!

 

- გოჩა, როცა პრეზიდენტმა და თქვენ 1992 წლის 6 იანვარს თბილისი და საქართველო დატოვეთ, თამაზ თამაზაშვილი სად იყო?

 

- როცა ყველა გაიქცა ან წავიდა, თამაზაშვილი თავის ბიჭებთან ერთად იდგა და კოლხურ კოშკს არ შორდებოდა! ბოლოს აღარ იყო საშველი, ჩვენც გავდიოდით, ჩამოვართვით თამაზ თამაზაშვილს ხელი და ასე დავშორდით ერთმანეთს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველაზე ბოლოს სწორედ ბატონმა თამაზმა დატოვა ბრძოლის ველი! ამის შემდეგ იყო და, ჩვენთვის მაგ პიროვნებას უბატონოდ არ გაუცია ხმა. მე და ზაზა ბურჯანაძე აზერბაიჯანში რომ მიგვავლინა პრეზიდენტმა საიდუმლო მისიით, როგორ ფიქრობთ, ბატონმა თამაზმა ეს არ იცოდა? მაგრამ ჩვენთვის ხელი არ უხლია. ჩვენი ბიჭები ხშირად გადადიოდნენ ჩეჩნეთში უმოკლესი ბილიკებით, მაგრამ თამაზაშვილს არც მაშინ შეშლია რამე და კაცობაში არ ჩაჭრილა. როცა სამმართველოს უფროსი იყო, პანკისის ხეობაში მაგას დიდი ნაღმი ედო წინ, მაგრამ ნაღმი ისე გააუვნებელყო, მასზე ფეხი არ დაუდგამს და არ აფეთქებულა, თორემ იქ ისეთი ამბავი ატყდებოდა, აფხაზეთი მონაგონი იქნებოდა!

 

- შეცდა თუ არა ზვიად გამსახურდია, როცა პუტჩისტების ფიზიკური ლიკვიდაციის ბრძანება არ გასცა?

 

- ბატონი ზვიადის კრიტიკა როგორ უნდა დამცდეს, მაგრამ, თუ ჩვენი საქმე ასე უნდა წასულიყო, თუ იმ ნაძირლების გამარჯვება და გაჯეჯილება ასეთ დამანგრეველ შედეგებს მოიტანდა, ალბათ, ჯობდა, თავიდანვე მივწოლოდით და ეგენი გაგვენადგურებინა!

 

- პრეზიდენტმა თავი მოიკლა თუ მოკლეს?

 

- არ ვიცი, რაც არ მინახავს, ვერაფერს ვიტყვი! მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მე და ზაზა ბურჯანაძე ღურწკაიების სახლში არ წაგვიყვანეს, ცხონებული ჯონსონ კვარაცხელიას სახლში დაგვტოვეს...

 

- როგორ ფიქრობ, გოჩა, ძმებმა ანატოლი და ზაურ ჩუხუებმა შენ და ბურჯანაძე „მოგტეხეს" და ღურწკაიებისას განგებ არ წაგიყვანეს?

 

- „ვოლგით" რომ მოგვაკითხეს, ანატოლი ჩუხუამ გვითხრა - 4 კაცის მეტს ოჯახი ვერ მიგიღებთო! მე და ზაზამ მოვამზადეთ ჩვენი ნივთები, ავტომატები და წასასვლელად გავემზადეთ. მანქანაში წინ ჩუხუები ჩასხდნენ, ხოლო უკან ბატონი ზვიადი, ბატონი ბესარიონი, ბაჩუკი და რობიზონი. მე ვაპირებდი ზაზასთან ერთად მანქანის საბარგულში ჩაჯდომას, ბატონმა ზვიადმა ორჯერ მითხრა - დარჩით, მანქანა მოგაკითხავთ და მერე წამოდითო! რომ არ დავუჯერე და მაინც საბარგულში ჩაჯდომას ვცდილობდი, ცხონებულმა მესამეჯერ მკაცრად გამიმეორა - რასაც გეუბნები, ის გააკეთეო! დავმორჩილდით, რაღა უნდა გვექნა! (ტირის) ნეტავ, იქ მოვმკვდარიყავით... ზვიადის ცოდვა საქართველოს დიდხანს არ მოასვენებს, ქართველებმა დიდი და მართალი კაცი მოვკალით!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016