- „მიშა, უნდა დაგამთავრებინო ტაკიმასხარაობა და ქართველი ხალხის მოტყუება! ნუ შეშინდები, გამისწორე თვალი! ყველას გაეცი პასუხი, როგორ მიისაკუთრეთ „კვარციტი", „მადნეული", როგორ მიეცით კაპიკებში რუსულ კომპანიას და ჩაუჯექით წილში შენ და ბიძაშენი!" - ეს სიტყვები ლევან მამალაძეს ეკუთვნის, რომლის ოქროს ზოდებისადმი სიყვარული კიდევ ერთხელ ახსენა საყდრისის აფეთქებით „შეწუხებულმა" სააკაშვილმა. როგორც ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, ეს სწორედ ის თემაა, რომლის გამოც იგი მიხეილ სააკაშვილის პირადი ტუსაღი გახდა.
- ბატონო ლევან, სოციალურ ქსელში თქვენი პოსტი გავრცელდა... ემუქრებით სააკაშვილს?
- როგორ შეიძლება, ფსიქიკურად შეშლილ ადამიანს დაემუქრო ან ფიზიკურად გაუსწორდე?! უბრალოდ, ამ ტაკიმასხარას პირდაპირ ეთერში ვიწვევ, რათა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვხსნა ნიღაბი! თუმცა, თუ პირისპირ შემხვდება, მერე მართლა დასაბმელი და სფიქიატრიულში წასაყვანი იქნება! ამას მთელი სერიოზულობით ვამბობ, გახსოვთ, ალბათ, 2003 წელს სამჯერ გამექცა პირდაპირი ეთერიდან.
- ასე, ბევრი მოწინააღმდეგე უგზავნის ექს-პრეზიდენტს მუქარის შემცველ მესიჯებს, თუმცა, რეალობა ის არის, რომ სააკაშვილი ევროპარლამენტიდან პირდაპირ ანგელა მერკელთან მიდის შესახვედრად საქართველოს საკითხებზე სასაუბროდ...
- მერკელის შემდეგ, ალბათ, რეიგანს შეხვდება... გაიგეთ, ხალხნო, ეს ადამიანი სამკურნალოა, საბოლოოდ, თავის სიცოცხლეს საგიჟეთში დაასრულებს, მაგრამ მანამდე, ათას სიბინძურეს ჩაიდენს! კაცმა „კვარციტი", „მადნეული" მიისაკუთრა, სახელმწიფოს უზარმაზარი ზიანი მიაყენა, ახლა კი გამოდის და ამ ყველაფერს სხვას აბრალებს. ვინმემ ხომ უნდა გასცეს პასუხი?! ჰოდა, მე ვეუბნები, მიშა, თუ მაგარი ხარ, დამიჯექი პირდაპირ ეთერში! სააკაშვილის მხარდამჭერებსაც მინდა, მივმართო - თქვე მამაცხონებულებო, გაუკეთეთ ორგანიზება პირდაპირ ეთერში სააკაშვილთან ჩემს დებატებს. დაგარწმუნებთ, რა ბედენა ლიდერიც გყავთ!
- როგორ ფიქრობთ, დაგიჯერებთ მოსახლეობა? თქვენი კორუმპირებულობის შესახებაც დადის საქართველოში ლეგენდები...
- ერთი დოკუმენტი მაინც დამიდეთ, სადაც დადასტურდება, რომ ფრთიანი რაშები და ოქროს ზოდები მქონდა! თუ რაიმე საბუთს იპოვიან, მზად ვარ, სააკაშვილის მოსყიდული სასამართლოსა და პროკურატურის წინაშე ვაგო პასუხი! ყველაზე დიდი ცინიზმი იყო, როცა ე.წ. ექს-პრეზიდენტმა საყდრისის თემაზე განცხადება გააკეთა - ლევან მამალაძესაც არ უკადრებია ის, რაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინაო. იგი ისევ ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ამ ხელისუფლებას აჰკიდოს ყველა ის ცოდვა, რაც თვითონ ჩაიდინა. ფაქტია - ოქროს საბადოში მას ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა ინტერესები, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა.
დაქირავებული პრესითა და ტელევიზიით შექმნეს მითები, თითქოს კვარციტში ჩემი ინტერესები იყო და ოქროს ზოდებს ვფლობდი. მაშინ ჩემი სიმართლე არავის აინტერესებდა. სწორედ ამიტომაც იყო, რომ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიჭირა სულხან მოლაშვილი. დიახ, ხალხმა უნდა იცოდეს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რისთვისაც მოლაშვილი აწამეს, სწორედ კონტროლის პალატის მიერ დადებული საბუთები იყო, რომლითაც დადგინდა, რომ მიშასთან გარიგებაში მყოფი ავსტრალიელები, რომლებიც „კვარციტში" 50-პროცენტიან წილს ფლობდნენ, სახელმწიფოს ატყუებდნენ!
- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სად იკვეთება აქ სააკაშვილის ინტერესები?
- როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ორივე საწარმო - „კვარციტი" და „მადნეული" მიითვისა. შექმნეს კომპანია „აი ემ ჯი", რომელთა დამფუძნებლებიც თემურ ალასანიასთან ერთად რუსი ჩინოვნიკები გახლდნენ, ანუ დახატეს სურათი, რომ ეს საწარმოები რუსულ კომპანიას ეკუთვნოდა, რეალურად კი, მიშას ახლობლები ამ საწარმოს დღემდე მართავენ და ბიუჯეტის თანხებს ოფშორულ ფირმებში ქაჩავენ. სააკაშვილი იქიდან ასეულობით მილიონს იღებს. პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, საყდრისის ეროვნულ ძეგლთა ნუსხიდან ამოღებას იმიტომაც მოაწერა ხელი, რომ თავის მფლობელობაში მყოფ საწარმოებს ნაკლები დანახარჯი ჰქონოდა. საყდრისის მიდამოებში სპილენძისა და ოქროს უფრო მაღალი შემცველობის მადანია!
ცინიზმია ისიც, რომ მადნეულიდან ამოღებული თანხებით, რომელიც, წესით, პენსიებს და გაჭირვებულ მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა, კობა ნაყოფიას ხელით, ამერიკელების მიერ გადაღებული ფილმი დააფინანსა, სადაც დამარცხებული ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილი გმირად არის გამოყვანილი. ახლაც, მისი დავალებით ადგილობრივ მცხოვრებლებს ეუბნებიან, საყდრისის დაცვის წინააღმდეგ გამოდით, თუ იქ მადანი ვერ მოვიპოვეთ, საწარმოები გაჩერდება და თქვენ ხელფასს ვერ მიიღებთო.
ის, რომ დღეს პრემიერ-მინისტრსა და ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ საყდრისის აფეთქებას, არასწორი საკადრო პოლიტიკის შედეგია! სამწუხაროდ, ივანიშვილის სისუსტე საკადრო პოლიტიკაა. დღესაც სამინისტროებსა და სამართალდამცავ სტრუქტურებში სააკაშვილის ყურმოჭრილი მონები მუშაობენ! ხომ ხედავთ, ევროპარლამენტში ახლაც ჩავიდა და მარგველაშვილის წინ დაჯდა!
ხელისუფლებას მივმართავ: გამოიძიეთ „კვარციტის", „მადნეულის" საქმე და სააკაშვილი საბოლოოდ დამთავრდება! აღუდგინეთ საყდრისს სტატუსი, საწარმოს მესვეურთ განუსაზღვრეთ, რომ ისტორიული ძეგლის მიდამოებში აფეთქების გარეშე მოიპოვონ მადანი, სხვა შემთხვევაში ხალხი დღევანდელ ხელისუფლებას მოსთხოვს პასუხს. ბატონო ბიძინა, კი ამბობთ, არაფერში ვერევიო, მაგრამ საბოლოოდ საზოგადოება პასუხისმგებლობას თქვენ დაგაკისრებთ, რადგან ეს გუნდი ხელისუფლებაში სწორედ თქვენ მოიყვანეთ!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"