მაშინ, როცა სანაცეთმა ორთვიანი ორგანიზებული მუშაობის შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისში 7 ათასამდე ადამიანი შეკრიბა, 14 დეკემბერს, ბათუმში, „პატრიოტთა ალიანსის" დაძახილზე ქუდზე კაცი გამოვიდა! დიახ, ერას მოედანზე წვიმაში ათიათასამდე ადამიანი იდგა და, იცით რატომ? ხალხს სამართალი შია!!! როგორც „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, ეს მხოლოდ ჟურნალია!
- რაღა დაგიმალოთ, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, როცა ერას მოედანი გადაიჭედა. კინოფილმი „ფესვები" გამახსენდა. ადამიანები წვიმაში ქოლგებით იდგნენ და სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ. დიახ, ქართველი ხალხი დღეს თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და ბათუმში, ერას მოედანზე, სწორედ ეს შეურაცხყოფილი ადამიანები გამოვიდნენ. ის, რაც „ნაცმოძრაობამ" ნახა, მხოლოდ ჟურნალი იყო, კინო გაზაფხულზე თბილისში იქნება! ქართველი ხალხი „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დაპატიმრებას მოითხოვს და ამ ფილმის ფინალი სწორედ ეს იქნება! მიხეილ სააკაშვილი თუ არ დაბრუნდება, ყურებით ჩამოვათრევთ! ბათუმის აქციით გამწარებულ-შოკირებულნი ნაცისტები „ტაბულაზე" კნავიან, რომ თითქოს, მე ექსტრემალური ძალა ვარ, ცხადია, რუსულიც... ამიტომაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა ამიკრძალონ. მაგრამ ჯერ სადა ხართ! კიდევ ერთხელ ვამბობ, ბათუმის აქცია ჟურნალი იყო!!!
- ირმა, თქვენ კი ჰპიდებით სააკაშვილს ყურებით ჩამოთრევას, მაგრამ ფაქტია, რომ ამ განცხადებების კვალდაკვალ ისინი სულ უფრო და უფრო დიდგულზე არიან, მეტიც, ხელისუფლებაში დაბრუნებასაც იქადნებიან...
- მიხეილ სააკაშვილმა კარგად წაიკითხოს ეიხმანის ისტორია, როგორ ჩააბრძანეს არგენტინიდან იერუსალიმში და სამაგალითოდ გაასამართლეს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ისრაელის ხელისუფლებას მთელი საერთაშორისო საზოგადოება თავს დაესხა, ეიხმანი 1962 წლის 15 დეკემბერს სიკვდილით დასაჯეს! მოგვიანებით კი იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ფაქტს აპროტესტებდნენ, ისრაელს ბოდიში მოუხადეს და საქციელი მოუწონეს, თავისი ქვეყნის ღირსება რომ დაიცვა!
პროკურატურამ არჩილ კბილაშვილს მიერ თაროზე შემოდებული საქმეები ჩამოიღო და სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ჩემი ინფორმაციით, ბევრი მტკიცებულება და მოწმე არსებობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სააკაშვილის საქმე ინტერპოლს გადაეცა. შესაძლოა, ვიღაც ფიქრობს, მერე რა, ინტერპოლის ხაზით უამრავი ქართველის ფოტოა განთავსებულიო, მაგრამ, მერწმუნეთ, სააკაშვილის იმიჯისთვის ეს უზომოდ საზიანოა. ჩემი ინფორმაციით ჟვანიას საქმის გამოძიებაც, პრაქტიკულად, დასრულებულია! ამიტომ ნუ იქნება სააკაშვილი მაინცდამაინც მშვიდად, რომ სამართალში მიცემას ასცდება! ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში რეფორმა ტარდება - შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სტრუქტურები იყოფა...
როდესაც ვამბობდი, სააკაშვილმა უკრაინის დაშლაში აქტიური მონაწილეობა მიიღო-მეთქი, მაშინ ყველას ეცინებოდა, მაგრამ დღეს ხომ ყველაფერი ნათელია?! სააკაშვილმა სწორედ უკრაინის დაშლისთვის მიიღო ინდულგენცია, რომ მისი ნდობით აღჭურვილი პირები მაღალ თანამდებობებზე დანიშნულიყვნენ. მიხეილ სააკაშვილს თბილისური მაედანი ჩაეშალა. სამაგიეროდ, ეს მაედანი ქვეყნის გარეთ გაიტანა და ახლა იქიდან ცდილობს ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენებას. ეს მოღალატე დღეს აცხადებს, თუ ოფიცრები უკრაინაში წავლენ, 5 ათასი დოლარი დაენიშნებათ ხელფასიო. თავისი ქვეყნის ჯარისკაცს უცხო ქვეყნიდან ეუბნება, უარი თქვას საქართველოს დაცვაზე და სხვა ქვეყნის ომში ჩაერთოს ფულის საფასურად! მარტო ამ განცხადებისთვის უნდა დაისაჯოს ის! ილუზიები აქვს, რომ უკრაინაში შექმნილ პლაცდარმს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად გამოიყენებს. თუ კონტრდაზვერვამ არ იცის, სად არის სააკაშვილი, როგორ გადაადგილდება, რომელ კაფე-ბარებსა და სასტუმროების რესტორნებში ზის და რაზე საუბრობს, ჩვენ ვფლობთ ამის შესახებ ინფორმაციას და არ დავუშვებთ მისი ილუზიების რეალობად ქცევას!
- კონკრეტულად რა ინფორმაციაზე საუბრობთ?
- სააკაშვილი გეგმავს ხელისუფლებაში დაბრუნებას და ამ გზაზე ძალიან ბევრი პროვოკაციის განხორციელებას! ჩვენ ვფლობთ გარკვეულ ინფორმაციას, რის გაცხადებასაც ამ ეტაპზე არ ვაპირებ. იმედი მაქვს, საქართველოს სპეცსამსახურები არსებული საფრთხის თავიდან აცილებას შეძლებენ! ხაზგასმით ვამბობ - დრო მოვა და სააკაშვილი ვერ ასცდება ჰააგის ტრიბუნალს! დღეს შეიძლება ვიღაცას არარეალურად ეჩვენება ჩემი ნათქვამი, მაგრამ მაშინ გაგახსენებთ, როცა სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარსდგება! ასე ეგონათ არგენტინაში დამალულ ნაცისტებსაც, მაგრამ ბოლოს ყველამ აგო პასუხი!
სააკაშვილთან ერთად დაისჯება უტიფარი არჩილ კბილაშვილი, რომელმაც პროკრატურაში მიზანმიმართულად გააჩერა საქმეები და დამნაშავეების ქვეყნიდან გაპარებას შეუწყო ხელი. კბილაშვილმა ათასობით მოწმეს ჩვენება მიაცემინა და გაწირა! უფრო მეტიც - ყველას საქმე გაყინა, ქვეყანას და ხალხს მთელი ორი წელიწადი წაართვა!
იმ სახელმწიფოს რა ვუთხარი, საყდრისის ამფეთქებელი არჩილ კბილაშვილი პროკურატურის რეფორმას რომ დაგიწერს. პროკურორებო, დაახიეთ თავზე ის პროექტი ამ „ყოვლისმცოდნე ექსპერტს"!
დიახ, ეს მღრღნელი კბილაშვილი სააგალითოდ უნდა დაისაჯოს იმიტომაც, რომ სწორედ მისი, როგორც კომპანია RMG-ის, სამართლებრივი მრჩევლის, ძალისხმევით მოხდა საყდრისის აფეთქება! მან კულტურის მინისტრთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა!
- მოდით, მარტივად და გასაგებად ავუხსნათ საზოგადოებას, რა მოხდა?
- საყდრისის ოქროს მაღარო ის ადგილია, სადაც ჩვენს ქვეყანაში 5000 წლის წინათ მოიპოვებდნენ და უნიკალური მეთოდით ამუშავებდნენ ოქროს. ახალი კულტურის მინისტრის განკარგულების საფუძველზე სწორედ ეს უძველესი ცივილიზაციის კერა ააფეთქეს. დღეს რომ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გამოდიან ვითომ საყდრისის მცველები, რეალურად საყდრისს ნინო მიქიაშვილი და ირაკლი ლომიძე იცავდნენ. კომპანია „RMG"-მა ბევრი ჟურნალისტი და ექსპერტი მოისყიდა, რათა მაღარო აეფეთქებინათ და სამთო-მომპოვებელი სამუშაოები გაეგრძელებიათ, ანუ მათი ბიზნესი არ შეფერხებულიყო, ერთი კომპანიის ბიზნესინტერესებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შესწირეს! თუ ამაზე ხმა არ ავიმაღლეთ, ხვალ სვეტიცხოველსაც აგვიფეთქებენ! მოიტანენ მიშა გიორგაძის განკარგულებას და ათას უმსგავსობას ჩაიდენენ. აი, ეს მიშა გიორგაძეც დაისჯება და წავა ციხეში! დღეს შეიძლება, ჩემს ამ განცხადებაზეც ვიღაცას ეცინება, მაგრამ ამასაც ვნახავთ! ეს ხელისუფლება თუ არა, სხვა ხელისუფლება გააგზავნის ციხეში მიშა გიორგაძესაც, არჩილ კბილაშვილსაც, ნიკოლოზ ანთიძესაც და მთელ „RMG"-ის კომპანიის შემადგენლობასაც. საყდრისის ვითომ მცველებმა გააგრძელონ კბილაშვილთან სადღეგრძელოების სმა და „RMG"-სთან ლაქუცი. არავის ეგონოს, რომ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა აქვს. ესენი არიან მამაძაღლები და უსინდისოები. მათ უფრო მაღლა დააყენეს პირადი, ვიდრე ქვეყნის ინტერესები, ვეკითხები გიორგაძეს, რატომ გამოსცა ეს სამარცხვინო განკარგულება?!
- მაინც რა ინტერესი უნდა ჰქონოდა?!
- არ არის გამორიცხული, „RMG"-მა მოისყიდა ან ვინმემ დააშინა... ფაქტია, რომ უკანონო განკარგულება გამოსცა, რომლის საფუძველზეც ვახტანგ გორგასლისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საყდრისი ააფეთქეს! ტრაგედია, იცით, კიდევ რაშია? დღეს მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება საყდრისის აფეთქების ფაქტს. დიახ, სააკაშვილი, რომლის ბიძა თემურ ალასანიაც თავის დროზე ზუსტად ამ ოქროს საბადოს აკონტროლებდა, მთელი ეს მილიონები და მილიარდები ოჯახის ბიუჯეტში შეჰქონდა და შემდეგ ოფშორებში ნაწილდებოდა, უკრაინიდან წუხს საყდრისის დანგრევას. სწორედ სააკაშვილი იყო, გურამ ოდიშარიას განკარგულება (ძეგლის სტატუსის გაუქმებაზე) მესამე დღესვე რომ დააკმაყოფილა და მთელი კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები პირადი ინიციატივით საქართველოდან გაიტანა, მათ შორის, ფიროსმანის ტილოები! დღეს არავინ იცის, სად არის ამ უნიკალური ნივთების დედნები, რევიზიაც ვერ ტარდება, მაგრამ ყველაფერი წინაა!
- უღირდათ კი ეს ყველაფერი ამხელა აჟიოტაჟად?
-სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად არის პასუხისმგებელი საყდრისის აფეთქებაზე, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაცია „მოქალაქე", რომელსაც გაცილებით მეტი ბერკეტი ჰქონდა საყდრისის გადასარჩენად, ვიდრე ნინო მიქიაშვილს, რომელიც ბოლო წუთებში ბულდოზერს დაუწვა! ვეუბნები გიორგაძეებსა და კბილაშვილებს - საყდრისის აფეთქება და ნინო მიქიაშვილის ცრემლები არ შეგრჩებათ! ყველა დამნაშავე დაისჯება და თაობებს ათასწლეულების მანძილზე ეხსომება ერის მოღალატეთა სახელები! აქვე მივმართავ ხელისუფლებას: თუ გიორგაძესა და სხვა დამნაშავეებს პასუხი არ მოეთხოვებათ, ხვალ ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი ძეგლის აფეთქება სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა გახდება. დიახ, მიხეილ გიორგაძე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რომ ხვალ, სხვა გიორგაძემ იგივე არ გაბედოს!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"