პარლამენტის ვიცე- სპიკერი გადაცემა „პოლიტმეტრში" საკრებულოში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. მანანა კობახიძის თქმით, თანამდებობიდან გადაყენების პროცესში პროცედურულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
„კოჰაბიტაცია ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ის, ვინც დატოვებს ნაცმოძრაობას, პირდაპირ „ქართულ ოცნებაში" გადმობარგდეს. პირადად მე, ამის წინააღმდეგი ვარ! ეს დაახლოებით იგივეა, დღეს პარლამენტში გიორგი ბარამიძემ, ან ჩიორა თაქთაქიშვილმა გადაწყვიტონ ნაციონალებთან გამიჯვნა და „ქართულ ოცნებაში" გადმოსვლა. ეს ხომ არარეალურია"...- მისივე თქმით, ის რომ საკრებულოში „ქართული ოცნება" აკონტროლებს სიტაუაციას და აკომპლექტებს თავმჯდომარეებს, სიმართლეს არ შეესაბამება. კობახიძე თბილისის მერის გადაყენების საკითხის დასმასაც არ გამორიცხავს.
„უგულავას რაღაცა პატარა მორალი მაინც რომ აწუხებდეს, ალბათ, ის უნდა გადამდგარიყო! თუნდაც მას შემდეგ, რაც, მას ბრალი წაუყენეს. როგორ არის არჩეული - ეს სხვა თემაა და ყველანაირი ლოგიკით, ცოტა მეტი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი - გადადგებოდა! მაგრამ ეს არის გიგი უგულავა და ეს არ არის ის ადამიანი, ვისაც შეიძლება ეს მოეკითხოს და მოეთხოვოს. შეიძლება დაისვას მისი გადაყენების საკითხიც, თუმცა ეს საკრებულოს გადასაწყვეტია" - აცხადებს კობახიძე.